Accessibility links

site logo site logo

ფუნდამენტალიზმი


ქრისტიანობის ისტორიაში რამდენიმე მიმდინარეობას იდენტობა მოწინააღმდეგეებმა მისცეს და ძირითადად, ეს დამცინავი და დამამცირებელი ტერმინების საშუალებით ხდებოდა. ანტიკურ ხანაში ასეთები იყვნენ ქრისტიანები. დიახ, დიახ, იესოს მიმდევრებს სახელი „ქრისტიანები“ რომაელმა „ჩინოვნიკებმა“ შეარქვეს ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 40 წელს. და ამ ტერმინის უკან იმალებოდა რომაელების ზიზღნარევი მზერა იესოს მიმდევრების მიმართ. თანამედროვე ეპოქაში ანალოგიური შემთხვევები, რომლებიც კაცს შეიძლება გაახსენდეს, დაკავშირებულია კვაკერებთან და მეთოდისტებთან. და, აი, დროთა განმავლობაში იდეოლოგიური მტრის მიერ ამ დამაკნინებელი ტერმინების გამოყენება თანდათანობით ამაყად იქნა მიღებული თვით ობიექტის მიერ: ამგვარად, „საშინელი ის“ გახდება „მშვენიერი ჩვენ“, როგორც ქრისტიანების, ისე მეთოდისტებისა თუ კვაკერების შემთხვევაში.

ტერმინ „ფუნდამენტალიზმს“ საწინააღმდეგო ტრაექტორია ექნება: „მშვენიერი ჩვენიდან“ ის გადაიქცევა „საშინელ მათად“. პროტესტანტების ნაწილი ტერმინ „ფუნდამენტალისტს“ ამაყად აირჩევს, ე.წ. ლიბერალური პროტესტანტული თეოლოგიის გამოწვევის ფონზე. ფუნდამენტალისტების აზრით, ბიბლია სიტყვა სიტყვით, ყოველგვარი ისტორიული კონტექსტის გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა ყოფილიყო გაგებული. მალე ტერმინი „ფუნდამენტალისტი“ გადალახავს ქრისტიანულ საზღვრებს და გახდება ნებისმიერი რელიგიური თუ იდეოლოგიური რადიკალიზმის ეტიკეტი. სხვათა შორის, მეორე ტერმინი, რომელმაც ანალოგიური გზა გაიარა, არის „ფაშიზმი“. ფაშიზმი, რომელიც ერთ დროს ფართოდ იყო აღიარებული, როგორც მილიონობით ადამიანის ნათელი მიზანი, დღეს გახდა უკიდურესად დასაძრახი ტერმინი. და საოცარი ისაა, რომ „ფაშიზმი“ და „ფუნდამენტალიზმი“ არა მარტო „მშვენიერი ჩვენიდან“ „საშინელ მათად“ გადაიქცევიან, არამედ ხელჩაკიდებული დაიწყებენ სიარულს, რათა ერთი და იმავე ფენომენის აღსაწერად იქნენ გამოყენებული.

საქართველოში ორივე ეტიკეტი დამარცხებული მეგონა. თუმცა საპატრიარქოს ბოლოდროინდელი ქმედებები თუ განცხადებები გვაიძულებს, ეჭვის თვალით შევხედოთ ჩვენსავე ოპტიმიზმს. ამის კიდევ ერთი მაგალითი გახდა მიტროპოლიტ შიოს უკანასკნელი საკვირაო ქადაგება, რომელშიც მან მოციქულ პავლეს სიტყვები მოიშველია კორინთელთა ეპისტოლიდან და განაცხადა, რომ უკეთურნი მოსაკვეთნი არიან.

მიტროპოლიტ შიოს ამ სიტყვებს ფუნდამენტალიზმის სუნი ასდის, რადგან მას ავიწყდება, იმავე პიერ პაოლო პაზოლინისგან განსხვავებით, თუ რა ხდებოდა პირველი საუკუნის კორინთოში. რატომ ვახსენე აწ გარდაცვლილი ეს იტალიელი რეჟისორი? იმიტომ რომ შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას უფრო კარგად ესმოდა სახარებების და პავლეს ეპისტოლეების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ვიდრე დღევანდელი საპატრიარქოს მესვეურთ. როდესაც პიერ პაოლო პაზოლინი გეგმავდა ფილმის გადაღებას პავლე მოციქულზე, ის აპირებდა პირველი საუკუნის კორინთო მეოცე საუკუნის ნიუ-იორკით ჩაენაცვლებინა. პაზოლინის აზრით, ამ ქალაქის არჩევანი შემთხვევითი არ იყო, რადგან, პავლეს დროინდელი კორინთოს მსგავსად, პაზოლინის დროინდელი ნიუ-იორკი იყო ქალაქი, სადაც ფული იყო ერთადერთი ღმერთი და ეკონომიკური წარმატება ერთადერთი მიზანი. ამ იტალიელმა რეჟისორმა ისიც იცოდა, რომ კორინთელებთან სახარების ქადაგება პავლესთვის კიდევ უფრო დიდი სიზიფური მისია აღმოჩნდება, ვიდრე დღეს რომ ეცადა ადამიანს უოლ-სტრიტის ტრეიდერებისგან ფრანცისკე ასიზელის „სახეობა“ გამოეყვანა.

და პაზოლინი არ აჭარბებდა, რადგან პავლეს მიერ კორინთოში დაარსებულ ეკლესიაში საშინელ დანაშაულს - ინცესტს - ჰქონდა ადგილი.

და, აი, აქ მიჩნდება მე კითხვა: კი მაგრამ, ბატონო შიო, შეიძლება კორინთოს ეკლესიის წევრებს შორის ინცესტი შევადაროთ დღევანდელ პოლიტიკურ მრუშობას? გადაიკითხეთ პირველი აღთქმის (თქვენ რომ ძველ აღთქმას უწოდებთ) მეფეთა წიგნი: იმის მაგივრად, რომ ბრძენ სოლომონ მეფესავით მოიქცეთ და ყველაფერი გააკეთოთ რათა შვილი (საქართველო) ორმა მრუშმა ქალმა (პოლიტიკურმა პარტიებმა) შუაში არ გაჭრას, თქვენ აქეთ უყიჟინებთ ერთ-ერთ მრუშს, „მიდი, მიდი“?!

მაგრამ საქმე ისაა, რომ სოლომონი ბრძენი იყო, თქვენ კი ფუნდამენტალისტი ხართ! და, აქედან გამომდინარე, ალბათ არც უნდა მიკვირდეს. არ უნდა მიკვირდეს, ვინაიდან ფუნდამენტალიზმი ხომ არის როგორც თანამედროვეობის სიმპტომი, ასევე მისი უარყოფა?! ფუნდამენტალიზმს ხომ სძულს ნეიტრალობა, ეს საოცარი მემკვიდრეობა, რომელიც განმანათლებლობამ დაუტოვა კაცობრიობას?! ნეიტრალობა კი ხომ საფრთხეა რისხვისთვის?! თქვენ კი, ფუნდამენტალისტები, ზოგადად განრისხებულნი ხართ! განრისხებულნი ხართ თანამედროვეობაზე, ვინაიდან თანამედროვეობის გეშინიათ, ვინაიდან თავს უძლურად გრძნობთ მის წინაშე! და ასე, შიშატანილი და განრისხებული ერთ-ერთი „მრუში ქალის“ ფარს ამოეფარეთ! კი მაგრამ, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რომ მრუშის ფარი ორ გროშადაც არ ღირს და რომ ხვალ „მრუში ქალის“ გამოცვლა შეიძლება დაგჭირდეთ?!... თუმცა ამის შესახებ მე თქვენ ერთხელ უკვე მოგწერეთ და ახლა აღარ გავიმეორებ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG