Accessibility links

site logo site logo

პუტინ-ბაიდენის შეხვედრის შედეგები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ივნისს


არც „გადატვირთვა“, არც „ესკალაცია“ - როგორ დასრულდა პუტინ-ბაიდენის ისტორიული შეხვედრა?

შვეიცარიაში, ტბისპირა ვილაში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. შემდეგ კი ორივე ლიდერმა ცალ-ცალკე პრესკონფერენციაზე ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე.

რა თქვა ვლადიმირ პუტინმა?

„მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს ჯო ბაიდენის ნათქვამი შეახსენა, იმის შესახებ რომ მან პუტინის თვალებში სული ვერ დაინახა. პუტინმა თქვა, რომ ეს ფრაზა არ ახსოვს.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. ამის შემდეგ ორმა ქვეყანამ ელჩები გამოიწვია. გუშინ პუტინმა თქვა რომ შეხვედრაზე ელჩების უკან დაბრუნებაზეც ისაუბრეს, თუმცა ამ ინფორმაციას თეთრი სახლის დასტური ამ დრომდე არ მოჰყოლია.

პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინს უკრაინის შესახებაც ჰკითხეს, კერძოდ კი მის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მისი თქმით, აქ არაფერია ხელშესახები ისეთი, რაც შეიძლებოდა განხილვის თემა გამხდარიყო. მან კიევი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კონფლიქტის ესკალაციაში.

რა თქვა ჯო ბაიდენმა?

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად დაძაბული ურთერთობებისა მხარეებმა კონსტრუქციული ფორმით გამოხატეს თავისი პოზიციები.

„ტონი მთელი შეხვედრისა, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა, იყო კარგი, პოზიტიური“. - თქვა მან.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მან ადამიანის უფლებების საკითხზე გააკეთა აქცენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე. მათ შორის, მისი თქმით, ილაპარაკეს რუსეთში პატიმრობაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებზე, რომლებიც „უკანონოდ არიან დაპატიმრებული“.

ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის პირველი ევროპული ტურნე დასრულდა. ვაშინგტონში გაფრენამდე ჯო ბაიდენმა ასე შეაფასა განვლილი შეხვედრები: „ვფიქრობ, არა მე, არამედ ჩვენ, როგორც ქვეყანამ სხვა სახით ვაჩვენეთ ის თუ სად ვიყავით და საით მივდივარ. ამით კმაყოფილი ვარ“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?

ლგბტქ ღირსების მარშის თარიღის გამოცხადებასთან ერთად, გააქტიურდნენ სიძულვილის ჯგუფები. ქვიარ აქტივისტები ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიას ელიან, ულტრაკონსერვატორები - „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

„პრაიდ მარშის“ დაანონსებიდან მალე, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ულტრაკონსერვატიული შეხედულებების ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.

„გააუქმონ დაანონსებული ე.წ. პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების განვითარებას“, - განაცხადა ვასაძემ.

„თბილისი პრაიდის“ დირექტორი, გიორგი თაბაგარი ფიქრობს, რომ წელს აქტივისტები უარეს სიტუაციაში არიან, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს.

„2013 წელს ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო და სწორედ მისი და გომელაურის - დღევანდელი შს მინისტრის - ლიდერშიპის დროს მოხდა ყველაზე დიდი შავი ლაქა, რაც ლგბტ მოძრაობასთან მიმართებით არსებობს. ეს არ გვაძლევს დიდი იმედის საფუძველს“, - ამბობს თაბაგარი.

წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს ნინო ლომჯარიასა და ეპისკოპოს იაკობს შორის შეხვედრა გაიმართება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი შეხვედრას 17 ივნისს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგება. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა გაიმართება ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

პანსიონში ამ დრომდე ვერ ახერხებს მონიტორინგის მიზნით შესვლას სახალხო დამცველი. ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

წაიკითხე მეტი.

ერდოანი: კავკასიაში მშვიდობა შესაძლებელია ერთობლივ უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით

თურქეთს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია ერთობლივ უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით რეგიონის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ოთხშაბათს ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას.

„არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, და მთელი მსოფლიო მიიღებს სარგებელს კავკასიაში მშვიდობით და სიმშვიდით“, - მოჰყავს ერდოანის სიტყვები თურქეთის სახელმწიფო გამოცემა Daily Sabah-ს.

ერდოანმა ასევე ილაპარაკა ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც, მისი თქმით, მოგებიანი იქნება როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისთვის, რომელიც მისი მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს შეიძლება დაუკავშირდეს სარკინიგზო ხაზით.

წაიკითხე მეტი.

გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო

„ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო. „ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!" - წერს „ფეისბუკზე" მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე.

იურისტი დავით ჯანდიერი, რომელმაც მოამზადა ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი, აღნიშნავს, რომ სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

„ჩემს მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივრის კომუნიკაცია დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ყველასთვის ცნობილ და გახმაურებულ გიორგი მამალაძის საქმეზე. საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული", - განმარტავს ჯანდიერი.

წაიკითხე მეტი.

ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ელჩებმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მორიგი, მეოთხე პაკეტი დაამტკიცეს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

„ევროკავშირის ელჩებმა სულ ახლახან დაამტკიცეს სავიზო აკრძალვა და აქტივების გაყინვა იმ 78 პირისა და 7 ორგანიზაციის მიმართ, რომლებსაც ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და 23 მაისს „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაჯდომისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია რიკარდ იოზვიაკის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.

წაიკითხე მეტი.

თუკი 45 წლის არ ხარ, დღეს კოვიდ-ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ შეძლებ - ვაქცინა არ არის

თუკი შენი ასაკი 45 წელს არ სცდება, კოვიდ-ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ შეძლებ. ანუ, 16 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში დარჩენილია მხოლოდ „ასტრაზენეკას“ დოზები, რომლებიც 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ონლაინ-კლინიკის ცხელ ხაზზე (1522) განუცხადეს. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამ ვაქცინების მარაგი მხოლოდ მეორე დოზით ასაცრელი მოქალაქეებისთვისღაა განკუთვნილი. ანუ, 45 წელს ქვემოთ მოქალაქეებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია შეწყვეტილია, თუ არ ჩავთვლით, უკვე დაჯავშნილ ადგილებს.

ვაქცინაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი რიცხვი

16 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია სულ 216 742 აცრა. მათ შორის, სრულად ვაქცინირებულია 72 015 ადამიანი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ქვეყანამ 2021 წლის მიწურულს, მოსახლეობის დაახლოებით 60%, 1 700 000 ადამიანი უნდა აცრას ორჯერადად. თუკი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება, დაახლოებით, 180 დღეში, 3 400 000 ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში, სულ მცირე 19 000 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. 15-16 ივნისის მდგომარეობით, ყოველდღიურად ქვეყანაში დაახლოებით 4500 დოზა ვაქცინა კეთდება.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ორსული ქალების ორგანიზმში ინფექციის მოხვედრის რისკი დიდია, ამიტომ ექიმები ორსულებს ურჩევენ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ კოვიდით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პანდემიის დროს ორსულობის დაგეგმვა არაა სასურველი? რამდენად უსაფრთხოა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ფეხმძიმე ქალებისთვის? ამ კითხვებით მივმართეთ მარინე გვახარიას, ექიმს, რომელსაც შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG