Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ მომკვდარა..."


ვინ არ გაწამებულა მოწაფეობისას უკიდეგანო საზეპიროებით შუშანიკიდან, ხანძთელიდან თუ აბოს წამებიდან?! შოთასაც გვარიანად დავუტანჯივართ და - „კურკა“-გენერალსაც თავისი უსასრულო „სადღეგრძელოთი“. იშვიათი გამონაკლისია აკაკი, რომლის საზეპიროების დაზუთხვა სულაც არ იყო რთული საქმე: არქაიზმებისაგან დაცლილი ლექსიკა, ცხადი შინაარსი და ისე მარჯვედ შერჩეული რიტმი და რითმები, რომ ყველა წინა სტრიქონი თავად იყო ჩუმი და მგრძნობიარე სუფლიორი, რომელიც ხან ალღოსა და ხანაც ლოგიკის წყალობით იოლად გვამახსოვრებდა თუ გვიკარნახებდა მომდევნო სტრიქონებს.

მახსოვს, ერთმა ჩემმა კლასელმა, მასწავლებლის ჯიბრზე, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე (ოთხშაბათიდან პარასკევამდე) ზეპირად ისწავლა აკაკის „გამზრდელი“, მთელი პოემა!..

რას მოვაყოლე ეს ყველაფერი?

ზუსტად 100 წლის წინ, 1915 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა აკაკი!..

21 დეკემბერს ავადმყოფობისგან დასუსტებული დიდი პოეტი თავისმა მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა ჩაიყვანა ქუთაისიდან სხვიტორში, სადაც გარდაიცვალა კიდეც და საიდანაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს, „დიდი ამბით ჩამოასვენეს თბილისში“.

მგოსნის ცხედრის წამოსასვენებლად სპეციალური დელეგაცია ჩავიდა სოფელ სხვიტორში. როდესაც აკაკი ეზოში დაასვენეს, მთელი ხალხი პირქვე დაემხო და აქვითინდა. სახლიდან სადგურამდე ცხედრის წინ პატარა გოგონები იებს აფენდნენ აკაკის უკანასკნელად გასავლელ გზაზე. მთელი საქართველო მუხლმოდრეკილი და ცრემლმორეული მიაცილებდა სამგლოვიარო მატარებელს, რომელსაც თითქმის ყველა სადგურზე აჩერებდნენ.

„ჩვენო ჭირის მოსამძივრევ, ჩვენი ლხენის მომღერალო, ჩვენო დიდო მგოსანო და მამავ! აქ შემოკრებილი შენი შვილები მოწიწებით ვიდრეკთ მუხლს შენი წმინდა ნეშტის წინაშე და მდაბლად თავს ვხრით...“ - ასე მიმართა გომის სადგურზე შეკრებილი ხალხის სახელით მღვდელმა ილარიონ ხახუტაშვილმა უკანასკნელ გზაზე მიმავალ პოეტს. – „გვაპატიე, რომ დროთა უქონლობისა გამო, ესრედ მცირეთ გეგებებით. ესრედ იმიტომ ვიქცევით, რომ შენ ისწრაფვი ჩვენ დედაქალაქ ტფილისისაკენ, სადაც სულით და გულით მოგელიან მრავალი შენი შვილები და პატივისმცემელნი განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნეობისა, წოდებისა და მიმართულებისა...“

აკაკის გარდაცვალებას იტყობინებოდა თითქმის ყველა გამოცემა. 2 თებერვალს საქართველოს ქალაქებს და დაბა-სოფლებს მოეფინა გაზეთი „თემი“, რომლის პირველ გვერდზე დაბეჭდილი იყო მიმართვა:

„ქართველ ერს! 1915 წლის 26 იანვარს, ღამის პირველ საათზე, საქართველოს დიდება, ქართველი ხალხის ეროვნული გულთმისანი და მესაიდუმლე - აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. მისი მაღმერთებელი სამშობლო გლოვის ნისლმა დაჰბურა. დაობლებული ქვეყანა გულის სიღრმიდან ამოხეთქილი კვნესით ეხმაურება თავის წუხილის შეუდარებელი გამომსახველის სიკვდილს, ერის წმინდა ზრახვების გრძნეული მომღერლის დაკარგვას. მთელი ერი ერთი აზრით გამსჭვალული, ერთ გრძნობად გადაქცეული, თვალცრემლიანი და გულჩათხრობილი შემოკრბება აკაკის ძვირფასი ცხედრის თაყვანსაცემად. წმინდა ნეშტს ჩააბარებს ჩაფიქრებულ მთაწმინდის ისტორიულ აკლდამას, ხოლო უკვდავი სულის წინაშე საუკუნო ფიცს დადებს, რომ არ უღალატებს დიდებული მგოსნის ნაანდერძევ სიმართლის მსახურებას და ეროვნულ იდეალებს“.

აკაკის გარდაცვალების დღესვე გალაკტიონმა დაწერა და ჟურნალ „განთიადის“ მესამე ნომერში გამოაქვეყნა ვრცელი რეკვიემი - „აკაკის გარდაცვალების გამო“:

„... მზის სხივებით განათბობი, ვარდი როდი ჭკნება,
თუ თანდათან ახლოვდება გაზაფხულის გრძნება.
იადონი როცა ყვავილს ნანას ეუბნება,
როდი ახსოვს სიცოცხლისა და სიკვდილის მცნება!
ნეტავი მას, ვინაც იცის ქვეყნის ზნე და ფასი,
მწარედ აღარ ეჩვენება მას სიცოცხლის თასი.
და იგი კი, ვინც ყოფნისთვის შვების ცრემლი ღვარა,
უკვდავია... და აკაკიც არ მომკვდარა, არა!“

ეს „და აკაკიც არ მომკვდარა, არა!“ გალაკტიონს რვაჯერ აქვს გამეორებული.

„ნათელი მწუხარებით“ მიიღო მგოსნის მიცვალება გრიგოლ რობაქიძემ, რომელმაც გაზეთ „სახალხო ფურცლის“ 205-ე ნომერში აკაკის გარდაცვალების გამო დაწერა, „გაჰქრა აკაკი ვით სიზმარი შუაღამისა“.

აკაკის გარდაცვალების გამო დიდი ჯაფა დაადგა ფოჩტა-ტელეგრაფს. გაზეთები ვერ აუდიოდნენ სამძიმრის დეპეშების გამოქვეყნებას. „სახალხო ფურცლის“ რედაქციამ დეპეშები მიიღო ქუთაისის ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებიდან, ბაქოს ქართველი ნოქრებისგან, უსურიის ნიკოლსკიდან, ტფილისის ქართველ ებრაელთა სახელით რაბინ ნაითალოვისგან, კრასნოვოდსკის მაჰმადიანთა ჯგუფისგან, პეტროგრადის უნივერსიტეტში არსებული ქართველთა სამეცნიერო წრისაგან, ხარკოვიდან, ბათომის საბირჟო კომიტეტისგან, ბაქოს ტელეფონის მანტერებისგან, დონის-როსტოვის ქართველებისგან, ტფილისიდან სომეხთა გამომცემელ საზოგადოებისგან, ოზურგეთიდან, კავკავიდან, გაგრიდან, ფოთიდან, სოხუმიდან, ჭიათურიდან, ვიატკიდან, ცხინვალიდან, ონიდან (ონელი ქართველი ქალებისგან), ასხაბადიდან, დუშეთიდან, კრასნოვოდსკიდან პოდპოლკ. ფირალოვისგან და ასე შემდეგ დაუსრულებლად საქართველოდან, ამიერკავკასიიდან და რუსეთის იმპერიის იმ შორეული ქალაქებიდანაც კი, სადაც ქართველ კაცს ფეხი დაუდგამს. ერთი დეპეშა პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდანაც კი მოვიდა: ლიუბლინში, ბრძოლის ველზე მყოფ ქართველთა მინდობილობით საქართველოს მიუსამძიმრა ექიმმა გაბიჩვაძემ.

მაინც რამ განაპირობა აკაკი წერეთლის ასეთი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა?

გრიგოლ რობაქიძის თქმით, ღმერთებმა აკაკისთვის არაფერი დაიშურეს: დიდი ნიჭი, სწორუპოვარი სილამაზე, გვაროვნება, სიმდიდრე… ჭეშმარიტად იგიც იყო „საყვარელი ღმერთთა და ადამიანთა”-ო, და კიდევ:

„რუსთაველის შემდგომ ქართველთა სიტყვის პირველი ხელოვანი აკაკია; აკაკი, როგორც მგოსანი რუსთაველის მოციქულია. ეროვნული სულის ცოცხალი ენტელეხია, ანუ ფორმა – ძალა, რომელიც ქაოსისაგან კოსმოსსა ჰქმნის სიტყვა არის უთუოდ. და აკაკი, როგორც მქმნელი ქართული სიტყვისა, ქართველთა სულის ენტელეხიის სხეულებაა ნამდვილი. სარო ტანი, მოხდენილი ქედი, მრავალფეროვანი ფრთა, მსუბუქი ფრენა, – აი მოხაზულობა აკაკის სიტყვისა…“

ცხადია, გრიგოლ რობაქიძემ აკაკი წერეთლის პოეტურ ნიჭს ასე მაღალი შეფასება მხოლოდ იმის გამო არ მისცა, რომ ნეკროლოგის წერისას უერთგულა ლათინურ სენტენციას De mortuis aut bene, aut nihil (მიცვალებულებზე ან კარგი, ან არაფერი). მოგვიანებით ბევრმა მკვლევარმა, მათ შორის მაიმია ჩორგოლაშვილმაც შენიშნა, რომ „შთამბეჭდავია აკაკის პოეტური პალიტრის სიმდიდრე, ფერების მოუწყინარი მრავალფეროვნება, მუსიკალურობა. აკაკიმ შეძლო ეროვნული და სოციალური იდეების პოეტურად გამოხატვა ისე, რომ პოეტის პატრიოტული ლექსები ხალხურ სიმღერებად იქცნენ, რადგან ამ სიმღერებში მშობლიურმა ერმა თავისი წარსული, აწმყო და მომავალი შეიცნო“.

რად უყვარდა ხალხს ყველაზე მეტად აკაკი წერეთელი? - ეს კითხვა დაუსვა თავის თავს გერონტი ქიქოძემაც, რომელმაც უბის წიგნაკში თავადვე ჩაწერა პასუხი:

„როგორც ლირიკოსი, ის ვერ შეედრებოდა ბარათაშვილს. მისი მხატვრული პროზა დაბლა სდგას ყაზბეგის პროზაზე; ვაჟა-ფშაველას ერთი რომელიმე პოემა „ბახტრიონი“ ან „გოგოთურ და აფშინა“ იყიდის ყველა მის პოემას. მისი დრამატურგიაც სუსტია, მაგრამ აკაკი წერეთელი თვით იყო დამთავრებული მხატვრული ნაწარმოები, საუკეთესო ეგზემპლიარი იმ ცხოველთა კეთილშობილური ჯიშისა, რომელსაც Homo Sapiens ეწოდება. როგორც პიროვნება, ის მაღლა იდგა თავის ნაწერებზე“.

აკაკი, როგორც პიროვნება, მართლაც განუმეორებელი ხიბლისა ყოფილა. აკი ამბობდნენ კიდეც მისი თანამედროვენი, „ბედს ვერ შევჩივლებთ, ჩვენ ვნახეთ აკაკის ღიმილი, აკაკის სიარული, აკაკის ბავშვური სახე - ნათელი და გაშლილი, მისი ზეცისკენ აწეული თავი და დედამიწისკენ დაშვებული თვალები... ჩვენ გავიგონეთ აკაკის ხმა, ნელი და ტკბილი, როგორც გრძნეული ტყის შრიალი.“

სხვათა შორის, აკაკის საფირმო „ზეცისკენ აწეული თავი და დედამიწისკენ დაშვებული თვალები“, როგორც მამია ჩორგოლაშვილი შენიშნავს, შედეგი ყოფილა 1904 წელს გადატანილი ავადმყოფობისა, რომელიც, მართალია, მალე დაუძლევია პოეტს, მაგრამ თვალის ქუთუთოების დამბლა მაინც დარჩენია.

რა გასაკვირია და, აკაკის პირველი ნახვა სამუდამოდ დაამახსოვრდა გალაკტიონს, რომელიც სადგურ ხარაგაულის ბაქანზე იდგა, როცა ტფილისიდან ჩამომდგარი მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია და „კუპედან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...“

აკაკი წერეთლის შესახებ შთამბეჭდავი მოგონებები დატოვა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომლის გადმოცემითაც, აკაკის ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ უყვარდა და არც ქუთაისში და არც თბილისში ჰქონდა მუდმივი ბინა:

„ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან - მეორეში. სამსახური თავის დღეში არა ჰქონია, მაშასადამე მისთვის არც ჯამაგირი არსებობდა. ცოტა შემოსავალს იღებდა თავისი მამულიდან და ყოველთვის უფულოდ იყო. მაგრამ როგორც დამსახურებული და უებრო პოეტი ის ყველასათვის საყვარელი კაცი იყო და შეძლებისამებრ ყველა ეხმარებოდა. ხშირად მას სასტუმროს მეპატრონენი, ნამეტნავად იმერლები და გურულები, არც ბინაში, არც საჭმელ-სასმელში ფულს არა თხოვრდნენ, თვის ბოლოს მხოლოდ ანგარიშს წარუდგენდნენ თავიანთი ხელმოწერით, რომ ფული მიღებულიაო“.

ექვთიმე თაყაიშვილი იმასაც ამბობს, რომ საზოგადოდ აკაკი „სააპეკო“ კაცი იყო, ვინმე პატრონი უნდა ჰყოლოდაო. აკაკიმ არც ფულის ყადრი იცოდა:

„აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ უმეტეს შემთხვევაში ილია კარტში ფულს იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მის პარტნიორებს „ბურდუჩნი“ კლუბში დავა ჰქონდათ ერთმანეთში, აკაკის რომ დაინახავდნენ: დღეს მე ვეთამაშები, გეყო რაც წინად მოუგე, ახლა მოგება მე უნდა მხვდესო“.

ცალკე ამბავია აკაკის იუმორი, ხშირად მწარე და ხშირად შავი ელფერისაც. ცნობილია, რომ მაშინ, როცა მთელი ტფილისის მეთევზეები და მენავეები გაუჩინარებულ ვანო მაჩაბელს მტკვარში ეძებდნენ, აკაკიმ იხუმრა: მენავეები რა საჭიროა, თუ ვანო მართლა მტკვარშია გადავარდნილი, ჭავჭავაძე მოიწვიეთ და კუკიის ხიდზე დააყენეთ: სადაც უნდა იყოს ვანო, იმის დანახვაზე მაშინათვე წყლიდან ამოვარდებაო.

უამრავი პატრიოტული ლექსის ავტორს ასეთი სტრიქონების დაწერაც შეეძლო:

"როდესაც ჩემ წინ სუფრაზე ცხელი შიშხინა მწვადია,
მაშინ მე სამშობლოსათვის ყოველი კარგი მწადია"

არც სარეკლამო ტექსტის თხზვას თაკილობდა:

„სასმელების მეტოქე ვარ,
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა
ხილეულთა ესენცია –
მიტროფანე ლაღიძისა.
გემოცა მაქვს, ფერიცა მაქვს.
გთხოვთ, ორივე გამისინჯოთ,
თვარა ასე რათ მინდიხართ
მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ“.

აკაკი წერეთელმა - თერგდალელთა თაობის ელვარე წარმომადგენელმა, თანამედროვე სალიტერატურო ენის ერთ-ერთმა შემქმნელმა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიურმა წევრმა - ასევე საზოგადო საქმეზე იზრუნა სიკდილამდე რამდენიმე თვით ადრე და ნოტარიალური წესით დაამტკიცა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი მამული და ნაწარმოებები, გამოცემული თუ გამოუცემელი, დაუტოვა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებას. სხვათა შორის, მშობლის მსგავსად მოიქცა აკაკის ვაჟი ალექსიც - ოპერის ცნობილი ანტრეპრენიორი, რომელმაც დიდძალი (1,5 მილინი მანეთის) საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა უანდერძა (გარდაიცვალა 1942 წელს პარიზში) „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“. მართალია, ანდერძი არ შესრულდა, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

აკაკიმ 75 წელი იცოცხლა, თუმცა თავისი შემოქმედების, ავტობიოგრაფიული „ჩემი თავგადასავლის“, ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული დოკმენტური ფილმისა („აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“) და კონსტანტინე პიპინაშვილის „აკაკის აკვნის“ (1947 წ.) წყალობით, სიკვდილის საუფლო მნიშვნელოვნად შეავიწროვა: დრომ ვერაფერი დააკლო მწერლის ენას, რომელიც დღესაც თანამედროვედ ჟღერს, ხოლო უკვდავების ილუზიას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ შემონახულია მგოსნის ფოტოები ლამის დაბადებიდან ბოლო ამოსუნთქვამდე, ეროვნულ არქივში კი დაცულია აკაკის როგორც ხმის ჩანაწერი, ასევე მოძრავი გამოსახულება ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმის სახით.

მთაწმინდის პანთეონზე დაწერილ წიგნში მამია ჩორგოლაშვილი შენიშნავს, რომ თავდაპირველად ვარაუდობდნენ აკაკის ნეშტის ილიას სამარის გვერდით დაკრძალვას, მაგრამ კლდის გამო საფლავის გათხრა გაძნელდაო, მწერლის ცნობილი ანდერძი (ლექსად თქმული დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების გამო), აღსრულდა 1915 წლის 8 თებერვალს:

„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ,
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!“

დაკრძალვის შემდეგ აკაკის საფლავზე დარჩა ერთადერთი გვირგვინი წარწერით: „აკაკის. საქართველო“, მოგვიანებით კი აღიმართა სიმბოლური ძეგლი (ავტ. დავით კაკაბაძე): ლაბრადორის ოთხი მასიური ქვა სამ რიგადაა განლაგებული. ზედა ქვაზე მიმაგრებულია ასიმეტრიული ჩანგი: ოთხი ხაზი და წრე - პოეზიისა და მუსიკის კავშირი. ქვედა ქვაზე ამოკვეთიალია ერთადერთი სიტყვა: აკაკი, რომელიც დღესაც ისეთივე დაფასებული და საყვარელია, როგორც ასი წლის წინ, როცა გალაკტიონმა თქვა:

„საქართველოს ჰყავდა და ჰყავს საამაყო შვილი,
დათრგუნა და შეაჩვენა თვით საფლავის ჩრდილი,
და უცვლელი უკვდავება ირგვლივ დაამყარა...
საქართველოვ! მაშ, აკაკი არ მომკვდარა, არა!“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG