Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ოქტომბერს


ფეისბუქზე გლობალური შეფერხებაა.

4 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით საღამოს 6 საათიდან ფეისბუკის მუშაობა გლობალურად შეფერხდა.

წვდომა შეუძლებელი გახდა კომპანიის კუთვნილ აპლიკაციებზე - Messenger-სა და Instagram-ზეც.

„ფეისბუკის" კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა „ტვიტერზე" ბოდიში მოიხადა შექმნილი უხერხულობისთვის და დაწერა, რომ კომპანიაში იციან პრობლემის შესახებ და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად.

მსგავსი გლობალური შეფერხება 2019 წელს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მაშინ „ფეისბუკმა" მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ზალკალიანს მოსმენების გამო შეშფოთება გადასცეს

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.

საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც ელჩებიც ფიგურირებდნენ.

"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში", - ვკითხულობთ მიმართვაში.

მესამე პრეზიდენტი და მისი საქმის 3 ბრალდებული

მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო უკრაინაშიც, საქართველოში კი ამ ფაქტზე უკვე 3 ადამიანი ჰყავს დაკავებული გამოძიებას. მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები სავარაუდოდ ის პირები არიან, ვინც მესამე დაკავებულის, ელგუჯა ცომაიას სახლში მიიყვანეს მიხეილ სააკაშვილი თავშესაფრის მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრეს აფართოებს, ამ დრომდე საზოგადოებისთვის არავის უთქვამს, მაინც როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ამ საკითხზე დიდს არაფერს ამბობს არც გამოძიება და არც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები.

„ალბათ, წლების შემდეგ, როდესაც ის გადაწყვეტს მემუარების დაწერას, იმ მემუარებში მოყვება, როგორ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი წლების წინ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ვერსიას იმის შესახებ, მაინც როგორ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და დეტალებს დანაშაულის დამალვის საქმეზე ბრალდებული სამი პირის შესახებ ნახავთ ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

უკრაინაში თუ საქართველოში? - სად იქნება მიხეილ სააკაშვილი მომდევნო წლებში

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ ციხეში მოიხდის სასჯელს სრულად და იქვე აფრთხილებენ, რომ თუ „კარგად არ მოიქცევა”, შესაძლოა სხვა „მუხლებიც დაუმატონ”.

თავად მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს, მკაფიოდ არაფერი უთქვამს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე კი ამბობს, რომ არ იქნება მარტივი, „რისკის ფასად” სამშობლოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის „გატანება”.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, სისტემატურად დაკავებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. და ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე - ჩვენ ყველა ამით დავკავდებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ოქტომბერს.

რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს და როგორია ამ ამბის პოლიტიკური ნაწილი - დეტალები აქ.

მიშას ჩაჯდომის ეფექტი

სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა დაიწყეს ხმამაღალი საუბარი მის სიმამაცეზე, თავდადებასა და თავგანწირვაზე; დაიწყეს საუბარი პოლიტიკურად დევნილ ლიდერზე, რომელიც თავისი სურვილით დაბრუნდა გარდაუვალ განსაცდელთან შესახვედრად, მხარდამჭერების გასამხნევებლად და მათი ბედის გასაზიარებლად.

აშკარაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ პოლიტიკური ლიდერი კი არა, თავისი „უძლეველი გმირი“ დაიბრუნა, სწორედ ამიტომ უსვამენ ხაზს მის თავდადებასა და თავგანწირვას, რომელიც ლამის ცოტნე დადიანის გმირობას გაუტოლონ.

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ უკვე გამოიწვია ე.წ. მაგნიტის ეფექტი, რომელმაც ამომრჩევლების ხმები ლამის მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუნაწილა.

სააკაშვილის დაბრუნებამ შუა ისევე გაკრიფა, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. სწორედ ამ „მაგნიტის ეფექტმა“ (მოგეხსენებათ, მაგნიტს მხოლოდ ორი პოლუსი აქვს), დააკლო ხმები გახარიას ელექტორალურად მზარდ პარტიას და მოუმატა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მოახერხა გაქცეული „უძღები ამომრჩევლის“ ნაწილობრივ უკან დაბრუნება.

მიშას ჩაჯდომის ეფექტზე მოსაზრებები ნახეთ ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგში.

Pandora Papers: ბიძინა ივანიშვილი "სამოთხეში" 12 კომპანიას მალავს

ICIJ-ს მონაცემთა ბაზა Pandora Papers (პანდორას დოკუმენტები) ააშკარავებს ინფორმაციას იმ ქონებასა და აქტივებზე, რასაც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მეფეები, ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ.

არქივის მოცულობაა 3 ტერაბაიტი (3 ათასი გიგაბაიტი). 12 მილიონი ფაილი აერთიანებს ინფორმაციას 300-ზე მეტ ძლევამოსილ ადამიანზე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან.

პანდორას დოკუმენტებში ვხვდებით ბიძინა ივანიშვილსაც - ამ დროისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი თორმეტივე კომპანია ერთ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. მათ „ქართული ოცნების” დამფუძნებელი 18 წლის განმავლობაში, 1998-2016 წლებში არეგისტრირებდა. ამის გაკეთებაში შუამავალი კომპანია, Alcogal ეხმარებოდა.

„ეს კომპანიები, პრემიერ-მინისტრი როდესაც იყო, მაშინაც ჰქონდა და დეკლარაციაში არ მოუხსენიებია. მათი ზუსტი საქმიანობის შესახებ, სამწუხაროდ დოკუმენტებში ინფორმაცია არ არის. ვერ ვიგებთ სრულად, რას საქმიანობენ, რა ფინანსური მდგომარეობა აქვთ… არც ივანიშვილმა უპასუხა ამ კითხვებს, როცა ერთობლივი წერილი მივწერეთ”, - ამბობს ნინო ბაქრაძე.

„პანდორას საბუთებში” ივანიშვილის გარდა მოხვდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ყოფილი და მოქმედი ლიდერები. მათ შორის, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი გარემოცვა. გარდა ამისა, საბუთებიდან ვიგებთ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების ოფშორულ კომპანიებზე.

გადადის თუ არა თვითმმართველ ქალაქებში მმართველი პარტია ოპოზიციაში - რას აჩვენებს 2 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. თუმცა 2 ოქტომბრის არჩევნებმა საკრებულოები თითქმის სრულად დააკომპლექტა.

ჯამში ამ ქალაქების საკრებულოებში 190 დეპუტატს ირჩევდნენ, მათგან ვაკანტური რჩება მხოლოდ 2 ოლქი, სადაც, მერის მსგავსად, ასევე ჩატარდება მეორე ტური.

ამ მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ თბილისისა და ფოთის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ეყოლება, ყველა სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტი იქნება გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მიღებული მანდატები.

რომელ ქალაქებს აქვთ შანსი, ჰყავდეთ საკრებულოები ოპოზიციის უმრავლესობით, ნახეთ გელა ბოჩიკიშვილის სტატიაში.

მეორე ტურები და პოლიტიკური ჰიპნოზი

აქვს თუ არა შანსი ოპოზიციას, მაშინ, როცა მეორე ტურებში, საქართველოში, ტრადიციულად მმართველი პარტია იმარჯვებს?! - ამ კითხვას სვამს ლელა კუნჭულია და ცდილობს გაარკვიოს, რა შანსი აქვთ ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს მეორე ტურში, რამდენად იმოქმედებს მათ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ის, თუ რა პოზიციას დაიჭერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტურები 64-დან 20 შემთხვევაში გაიმართება. „ქართული ოცნების“ კონკურენტი 20-დან 17 შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება. ექსპერტებისთვის უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატებს ოპონენტებზე დაბალი მაჩვენებლები ასეთი მასშტაბით აქვთ. ოპოზიცია გამარჯვებაზე ლაპარაკობს. გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნებაც“.

2021 წლის 2 ოქტომბერი, "ქართული ოცნება" ზეიმობს გამარჯვებას ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე
2021 წლის 2 ოქტომბერი, "ქართული ოცნება" ზეიმობს გამარჯვებას ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე

„ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს გამარჯვების შანსი თვითმმართველ ქალაქებში, მაგრამ სხვა საკითხია - როგორ გამოიყენებენ ამ შანსს. შედეგი რესურსზეც არის დამოკიდებული და იმაზეც - შემცირდება თუ გაიზრდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მუხტი და როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია“, - გვეუბნება ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.

გათვლები მეორე ტურში არსებული შანსების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ანის „პარტიზანული“ პლაკატები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:28 0:00

XS
SM
MD
LG