Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ნოემბერს


პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ვითარება ცესკოს შენობასთან გუშინ საღამოს დაიძაბა. მაშინ როცა რუსთაველზე საპროტესტო აქციამ დიღომში, საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გადაწყვიტა, საარჩევნო უწყებასთან პოლიცია გამოჩნდა სპეციალური აღჭურვილობით. ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით შენობის პიკეტირებას გეგმავდა.

წყლის ჭავლის პირველი გაშვებაც, გაუფრთხილებლად, მანამ მოხდა, სანამ ცესკოსთან აქციის ძირითადი ნაწილი და ოპოზიციის ლიდერები მივიდოდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებაზე აქციის მონაწილეები იმის გამო არ გააფრთხილეს, რომ მათგან მყისიერი საფრთხე მოდიოდა და აუცილებელი იყო ასევე მყისიერი ზემოქმედება.

„მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან“, - თქვა მან.

ამას მოჰყვა წყლის ჭავლის კიდევ ერთხელ გამოყენება მოგვიანებით, როცა ცესკოსთან პარლამენტის აქციის მონაწილეები მივიდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ჟურნალისტები.

დაპირისპირებებით სავსე ღამის შემდეგ ოპოზიციამ ხალხს დღეს, 18:00 საათზე რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბაიდენი ტრამპის მომხრეებს მიმართავს: ჩვენ მტრები არა ვართ. მივცეთ ერთმანეთს შანსი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამარჯვების აღსანიშნავი სიტყვა წარმოთქვა თავის მშობლიურ ქალაქ უილმინგტონში, დელავერის შტატში. „ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც დაყოფას კი არა, გაერთიანებას ეცდება. რომელიც ლურჯ და წითელ შტატებს კი არა, შეერთებულ შტატებს ხედავს“, - თქვა ბაიდენმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსაც მიმართა და უთხრა, რომ ესმის მათი იმედგაცრუების. თავადაც დავმარცხებულვარ რამდენიმე არჩევნებშიო, - თქვა ბაიდენმა და დასძინა, - მოდი, ერთმანეთს შანსი მივცეთ, ერთმანეთი დავინახოთ და ერთმანეთს მოვუსმინოთო. „ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ ამერიკელები ვართ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეიდან დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი ბრუნდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 22:00-05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში.

ეს შეზღუდვა შეეხებათ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე იმ პირებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან.

ამ შვიდ ქალაქში დღეიდან იხურება კერძო და მუნიციპალური საბავშვო ბაღებიც.

გუშინ კორონავირუსის დღიური შემთხვევების ახალი პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში 2901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ალიევი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის სტრატეგიულ წერტილზე კონტროლი მოიპოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მთიანი ყარაბაღის სიდიდით მეორე დიდი ქალაქი შუშა (შუში, როგორც მას სომხური მხარე უწოდებს) დაიკავა. სომხური მხარე კი ამბობს, რომ ქალაქში ბრძოლები ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ილჰამ ალიევის ამ განცხადებას ბაქოში ზეიმი მოჰყვა. აზერბაიჯანის დედაქალაქის ქუჩებში ხალხი გამოვიდა დროშებით, შეძახილებით და ავტომობილების სიგნალებით.

Associated Press-ის ინფორმაციით, ბრძოლების შემდეგ მთიან ყარაბაღს მოსახლეობა ტოვებს და სომხეთისკენ ავტომობილების კოლონები მიემართება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილეს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში.

წაიკითხე მეტი.

ჯოზეფ ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე

დელავერის შტატის ყოფილი სენატორი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო პარტიის გულის მოგება. 2008 წელს დემოკრატიული პარტიის ფავორიტმა, ბარაკ ობამამ, ბაიდენს, რომელიც აშშ-ის სენატში დელავერის შტატს 35 წელი წარმოადგენდა, ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.

თეთრი სახლის გვერდით, ეიზენჰაუერის სახელობის შენობაში გატარებული 8 წლის შემდეგ, 2016 წელს, ბევრი ფიქრობდა, რომ ბაიდენი კიდევ ერთხელ ჩაებმებოდა საპრეზიდენტო მარათონში. 2017 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავადაც აპირებდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, რომ არა ამ გადაწყვეტილების მთავარი მხარდამჭერის, მისი ვაჟის გარდაცვალება თავის ტვინის აგრესიული სიმსივნით. „ბოს (ბო ბაიდენი) ჩემსავით სჯეროდა, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტობისთვის; არავინ იყო ჩემზე მეტად მზად“, - დაწერა ბაიდენმა თავის წიგნში „დამპირდი, მამა“.

წაიკითხე მეტი.

გახსოვთ, რას გვპირდებოდნენ? ელექტრომობილების წარმოება, „შტადლერის“ ქარხანა, ორი ლოგისტიკური ცენტრი თბილისსა და ქუთაისში და კიდევ სხვა მრავალი პროექტი, რასაც საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა მოჰყოლოდა. ყველაფერს ხელი პანდემიამ შეუშალა? ნახეთ რა ბედი ეწია მთავრობის დაპირებებს „თავისუფლების მონიტორის“ მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG