Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკის მიუტაცებელი სიბერე...


ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული

ნაჩუქარი რეგვენს უხარია,
შენ გერჩიოს თავისუფლება.
ხიფათს მოწვევა არ სჭირდება,
ის სულ მზად არის...

ეს არის ფრაგმენტი ლექსიდან „სიბერე! რადგან ყველაფერი მიტაცებულია“, რომლის ავტორი, ბესიკ ხარანაული დღეს, 11 ნოემბერს, იუბილარია.

20-მდე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი 81 წლის შესრულდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს ერთ ლექსში, კვლავინდებურად ებრძვის „დიდ სიმხდალეს“, რომელიც ყველა „მჩხაპნელშია“:

„სიმხდალე დიდია მჩხაპნელში: ვაჰ, თუ როგორი
გამოუვა ამბავი! ჩემი თავის ამბავი მე ვარ, ჩემზე მეტი
არავინ მინდა, თუნდაც იყოს თავგადასავალი!
...მთელი დილა, მთელი დღე და მთელი საღამო,
მთელი ცხოვრება
პოეტს ეჭიდება ხელზე, რომ არ დაწეროს“.

ცხადია, ბესიკსაც ეჭიდებიან ხელზე, მაგრამ, როგორც ჯერ კიდევ 2012 წელს უთხრა რადიო თავისუფლებას, „ადამიანს რომ არ ჰქონდეს იმის იმედი, რომ სხვა, ახალ წიგნს დაწერს, საშინელება იქნებოდა. ეს იქნებოდა სასჯელი, უყუროს იმას, რაც დაწერა. გეგონება უყურებ ციხეს, რომელშიც ოდესღაც იჯექი“.

ციხესა და დაწერილის ყურებას რომ ახლის დაწერა ურჩევნია, მისი შთამბეჭდავი ბიბლიოგრაფიიდანაც ჩანს. „ყვავი ხის წვერზე ისაღამოვებს“, „რძის ფოსტა“, „ეჰ, ბესარიონ“, „დიდი სმა“, „მთავარი გამთამაშებელი“... - ყველა ეს (და სხვა არაერთი) წიგნი სწორედ 2012 წლის შემდეგაა გამოცემული („ინტელექტი“) და, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩამონათვალი წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან, პოეტის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „როგორი წიგნიც უნდა დაწეროს ადამიანმა, თავმოყვარეობა მაინც მეტი აქვს“.

ბესიკ ხარანაულს კი თავმოყვარეობაც მეტი აქვს და - ნიჭიც. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი დიდი პოეტის, ვახტანგ ჯავახაძის სიტყვები, რომლის ჩანაწერი რადიო თავისუფლების არქივში ინახება:

„ბესიკ ხარანაული არის ჩვენი საუკუნის ისეთი პოეტი, რომელმაც ყველაზე აქტიურად შეუტია გალაკტიონ ტაბიძის დიქტატურას პოეზიაში, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ გალაკტიონმა მეტად ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პოეზიის განვითარებაზე და განსაზღვრა მთელი საუკუნისა და მომდევნო საუკუნის ლიტერატურის წარმატებანი. ბესიკის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. ბესიკი არის, ეტყობა, ისეთი პოეტი, რომელიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებს, ხოლო მისი მიბაძვა ან შეუძლებელია, ან ეპიგონობაში გადადის“.

წესიერი ადამიანი, აფთიაქივით, სადღაც რომელიღაც მოსახვევშიაო, - ამბობს ბესიკ ხარანაული ერთ ლექსში და, ჩვენც, მისი შემოქმედების დამფასებლებმა, ასეთ აფთიაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ თვითონ დიდი პოეტი და წამლად მივიღოთ მისი ეს სიტყვები:

ღმერთო, ცრუ იმედს ნუ ჩამიდებ გულში, ნუ მასურვებ
ცუდის გაკეთებას, უნამუსობას, თავის მოკვლას ნუ
მომაწადინებ, ავის ქნას, სურვილის აყოლას, სმას,
ქურდ-ბოზობას...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG