Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იყო ალ-ზავაჰირი და რატომ მოკლეს ის?


ფოტო არქივიდან: "ალ-ყაიდას" ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი
ფოტო არქივიდან: "ალ-ყაიდას" ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი

აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებულმა დარტყმამ მოკლა აიმან ალ-ზავაჰირი. მან, ოსამა ბინ ლადენთან ერთად, დაგეგმა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელია, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ და ავღანეთი აღარასდროს იქცეს დანარჩენ მსოფლიოზე განხორციელებული თავდასხმების ბაზად, როგორც ეს მოხდა 2001 წელს.

ვინ იყო აიმან ალ-ზავაჰირი?

ზოგ ამერიკელს შესაძლოა არ ახსოვდა ალ-ზავაჰირის სახელი, თუმცა სახე კი დღემდე ბევრს ეცნობოდა: სათვალიანი, მომღიმარი მამაკაცი, რომლიც ფოტოზე მუდამ ბინ ლადენის გვერდით იყო აღბეჭდილი.

ალ-ზავაჰირი ეგვიპტეში დაიბადა, 1951 წლის 19 ივნისს. მისი ოჯახი შეძლებული იყო და ბიჭი კაიროს მწვანე, მშვიდ გარეუბანში იზრდებოდა. მის ცხოვრებაში რელიგია ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა - ის იყო სუნიტი მუსლიმების ძალადობრივი ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც ეგვიპტისა და სხვა არაბული ქვეყნების მთავრობების ჩანაცვლება სურდა ხელისუფლებებით, რომლებიც ისლამის უფრო მკაცრ ინტერპრეტაციას მისდევდნენ.

ახალგაზრდობაში ალ-ზავაჰირი თვალის ქირურგი იყო. ამავე დროს, მოგზაურობდა ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ის შეესწრო ავღანელების ომს საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ და გაიცნო ახალგაზრდა საუდისარაბელი ოსამა ბინ ლადენი და სხვა არაბი მებრძოლები, რომლებიც ავღანეთს საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას უწევდნენ.

ის იყო ასობით მებრძოლს შორის ერთ-ერთი, ვინც ეგვიპტის ციხეში აწამეს მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა 1981 წელს მოკლეს პრეზიდენტი ანვარ სადათი. მისი ბიოგრაფების მტკიცებით, ამ გამოცდილებამ მისი კიდევ უფრო რადიკალიზება გამოიწვია. შვიდი წლის შემდეგ ალ-ზავაჰირი ბინ ლადენის მიერ „ალ-ყაიდის“ დაარსებას ესწრებოდა.

ალ-ზავაჰირიმ თავისი ეგვიპტელი მებრძოლები „ალ-ყაიდასთან“ გააერთიანა. „ალ-ყაიდისთვის“ მნიშნელოვანი იყო მისი ორგანიზების ნიჭი და გამოცდილება, რომელიც ალ-ზავაჰირიმ ეგვიპტის უშიშროების სამსახურებთან დაპირისპირების დროს გამოიმუშავა. მისმა ამ ცოდნამ საშუალება მისცა ორგანიზაციას, პროფესიონალური სტრუქტურა შეემუშავებინა და თავდასხმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განეხორციელებინა.

რატომ იყო ალ-ზავაჰირი მნიშვნელოვანი?

ზავაჰირი და მისი თანამებრძოლები 11 სექტემბრის თავდასხმას წლების განმავლობაში ამზადებდნენ. შემდეგ კი მოახერხეს, რომ „ალ-ყაიდას“ გაეძლო აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული საპასუხო ზომებისთვის.

აშშ-ის ოფიციალური პირები, რომელთა რიგს ბოლოს ბაიდენიც შეუერთდა, თვეების განმავლობაში ამზადებდნენ ოპერაციას - საბოლოოდ ადგენდნენ მის ვინაობას, აკვირდებოდნენ...

11 სექტემბრის შემდეგ ძებნილმა ალ-ზავაჰირიმ „ალ-ყაიდის“ რეორგანიზაცია შეძლო ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე. ის იყო ერაყის, აზიის, იემენისა და სხვა ფილიალების უმაღლესი ლიდერი. მისი ხელმძღვანელობით „ალ-ყაიდა“ 11 სექტემბრის შემდეგაც ახერხებდა სისხლიანი თავდასხმების განხორციელებას - ბალიში, მომბასაში, ელ-რიადში, ჯაკარტაში, სტამბოლში, მადრიდში, ლონდონში... 2005 წლის თავდასხმა ლონდონში, რომელმაც 52 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი ბოლო გამანადგურებელი თავდასხმა იყო. მას შემდეგ დრონებით თავდასხმებმა და ანტიტერორისტულმა ოპერაციებმა „ალ-ყაიდის“ მებრძოლები დახოცა და ორგანიზაციის ქსელი გაანადგურა.

როგორ მოკლეს ის?

კვირას სისხამ დილით ალ-ზავაჰირი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სახლის აივანზე გამოვიდა. აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის აივანზე რაღაც ხანს ჩერდებოდა ხოლმე. სწორედ ამ დროს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატიდან გაისროლეს ორი რაკეტა მისი მისამართით.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ეჭვი, რომ ალ-ზავაჰირი ავღანეთში იმყოფებოდა. წელს ამერიკის დაზვერვამ შეიტყო, რომ ალ-ზავაჰირის მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები ქაბულში გადაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ მათ ზავაჰირის ვაჟიც მიჰყვა.

აშშ-ის ოფიციალური პირები, რომელთა რიგს ბოლოს ბაიდენიც შეუერთდა, თვეების განმავლობაში ამზადებდნენ ოპერაციას - საბოლოოდ ადგენდნენ მის ვინაობას, აკვირდებოდნენ, რამდენ ხანს ჩერდებოდა აივანზე და დარტყმის მომენტს ამზადებდნენ.

რას ნიშნავს მის სიკვდილი „ალ-ყაიდისთვის“?

გააჩნია, ვინ იქნება მისი შემცვლელი. ათწლეულობით მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციების შემდეგ „ალ ყაიდას“ ბევრი ხელმძღვანელი აღარ დარჩა. „ალ-ყაიდის“ ექსპერტი ალი სუფანი ამბობს, რომ ერთ-ერთ კანდიდატად საიფ ალ-ადლი მოიაზრება. დასავლეთისთვის ეს შემაშფოთებელი ვარიანტია - ალ-ადლი დიდი პატივისცემით სარგებლობს „ალ-ყაიდაში“, მას დიდი ხნის გამოცდილება აქვს და ქარიზმატულ ლიდერად მიიჩნევა.

შესაძლოა ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფელი სწორედ თალიბანის რომელიმე წევრმა გასცა. თუმცა, სწორედ თალიბანი იყო, ვინც 1990-იან წლებში შეიფარა „ალ-ყაიდის“ ლიდერები...

თუმცა, „ალ-ყაიდა“ ამჟამად კრიზისულ მდგომარეობაშია. 11 სექტემბრის შემდეგ უამრავი აგრესიული ექსტრემისტული დაჯგუფება გაჩნდა, რომლებსაც ერთმანეთთან მუდმივი ქიშპობა აქვთ. ბევრი მათგანი ასევე ავღანეთში ოპერირებს. ამასთან, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფებების ექსპერტი ჩარლზ ლისტორი წერს, თანამედროვე ექსტრემისტები უპირატესობას ანიჭებენ ლოკალურ - და არა გლობალურ - ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს.

„ალ-ყაიდის“ ახალმა ლიდერმა უნდა დაუმტკიცოს თავისი საჭიროება ადგილზე მებრძოლ ექსტრემისტებს, რომლებსაც ცენტრალური მართვა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ და რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილებები ადგილზე უნდა მიიღებოდეს და არა ათასობით კილომეტრით დაშორებულ ცენტრში, - წერს ჩარლზ ლისტორი.

იცოდა თუ არა თალიბანმა, რომ ზავაჰირი ავღანეთში იყო?

აშშ-ის ოფიციალურ პირებში ამაში ეჭვი არ ეპარებათ. ჯერ არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა ალ-ზავაჰირი ავღანეთში, თუმცა ხმები ამის შესახებ უკვე დიდი ხნის წინ დაირხა. ასევე, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, სახლი, რომელშიც ზავაჰირი იმყოფებოდა, ეკუთვნის თალიბანის ერთ-ერთი მესვეურის თანაშემწეს.

შესაძლოა ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფელი სწორედ თალიბანის რომელიმე წევრმა გასცა. თუმცა, სწორედ თალიბანი იყო, ვინც 1990-იან წლებში შეიფარა „ალ-ყაიდის“ ლიდერები და საშუალება მისცა მათ 11 სექტემბრის თავდასხმა დაეგეგმათ, რასაც შემდეგ ქვეყანაში 20-წლიანი ომი მოჰყვა. ახლაც შიშობენ, რომ თალიბანი საშუალებას აძლევს შეიარაღებულ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რომ თავი ავღანეთს შეაფარონ და საქმიანობა ქაბულიდან გააგრძელონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG