Accessibility links

„ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებებისთვის“


„ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად“, - 10 დეკემბერს მსოფლიო და საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ამ გზავნილით აღნიშნავს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლის შემაჯამებელ ანგარიშებს აქვეყნებენ და იმ გამოწვევებზე მიუთითებენ, რომელიც 2018 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობდა. მიუხედავად 2018 წელს განხორციელებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით, კვლავაც საყურადღებო ხარვეზებს შეიცავს, იქნება ეს სიცოცხლის უფლება, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები, შრომის უფლებები, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება თუ სხვა.

სიცოცხლის უფლება

ერთ-ერთი პირველი და ფუნდამენტური უფლების, სიცოცხლის უფლებისა და მისი ხელყოფის შესახებ, უფლებადამცველები ხორავას ქუჩისა და პანკისში, სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მაგალითზე ლაპარაკობენ. როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდენ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა, ამ მხრივ გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევის შედეგები კი საზოგადოებისა და სახალხო დამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. სახალხო დამცველის აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას შესაბამისი რეფორმების გატარების გზით.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ დროულად შეიტყოს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგები. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ბავშვთა უფლებები

კვლავ რთულია მდგომარეობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. მწირია ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა. ყველაზე მოწყვლად ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისად ეფექტური და ადეკვატური.

როგორც სახალხო დამცველი მიუთითებს, კვლავაც არ აკრძალულა საკანონმდებლო დონეზე ბავშვის ფიზიკური დასჯა. შემაშფოთებელია, ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგი) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს.

ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნისა და ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვით, მაინც, 2018 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა. კვლავ დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პრობლემად რჩება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. 2018 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებულია 2939 შემთხვევა. საიდანაც გახსნილია 1809. რაც შეეხება გაუპატიურების მუხლით რეგისტრირებულ დანაშაულებს, 2018 წელს რეგისტრირებულია 50 შემთხვევა და გახსნილია 12. როგორც „ადამიანის უფლებების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, წლების მიხედვით, დანაშაულის რიცხვი რადიკალურად იზრდება, ხოლო გამოძიება კვლავ არაეფექტიანია.

2018 წელი ქალის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული, სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოაშკარავებით გამოირჩეოდა. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ამ დრომდე პრობლემად რჩება სექსუალური შევიწროების შესახებ არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში. გამოკვლევების მიხედვით, სექსუალურ შევიწროებას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე სამუშაო გარემოში. ქალები ჰყვებიან თავიანთ ამბებს რადიო თავისუფლებასთან.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გვხვდება. შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევები იკვეთება ასევე სოციალური სარგებლის მიღებისას.

თანასწორობის უფლება

ისევე როგორც გასულ წლებში, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ლგბტქი თემი. 2018 წელს კვლავ ხშირი იყო ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობის ფაქტები.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ნეონაციუსტური და რადიკალური ჯგუფების გაძლიერების ტენდენციით გამოირჩევა. „საგანგაშო“ - ასე უწოდებს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამ ჯგუფების გააქტიურებას. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და შემზარავი შემთხვევა უკავშირდება უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობას, რომელიც ქალაქის ცენტრში, 30 სექტემბერს მოხდა. შსს ამ საქმეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთი თვის თავზე კი პროკურატურამ ვიტალი საფაროვის სისხლის სამართლის საქმე გადააკვალიფიცირა რასობრივი, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საერთო სასამართლოების მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელის დამძიმების პრაქტიკას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის5 მიხედვით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წლის 9 თვის მონაცემებით (იანვრიდან სექტემბრის თვის ბოლომდე მონაცემები) სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 95 პირი, აქედან: 80 პირი - სქესის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის; 11 პირი - სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის გამო ჩადენილი დანაშაულისათვის; 4 პირი - ეთნიკური და რასობრივი შემწყნარებლობის გამო ჩადენილი დანაშაულისათვის. თუმცა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო ორგანოები სიძულვილის მოტივის გამოკვეთას არ/ვერ ახდენენ.

მშვიდობიანი შეკრების უფლება

უნდა ითქვას, რომ 2018 წელი საქართველოში გამოირჩეოდა მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევის თვალსაზრისითაც. რაც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის თანახმად, გამოიხატებოდა შეკრების ადგილისა და ფორმის თავისუფალი არჩევის შეზღუდვასა და აქციის ცალკეული მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაში, მათ შორის, სპონტანური შეკრების უფლების სარგებლობის დროს.

წლის განმავლობაში, მშვიდობიანი, სპონტანური შეკრების უფლების დარღვევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 12 მაისს ქალაქ თბილისში, წერეთლისა და რუსთაველის გამზირებზე დაფიქსირდა. აქცია ღამის კლუბებში - „ბასიანსა“ და ,,გალერიში“ სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციას მოჰყვა. აღნიშნულის საპასუხოდ, სპონტანურად დაგეგმილ აქციას 500-დან 1000-მდე პირი შეუერთდა, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს. პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრების მონაწილეებს არ მისცეს მათ მიერ შერჩეულ ადგილას პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

გასული წლის განმავლობაში ასევე პრობლემას წარმოადგენდა შეკრების ჩატარებისას ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა. ამ პრობლემამ განსაკუთრებით თავი იჩინა შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას. პოლიცია უშლიდა ხელს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსების მცდელობებს, რაც მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლს წარმოადგენდა და უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს11. საბოლოოდ, კარვის განთავსება სამოქალაქო პროტესტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

შრომის უფლება

2018 წელი მძიმე აღმოჩნდა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და დაიღუპა 35 ადამიანი. 2018 წელს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება შრომის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგია, თუმცა არასაკმარისი. 2018 წლის 7 მარტს მიღებული კანონით განისაზღვრა ძირითადი მოთხოვნები და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კანონმა დაადგინა შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები, მისი მანდატი იმდენად მცირეა, რომ ვერ ემსახურება შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზანს. უპირველეს ყოვლისა, ინსპექციის მანდატი ვრცელდება არა ყველა შრომით ურთიერთობაზე, არამედ მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრა მთავრობამ. ასევე, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს სამუშაო ადგილზე შრომის პირობების შესამოწმებლად თავისუფალი დაშვების შეზღუდვა.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და განსაკუთრებით, მეორე ტურამდე არსებული პერიოდი. სახალხო დამცველის თანახმად, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლის და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG