Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი და მისი მარშლები. მეორე ნაწილი


წინა ბლოგპოსტში აღვნიშნე, რომ სტალინის დამოკიდებულება მის მიერ დაარსებულ მარშლის ინსტიტუტთან კარდინალურად შეიცვლება ე.წ. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ.

1941 და 1942 წელი წითელი არმიის არნახული მარცხის წლები იქნება. ამ სიტუაციაში ჯუღაშვილს აზრად არ მოუვა მარშლის წოდების მიცემა იმ გენერლებისათვის, რომლებმაც 1000 კმ-ით უკან დაიხიეს და მილიონობით ადამიანი დაკარგეს (სხვათა შორის, გამარჯვების სრული უპერსპექტივობის მიუხედავად, ჰიტლერს არ შეეშინდება მარშლის კვერთხის გადაცემის პაულიუსისთვის 1943 წელს და შორნერისთვის - 1945 წელს).

და, აი, 1943 წლის იანვარში სტალინგრადში გამარჯება წითელ არმიას ახალ ეპოქაში შეიყვანს. ახალი ეპოქა კი ახალ მარშლებს ითხოვდა, რის შესრულებასაც ჯუღაშვილი არ დააყოვნებს. „მესამე ტალღის“ მარშლების პირველი სამეული ასეთი იქნება: ჟუკოვი - იანვარში, ვასილევსკი - თებერვალში და თვით სტალინი - მარტში.

მარშლების ამ ახალ პლეადასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი დოკუმენტის ციტირება, რომელიც არქივში ჩვენს მიერ იქნა მოძიებული. საქმე ეხება 1943 წლის იანვარში პოლიტბიუროს მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც ითხოვს, „უმაღლესი სამხედრო წოდების - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის - დაფუძნებას და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ წოდების სტალინისათვის მინიჭებას“. საინტერესოა, რომ სიტყვები „საბჭოთა კავშირის“ გადახაზულია (სტალინის მიერ?) და გვერდზე ხელით მიწერილია ერთი სიტყვა „საჭიროა“ (სტალინის ერთ-ერთი ყურმოჭრილი ყმის მიერ?).

მოკლედ, ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ სანამ ჟუკოვს მარშლის წოდებას მისცემდა, სტალინი აპირებდა თვითონ გენერალისიმუსი გამხდარიყო, რათა როგორც მთავარსარდალი, მარშლებზე ერთი საფეხურით მაღლა მდგარიყო. საბოლოოდ პოლიტბიუროს ეს პროექტი დროებით პროექტად დარჩება. უცნობია, რატომ გადაწყვეტს სტალინი, რომ გენერალისიმუსის წოდების მიღება ცოტა ნაადრევი იყო? ჩათვლის, რომ ეს ყველა ზღვარს სცილდებოდა? რომ საკუთარ თავს, რომელსაც ლეიტენანტის წოდებაც კი არასდროს ჰქონია, კომიკურ მდგომარეობაში აგდებდა? გენერალისიმუსი ხომ რუსებისათვის მხოლოდ და მხოლოდ სუვოროვთან იყო გაიგივებული?! ასეა თუ ისე, სტალინი დროებით მარშლის წოდებას დასჯერდება (სხვათა შორის, ეფრეიტორი ჰიტლერი ვერასდროს გაბედავს თავისი თავისთვის მარშლის წოდების მინიჭებას, იგი ბოლომდე გერმანული სამხედრო ტრადიციის ერთგული დარჩება).

თუმცა სტალინის ეს ორჭოფული მდგომარეობა - როდესაც ის, მარშლების გვერდით მხოლოდ და მხოლოდ primus inter pares იყო, დიდხანს არ გასტანს. 1945 წლის 24 ივნისს, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის ჩატარების დღეს, თხუთმეტი საბჭოთა მარშალი და ადმირალი პოლიტბიუროს მიმართავს (არა საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა) შემდეგი წინადადებით: „ჩვენ, წითელი არმიისა და საზღვაო ძალების, გენერალური შტაბის და ფრონტების მეთაურები, წითელი არმიისა და საზღვაო ძალების მთელი შემადგენლობის სახელით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: სახმელეთო და საზღვაო ძალების ოპერაციების შესანიშნავი ხელმძღვანელობისათვის, რომლის შედეგადაც მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება ფაშისტურ გერმანიასთან დიდ სამამულო ომში, მიენიჭოს სტალინს გამარჯვების მეორე ორდენი; მიენიჭოს ასევე საბჭოთა კავშირის გმირის წოდება; დაარსდეს საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის სამხედრო რანგი და ეს უკანასკნელი მიენიჭოს ამხანაგ სტალინს განსაკუთრებული დამსახურებისთვის როგორც მთავარ ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს დიდი საბჭოთა კავშირის ხალხთა გამარჯვებისა; დაარსდეს ასევე სტალინის სახელობის ორდენი“.

სტალინი ყველა ამ პატივს მიიღებს, გარდა მისი სახელის ორდენის დაარსებისა. (თუ რატომ იტყვის იოსებ ჯუღაშვილი უარს სტალინის ორდენის დაფუძნებაზე - ეს უკვე სხვა ბლოგპოსტის თემაა).

მკითხველისათვის შეიძლება საინტერესო იყოს, როგორი იქნება სტალინის მარშლების ბედი 1945 წლის შემდეგ. იოსებ ჯუღაშვილი სიკვდილამდე კიდევ ორ მარშალს დახვრეტს, სამს კი სატუსაღოში გამოამწყვდევს აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. მე წინა ბლოგპოსტში ვახსენე, რომ საკუთარ მარშლებთან ჯუღაშვილის დამოკიდებულება გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სტალინის ტოტალიტარულ სისტემაზე. ამ მხრივ შეიძლება ყველაზე ნიშანდობლივი იყოს არა დახვრეტილების, არამედ ომის შემდეგ დაწინაურებულ მარშალ ვასილევსკის ისტორია. ომის შემდეგ, სტალინის ეს სამხედრო მინისტრი საკუთარი ინიციატივით გაწყვეტს ურთიერთობას შვილთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცოლად შეირთავს მარშალ ჟუკოვის ქალიშვილს... ვასილევსკის ეს პრეცედენტი ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა ჰანა არენდტის ფორმულისა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოების ატომიზირების ხარისხი წარმოადგენს ტოტალიტარული სისტემის მთავარ მაჩვენებელს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG