Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცადე, გაცხელდეს! არ გაძეძგო! - დამწყები კულინარის რჩევები დამწყებ კულინარებს


ამ კარანტინებში და სოციალურ იზოლაციაში სულ უფრო მეტ ადამიანს გვიწევს სახლში საჭმლის კეთება. აბა, ვერც სტუმრად მიხვალ ჩანგალზე და ყოველდღე „ვოლტის“ გამოძახების ფულიც, აბა, ვისა აქვს?

საჭმლის კეთება წესით სასიამოვნო და არცთუ რთული რამაა.თუმცა, დამწყები მზარეული თავიდან ბევრმა რამემ შეიძლება დააშინოს. ძირითადად, ტელევიზორმა. ზოგან გიკიჟინებენ, გემოებით თუ არ თამაშობ, ზიზღის ღირსი ხარო. სამხარზე ტარხუნის ესპუმა თუ არ მიირთვი, კაპიკია შენი ფასიო. სხვები (სხვები რა, ძირითადად ჯეიმი ოლივერი) 20 წუთში სამ თავ კერძს ამზადებენ, ზემოდან კიდე დესერტს და შუალედში, მგონი, წიგნის დაწერასაც ასწრებენ. უყურებ, მარტივი ჩანს. დაიწყებ ჯეიმის მიბაძვას და აღმოჩნდება, რომ 15 წუთი მარტო ხახვის დაჭრას უნდა.

რჩევებიც, რავი, ინტერნეტში ძალიან ბევრია მაგრამ, მე თუ მკითხავ, ყველა გამოსადეგი არ არის. თითქმის ყველგან პირველი რჩევა ასეთი წერია - „ჯერ ბოლომდე წაიკითხე რეცეპტი და მერე დაიწყე მზადებაო“. აბა, ეს რა რჩევაა? თქვენი არ ვიცი, და მე ეგ არაფერში მადგია - რეცეპტს სამჯერ ვკითხულობ, მერე კიდე ორჯერ და მერე კიდე გზადაზგა, კეთებისას და მაინც მავიწყდება ხოლმე, რა წერია. კიდევ, გვირცევენ, საჭრელ დაფას ქვემოდან სველი ტილო დაუფინე, რომ არ ისრიალოსო - ყველგან ეს წერია და ჯეიმიც სულ მაგას გვეუბნება. არა! ტილოს მე არ დავასველებ და მორჩეს მაგაზე ლაპარაკი! დაფა, რავი, ისედაც არ მისრიალებს. ყინულზე კი არ მიდევს.

მოკლედ, გადაგირჩიეთ საუკეთესო, ხელიხელ საგოგმანებელი რჩევები, რომლებიც თავადაც ხშირად გამომდგომია. თითქოს თავისთავად ცხადი რამეებია, მაგრამ, არც ეგრეა საქმე - როცა იწყებ, ესენი სულ გეშლება ხოლმე.

და, რადგან ქართველებისთვის ტექსტიდან აზრის გამოტანა მიუღებელია ხოლმე, გავიმეორებ - ეს არის დამწყების რჩევები დამწყებებს. ამის ავტორი თავს არ დებს, რომ ვინმეზე მეტი იცის ამ საქმეში. მაგრამ, იმაზე კი დებს თავს, რომ ეს ყველაზე გადასარევი, საოცარი და გამოსადეგი რჩევებია მსოფლიოში.

გზადაგზა დაალაგე, ძმაო

საჭმლის კეთების დროს ყველაზე დასაზარი რამ ალაგებაა .ბევრს ჰგონია, რომ საქმე ასე ნაწილდება - ერთი აკეთებს, სხვა რეცხავს. არადა, სხვადასხვა ორგანულ კანონებში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ იქ სულ სხვა რამე წერია. საჭმლის კეთების დროს დასვრილ ჭურჭელს რეცხავს მზარეული. აი, ჭამის მერე დაგროვილის გარეცხვაზე დალაპარაკება შეიძლება - ეგ, ძალიანაც მოსულა.

ჰოდა, ბევრი ჭურჭლის ერთად რეცხვას გზადაგზა გასუფთავება ჯობს. თუ ორი წუთი გაქვს, ვიდრე წყალი დუღდება ან რამე ეგეთი, გამოავლე ჭიქას და თეფშს ღრუბელი გადაატარე. ბოლოს გაცილებით ნაკლები საქმე გექნება.

ან, კიდევ უკეთესი, თუ სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვს (მე არა მაქვს, სხვების გამოცდილებას გიზიარებთ), საჭმლის კეთებამდე გამოაცარიელე. ამგვარად, ყველა ჩამჩას და ჯამს გზადაგზა ჩაყრი და ბოლოს თეფშებსაც მიაყოლებ და ცხოვრებაც უფრო საამური იქნება.

აცადე, გაცხელდეს, დაო

ადრე სულ ასე ვაკეთებდი - ცეცხლს ავანთებდი, ტაფას დავადგამდი, ცხიმს დავასხამდი და ზედ ხორცს ან ბოსტნეულს ვაყრიდი. მერე კი, ჭამისას, ვფიქრობდი - რას ვშვები არასწორად? რა დავაკელი?

რა დავაკელი და გაცხელება. ცივ ტაფას თან უამრავი უბედურება ახლავს თანო - უთქვამთ ძველებს. ხორცი არ იბრაწება და არასაჭირო წვენებს უშვებს, ბოსტნეული იდღლუზნება და ფერს კარგავს... (თუ ახლა ჭკვიანური სახე მიიღე, მონოკლი გაისწორე და ჩაილაპარაკე - „ექშუაალი, ყოველთვის ეგრე არაა. აი, ხახვის კარამელიზების დროს სჯობს ტაფა ცივი იყოს, რომ წყალი ნელ-ნელა გამოიდევნოს...“ ყოჩაღ! საღოლ! დამწყებები ვართ შეკრებილები, შეგვეშვი!)

შეიძლება გაინტერესებთ, როგორ სჯობს - ზეთი გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ თუ ტაფა და ზეთი ერთად გაცხელდეს. მაგაზე სერიოზული კამათი მიდის მცოდნე ხალხში - ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ცხიმს ცხელი ტაფას უნდა. თუმცა, ბოლო დროს ოპოზიციის ხმამ იმძლავრა - ჯობს ცხიმი და ტაფა ერთად გაცხელდესო.

რომელიც გინდა, ის მიდგომა იწამე. მთავარია, ჯერ გააცხელო.

ტაფა არ გაძეძგო, სოტერო

მეც მიქნია, შენც გიქნია, ყველას უქნია! ტაფა ცხელია, ხორცი დაჭრილია, ბოლო მომენტში კი ირკვევა, რომ ტაფაზე კი ეტევა, მაგრამ, ჰა და ჰა. ძლივს. ერთგვარი ტეტრისის თამაში გვიწევს - ერთ გრძელ ნაჭერს შუაში ჩავაკვეხებთ, მეორე, უფრო ბუთქუნას - სადმე გვერდით. კმაყოფილები ვართ - ყველაფერი მოვათავსეთ. არადა, ამ დროს ყველაფერი გავაფუჭეთ.

აქაც ორთქლის ამბავია. ტაფაზე დახვავებული ხორცი და ბოსტნეული კი არ იბრაწება, ან იკრაწება, ან, რავი, პიწკინდება, არამედ იორთქლება და ბანძდება. ნაჭრები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

ორი გამოსავალია - ან უფრო დიდი ტაფა გჭირდება, ან საჭმელი ორ ან სამ ნაწილად უნდა დაყარო ტაფაზე. დასაზარებელია, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა.

სახელური შიგნით შეწიე, ბეიბი

ბავშვების პატრონებმა წესით უკვე იციან, მაგრამ არც უშვილოებისთვისაა ცუდი ჩვევა - ტაფის სახელური ყოველთვის გვერდით, გაზის ზედაპირის მხარეს უნდა იყოს შეწეული. ასე შემთხვევით გვერდს არ გაკრავ და ცხელი ზეთით ფერდს არ გამოიწვავ.

ბავშვიანისთვის კი ორმაგად საჭიროა, რომ ამას ყურადღება მიაქციონ - პატარა ყაჩაღები ყოველთვის იმას ეპოტინებიან, რასაც არ უნდა მოეპოტინონ და უშნოდ გამოჩრილი სახელური ქვემოდან განსაკუთრებით კარგად მოსაპოტინებელი ჩანს. შეიძლება რამე ძალიან იტკინონ.

ღუმელი სველი ხელთათმანით ან ტილოთი არ გამოაღო, ამიგო

უფრო სწორად, ღუმელი შეგიძლია გამოაღო. სახელური ალბათ ისედაც ცივია. იგრიალე, ოქრო.

აი, ცხელი ქვაბს ან საცხობ ლანგარს, ქართველები სიყვარულით ჟარუნას რომ უწოდებენ, სველი ნაჭრით არ უნდა გაეკარო. სამზარეულოს ხელთათმანი წესით სიცხეს არ ატარებს - მაგისთვის შექმნეს მასონებმა. წყალს კი სიცხის გატარება უყვარს. ჰობი აქვს ასეთი. ჯერ ხელი დაგეწვება, მერე, როცა ხელდამწვარი იმ ლანგარს დააგდებ - სხეული. ყველაფერი ძირს დაიყრება. ძაან ცუდი იქნება.

ეს ჩემი გადასარევი რჩევებია. თუ მოგეწონათ, გვითხარით, კიდევ ბევრი მაქვს. ამასობაში თქვენიც გვითხარით - რა იცით ისეთი, დამწყებ კულინარს რომ ცხოვრებას გაუმარტივებს.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG