Accessibility links

site logo site logo

პოლიტიკური დიალოგი - ეშმაკისაა თუ აუცილებელი


არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგი მხოლოდ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაში წარმოუდგენია. ხოლო ოპოზიცია დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი განხილვის თემა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება. დიალოგი უალტერნატივო გამოსავალია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც საქართველოში კრიზისის გადაჭრის ერთადერთ იმედად ითვლებიან. არსებობს თუ არა კრიზისის დაძლევის შიდა მექანიზმები? ევალება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს შუამავლის ფუნქციის შესრულება? რა როლს ანიჭებს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს და როგორ იქცევა ის?

რას არ აკეთებს პრეზიდენტი?

საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მხარეებს შორის შუამავლისა და დიალოგის წარმმართველის როლს აპოლიტიკური პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია. მაგრამ მისთვის ცხადია, რომ საქართველოში დღეს ეს მოცემულობა არ არის.

„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია ასეთი ტიპის ნება და არც პოლიტიკური წონა... საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არ არის აღქმა, რომ მას შეუძლია გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური შეთანხმებისკენ.

ახალ საარჩევნო სისტემაზე როცა იყო მსჯელობა, მაშინაც მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა მოახერხეს მხარეების დასმა მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო. პრეზიდენტზე ეს არავის უფიქრია.

კარგია, რომ საერთაშორისო პარტნიორები მხარში უდგანან საქართველოს დემოკრატიას, მაგრამ ცუდია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ვერ უზრუნველვყოფთ კრიზისის მოგვარებას და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს თავისი ფუნქციის შესრულებას“.

ამ მოცემულობის მიზეზებზე საუბრისას ჩოკორაია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ძნელია, პრეზიდენტი ხალხმა აპოლიტიკურ ფიგურად ჩათვალოს მაშინ, როცა „მისი არჩევის პროცესში „ქართული ოცნების“ მთელი პარტიული აპარატი იყო ჩართული და ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს“.

პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარების გაკეთება და აზრის გამოხატვა მისი ფუნქცია არ არის; მაგრამ კოტე ჩოკორაიასთვის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებთან ჩამოშორება პოლიტიკისგან ჩამოშორებას არ ნიშნავს - „მით უფრო, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია“.

მეორე მხრივ კი, ჩოკორაიას შეფასებით, სწორედ პოლიტიკის ჭრილში განსახილველი „მძიმე ფაქტია“, როცა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მღელვარების ფონზე და საარჩევნო დავების დასრულებამდე პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს ხვდება და მადლობას უხდის მას.

სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ორი ანგარიში აქვს გახსნილი, ერთი - ოფიციალური და მეორე - პირადი. პირადი ანგარიშიდან მან საზოგადოებას, მაგალითად, 10 ნოემბერს „დილა მშვიდობისა“ უსურვა, ხოლო 2 ნოემბერს, სექტემბერში გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით - „ვინც არ ასულა ხვამლის მთაზე“.

არც ოფიციალურ და არც პირად გვერდზე არ არის პრეზიდენტის თუნდაც ზოგადი გამოხმაურება, მაგალითად, ცესკოს შენობის წინ აქციის ძალადობრივი დაშლის ფაქტზე ანდა დიალოგის აუცილებლობაზე პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ჭრილში. ისე კი, როცა სალომე ზურაბიშვილსა და დიალოგზე ლაპარაკობენ, თითქმის ყველას ახსენდება წლების წინ, ოპოზიციაში მისი ყოფნის დროს ამ თემაზე შესრულებული მისი სიმღერა და მისი პოზიცია, რომ - დიალოგი ეშმაკისაა.

პრეზიდენტის ფეისბუკზე კარგად ჩანს მისი პოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

3 ნოემბერს, როცა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უმასპინძლა, მან საარჩევნო ადმინისტრაციას პატივისცემა დაუდასტურა და მადლობა გადაუხადა პანდემიის მძიმე პირობებში ჩატარებული „სამაგალითო და დემოკრატიული“ არჩევნებისთვის.

მანამდე, 1 ნოემბერს, არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოში „მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები“ ჩატარდა.

თუმცა პრეზიდენტის შეფასებები არ ემთხვევა OSCE/ODIHR-ის ქოლგის ქვეშ მოქმედი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს. მისიის წინასწარ დასკვნაში ვერ ვხვდებით სამაგალითო არჩევნებისთვის დამკვიდრებულ საერთაშორისო შეფასებას - „თავისუფალი და სამართლიანი“.

საერთაშორისო მისია, თავის წინასწარ დასკვნაში, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრ დარღვევაზეც ლაპარაკობს და დიდ პრობლემად არის მიჩნეული „წაშლილი ზღვარი“ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის - ანუ როცა პარტია სახელმწიფოს სახელით მოქმედებს.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ძალიან სახიფათოდ მიაჩნია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება ახალი რეგიონული ბალანსის ფონზე, რადგან არეულობით ახლა შესაძლოა ისევ ოკუპანტმა ქვეყანამ, რუსეთმა ისარგებლოს - „სასწრაფოდ უნდა გამოინახოს კრიზისის დაძლევის გზა. ამ კუთხით პასუხისმგებლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, თუმცა პირველ რიგში, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. ამ წუთას არცერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე, რომელიც მათ მორალურ უპირატესობას მოუტანდა“.

რაც შეეხება პრეზიდენტის, როგორც ფასილიტატორის შესაძლებლობებსა და მისი შუამავლობის პერსპექტივას, გიორგი გობრონიძეს ეს აბსოლუტურად არარეალისტურად მიაჩნია:

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს პრეზიდენტი - დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაგებით. მის წონასაც დიდწილად ამ ფაქტორების არარსებობა ასუსტებს. პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობდეს, ასეთი კრიზისის დროს, როცა რეგიონში ასეთი მდგომარეობაა და პოლიტიკური პოლარიზაცია უკომპრომისო ხასიათს იღებს, უნდა ეძახდეს ახლა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც...

ჩაი მაინც დაუდგას და ნახოს, იქნებ რაღაც გამოვიდეს... მაგრამ მცდელობასაც ვერ ვხედავთ ჩვენ... როგორ გითხრათ, ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, როცა შიგნით არავინ ჩანს მომრიგებელი“.

გიორგი გობრონიძე მიესალმება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს დიალოგის წარმართვისა და დახმარებისთვის მზადყოფნის თაობაზე, მაგრამ როცა საერთაშორისო პარტნიორები კრიზისის დაძლევის ვერანაირ შიდა მექანიზმს ვერ ხედავენ, მისი თქმით - „შემდეგ უკვე, როგორ უნდა დაგვიჯერონ მათ, როცა ვუმტკიცებთ, რომ გვინდა და მზად ვართ ევროკავშირში და ნატოში გასაწევრიანებლად“.

რა ხდება ოპოზიციაში?

ოპოზიცია ერთიანია პარლამენტის ბოიკოტის, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისა და ქუჩის საპროტესტო აქციების გეგმებთან დაკავშირებით - ასეთი განცხადებები გააკეთეს ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებმა, რომლებიც 10 ნოემბერს პარტია „ლელოს“ ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკა და გაუგებრობა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ - ქუჩის პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისა და საკანონმდებლო ორგანოს ყველ დონის ტრიბუნის გამოყენების შესახებ.

თანაგუნდელების ნაწილის კრიტიკული კომენტარებისა და შეტევის შემდეგ, ვაშაძეს თავისი პირველი განცხადების განმარტება და მეორე, 4-პუნქტიანი განცხადების გამოქვეყნებაც მოუწია. პუნქტები ასეთია:

  • „მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  • ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  • სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  • ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”.

გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებამ ვითარება შედარებით ჩააცხრო და პრობლემა გადაჭრილად ჩაითვალა. თუმცა მანამდე, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ("გირჩი", "ევროპული საქართველო", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი") საჭიროდ ჩათვალა, რომ ცალკე განცხადება გამოექვეყნებინა. ტექსტში ნათქვამია, რომ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაფერი უცვლელად რჩება და საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით „ივანიშვილის რეჟიმთან“ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • არჩევნების ხელახლა ჩატარება;
  • ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიაც შეუერთდა ოთხი პარტიიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ტექსტს.

„ლელოს“ ოფისში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ აღარ დატოვა სივრცე სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, რადგან - საჩივრების განხილვა და სასამართლოში მიმდინარე საარჩევნო დავები ობიექტურობისა და სიმართლის დასადგენად არანაირ სურათს არ ქმნის.

  • „დიალოგის პროცესის დაწყებას მივესალმებით ჩვენც, ოღონდ საპარლამენტო ცხოვრება სიყალბეში ვერ დაიწყება. საპარლამენტო ბოიკოტის საკითხი არის პოლიტიკური ოპოზიციის გადასაწყვეტი და იმ საზოგადოების გადასაწყვეტი, ვისაც არჩევნები მოპარეს“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“;
  • „გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ სამართლებრივად მოიქცეს ხელისუფლება. ადეკვატურად უნდა შეფასდეს ის გაყალბებული ოქმები, უნდა აღიარონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები... ჩვენ იმიტომ არ გვინდა გარიგება ხელისუფლებასთან, რომ არ გვინდა არასამართლებრივ მოქმედებებში შევყვეთ“ - თაკო ჩარკვიანი, ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „დიალოგის სურვილი გვაქვს ძალიან დიდი, რომ განვიხილოთ ახალი არჩევნების დანიშვნის თემა. მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი სწორედ ამ თემაზე დიალოგია და არა ოპოზიციის ყოვლად უმსგავსო დადანაშაულება კრიზისის შექმნაში. კრიზისი ადამიანების ნების გაყალბებამ შექმნა“ – ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“.

ოპოზიცია მორიგი მიტინგისთვის ემზადება და მოუწოდებს ხელისუფლებას - ნუ გამოიყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ უკანონო ძალას, რაც 8 ნოემბერს, ცესკოს შენობის წინ მოხდა.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

პარტიაში გამორიცხავენ დიალოგს, რომელიც შესაძლოა არჩევნების შედეგების გადახედვასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას შეეხებოდეს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას თავისი ულტიმატუმები არ გაუვა და ახლა ისინი მათ „სწორ გზაზე დაყენებას“ ცდილობენ.

რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მომავალი პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება?

ეს აქცენტი 10 ნოემბერს თავიანთ განცხადებებში დასვეს არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არ აზუსტებენ, რომელი პარტიის შესვლას ელოდება „ქართული ოცნება“ პარლამენტში და არის თუ არა ეს, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც დაგეგმილი მიტინგი გააუქმა, მაგრამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებს გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტს.

თუკი ირაკლი კობახიძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით მისი იმედი უკავშირდება როგორც პარტიებს, ასევე შესაძლოა - პარტიათა ცალკეულ წარმომადგენლებსაც. ამ კონტექსტში მან „ნაციონალური მოძრაობაც“ ახსენა.

„მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი არჩევნების მონაცემები და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან კარგ ნიადაგს, რომ, საბოლოო ჯამში, მათ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ პარტიებს აქვთ უკვე განსხვავებული პოზიციები, კონკრეტული პარტიების შიგნითაც არიან ადამიანები, მაგალითად -„ნაცმოძრაობაში“, რომლებსაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა.

არის უამრავი განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთანაც არის დაკავშირებული, რეალობის აღქმასთანაც არის დაკავშირებული... არის სხვადასხვა ინტერესები, რაც, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს უბიძგებს იქითკენ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ეს არის მარტივი“.

კობახიძემ ისევ გაიმეორა „ქართული ოცნების“ რიგებიდან ადრეც გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში მეორე ტურებისთვის მზადება შეინიშნება. თუმცა, როგორც მანამდე, ამ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად უარყოფენ და საზოგადოების მოტყუებად თვლიან.

საერთაშორისო პარტნიორები დიალოგის საჭიროებას ხედავენ და დახმარების მზადყოფნასაც გამოხატავენ, თუმცა ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც მათ ეს დიალოგი წარმოუდგენიათ.

ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებმა, 7 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია სანდო სამართლებრივი პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG