Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო პროგრამა


სოზარ სუბელიანი, თბილისი “ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო, შობა-ახალწელიწადი თეთრად გათენებულაო”


[გალობა – “ალილო”]: “ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო, შობა-ახალწელიწადი თეთრად გათენებულაო…”

“შობა-ახალ წელიწადი თეთრად გათენებულაო” – ამბობს ხალხური ლექსი, რადგან შობა სინათლისა და სიხარულის დღესასწაულია. მოხუცებული სვიმეონი, როცა იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს ხელში აიყვანს, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით მიმართავს მას: “რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა”.

“აი, დღეს აღსრულდა ცოდვით დაცემული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი – წერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში – “ღმერთი გამოგვიჩნდა ხორცით” (I ტიმ. 3,16); აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, იესო ქრისტე, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება”.

სინათლე იყო შესაქმის პირველი ნაყოფი, რომელიც შემოქმედმა მოიწონა: “და თქვა ღმერთმა: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ…” ასე იწყება დაბადების წიგნი, მაგრამ სულ სხვაა ის სინათლე, რომელსაც მოხუცებული სვიმეონი წინასწარმეტყველის სიტყვებით შეეგება. ნათელი, რომელიც ბეთლემის ბაგიდან გამობრწყინდა, ქმნილი სინათლე კი არ იყო, არამედ თავად შემოქმედი, რომელმაც ადამიანური სხეული მიიღო, რათა ცოდვაში ჩაფლული კაცობრიობა გამოეხსნა. საშობაო ტროპარი ასეთი სიტყვებით უგალობს განკაცებულ ღმერთს:

[გალობა – შობის ტროპარი]: “შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემაი შენი, მზეო სიმართლისაო, რომელიც აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთაით, უფალო, დიდება შენდა.”

არ არის შემთხვევითი, რომ ეკლესია ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს. ეკლესიის მამების განმარტებით, ეს თარიღი სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა, რადგან, როგორც იოანე ოქროპირი წერს, 25 დეკემბრიდან “დღესა შეემატების და ღამესა მოაკლდების”.

[გალობა – “ალილო”]: “შობა-ახალწელიწადი თეთრად გათენებულაო, ალილო…”

ჯერ შობით, შემდეგ კი ჯვარცმითა და აღდგომით ქრისტე აუქმებს ყოველგვარ მსხვერპლშეწირვას, რადგან თვითონ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც თავადვე გაიღო ადამიანთა გამოსახსნელად: “წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: “წყალობა მსურს და არა მსხვერპლი” (მათ. 9.13) – მათეს სახარების ამ სიტყვების სულისკვეთებით იყო გამსჭვალული რომის პაპის, იოანე პავლე მეორის საახალწლო მოწოდება, რომელშიც მსოფლიოს ყველა რელიგიურ ლიდერს 2002 წლის 24 იანვარს ქალაქ ასიზში შეკრებისა და ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა.

“საჭიროა ერთად შევიკრიბოთ, რათა ქვეყნიერების წინაშე განვაცხადოთ, რომ რელიგია არასდროს გახდება კონფლიქტის, ზიზღისა და ძალადობის საგანი” – ნათქვამია მსოფლიოს კათოლიკეთა ლიდერის მიმართვაში – “ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტი რელიგიური რწმენა არის ურთიერთპატივისცემისა და ხალხთა ჰარმონიული თანაარსებობის ნამდვილი წყარო, ძალადობისა და კონფლიქტების საუკეთესო შემაკავებელი. ეკლესია იმ იმედით ხვდება 2002 წელს, რომ სამყარო, სადაც ბოროტება ბატონობს, ღვთის მადლით გარდაიქმნება ისეთ სამყაროდ, სადაც ადამიანის კეთილშობილური მისწრაფებები გაიმარჯვებს, სამყაროდ, სადაც ჭეშმარიტი მშვიდობა დაისადგურებს”.

ძალადობასა და სიყვარულს, მონობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა: “ძალადობა გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და და გულისხმობს გავლენის მოხდენას სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით. მაცხოვარი საოცარი ძალის მატარებელია, მაგრამ იგი ყველას აძლევს არჩევანის უფლებას. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. თავისუფალი ნების გარეშე უფლის სიმართლე არ გაცხადდება შენში, მაგრამ თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა”.

[გალობა]: “მაღლით გარდამოხედ მაცხოვარო ჩვენო, ჯვარცმა თავს იდევ და სამისა დღისა დაფლვა, რათა ჩვენ განმათავისუფლნე ცოდვათა ჩვენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩვენო, უფალო დიდება შენდა”.

სამართლიანობა და პატიება არის იოანე პავლე მეორის საახალწლო და საშობაო მოწოდებათა მთავარი თემა. “არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე; არ არსებობს სამართლიანობა პატიების გარეშე” – ასე იწყებს თავის საახალწლო მიმართვას იოანე პავლე მეორე, რომლის თქმითაც სწორედ პატიება და სამართლიანობა არის ის ორი სვეტი, რასაც ჭეშმარიტი მშვიდობა უნდა დაეფუძნოს.

“პატიება წყენასა და შურისძიებას უპირისპირდება და არა სამართლიანობას” – ნათქვამია მიმართვაში: “ჩვენ უნდა ვიყოთ მოწყალენი, რადგან ღმერთი, რომელიც თავისი განკაცებით ისტორიაში შემოვიდა, სწორედ მოწყალებისკენ მოგვიწოდებს”.

პატიება, პირველ ყოვლისა, პიროვნული არჩევანია და უპირისპირდება ინსტიქტს, რომელიც ბოროტებაზე პასუხის ბოროტებითვე გაცემას ითხოვს. სწორედ ერთმანეთისადმი პატიებას ასწავლის “მამაო ჩვენო” – უმთავრესი ლოცვა, რომელიც იესომ მისცა თავის მოწაფეებს: [”მამაო ჩვენო”]. “…და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.”

იოანე პავლე მეორე მოუწოდებს ქრისტიანთა, იუდეველთა და მუსულმანთა რელიგიურ ლიდერებს, საჯაროდ დაგმონ ტერორიზმი და ხელი შეუწყონ ისეთი საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რომელიც სამართლიანობასა და თავისუფლებაზე იქნება დაფუძნებული. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია მუდმივი კონფლიქტებისა და დანაწევრების ისტორიაა, ერთობლივ ლოცვას შეუძლია განამტკიცოს კაცთა მოდგმის სოლიდარობა. მშვიდობისთვის ლოცვა არის ლოცვა სამართლიანობისთვის, ლოცვა მიტევებისთვის, ლოცვა ერებსა და ხალხებს შორის ურთიერთობისთვის” – ნათქვამია მიმართვაში.

“ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ” – ეს არის წმინდა წერილის მთავარი მოწოდება, რომლის აღსრულების ძალას თავად ღმერთი იძლევა. მეოცე საუკუნის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ალექსანდრე მენი წერდა: “ქრისტეს შობით სამყარო შევიდა ახალ ერაში, რომელშიც ძე ღვთისა რეალურად მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში და აძლევს მას ზეადამიანურ ძალას. ამიტომაც არის, რომ ყოველ ეპოქაში ჩვენ ვხედავთ დინამიურ, ცოცხალ, ღია ქრიატიანობას, რომელიც სასოებით ელოდება ღმერთის სასუფეველს”.

ერთმანეთის სიყვარულისკენ მოწოდებით მთავრდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეც: “ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტესთან თანაზიარებით იწყება სრული შეცვლა თქვენს ცნობიერებაში მანამდე არსებული ყველა ღირებულებისა. ჩნდება აბსოლუტურად სხვა გაგება სიყვარულისა, სიკეთისა და ბოროტებისა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა უფალმაც შეგიყვაროთ”.

[გალობა – “საეკლესიო მრავალჟამიერი”]: “ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს, აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს, მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ…
XS
SM
MD
LG