Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ნიკა მელია პოლიტიკურ პროცესში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 მაისს


მელიას ორი ამოცანა და რთული პროცესი

ციხის დატოვებიდან მეორე დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ჩაერთო პოლიტიკურ პროცესში და დაიწყო საუბრები როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთაც. როგორ ჩაივლის კონსულტაციები თანაპარტიელებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან, ამაზეა დამოკიდებული ის, ვინ შეემატება პარლამენტს და გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ.

13 მაისს, როდესაც პარლამენტი თითქმის ორკვირიან არდადეგებს დაასრულებს და სამუშაო პროცესს დაუბრუნდება, ძალიან დიდი ალბათობით, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში ჯერ ისევ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის 30-ზე მეტი დეპუტატი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ენმ-ის ბლოკში პარლამენტში შესვლის იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს და ეს კატეგორია თვითმმართველობის არჩევნების წინ, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების აუცილებლობასაც ხედავს. თუმცა პარლამენტში შესვლის მსურველებს შორის აზრი ორად იყოფა: ნაწილი მხარს უჭერს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას, ნაწილი კი ამ პროცესის გვერდის ავლით ხედავს გზას საკანონმდებლო ორგანოსკენ.

შედარებით უფრო რთულად მისაღწევი იქნება შეთანხმება გარე ფრონტზე, სადაც კენჭისყრის შესაძლებლობასაც არავინ განიხილავს. ნიკა მელიამ უნდა დაარწმუნოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ძალების გაერთიანება აუცილებელია. ხოლო თუკი მიზანს ვერ მიაღწევს, შესაძლოა მელიამ საერთოდ აღარ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში: ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა

გუშინ საღამოს ისრაელში ისევ განგაშის სიგნალი გაისმა, მას მერე, რაც პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა 130 რაკეტა ისროლა თელ-ავივის მიმართულებით. ამას წინ უძღოდა ისრაელის საჰაერო იერიში ღაზის სექტორზე, სადაც ავიადარტყმების შედეგად 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

ღამე საქართველოს საელჩომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა თელ-ავივსა და ათამდე სხვა ქალაქში.

Reauters-ის ცნობით, ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა აშშ. თეთრმა სახლმა დაგმო ჰამასის იერიში და თქვა, რომ ისრაელს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს.

არაბულმა ლიგამ კი ღაზის სექტორზე განხორციელებული იერიშების გამო ისრაელის ქმედებები დაგმო და ის ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა.

ვითარება ბოლო ერთი კვირაა უკიდურესად დაძაბულია ისრაელში, მას მერე, რაც აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის შესაძლო გამოსახლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამას მოჰყვა პროტესტი და ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირება, რაც მოგვიანებით ორმხრივ იერიშებში გადაიზარდა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

12 მაისიდან შეჩერდება „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმაზე booking.moh.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12 მაისიდან შეჩერდება „სინოფარმის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია. დღესვე, 20:00 საათიდან, შესაძლებელია დარეგისტრირება „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.

მალე საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით დაიწყება აცრა. ვაქცინაციის საბჭომ მხარი დაუჭირა მოსახლეობის იმუნიზაციას ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით. მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ჯერ არ გაუცია ავტორიზაცია, თუმცა საქართველო ამ დასახელების ვაქცინით აცრას WHO-ს გადაწყვეტილებამდე დაიწყებს.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელს, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, უკვე დაწყებულია მესამე ტალღა, რომელიც სავარაუდოდ ორ კვირას გასტანს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აშშ-ის თანახმად, მიმდინარეობს მზადება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის

განიარაღების საკითხებში აშშ-ის ელჩის, რობერტ ვუდის თქმით, მიმდინარეობს მზადება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის.

ვუდმა 11 მაისს გაეროს კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ ორი პრეზიდენტი „შეთანხმდა, სტრატეგიულ სტაბილურობაზე დისკუსიების ფარგლებში ისაუბროს შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი საკითხების შესახებ“. „ისინი ამ დისკუსიებისთვის მზადების პროცესში იმყოფებიან“, თქვა მან.

ბაქოში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ვუდის კომენტარები და განაცხადა, რომ მოსკოვი გამოვიდა წინადადებით, განიხილონ შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, თუკი ორმხრივი სამიტი შედგება. მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი ჯერაც ელის ვაშინგტონისგან პასუხებს ნებისმიერი სავარაუდო შეხვედრის თაობაზე.

წაიკითხე მეტი.

ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?

26 წლის ასსელ აიტპაევას ცხედარი საქართველოდან სამშობლოში, ყაზახეთში 11 მაისს, ღამით გადაასვენეს. ასსელის დედა, აისუსუ აიტპაევა, შვილის გარდაცვალების საქმის მასალების გასაცნობად და ცხედრის გადასასვენებლად, საქართველოში 9 მაისს ჩამოვიდა.

უკანასკნელად ქალიშვილს გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ელაპარაკა. დედა ამბობს, რომ მის შვილს მღელვარება ეტყობოდა, თუმცა რატომ იყო განერვიულებული, დედისთვის არ უთქვამს.

26 წლის ყაზახი ქალი ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს თბილისში 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბესიკ თორდუა 6 მაისს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით), რაც სასჯელის სახედ 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ასსელის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. ამბობს, რომ მოკლეს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

​პანდემიასთან ბრძოლის წარმატებით დასრულება, ცხადია, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ადეკვატური ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას კორონავირუსის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზე, ითვალისწინებს თუ არა მოსახლეობის აზრს და კოვიდთან დაკავშირებულ სტიგმებს.

ამისათვის მთელ მსოფლიოში ტარდება გამოკითხვები, რომლებსაც პროფესიული ანალიზი მოჰყვება ხოლმე. ასეთი კვლევა ჩატარდა საქართველოშიც, თუმცა ჯერ არ დასრულებულა.

გადაცემის სტუმარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე გვიამბობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG