Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლებასთან ახლოს


(წერილები კანიდან - 3)

კანის 68-ე კინოფესტივალის სიმბოლოდ ინგრიდ ბერგმანი აირჩიეს. ფესტივალის დირექცია ამ გადაწყვეტილებას დიდი მსახიობის 100 წლის იუბილით ხნის. 2015 წელი უხვია კინემატოგრაფისტთა იუბილეებით. ბოლოს და ბოლოს ერთი საუკუნე შეუსრულდა ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმის ავტორს, ორსონ უელსს. მაგრამ კანში სწორედ ინგრიდ ბერგმანი აირჩიეს, სწორედ ინგრიდ ბერგმანი გვიღიმის წითელ ხალიჩაზე დილის 8 საათზე, როცა პრესა ცდილობს, მიაგნოს ადგილს ძმები ლიუმიერების მთავარ დარბაზში, წელს საგანგებოდ რომ გაარემონტეს და განაახლეს.

არჩევანი არ უნდა იყოს შემთხვევითი - მსოფლიო კინოში სტანდარტიზაციის მომძლავრების ფონზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, განსხვავებული, სწორედ სტანდარტებთან და კლიშეებთან მებრძოლი ქალის სახე 2015 წლის კანის კინოფორუმის პოსტერზე თითქოს გვახსენებს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი გადარჩეს კინო, რომელსაც მხარი დაუჭირეს 70 წლის წინ კანის ფესტივალის დამაარსებლებმა - ეგრეთ წოდებული “საავტორო კინო”. ამისათვის ნიჭზე მეტად, შესაძლებელია, თავისუფლების შეგრძნება და სიყვარულია საჭირო, აი, ისეთი სიყვარული, ინგრიდ ბერგმანმა რომ აჩუქა 30-იანი, 40-იანი წლების ჰოლივუდს მისთვის დამახასიათებელი უბრალოებითა და თითქმის მონუმენტური დიდებულებით ერთდროულად... მერე კი აჩუქა ომისშემდგომ იტალიურ კინოს, როცა აშკარა გახდა, რომ იტალიურ ნეორეალიზმს გაღრმავება და სინამდვილის მხატვრული გააზრების ახალ საფეხურზე ასვლა სჭირდებოდა.

სწორედ ინგრიდ ბერგმანმა მიატოვა ჰოლივუდი, მიატოვა საყვარელი ოჯახი, გაჰყვა რობერტო როსელინის იტალიაში და მასთან ერთად შექმნა “ევროპა 51” - გენიალური ამბავი ახალ ევროპაზე, ახალ მსოფლიოზე, რომელიც აქ ვალდებული ხდება, თვალი აიხილოს, რათა აღარასდროს განმეორდეს ოსვენციმი. ინგრიდ ბერგმანის გმირს, დედას ყველაზე საზარელი მსხვერპლი დასჭირდა, მცირეწლოვანი შვილის თვითმკვლელობა დასჭირდა იმისთვის, რომ თვალი ახელოდა და ის სამყარო დაენახა, რომელიც მისთვის აქამდე საერთოდ არ არსებობდა. მოგვიანებით ერიკ რომერი თავის სტატიაში როსელინის ფილმზე “მოგზაურობა იტალიაში” აღნიშნავს: “ამას მე არ ვამტკიცებ. ამ ფილმების ნახვის შემდეგ გახსენდება ფაქტი - რაც უფრო თავისუფალი ხარ, მით უკეთ ხედავ”.

“უკეთ დანახვას” არა აქვს ლიმიტი. ეს პროცესი უსასრულოა, როგორც უსასრულოა თავისუფლებასთან მიახლოება. შესაბამისად, პირადად ჩემთვის უკვე ძალიან მოსაბეზრებელი ხდება მსჯელობა იმაზე, რომ კულტურაში ყველა სტილი “გასინჯულია” და ამოწურული, რომ ახლის შექმნა დღეს უკვე შეუძლებელია. რატომღაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსაზრება - წლევანდელ კანის ფესტივალზე მუდმივად რომ იმეორებენ კრიტიკოსები - სამართლიან ეჭვს გამოიწვევდა ინგრიდ ბერგმანსა და რობერტო როსელინიში, შესაძლებელია, მათ ქალიშვილშიც, იზაბელაში, რომელიც წელს კანის ფესტივალის რიგით მეორე მნიშვნელობის კონკურსის, “განსაკუთრებული მზერის” პროგრამის ჟიურის თავმჯდომარეა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში უჩვენეს კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატის, აპაჩანტპონგ ვეერასეტაკუნის ახალი ფილმი “ბრწყინვალების სასაფლაო”. თავად ეს ჩვენება უკვე არის სკანდალი. ტაილანდელი რეჟისორი “ოქროს პალმის” პირველი მფლობელია, რომლის ახალი ფილმი არა კონკურსში, არამედ შედარებით ახალგაზრდა და ნაკლებად ცნობილი რეჟისორების დათვალიერებაში მოხვდა. ერთ ინტერვიუში აპაჩანტპონგი ვერ მალავს წყენას - დამპირდნენ კანოს ფესტივალის კონკურსს, რაღა დაგიმალოთ და ძალიან სჭირდებოდა ეს ჩემს ფილმს, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვაგან აღვმოჩნდიო. ფილმის პრემიერამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ “ოქროს პალმის” ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა, მფლობელმა გადაიღო ბევრად უარესი, ვიდრე სახელგანთქმული “ბიძია ბუმი”, კანის ფესტივალების ისტორიაში ყველაზე საკამათო გამარჯვებული. მაგრამ სულ პირიქით აღმოჩნდა. როგორც არ უნდა გვაღიზიანებდეს აპაჩონტპოგის ფილმების უნელესი რიტმი, გადაჭარბებული პირობითობა, მსახიობების თამაშის თითქოს პრინციპულად ყალბი მანერა, “ბრწყინვალების სასაფლაოთი მტკიცდება, რომ თანამედროვე კინოს ჰყავს მკაფიო ინდივიდუალობის ავტორი, რომლის ფილმების კადრსაც კი იცნობ, სულერთია, გაქვს ნანახი ეს ფილმი თუ არა. მთავარია, აპაჩონტპონგის ერთი ფილმი მაინც გქონდეს ნანახი. ჰოდა სადღაა ეგრე? აბა, რომელი რეჟისორის გამოცნობა შეგვიძლია დღეს ერთი კადრით?

“ბრწყინვალების სასაფლაოში” რეჟისორი გვიამბობს ერთ უცნაურ კლინიკაზე, რომელიც ყოფილი სკოლის შენობაში განათავსეს. უფრო სწორად, არა იმდენად კლინიკაა უცნაური, რამდენადაც მისი პაციენტები - ჯარისკაცები, რომლებიც “საღათას ძილის” ვირუსით დაავადდნენ. მათ სძინავთ, ექიმები კი ფერებით მკურნალობენ. აქვე არიან ქალები, რომლებიც დაძინებულ ჯარისკაცებს თავიანთ ცხოვრებას უამბობენ. ტაილანდელი რეჟისორი, ახალგაზრდობაში სერიოზულად გატაცებული ბუდიზმით, ისევ ისეთი მოსაწყენია, ისევ ისე გვაძინებს, როგორც თავის ადრეულ ფილმებში. ოღონდ აქ სიუჟეტის დონეზეც კი ამართლებს თავის ხელწერას - როგორც თავად ავტორი ამბობს, მან ზუსტად იცის, რომ სიზმარი დაახლოებით 90 წუთი გრძელდება. ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც კლასიკური ფილმი.

ადვილი საყურებელი არაა და, მით უმეტეს, არაა სახალისო წლევანდელი კანის ფესტივალის კიდევ ერთი აღმოჩენა - ფილმი, რომელსაც დიდი შანსი აქვს, მოხვდეს გამარჯვებულებს შორის: ასევე ახალგაზრდა უნგრელი რეჟისორის, დებიუტანტის, ლასლო ნემეშის “სოლას შვილი”. სურათის გმირი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეა. როგორც ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ჯანმრთელი კაცი, ჩართულია “მომსახურების” პროცესში. ნაცისტები მას ყველაზე შავი სამუშაოს შესრულებას ავალებენ - ტყვეების დაწყობას რიგებად, მათ მომზადებას გაზის კამერისთვის და ბოლოს, უშუალოდ კამერაში შეყრას.

აბა, გაიხსენეთ, რამდენი ფილმი გინახავთ ჰოლოკოსტზე. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს სურათები უკვე ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს. პირადად მე მთელი ამ “შინდლერის სიებისა” და “ცხოვრება მშვენიერიას” ფონზე ნოსტალგიითაც კი მაგონდება, როგორ ღრმად, უკომპრომისოდ ასახავდნენ საკონცენტრაციო ბანაკების სამყაროს პოლონელი და უნგრელი რეჟისორები 60-იან წლებში. “სოლას შვილში” ნემეშმა შექმნა ნამდვილი ჯოჯოხეთი, გამოხატული არა დრამატურგიით (დრამატურგია სწორედ ყველაზე სუსტი აქვს უნგრულ ფილმს), არამედ კინოენით - საერთოდ თანამედროვე კინოში ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიზოდი, როცა გაშიშვლებული ქალები, მოხუცები, ბავშვები გაზის კამერაში შეჰყავთ, თან ისე, რომ ეკრანზე ვხედავთ არა მათ, არამედ მხოლოდ მთავარ გმირს (მთელი ფილმი ფაქტობრივად მის ახლო ხედზე თამაშდება), მაგრამ გვესმის ამ ტყვეების ხმები - ადამიანების სასიკვდილო ქორო.

გამოდის, რომ შესაძლებელი ყოფილა თანამედროვე კინოშიც გააკეთო ის, რაც შენამდე არ გაკეთებულა. როგორი პრეტენზიებიც გვქონდეს კანის წლევანდელი ფესტივალის მიმართ, როგორც უნდა ვიქილიკოთ წლევანდელ კონკურსზე (კრიტიკოსთა გამოკითხვით თუ ვიმსჯელებთ, კონკურსში ორი ფილმია უკვე შეფასებული ერთიანზე ნაკლები ქულით - გას ვან სენტის “ხეების ზღვა” და ფრანგი რეჟისორის, ვალერი დონზელის ფილმი ინცესტზე “მარგერიტი და ჟულიენი”. არადა ერთიანზე ნაკლები ქულა ხუთბალიან სისტემაში, დიდი ხანია არ ახსოვს ასეთ რეიტინგებს კანში. ფაქტია, რომ კანის კინოფორუმი აგრძელებს ტალანტების ძებნას, ტალანტების, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც მიუახლოვდნენ თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG