Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუხიშვილები და ტრადიციების რეინტერპრეტაცია ტრადიციების გადასარჩენად


ქართული ეროვნული ბალეტის („სუხიშვილების“) ანსამბლმა 13 იანვარს კლუბ „რესპუბლიკაში“ შეასრულა ცეკვა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ ცეკვაში ქართული ფოლკლორული ცეკვის ელემენტები შერწყმულია იმ მოძრაობებთან, რომლებსაც, როგორც წესი, ელექტრონულ მუსიკაზე მოცეკვავეები ასრულებენ ხოლმე. „სუხიშვილები“, ისევე, როგორც პოპულარული ტრადიციული ცეკვების ანსამბი „ერისიონი“ დროდადრო ქართული ფოლკლორული ცეკვების სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ ხოლმე (გაიხსენეთ „ერისიონის“ ცნობილი ვიდეოკლიპი „შატილის ასულო“ და „სუხიშვილების“ „ასა ფართი“). იმის მიუხედავად, რომ მათი მაყურებელი და გულშემატკივარი თითქოს უკვე მიჩვეულია იმას, რომ ისინი ქართული ფოლკლორული ცეკვების მუდმივ რეინტერპრეტაციას ეწევიან, ელექტრონული მუსიკის ელემენტებთან ქართული ფოლკლორის შერწყმამ ზოგიერთ მათგანში მაინც მწვავედ უარყოფითი რეაქცია გამოიქვია. ქვემოთ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რატომ არის საჭირო ტრადიციული კულტურის რეინტერპრეტაცია თანამედროვე დროში და რატომ არის ეს ერთადერთი გზა ამ კულტურის შემოსანახად.

პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ ამ სტატიაში არ ვეხები იმას, თუ რამდენად კარგი ან ცუდი იყო, ესთეტიკური თვალსაზრისით, „სუხიშვილების“ მიერ შესრულებული ცეკვა. მე პირადად მომეწონა და საინტერესოდ მეჩვენა, მაგრამ რომც არ მომწონებოდა, არ ვფიქრობ, რომ ეს ტრადიციებზე შეტევად უნდა აღმექვა. სანამ ჩემს მთავარ არგუმენტამდე მივალ, იმას განვიხილავ, თუ ზოგადად, რას ვგულისხმობ „ტრადიციებში“. როგორც წესი, როდესაც „ტრადიციებზე“ საუბრობენ ხოლმე, გულისხმობენ ისტორიულ წარსულში არსებულ გარკვეულ წესებსა და რიტუალებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მისდევდნენ. ამ აზრით თუ გავიგებთ ტრადიციებს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წმინდა სახით ტრადიციები არ არსებობს. პირველ რიგში, ეს ასეა იმიტომ, რომ სოციალური ფორმაციები იცვლება, რასაც ტრადიციების ცვლილებაც მოსდევს თან. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო 1000 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიაში ოთხი სხვადასხვა სოციალური ფორმაცია შეგვიძლია გამოვყოთ: პირველი - ფეოდალური საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმებამდე არსებობდა; მეორე - პერიოდი ბატონყმობის გაუქმებიდან საბჭოთა ანექსიამდე (ცხადია, აქ ცალკე გამოსაყოფია 1918-1921 წლების სოციალ-დემოკრატიული ექსპერიმენტიც); მესამე - საბჭოთა მმართველობა; და მეოთხე - კაპიტალისტური დემოკრატიული (ან უფრო სწორად, დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე) საქართველო. ეს ოთხი ფორმაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. შეუძლებელია, რომ რაღაც ტრადიცია, რომელიც, მაგალითად, ფეოდალურ საქართველოში არსებობდა, წმინდა სახით გადასულიყო მომდევნო ფორმაციაში. ამ აზრით, ტრადიციები მუდმივად იცვლება და სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს.

როგორც ზემოთ ხედავთ, აქ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ტრადიციები არ არსებობს (ეს მეორე უკიდურესობა იქნებოდა და სისულელეც) არამედ იმას, რომ ეს ტრადიციები მუდმივად იცვლება და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეროვნული კულტურა სწორედ ასეთი ცვლილებით ინახავს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ ცვლილებების შედეგად ხდება ტრადიციების შენარჩუნება. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია ავიღოთ ქართული სუფრის მაგალითი. შუა საუკუნეების არც ერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება ის მიმდევრობა და ფორმა სადღეგრძელოებისა, რომელიც დღეს ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა (დედმამიშვილების, მშობლების, წასულების და ა.შ. სადღეგრძელოები). სავარაუდოდ, ამ ფორმით ეს სადღეგრძელოები საბჭოთა დროს გაჩნდა და ეროვნულმა კულტურამ სწორედ ასეთი ტრანსფორმაციით შეძლო თავის გადარჩენა.

თანამედროვე დროში, როდესაც კულტურული და ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად ერთგვარი მსოფლიო მასკულტურა ყალიბდება, ქართული ეროვნული ცეკვებისთვის თავის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა სწორედ თანამედროვე მუსიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებთან ფოლკლორის შეხამებაა. კლუბური მუსიკა და ცხოვრების სტილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის კლუბებმა, განსაკუთრებით, „ბასიანმა“, „მტკვარზემ“ და „კაფე-გალერეამ“ მსოფლიოში გაითქვეს სახელები.

თანამედროვე ცეკვები პოპულარულია ქართულ ტელეშოუებში, სადაც დამწყებ და პროფესიონალ მოცეკვავეებს უამრავი მაყურებელი გულშემატკივრობს. ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქართული ფოლკლორული ხელოვნება დომინანტურია, თავის მოტყუება იქნება. ამ თავის მოტყუებით საბოლოოდ ისევ ეროვნული კულტურა და ხელოვნება ზარალდება. სუხიშვილები ამ თამამი ექსპერიმენტებით სწორედ თანამედროვე დროში ქართული ფოლკლორის აქტუალობას უსვამენ ხაზს და არც ერთ შემთხვევაში სასაცილოდ არ იგდებენ ან შეურაცხყოფას არ აყენებენ მას.

ის შიში, რომ ჩვენ კულტურას და თვითმყოფადობას დავკარგავთ, რეალობად იქცევა, თუკი უარს ვიტყვით ტრადიციების რეინტერპრეტაციაზე. ამით ჩვენი მდიდარი კულტურიდან ხელოვნურად მოვახდენთ ადამიანების განცალკევებას - იმ ადამიანებისა, ვინც წესით სწორედ ამ კულტურის განვითარებას უნდა მოახმაროს თავისი ნიჭი და ენერგია. თავის დროზე როკმუსიკაზე რომ უარი გვეთქვა, ქართული როკი ვერ განვითარდებოდა, აღარაფერს ვამბობ რუსულ რომანსზე, ოპერაზე, ბალეტზე და ა.შ. ყველაზე საინტერესო და მდიდარი კულტურა არის ის, რომელსაც სიახლეების არ ეშინია. ჩვენს კულტურას აქვს პოტენციალი, რომ მუდმივად ასეთი იყოს და კიდევ ბევრჯერ გააოცოს სამყარო თავისი განსაკუთრებულობით.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG