Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმპერია და ჭეშმარიტება


რა განსხვავებაა, რუსეთი თუ ამერიკა, ორივე იმპერიააო, ამბობს მავანი.

თუ გახსოვთ ფილმები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაიღეს?

დიახ, ფილმები. ჩვენ, ალბათ, მხოლოდ ძალზე სუსტი ქართულ-ამერიკული ფილმი გვახსოვს, სახელწოდებით „აგვისტოს 5 დღე“. თუმცა იყო უფრო ადრინდელი ფილმიც, რუსული, სახელად „ოლიმპოს ინფერნო“, კიდევ უფრო სუსტი, უსუსური და უღიმღამო ნაწარმოები იმავე ომის შესახებ.

მიუხედავად ესთეტიკური იმედგაცრუებისა, კულტურულ-პოლიტიკური ანალიზისათვის ინტერესის საგნის აღმოჩენა მაინც შეიძლება: ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა ჭეშმარიტების დადგენას: ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ საქართველომ? ორივე შემთხვევაში არსებობდა ობიექტური და მიუკერძოებელი პერსონაჟი, რომელმაც იცოდა ეს ჭეშმარიტება და უნდოდა მისი მიტანა საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე. რუსული ფილმის შემთხვევაში ეს პერსონაჟი ენტომოლოგი იყო, ქართულ-ამერიკული ფილმის შემთხვევაში - ჟურნალისტი.

მაგრამ ყველაზე საინტერესო დამთხვევა მაინც ისაა, რომ ორივე ფილმში ჭეშმარიტების მცოდნე ეს პერსონაჟი ამერიკიდან ჩამოდის და აშშ-ის მოქალაქეა.

„რა განსხვავებაა, რუსეთი თუ ამერიკა, ორივე იმპერიაა.“

ადამიანს, რომელიც ამ ფრაზას ამბობს (არადა, საქართველოში მას უკვე მოკრავ ყურს), ვეღარ არწმუნებ არგუმენტით, რომ რუსეთი ყოველდღიურად საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს, ხოლო აშშ უკვე მრავალი წელია, მხარს გიჭერს პოლიტიკურად, ფინანსურად, ექსპერტიზით და ა.შ.; ვერ არწმუნებ ვერც იმით, რომ 2008-ში რუსეთი გვეომებოდა, ხოლო აშშ - მხარს გვიჭერდა.

მაგრამ არსებობს სხვა არგუმენტიც: სინამდვილეში რუსეთი იმპერია კი არა, დაშლილი იმპერიაა. რუსეთს არ აქვს იმპერიის აღდგენის პროექტი. ერთადერთი პროექტი, რომელიც რუსეთს აქვს, ესაა წინააღმდეგობა დასავლეთისადმი თავისი საზღვრების შიგნითა და თავის საზღვრებთან. არანაირი ევრაზიული კავშირი, არანაირი მართლმადიდებელი ცივილიზაცია, არანაირი მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი - ეს პროექტები მოგონილი, შეთხზული იდეებია, რომელთა საფუძველშიც არის ერთადერთი იდეა - „არა დასავლეთს!“

ამერიკის იმპერიულობის თემა არაა ახალი. დიდი ავსტრიელი მწერალი ჰერმან ბროხი, რომლის ტრილოგია „სომნამბულები“ ახლახან გამოვიდა ქართულ ენაზე, ნაცისტური რეჟიმისაგან დევნილი ებრაული წარმოშობის გამო, მეორე მსოფლიო ომის წლებს ამერიკაში იმაზე ფიქრში ატარებს, როგორი შეიძლება იყოს ახალი დემოკრატიული წესრიგი მსოფლიოში. შედეგად 1945 წელს ქვეყნდება „ვირგილიუსის სიკვდილი“, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი რომანი, რომელშიც რომის იმპერიის საბურველში ახალი იმპერიული წესრიგის ბედ-იღბალზეა საუბარი. ბროხისათვის ეს არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ პოლიტიკური იდეაც იყო. დასავლური იმპერიის აღდგენის იდეას ის არა აუცილებლად თაობათა მისტიკური ხსოვნის გამო უჭერდა მხარს, არამედ სტრატეგიული მოსაზრებების გამო - ტოტალიტარიზმთან ბრძოლაში აშშ უნდა გამხდარიყო დემოკრატიის იმპერია.

ცხადია, აშშ-ის იმპერიულობაზე ბროხს არ დაუწყია საუბარი. ჯერ კიდევ ჯეფერსონი საუბრობდა ახალ ქვეყანასთან მიმართებით „თავისუფლების იმპერიაზე“. იდეა არც ბროხთან ერთად გამქრალა. „იმპერია ლაითი“, იტყვის მაიკლ იგნატიევი; „ადამიანის უფლებათა იმპერია“, დაწერს სამანთა პაუერი; „ლიბერალური იმპერია“, შემოგთავაზებს ნაიალ ფერგიუსონი; „ფაქტია, რომ მსოფლიო ისტორიაში არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა ასე დომინანტური კულტურულად, ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და სამხედრო თვალსაზრისით რომის იმპერიის შემდეგ“, ფიქრობს აშშ-ის შესახებ ჩარლზ კრაუტჰამერი. ამ ჩამონათვალს ბევრი ნაკლებად ცნობილი სახელიც შეიძლება დავამატოთ. სხვათა შორის, თუ ეს ძირითადად მემარჯვენე ამერიკელი ავტორები აშშ-ს იმპერიად მიიჩნევენ და ამ ფაქტს პოზიტიურად უყურებენ, მათ საპირწონედ თავად ამერიკაშიც ბევრია მემარცხენე, რომელიც იზიარებს აშშ-ის, როგორც იმპერიის, ინტერპრეტაციას, ოღონდ აკრიტიკებს და წყევლა-კრულვას უთვლის მას სწორედ ამ იმპერიულობის გამო.

როგორც ვხედავთ, არსებობს სააზროვნო ტრადიცია, რომელიც სიტყვა „იმპერიას“ განიხილავს, როგორც „გლობალური წესრიგის“ სინონიმს. რამდენად მისაღები და გასაზიარებელია ეს ტრადიცია, სხვა საკითხია, და მის განხილვას ახლა არ ვაპირებ. არიან ისეთებიც, ვინც ამ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება. მაგრამ, თუ ამ ტრადიციის შიგნით დავრჩებით, რუსეთის პრობლემა ის კი არაა, რომ ის იმპერიას ქმნის, არამედ ის, რომ მას არ აქვს არანაირი ავტონომიური და პოზიტიური პროექტი, რომლითაც მიიზიდავდა თუნდაც თავის მეზობლებს. ევრაზიულობა, მართლმადიდებლობა და სოვიეტიზმი არაა ერთმანეთთან თავსებადი იმისათვის, რომ მათგან იმპერიული იდეოლოგია გამოდნეს. ისინი უბრალოდ პირველია, რაც „ხელში მოხვდათ“ იმისათვის, რომ დასავლეთისათვის „ესროლათ“.

იმპერიას ყოველთვის აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. რუსეთი ასეთ პრეტენზიას თითქოს აცხადებს, მაგრამ მისი კულტურული არაცნობიერი აჩვენებს, რომ სინამდვილეში ჭეშმარიტება სხვაგანაა, მისთვის საძულველ ამერიკასა თუ დასავლეთში. განსხვავებით მოსკოვის დიდი სამთავროსაგან, ახლა „მესამე რომისა“ არავის სჯერა; განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, არავინ ფიქრობს სერიოზულად ისტორიული მატერიალიზმის კანონების გარდუვალობაზე.

თუ იდეოლოგიური დაკვეთის მატარებელ რუსულ ფილმში საჭიროა იმის დადგენა, ვინ დაიწყო ომი, ჭეშმარიტება მაინც ამერიკიდან უნდა მოვიდეს. ეს არაა თავის თავში დარწმუნებული და აღმავალი იმპერიის ნიშანი. ესაა ნიშანი პოლიტიკური ერთობისა, რომელსაც ქაოსი ურჩევნია გლობალური წესრიგის რიგით წევრად გახდომას. რუსეთი არც თავად აპირებს გლობალური თუ რეგიონული წესრიგის შექმნას, მით უმეტეს რომ მას ამისთვის არანაირი რესურსიც არ აქვს. იმპერია ხომ ძალისა და იდეის ერთიანობაა, სადაც რთული მისახვედრია, რომელი უფრო ადრე იყო: იდეა, რომელმაც შვა ძალა მის მატარებელ ხალხში; თუ ძალა, რომელსაც მოჰყვა იდეა მისი ლეგიტიმაციისათვის; ან შეიძლება პირველადი იყო რაღაც განუყოფელი ფორმა, რომლის ორ მოდუსსაც იდეა და ძალა წარმოადგენენ? როგორც უნდა იყოს: რუსეთს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას მხოლოდ ისეთი სივრცის შენარჩუნება სურს, სადაც წესრიგი, თავისი ექსპლიციტური ღირებულებებით, კანონებითა და წესებით, ფეხს ვერ მოიკიდებს. სინამდვილეში არჩევანი ორ წესრიგს შორის კი არ გვაქვს, არამედ წესრიგსა და მეტ-ნაკლებად კონტროლირებად ქაოსს შორის.

„რა განსხვავებაა, რუსეთი თუ ამერიკა, ორივე იმპერიაა.“

სულაც არა. გააჩნია, სიტყვა „იმპერიაში“ რა აზრს ჩავდებთ. თუ იმპერიას გავიგებთ, როგორც ავტოკრატულად მართულსა და სხვისი ტერიტორიების მიტაცებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, მაშინ იმპერიაა მხოლოდ რუსეთი, მაგრამ არა - აშშ, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, სადაც ამერიკა ერებისა და ინდივიდების გათავისუფლების მთავარი ფაქტორი იყო ათწლეულების განმავლობაში. ხოლო თუ იმპერიას გავიგებთ, როგორც გლობალური წესრიგის გარანტს, მაშინ იმპერიაა აშშ, მაგრამ არა - რუსეთი.

ხოლო ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რუსეთზე ფსონის დადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცვლით ჩვენს მომავალს იმ იმედზე, რომ დღევანდელ დისკომფორტს ავიცილებთ თავიდან. ოღონდ ისტორია ხომ პარადოქსების ადგილია: თუ ასე მოვიქცევით, შედეგად მივიღებთ დღევანდელ დისკომფორტს უმომავლობასთან ერთად.

ჩვენი და ჩვენი შვილების უმომავლობაზეა საუბარი, თორემ, როგორც პოეტი იტყოდა, საქართველო უკვდავია და კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG