Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაღალდის სამკუთხედი, ანუ კაცია-გამომცემელი?!


წელს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე (23 აპრილი) საქართველოში უცნაურად აღინიშნა. გამომცემლობების სოლიდარობის ნიშნად, წიგნის მაღაზიების ნაწილმა გამართა აქცია დევიზით: წიგნის დღე წიგნის გარეშე! უფრო ადრე გამომცემლებს მხარი დაუჭირა მწერალთა ნაწილმა, რომლებსაც სხვა მწერლებმა ”პარაზიტი გამომცემლების” მხარდაჭერის გამო უსაყვედურეს.

გამომცემლებისა და განათლების სამინისტროს დავა მრავალშრიანი პრობლემაა, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებს, რის გამოც, უმჯობესია, მტყუან-მართლის გარჩევა კვალიფიციურ სპეციალისტებს, იურისტებსა და, უკიდურეს შემთხვევაში, მიუკერძოებელ სასამართლოს მივანდოთ. შედარებით მარტივი გასაჩხრეკია მწერლისა და გამომცემლის ურთიერთობა.

ქართველი მწერლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამომცემლობებისგან მართლაც მწირ შემოსავალს იღებენ. მწერალსა და გამომცემელს შორის გაფორმებული სტანდარტული კონტრაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი ”საავტორო ჰონორარი” დაახლოებით ასე გამოიყურება: ”გამომცემელი ვალდებულია ავტორს გადაუხადოს საავტორო ჰონორარი, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ავტორი მიიღებს წიგნის რეალიზაციიდან ფაქტიურად ამონაგები თანხის N%-ს (როგორც წესი, 10-20%-ს) ხელზე მისაღებ თანხად.

ბ) კანონმდებლობით გათვალისწიბენულ ყველა გადასახადს იხდის გამომცემელი ...
და ასე შემდეგ.

ამ სტანდარტული კონტრაქტით მწერლის მიერ მიღებული შემოსავალი 0-დან 3-4 ათასი ლარი შეიძლება იყოს. ფაქტია, ხანგრძლივი და მძიმე შრომის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარით მწერალი ვერ ირჩენს თავს!

ვინ არის დამნაშავე?

გამომცემელი?

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სქემა, რომლის მიხედვითაც პარაზიტი გამომცემელი ექსპლუატაციას უწევს გულუბრყვილო (მიამიტ, სასოწარკვეთილ და ა. შ.) მწერალს და მის ხარჯზე მდიდრდება? ან კი მხოლოდ გამომცემლის სიხარბეს, შეგნებასა თუ მოწყალებაზეა დამოკიდებული მწერლის მატერიალური კეთილდღეობა?

ადამიანთა ურთიერთობის გეომეტრიაში საპატიო ადგილი უკავია სამკუთხედს, ანუ ურთიერთობის ფორმას, რომლის შედეგი და ხანგრძლივობა სამი სუბიექტის ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ყველაზე ცნობილი ”სასიყვარულო სამკუთხედია”, რომლის ყველაზე გავრცელებულ ფორმაში ერთი ”კუთხე” ზედმეტია, თუმცა პოლიამორის სახით გვხვდება შემთხვევა, როცა სამკუთხედის ”კუთხეები” ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ერთი ასეთი სამკუთხედია: ავტორი, გამომცემელი, მკითხველი!

მწერალი წერს, გამომცემელი ხარჯავს ფულს და დაწერილ ტექსტს აქცევს წიგნად, წიგნს ყიდულობს მკითხველი, რომლის გადახდილი ფულით გამომცემელმა უნდა დაფაროს გაწეული ხარჯი, ნაშთი კი, კონტრაქტის პირობების შესაბამისად, გაიყოს წიგნის ავტორთან. თუ წიგნი სათანადო რაოდენობით არ გაიყიდა, არაფერი გამოვა! შესაბამისად, ქართველი მწერლების მთავარი პრობლემა მკითხველთა რაოდენობის სიმცირეა! ასე იყო ყოეველთვის, მათ შორის საბჭოთა საქართველოშიც, როცა სახელმწიფოს ძალისხმევით წიგნები კაპიკები ღირდა და ტირაჟები კი ათობით და ხშირ შემთხვევაში ასობით ათასი იყო.

მკითველი ჭირდა უფრო ადრეც, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცადინეობით წიგნს საზოგადოების ყველა ფენაში უნდა შეეღწია. როგორც ჩანს, მაშინაც ბევრი ფიქრობდა, რომ გამომცემლები მწერლებისა და მკითხველის ხარჯზე უსინდისოდ მდიდრდებოდნენ.

1869 წელს მ. ბეთანიშვილის მიერ წიგნად გამოცემულ ილია ჭავჭავაძის მოთხრობას (”კაცია-ადამიანი?!”) თან ახლავს ანგარიშის ფურცელი, რომლის პირველი აბზაცი ასე იწყება:

”ნუ იფიქრებ, მკითხველო, ვითომც ჩვენ ამ ანგარიშის გამოცხადებით რამე ახალი ან გაუგონარი ჩვეულების შემოტანა გვინდოდეს. მრეწველობისა და აღებ-მიცემობის წრეში, როგორც იცი, ძლიერ გახშირებულია ის ჩვეულება, რომ არათუ შემკრებელობითი პირი, კერძოობითი პირიც კი აცხადებს სახალხოდ საკუთარი საქმის ანგარიშსა. ურიგო არ იქნება, ჩვენც გამოვაცხადოთ ამ წიგნის გამოცემის ანგარიში... ანგარიშის გამოუცხადებლობის გამო, ზოგი უსამართლოდ უსვინდისო კაცად ირაცხება და ზოგი კი ფარულად საზოგადოებას ჰყვლეფს.”

შემდეგ ჩამოთვლილია, რა გადაუხადეს ”ქაღალდის მაგაზინს”, რა დაჯდა ”11 დასტა ფერადი სახვევი ქაღალდი”, მომჭრელის ხელობა (სათაურის ასოების ხეზედ მოჭრა), სტამბა, მეყდე, ფოჩტამტი... და ბოლოს ისევ ტექსტი: ”ეს მოთხრობა იყიდება 10 შაურად. ვგონებთ ძვირი არ იყოს. უსაფუძვლოდ არ დაგვინიშნავს ამ წიგნის სავაჭრო ფასი, ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რამდენს ხანს გაიყიდება ეს მოთხრობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თუ ორ წელიწადს არ გაიყიდა, სამს მაინც არ გადასცილდება. ამ შემთხვევაში ჩვენი სარგებელი იქნება სავაჭრო სარგებელზედ ნაკლები. და თუ, ვინიცობაა, ჩვენი იმედი ასრულდა და ქართველმა მკითხველთ-საზოგადოებამ ამდენი კითხვის სურვილი და გონების გამჭვრეტელობა გამოიჩინა, რომ ეს მოთხრობა ერთ წელიწადს ან წელიწადნახევარს გაიყიდა, ჩვენგან აღებული სარგებელი მაშინაც არ იქნება სავაჭრო სარგებელზედ ნამეტანი.”

ილია ჭავჭავაძე ის კაცი არ იყო, ვისაც იოლად გააცურებდნენ ან ვის ხარჯზეც მავანი გამომცემელი მარტივად იხეირებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, თავადმა ჭავჭავაძემ ლიტერატურული საქმიანობით თავის რჩენა მაინც ვერ შეძლო. აკი ერთხელ შესჩივლა კიდეც პეტრე უმიკაშვილს:

”დიდი მოსვენება და შეღავათი მინდა, რომ დავსწერო რამე და მინამ მე ჩინოვნიკობას თავს არ დავანებებ, ეგ მოსვენება და შეღავათი ჩემთვის სიზმარია... ეხლანდელი ჩემი წყეული მდგომარეობა ასეთია, რომ წერისათვის ხანგრძლივი მოსვენება არ მაქვს და, ამის გამო ასე უხეიროდ და უნაყოფოდ მიდის ჩემი ორიოდე დღის ცხოვრება. ვფიქრობ, თავი დავანებო სამსახურს, მაგრამ რითი ვიცხოვრო? ვაი თუ უფრო მოცალეობა მომაკლდეს ლუკმა-პურის დევნაში, სამსახურს რომ თავი დავანებო”.

ლიტერატურული საქმიანობით თავი ვერც შექსპირის გადმომქართულებელმა ივანე მაჩაბელმა შეძლო. თუ იაკობ მანსვეტაშვილს ვერწმუნებით (”მოგონებანი”), მსგავს მდგომარეობაში იყვნენ სხვა ლიტერატორებიც:

”იმ დროს ქართულ მწერლობაში მუშაობა თითქოს უსასყიდლო იყო. დღიური ლუკმა-პური სხვა გზით უნდა ეშოვა ამგვარ მუშაკს. ამიტომ ივანე მაჩაბელიც იძულებული გახდა სამსახური მოეძებნა და ბანკში იკისრა მოლარის თანამდებობა”.

უკეთესად ჰქონდათ საქმე იმ ავტორებს, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებს წერდნენ. რა გასაკვირია და მათ შორის ყველაზე წარმატებული იაკობ გოგებაშვილი იყო. ცნობილია, რომ წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზია 1880-1890 წლებში ყოველ წელს ჰყიდდა 20-25 ათას ცალს ”დედა-ენასა” და 5-6 ათასს ცალს ”ბუნების კარს”. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, როცა სიკვდილის ჟამს ”დედა-ენის” ავტორს კარგა მოზრდილი თანხა (10 ათასი მანეთი) აღმოაჩნდა გადანახული.

ანუ რა გამოდის? ვისი წიგნებიც კარგად იყიდებოდა, მისი შემოსავალიც ადეკვატურად მაღალი იყო! და განა ახლაც ასე არ არის? ყველაზე წარმატებულ ქართველ მწერალსაც კი სასკოლო სახელმძღვანელოების ნებისმიერ ავტორზე ნაკლები შემოსავალი აქვს! ყველაფერი რომ გამომცემელზე იყოს დამოკიდებული, უთუოდ გამოჩნდებოდა ერთი მაინც ღვთისნიერი (სხვა პარაზიტ გამომცემლებს შორის), რომელიც თანამედროვე ილია ჭავჭავაძესა და ვანო მაჩაბელს ლიტერატურული შრომით გაატანინებდა თავს. არაფერია ამ სამყაროში იდეალურად იდენტური (ყველა გველი არ არის ერთნაირად შხამიანი) და ეს გამომცემლები როგორ გამოირჩნენ ასე? იქნებ, სამკუთხედის (მწერალი-გამომცემელი-მკითხველი) ყველაზე სუსტი ”კუთხე” მკითხველია? აკი ლაშა ბუღაძეც შენიშნავს ”ლიტერატურულ ექსპრესში” მკითხელთა რაოდენობის კატასტროფულ შემცირებას:

”არალიტერატურულ სივრცეში ისინი ფაქტობრივად აღარ არსებობენ. მკითხველები გადაშენდნენ, არ იცით? მაქსიმუმი, რაც მწერალს საქართველოში შეუძლია, სხვა კოლეგა-მწერლის გამკითხველებაა!“

ალბათ, ასეც არის. ქართველი მწერლის უმთავრესი პრობლემა მკითხველია, უფრო ზუსტად, მკითხველის სიმცირე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქართველი გამომცემელი თვისებრივად უარესია ფრანგ, ამერიკელ ან ავსტრალიელ გამომცემელზე. ცხადია, იმისათვის, რომ სასიყვარულო სამკუთხედის (მწერალი, გამომცემელი, მკითხველი) ყველა სუბიექტმა თავი ბედნიერად იგრძნოს, ფორმაში ყოფნა, მართებს მწერალსაც, გამომცემელსაც და მკითხველსაც. თუ ერთმა მაინც ვერ ივარგა ან განზე გაიწია, ყველაფერი ცუდად დამთავრდება - სამკუთხედი ხომ ქაღალდისაა!
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG