Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინააღმდეგ


ერთი შეხედვით, ცოტა არ იყოს უცნაურია,

რომ სტრასბურგს - საფრანგეთის ამ, შედარებით მომცრო ქალაქს - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან აკითხავს ასობით ადამიანი. არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სამართალს დაეძებენ. მაგრამ ეს მარტო ერთი შეხედვით არის უცნაური: სტრასბურგში ხომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოა განთავსებული და ის სულ უფრო მეტ სარჩელს განიხილავს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, იღებს სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას, საკმაოდ უსიამოვნოს ამათუიმ მთავრობისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელისუფალთათვის.

დავიწყებთ აზერბაიჯანით. 2003 წლის ოქტომბერში ნიღბიანი პოლიციელები შეიჭრნენ ბაქოელი სერდარ ჯალალოღლუს ბინაში. ჯალალოღლუ ოპოზიციონერია, მისი “დანაშაული” კი ის იყო, რომ ორი დღით ადრე ბაქოში გაიმართა დემონსტრაცია, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააპროტესტეს: ხმების უმრავლესობა, როგორც ცნობილია, განსვენებული პრეზიდენტის შვილმა, ილჰამ ალიევმა მოიპოვა. საპროტესტო გამოსვლას ძალადობა ახლდა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

მაგრამ დავუბრუნდეთ საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ დაპატიმრებულ ოპოზიციონერს. ის პოლიციელებმა ხელკეტებით ცემეს, აწამეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ. ჯალალოღლუ დროებით დაინვალიდდა კიდეც. ამას გარდა, სასამართლომ ჯალალოღლუს - მიუხედავად იმისა, რომ მას არ მიღუია მონაწილეობა დემონსტრაციაში - სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა “საზოგადოებრივი არეულობის ორგანიზების” ბრალდების საფუძველზე. ის ვადამდე გაათავისუფლეს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მაგრამ ჯალალოღლუ ამას არ დასჯერდა.

და აი, 11 იანვარს, ანუ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის წამებიდან 3 წელიწადზე მეტი იყო გასული, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დამნაშავედ სცნო ჯალალოღლუს უფლებათა ხელყოფაში და მისი საჩივრის არასათანადოდ გამოძიებაში. შესაბამისად, სასამართლომ აზერბაიჯანს ჯალალოღლუსთვის, კონპენსაციის სახით, 15 275 დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მართალია, ეს სულ მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფალთა წინააღმდეგ მიიღო, მაგრამ ჯალალოღლუ ოპტიმისტურად არის განწყობილი. [ჯალალოღლუს ხმა] “ეს არის, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა, როცა დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის წინასწარი დაკავების ცენტრებში ხალხს აწამებენ. ეს უკვე პრეცედენტია. ახლა წამების შესახებ ყველა ბრალდებას აზერბაიჯანში უფრო სწრაფად და სერიოზულად განიხილავენ. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტერებისთვის ჩვეულებრივი ამბავია წამების მეთოდის გამოყენება“.
შესაძლოა, ამის გამოც, სტრასბურგში ამჟამად აზერბაიჯანის წინააღმდეგ 600-ზე მეტ საქმეზე მუშაობენ.

ბევრი განაცხადია შესული სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგაც და არა მარტო მათ წინააღმდეგ: ეროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვებსაიტზე www.echr.coe.int/ECHR გამოქვეყნებულ მასალებში ლაპარაკია მაღალგანვითარებულ დემოკრატიებად აღიარებული ქვეყნების - იტალიის, გერმანიის, ჰოლნდიის - წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც კი. რომ იტყვიან, სრულყოფილი არავინაა, თუმცა არასრულყოფილების ხარისხსაც გააჩნია...

სტრასბურგის სასამართლოში მოღვაწე რუსი ვექილის, ოლგა ვიშნიოვსკაიას შეფასებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სტრასბურგში შეტანილი განაცხადებების მატება, პირველ რიგში, რესპუბლიკებში იურიდიული ხარვეზების შედეგია. [ოლგა ვიშნიოვსკაიას ხმა] “თითქმის ყველა განმცხადებელი, რომელიც სასამართლოს მომართავს, აღნიშნავს, რომ სამშობლოში არ გააჩნია უფლებათა დაცვის ეფექტიანი საშუალებები. ბევრი განმცხადებლის შემთხვევაში იმდენად დიდია რუსეთის ხელისუფლებისადმი უნდობლობა, რომ - ვიდრე ჩვენ მოგვმართავდნენ - მას არც კი მიმართავენ გასასაჩივრებლად”.

რუსეთიდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ყველაზე მეტი განაცხადი შედის. ბენუბრივია, რომ შედარებით ნაკლებია გაცილებით უფრო პატარა სომხეთიდან შესული საჩივრების რიცხვი, თუმცა, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიმდინარე თვეში, 11 იანვარს მიიღო პირველი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ.
ამ გადაწყვეტილებით, სომხეთის ხელისუფლებამ შეკრების თავისუფლების პრინციპი ხელყო, როცა დააპატიმრა არმენ მკრტჩიანი - ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი. მკრტჩიანი 2002 წლის მაისში, დემონსტრაციაში მონაწილეობისას დააპატიმრეს. მოგვიანებით ის, ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააჯარიმეს.

ისევე როგორც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, რომლის ამბავიც წეღან მოგიყევით, სომეხი მკრტიჩიანიც მნიშვნელოვან პრეცედენტად მიიჩნევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას: [არმენ მკრტჩიანის ხმა] ”ჩემი სარჩელის მთავარი მიზანი იყო მეჩვენებინა ჩვენი მოსამართლეებისა და ლიდერთათვის, რომ უნდა დაიცვან ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ახლა ისინი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ მე გავუკაფე გზა ჩვენს ქვეყანაში უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს სამართლებრივ ზომებს”, - ამბობს არმენ მკრტჩიანი, რომლის ქვეყანაც 2001 წლის იანვარში გაწევრიანდა ევროსაბჭოში, ისევე როგორც აზერბაიჯანი.

საქართველოს კი ევროსაბჭოს წევრობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვს: 1999 წლის აპრილში სამხრეთ კავკასიის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ევროპის ამ, უძველეს, ჯერ კიდევ 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში მიიღეს.

ევროსაბჭოს ყველაზე დიდ მიღწევად აღიარებულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია - 1950 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელში შესული პრინციპების დაცვა ევროსაბჭოში მოგვიანებით გაწევრიანებულ ყველა სახელმწიფოსაც ევალება და თუ არ დაიცავს, კერძო პირსა თუ სახელმწიფოს შეუძლია, სწორედ სტრასბურგში, ევროპის სასამართლოში უჩივლოს უფლებების დამრღევად მიჩნეული ქვეყნის ხელისუფლებას.

იმის გასარკვევად, ვინ და როგორ სარგებლობს ამ უფლებით საქართველოს შემთხვევაში, დავუკავშირდით ადვოკატ ლია მუხაშავრიას, რომელმაც ჯერ ორი, ძალიან გახმაურებული საქმე გაიხსენა. [ლია მუხაშავრიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე ყველაზე გახმაურებულ საქმეს, ქართველი ადვოკატი შემდეგ შეფასებას იძლევა: [ლია მუხაშავრიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]
XS
SM
MD
LG