Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაციფისტური აქცია თბილისში


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 6 მარტს, თბილისში, 9 აპრილის (ყოფილ ალექსანდრეს) ბაღში, პაციფისტური აქცია გაიმართა: მისი მონაწილენი ერაყში ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ორატორთა გამოსვლებს მცირე კონცერტიც მოჰყვა.

აქცია ჯერ პარლამენტის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა და მოქალაქეებმაც ქაშუეთის გვერდით გადაინაცვლეს. რა მოტივები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს შესაკრებად?

პაციფისტური აქციის ინიციატორები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანნი და ინტელექტუალები იყვნენ. ეს იყო პირველი შეკრება, სადაც ქართული საზოგადოების თუნდ მცირე ნაწილი ღიად გამოვიდა ერაყში საომარ მოქმედებათა დაწყების წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, საქართველოს მოქალაქეებს, თუ პროტესტის გამოხატვა სურდათ, გვარიანად შეაგვიანდათ. ალექსანდრეს (ამჟამად 9 აპრილის) ბაღში ორი ასეული ადამიანი თუ იქნებოდა. შეამჩნევდით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც. შეკრების მოთავეებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს თანდათან ითრევენ ერაყის წინააღმდეგ ომში, რომელიც, მოგეხსენებათ, ჯერ არ დაწყებულა.

მე გავესაუბრე აქციის ერთ-ერთ სულისჩამდგემლს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, ირაკლი კაკაბაძეს. სახელდობრ, ვკითხე, რატომ შეიკრიბნენ ერაყში ომის წინააღმდეგ [ირაკლი კაკაბაძის ხმა]:

-
ეს ომი და ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მით უმეტეს, გაეროს რეზოლუცია არ უწყობს ამას ხელს, არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის თანხმობა იმაზე, რომ ერთმა დიდმა ქვეყანამ პატარა ქვეყანას თავში ჩაარტყას. მთელი ევროპა, ცივილიზებული სამყარო წინააღმდეგია და რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციას უჭერს მხარს.
-
ეს, რაც შეეხება ქვეყნებს და პოლიტიკას. თქვენ მაინც ბრძანდებით საზოგადოებრივი ჯგუფი და აქ მოხვედით მშვიდობის მხარდასაჭერად? მიგაჩნიათ, რომ სადამ ჰუსეინი დასასჯელი არ არის? პასუხი არაფრისთვის არ უნდა მოეთხოვოს?
-
ჰუსეინიც და ბუშიც, ორივე, ერთსა და იმავე კამერაში უნდა ჩასვას კაცმა იმიტომ, რომ ორივე მანიპულირებს ხალხის აზრით. რა თქმა უნდა, ჰუსეინი დასასჯელია, მაგრამ მისი დასჯისთვის არ უნდა დაისაჯონ უდანაშაულო ქალები, ბავშვები და კაცები, რომელთაც ბომბები დააცვივდებათ თავზე.
-
თქვენ თვლით, რომ ეს არის ომი უფრო ქვეყნის და არა რეჟიმის წინააღმდეგ?
-
ეს არის იარაღის კომპანიებისთვის ახალი შემოსავლის მოტანის მცდელობა. "ლოქჰედ მარტინმა" მიიღო $350 მილიონი სამხედრო შეკვეთებით. ასევე სხვა კომპანიებმა, რომლებიც მდიდრდებიან, რომელთა ჯიბეშიც ზის ბუში და, შეიძლება, სადამიც, შეიძლება ერთმანეთში მოლაპარაკებულებიც არიან. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ საქართველო, საერთოდ, კავკასია იყოს შეუიარაღებელი ზონა, სადაც ადამიანები იარაღის გარეშე დაელაპარაკებიან ერთმანეთს.

აქციის მონაწილენი და თანამგრძნობნი, ალბათ, მხოლოდ ამ განასერში ხედავენ პრობლემას. მაგრამ არის კითხვები, რომელთა პასუხს პაციფისტურ მიდგომებში ვერ იპოვი: შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ჰუსეინის რეჟიმისა და, მასთან ერთად, გაეროს სანქციების შენარჩუნება ნელი სიკვდილით არ მოკლავს ერაყის გაცილებით მეტ მოქალაქეს, ვიდრე ეს შეეძლო ომს გამოეწვია? ერაყის პრეზიდენტის არსებობა ხელს უშლის შეიცვალოს არსებული მსოფლიო წესრიგი, რომლის უცვლელობა ეგებ მეტად აჩენდეს სხვა ომების შესაძლებლობას, ვიდრე შეერთებული შტატების დროებითი ჰეგემონია მსოფლიოში. არგუმენტები ომის სასარგებლოდაც არსებობს, მაგრამ ვინც მათ საქართველოში იზიარებს, ჯერ არ შეკრებილან ომის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG