Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიონის ხეობის მცველები" გუმათში ჩავიდნენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 მაისს


რიონის ხეობის მცველებმა გუმათის შესასვლელი კომპანია "ენკასთვის" ჩაკეტეს

რიონის ხეობის მცველები გუშინ ღამის 12 საათისთვის თბილისიდან ისევ სოფელ გუმათში დაბრუნდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა პროტესტის მონაწილეები გუმათის შესასვლელთან გზას კეტავენ კომპანია "ენკასთვის", რომლის ტექნიკაც ჰესის მშენებლობის არეალში სწორედ ამ გზის საშუალებით ხვდება. მისი თქმით, გადაადგილება არ შეეზღუდებათ ადგილობრივებს.

სოფელ გუმათში გუშინ დილიდან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებმა დამატებითი კონსტრუქციებიც ააგეს.

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებული ვნებათაღელვა კარგა ხანია გასცდა მხოლოდ გარემოსდაცვითი წუხილების სივრცეს და დაპირისპირებამ სახელმწიფოს სამართლებრივ-ეკონომიკური ვალდებულებების ჭრილშიც გადაინაცვლა.

„რიონის ხეობის მცველები“, მათი მხარდამჭერები, მესამე სექტორის ნაწილი და გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები „კაბალურს“ უწოდებენ სახელმწიფოს მიერ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ (მანამდე შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“) სახელმწიფოს მიერ 2019 წლის აპრილში გაფორმებულ ხელშეკრულებას და ამის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევენ „მთის ამბების“ მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული შენიშვნებია ასახული. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ შენიშვნების "აბსოლუტური უმრავლესობა" რეაგირების გარეშე დარჩა.

"კაბალური" და "უკანონო" ხელშეკრულება თუ "გააზრებული" დათმობა? - ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იუსტიციის საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს - ვინ არიან ისინი?

26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები დაასახელა და აირჩია. საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამ პროცესის გადადებას ითხოვდა და სასამართლო კლანის გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევდა. მიუხედავად პროტესტისა და კრიტიკისა, ბადრი შონია, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე საბჭოს წევრები მაინც გახდნენ.

მოსამართლეები, რომლებსაც “კლანის წევრებად” მიიჩნევენ, გუშინ მედიასთან კლანის არსებობას გამორიცხავდნენ და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ბულინგზე საუბრობდნენ.

ვინ არიან იუსტიციის საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები?

  • ბადრი შონია - 2011 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე. მას საზოგადოება იცნობს "ბირჟა მაფიის", დეკანოზ გიორგი მამალაძის და სხვა გახმაურებული საქმეებიდან.
  • თემურ გოგოხია - 2010 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ და ამის შემდეგ სხვადასხვა საქალაქო სასამართლოში იმუშავა მოსამართლედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ თემურ გოგოხია ნეპოტიზმის ნიშნით შეირჩა მოსამართლის პოსტზე, რადგან ის საბჭოს მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია.
  • ლევან მიქაბერიძე - 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებამდე პარლამენტში მოსმისას მან თქვა, რომ არ არის ლუსტრაციის კანონის შემოღების მომხრე და არ შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, იყო თუ არა 2012 წლამდე სასამართლო პოლიტიკური გავლენების ქვეშ.
  • გოჩა აბუსერიძე - მოსამართლე 2009 წელს გახდა, 2009-2010 წლებში ის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წელს აბუსერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო და გასაუბრებაზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო იზოლაციაში აქცევს

26 მაისს ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა უწყებამ ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, უსაფრთხოების მოსაზრებებით მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს. ავიაკომპანია Ryanair-ისთვის კურსის შეცვლისა და მინსკში დასმის შემდეგ, უმალ გაიზარდა ევროკავშირის ზეწოლა ლუკაშენკაზე.

25 მაისს ევროკავშირმა ბლოკის ავიაგადამზიდებს დაბეჯითებით ურჩია, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას. ამასთან, ბელარუსის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა. გადაწყვეტილების პირველი შედეგი გუშინ სოციალური ქსელების აქტუალურ თემას იქცა. ტვიტერზე გავრცელებული საჰაერო რადარების ფოტოებზე კარგად ჩანდა იზოლაციაში მოქცეული ბელარუსის ცა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება უკვე შეეხო ბელარუსის ავია ხაზებსაც. 26 მაისს „ბელავიას“ თვითმფრინავი, რომელიც რომელიც მინსკიდან ბარსელონაში მიფრინავდა, წრეებს არტყამდა პოლონეთის საზღვართან, რადგან ევროკავშირის საჰაერო ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე სამუშაო კონსულტაციები გაიმართება

27 მაისს ამნისტიის შესახებ კანონზე სამუშაო კონსულტაციებია დაგეგმილი. 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე ორი დღის წინ გადაიდო.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კანონპროექტზე კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია.

„ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს. ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ" შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

WHO: წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში 14%-ით იკლო კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 144 658 ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.

გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 84 306 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ითაა შემცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაავადების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ყველაზე მეტად შეინიშნებოდა ევროპაში. მას მოსდევს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი.

წაიკითხე მეტი.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ დამატებით ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს ღაზას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 25 მაისს გამოაცხადა, რომ აშშ ახალ დახმარებას გამოუყოფს ღაზას, რათა ხელი შეუწყოს ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ზავის გამყარებას.

მან ასევე თქვა, რომ აშშ იერუსალიმში კვლავ გახსნის თავის საკონსულოს, რომელიც პალესტინელებთან ურთიერთობებში დიპლომატიური არხის ფუნქციას ასრულებდა. საკონსულო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა, რამაც პალესტინელთა განრისხება გამოიწვია.

წაიკითხე მეტი.

რატომ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები COVID-ვაქცინირებულებმა?

მიუხედავად იმისა, რომ COVID-ვაქცინების პირველი დოზის მიღებიდან ორ კვირაში, ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი ყალიბდება, ინფიცირების რისკი მაინც არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, COVID-ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საქართველოში კოვიდით ინფიცირების 350-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კვლავაც იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელსაც მსოფლიო ინფიცირების პრევენციისათვის იყენებს, იქნება ეს პირბადის მოხმარება თუ სოციალური დისტანციის დაცვა.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, კორონავირუსით „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის მიღებიდან მეხუთე კვირას დაინფიცირდა. სიმპტომები იმდენად მინიმალური ჰქონდა, რომ ტესტის გაკეთებას არც კი ფიქრობდა. დღეს ინფიცირებიდან მეშვიდე დღეა. ამ ერთი კვირის განმავლობაში, მას არც სიცხე და არც სხვა რაიმე ნიშანდობლივი სიმპტომი არ ჰქონია.

იაგო კაჭკაჭიშვილი ვაქცინას უკავშირებს იმასაც, რომ ვირუსი ოჯახის არცერთ წევრს არ გადასდებია.

წაიკითხე მეტი.

თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითებზე თუ ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, ხევსურეთში ამ ამბავზე ცნობილ „ხევსურთა საქმეს“ იხსენებენ და ჰყვებიან, როგორ დაწერეს თითქმის ასი წლის წინ იქაურებმა დახმარების „თხოვის“ წერილი ამერიკის პრეზიდენტის სახელზე. მართალია, წერილი არავის გაუგზავნია შორეულ ამერიკაში და „ჩეკას“ შენობაში დარჩა, ხოლო ხევსურები მოატყუეს და დააპატიმრეს, მაგრამ ეს ამბავი მათთვის საბჭოთა ხელისუფლებასთან შეურიგებელი ბრძოლის მაგალითად დარჩა.

„ხევსურთა საქმე“ დღეს შსს-ს არქივში ინახება. იქვეა შენახული მოწინააღმდეგე ხევსურების ფოტოები, წერილები, მათი ოჯახების წვერების განცხადებები, „ჩეკას“ დადგენილებები და განაჩენები.

დაკავებულ ხევსურთა შორის იყო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მოთავე, დათვია ლიქოკელიც, სოფელ ქობულოდან - ერთადერთი ხევსური, რომელიც მაშინ დახვრიტეს და რომელიც ბოლომდე ბოლშევიკური მთავრობის შეურიგებელ მტრად დარჩა. ხევსურეთში, მის სოფელში დღემდე დგას ნახევრად დანგრეული მისი სახლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG