Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი, ჰიტლერი და ვარშავის 1944 წლის აჯანყება


1944 წლის 1 აგვისტოს, ლონდონში გახიზნული პოლონეთის ლეგიტიმური მთავრობა და არმია კრაიოვა, პოლონეთის შეიარაღებული ძალები, იწყებენ ვარშავაში გერმანული ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ აჯანყებას. აჯანყება მთავრდება 2 ოქტომბერს პოლონელების სრული მარცხით და უმძიმესი შედეგით: აჯანყებას შეეწირება 200 000 პოლონელი (მათ შორის 15 000 არმია კრაიოვას მეომარი), ხოლო ვარშავა, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, მიწასთან იქნება გასწორებული. წითელი არმია, რომელიც ამ დროს ვარშავის კართან იდგა, არაფერს გააკეთებს პოლონელების დასახმარებლად.

(საინტერესოა, ვარშავის აჯანყების ორი თვის განმავლობაში ან სტალინს, ან ჰიტლერს თუ გაახსენდა კატინის ან ტანენბერგის ოპერაცია, ანუ თანამშრომლობის ის „ოქროს ხანა“, როცა ისინი მხარდამხარ ანადგურებდნენ პოლონურ ელიტას?!).

გაცხარებული დავა ისტორიკოსებს შორის - შეეძლო თუ არა წითელ არმიას პოლონელებს დახმარებოდა - მიმდინარეობს ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული და, აქედან გამომდინარე, მას იდეოლოგიური დაღი ასვია. პოლონელი და დასავლელი ისტორიკოსების უდიდესი ნაწილი ამტკიცებს, რომ სტალინს არასდროს ჰქონია განზრახვა, პოლონელებს დახმარებოდა და რომ საბჭოთა დიქტატორმა ნაცისტების ხელით მოსკოვის დასავლეთით ექსპანსიონისტური პოლიტიკის მტრები მოიშორა. მხოლოდ ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი დევიდ გლენცი (გერმანია-საბჭოთა კავშირის კონფლიქტის ყველაზე დიდი სპეციალისტი აშშ-ის არმიაში) და პოლონელი ტადეუშ სავიცკი არ იზიარებენ ამ აზრს. ეს ორი ისტორიკოსი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ვინაიდან აგვისტოს დასაწყისში ვალტერ მოდელი, ჰიტლერის საუკეთესო გენერალი, „კისერს მოსტეხს“ სტალინის მეორე სატანკო არმიას, ბელორუსიის პირველ ფრონტს არც აგვისტოში და არც სექტემბერში აღარ შესწევდა ძალა, აეღო ვარშავა. (იმავეს იმეორებს თავის მოგონებებში ჰაინც გუდერიანი, რომელიც ამ პერიოდში სახმელეთო ჯარების (OKH) გენშტაბს ხელმძღვანელობდა).

ფრანგი სამხედრო ისტორიკოსი ჟან ლოპეზი მესამე და სავარაუდოდ ყველაზე სწორ ვერსიას გვთავაზობს: თავის წიგნში ლოპეზი აჩვენებს, რომ 1944 წლის აგვისტოს დასასრულს, პოლონეთს გააჩნდა შანსი, რომ ეს უდიდესი ტრაგედია ნაწილობრივ მაინც აეცილებინა თავიდან.

ვარშავის აჯანყების მონაწილეები
ვარშავის აჯანყების მონაწილეები

ამისთვის შევეცადოთ მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა აღვადგინოთ: 1944 წლის 27 ივლისს, სტანისლავ მიკოლაიჩიკი, ლონდონში გახიზნული პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ჩადის მოსკოვში სტალინთან მოსალაპარაკებლად. 3 აგვისტოს, ანუ ვარშავის აჯანყების დაწყების მეორე დღეს, ჯუღაშვილი პირველად მიიღებს მიკოლაიჩიკს. საბჭოთა დიქტატორი პოლონელ პრემიერ-მინისტრს მოსთხოვს, აღიაროს სტალინის მიერ შექმნილი კომუნისტური მარიონეტული მთავრობა, ე.წ. „ლუბლინის კომიტეტი“. ჯუღაშვილი ასევე დაამატებს, რომ მიკოლაიჩიკს ზოგადად არა მასთან, არამედ ლუბლინის კომიტეტის ხელმძღვანელ ბოლესლავ ბერუტთან აქვს მოსალაპარაკებელი. ეს სიტუაცია მიკოლაიჩიკს უდიდესი დილემის წინაშე დააყენებს: „ლუბლინის კომიტეტის“ აღიარება მიკოლაიჩიკისთვის ნიშნავდა პოლიტიკურ კაპიტულაციას ბრძოლაში, რომელსაც პოლონეთის მთავრობა საკუთარ ერთან ერთად ეწეოდა 1939 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან ერთად პოლონეთის მთავრობა ლონდონში არნახულ ზეწოლას განიცდიდა ჩერჩილისგან, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ლონდონელ პოლონელებს, რომ „ლუბლინის კომიტეტთან“ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბრიტანეთი თვითონ აღიარებდა „ლუბლინის კომიტეტს“, როგორც პოლონეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას.

6 და 7 აგვისტოს მიკოლაიჩიკი შეხვდება მოსკოვში სტალინის მარიონეტ ბერუტს. ბერუტი ურცხვად „შესთავაზებს“ პოლონეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს სამ პორტფელს 18-ადგილიან მომავალ კომუნისტურ მთავრობაში. 9 აგვისტოს მიკოლაიჩიკი კიდევ ერთხელ შეხვდება სტალინს და აუწყებს მას, რომ აპირებს აჯანყებულ ვარშავაში გამგზავრებას, რათა ადგილზე დააარსოს ეროვნული თანხმობის მთავრობა, სადაც კომუნისტებსაც ექნებოდათ ადგილი. სტალინისათვის მიკოლაიჩიკის ეს პასუხი, რა თქმა უნდა, “თანამშრომლობის“ მოსკოვურ ვარიანტზე უარის ტოლფასი იყო. ლოპეზის აზრით, მიკოლაიჩიკის ეს პასუხი გადაწყვეტს ვარშავის და 200 000 პოლონელის ბედს: სტალინი ჩერჩილისადმი 16 აგვისტოს მიწერილ წერილში შეატყობინებს ბრიტანელ პრემიერ-მინისტრს, რომ ხელს იბანს და ემიჯნება მიკოლაიჩიკის „ავანტიურისტულ პოლიტიკას“.

დანგრეული ვარშავა
დანგრეული ვარშავა

არც სტალინი იქნებოდა სტალინი, კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მტრები ნაცისტების ხელით რომ არ გაეწყვიტა და არც ჰიტლერი იქნებოდა ჰიტლერი, რომ პოლონეთის დედაქალაქის მიწასთან გასწორება და პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტა არ ებრძანა. საკითხავი რჩება, რა მოხდებოდა, მიკოლაიჩიკი, რომელსაც არანაირი ილუზიები არ გააჩნდა არც სტალინზე და არც ჰიტლერზე, რომ ყოფილიყო პოლონელი ედვარდ ბენეში? ანუ პრაგმატული versus მორალური დილემისას არჩევანი პირველის სასარგებლოდ გაეკეთებინა და მოსკოვში სტალინის შეთავაზებულ სამ სამინისტროს დასჯერებოდა, რასაც მოგვიანებით მიკოლაიჩიკი ისედაც იზამს. წინააღმდეგ, ანუ მორალური არჩევნის შემთხვევაში კი, არ მოეწყო თავიდანვე მარცხზე განწირული აჯანყება: შეგახსენებთ, რომ 1944 წლის 1 აგვისტომდე არმია კრაიოვას ყველა მცდელობა პოლონური ქალაქების - ვილნოს (ვილნიუსი), ლუბლინის და ლვივის (ლვოვი) - განთავისუფლებისა მარცხით დამთავრდება.

მიკოლაიჩიკი რომ „პოლონელი ედვარდ ბენეში“ ყოფილიყო, (ვინაიდან 1944 წლის ზაფხულში სტალინს ამერიკელები სჭირდებოდა და არ უღირდა რუზველტთან ურთიერთობის გაფუჭება), სავარაუდოდ, ვარშავაშიც „ვილნოს ან ლუბლინის სცენარი“ გათამაშდებოდა: ანუ წითელი არმიის საშუალებით გერმანელები განდევნილ იქნებოდნენ ვარშავიდან. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს 8 აგვისტოს, ბელადის ბრძანების შედეგად, ჟუკოვის და როკოსოვსკის მიერ შემუშავებული და კრემლში გაგზავნილი „ოპერაცია ვარშავის“ გეგმა, რომლის მიხედვითაც, 25 აგვისტოს, როკოსოვსკის მიერ პირველ ბელორუსიის ფრონტზე საკმარისი ძალების კონცენტრაციის შემდეგ (რაც იწვევდა წითელი არმიის სტრატეგიული მიზნების კარდინალურ ცვლილებას), პოლონეთის დედაქალაქში გერმანელების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყება შეიძლებოდა (სტალინის პასუხი ჟუკოვ-როკოსოვსკის გეგმაზე გასაიდუმლებული რჩება რუსულ არქივებში, რაც, რა თქმა უნდა, ჯუღაშვილის უარზე მიგვანიშნებს).

1944 წლის 6-7 აგვისტოს ბერუტსა და მიკოლაიჩიკს შორის შეთანხმების შემთხვევაში პოლონეთის ლეგიტიმური მთავრობის სამიოდე წევრი ახალ „ეროვნული თანხმობის“ მთავრობაში შევიდოდა. ბრიტანელ-ამერიკელი მოკავშირეებისათვის კრემლში დადგმული ეს სპექტაკლი გაგრძელდებოდა დაახლოებით ორიოდ წელიწადს. შემდეგ მიკოლაიჩიკი და სხვა „პოლონელი ლონდონელები“ ჯუღაშვილის მიერ ხმაურის გარეშე ლიკვიდირებული ან პოლიტიკურად ნეიტრალიზებული იქნებოდნენ. ყველაფერი „სტალინისტური სოვიეტიზაციის ლოგიკურ რიგს“ დაუბრუნდებოდა... გარდა ერთისა: ვარშავა დანგრევას და 200 000 პოლონელი მსხვერპლის უდიდესი ნაწილი სიკვდილს გადარჩებოდა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG