Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისური კულტურის არქეტიპი


ჩვენ დღემდე არ გვესმის, რატომ დაარსდა თბილისი.

არა, ლეგენდა ყველას შესისხლხორცებული გვაქვს - ვახტანგ გორგასალი ნადირობდა, ხოხობს შევარდენი დაადევნა, ორივე დაიკარგა; ძებნის შემდეგ ორივე დღევანდელი თბილისის მიდამოებში აღმოაჩინეს გაფუფქული. ვახტანგს მოეწონა ადგილი და თქვა - აქ ქალაქი უნდა დაარსდესო. და, თბილი წყაროების გამო, დაარქვა მას „თბილისი“.

მაგრამ ვთქვათ პირდაპირ - ამ ლეგენდის აზრი და არსი არ გვესმის. არადა, სწორედ ხოხბის ამბავი გახდა ცენტრალური თბილისურ წარმოსახვაში. ალტერნატიული ლეგენდაც არსებობდა, დაჭრილი ირმის შესახებ, რომელიც ცხელ წყაროებში განიბანა და გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამ გადმოცემამ ფეხი ვერ მოიკიდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ უკანასკნელში არაა თანამედროვე ქართული კულტურის ცენტრალური ელემენტი - გასტრონომია. თბილისი დაარსდა, რადგან მეფეს ხოხბის ჭამა უნდოდა - ასეთი ამბავი თბილისისათვის ბევრად უფრო ახლობელი აღმოჩნდა, ვიდრე სასწაულებრივი განკურნების ამბავი. გაშლილი მაგიდა მიზანია, რომლისკენაც მიისწრაფვის ყოველი კულტურული ფენომენი.

ერთი წუთით ავწიოთ თავი სუფრიდან და გარედან შევხედოთ მის სტრუქტურას.

სტრუქტურული ანთროპოლოგია გვასწავლის, რომ ყველა კულტურაში არსებობს საფუძველმდებარე ოპოზიცია, დაპირისპირება ბუნებასა და კულტურას შორის. ერთ-ერთი ასეთი ცენტრალური ოპოზიცია გამოიხატება სამზარეულოში: დაპირისპირება უმსა (ანუ ბუნებას) და მოხარშულს (ანუ კულტურას) შორის. მაგალითისათვის, ასეთივეა დაპირისპირება თაფლსა (რომელიც ბუნებრივად მოიპოვება) და თამბაქოს (რომელიც ხელოვნურად მუშავდება) შორის.

სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა არის თბილისური კულტურის მთავარი ნიშანი: ესაა უტოპია, რომლის მიხედვითაც კულტურა ბუნებრივად უნდა მოიპოვებოდეს. ხორცი მოხარშული უნდა იყოს, ოღონდ თავისით, ბუნების მიერ, ადამიანის ძალისხმევის გარეშე. კულტურა უნდა იყოს სპონტანური, ის ბუნებიდან უნდა ამოიზრდებოდეს.

მაგრამ ამ უტოპიას მეორე ელემენტიც აქვს. როგორც გვახსოვს, ცხელ წყალში იფუფქება არა მხოლოდ ხოხობი, როგორც საჭმელად გამოსადეგი ფრინველი, არამედ შევარდენიც, რომელიც საჭმელად უვარგისია. მეტიც, ეს ოპოზიცია ხოხობსა და შევარდენს შორის თავიდან იმეორებს ოპოზიციას ბუნებასა და კულტურას შორის: ხოხობი ბუნების აღმნიშვნელია, ხოლო ადამიანის მიერ გაწვრთნილი შევარდენი - კულტურისა. ამ მეორე უტოპიის მიხედვით, თბილისის „ბუნებრივმა კულტურამ“ უნდა მოახერხოს და გადახარშოს როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ისე - გარედან მოსული; როგორც აგრესორი, ისე - აგრესიის მსხვერპლი; როგორც ხოხობი, ისე - შევარდენი.

დრო გადის, პოლიტიკური რეჟიმები და საზოგადოებრივი ფორმაციები იცვლება, მაგრამ თბილისის კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები იგივე რჩება: კულტურა, რომელიც კეთდება ძალისხმევის გარეშე; კულტურა, რომელიც ბუნებისა და კულტურის დაპირისპირებაზე მაღლა დგას; კულტურა, რომელიც არ განასხვავებს ერთმანეთისაგან მომხვდურსა და დამხვდურს და ბუნებრივად ხარშავს ორივეს ერთ წვენში.

იქნებ ოდესმე დავადგინოთ, როდის გაჩნდა ეს ლეგენდა. რატომღაც არა მგონია, ძალიან ბევრ საუკუნეს ითვლიდეს. თუმცა, ვინ იცის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG