Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა


„არასოდეს მაინტერესებდა, ვყოფილიყავი ბედნიერი...“ - ამბობს ფამუქის „თოვლში“ რომანის მთავარი გმირი, პოეტი კა. ეს სიტყვები კაცს ეკუთვნის, ყარსში დაბრუნებულ ინტელექტუალს, რომელიც ფრანკფურტიდან სამშობლოში იმისათვის ჩადის, რომ ქალების თვითმკვლელობების გახშირებული შემთხვევები გამოიკვლიოს.

რას ნიშნავს კაცისთვის ბედნიერად, ან არაბედნიერად ყოფნა? კაცის მიერ მოწყობილ სამყაროში კაცს ისიც შეუძლია, ბედნიერად ყოფნა „არ უნდოდეს“, რადგან მისთვის ბედნიერება ნებადართულია. ამ სამყაროში ლეგიტიმურია კაცის სწრაფვა კარგად ყოფნისკენ, რადგან მას ქალთან შედარებით ნაკლები აკრძალვა აქვს, უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება, თუ, რა თქმა უნდა, ფეხს უწყობს პატრიარქატის კანონებს და საყოველთაო ნორმებს არ უპირისპირდება.

ქალისათვის ბედნიერება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. თუ კაცისათვის ბედნიერება არჩევანია და თუ მას ეგრეთ წოდებულ „არაბედნიერად ყოფნაში“ მაინც შეუძლია, თავი კომფორტულად იგრძნოს (ბოჰემა, არამყარი ურთიერთობები, მარტოობა, შემოქმედებითი წიაღსვლები...), ქალს სწორედაც რომ უნდა და ნატრობს, იყოს ბედნიერი. რა არის ქალისათვის ეს ბედნიერება? ხშირ შემთხვევაში ისევ მამაკაცი, რომელიც მისი მეორე ნახევარი გახდება და მას გააბედნიერებს, დაიცავს გარესამყაროსგან, აუმაღლებს თვითშეფასებას, რომელსაც ქალს, ასევე ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ართმევს.

თუ კაცისათვის ბედნიერება არჩევანია, ქალს სწორედაც რომ უნდა და ნატრობს, იყოს ბედნიერი.

ქალების უმეტესობა მუდმივ სტრესს განიცდის საკუთარი გარეგნობის გამო, იმის გამო, რომ საზოგადოება მათგან გარეგნულ სილამაზეს მოითხოვს და მოელის. გოგონები ბავშვობიდანვე ხვდებიან, რომ სილამაზე მათ ცხოვრებას გაუიოლებს: სხვები მათ მიმართ დადებითად განეწყობიან, არ დასცინიან, უფრო მეტადაც უყვართ, ქალებსაც და კაცებსაც, ასევე მასწავლებლებს, მეზობლებს, მეგობრებს... უყვარდებათ ბიჭებს, შეუძლიათ გათხოვდნენ, იყვნენ ბედნიერები. ამიტომაც ვერ აძლევს ქალი თავს უფლებას, საზოგადოების წინაშე ულამაზო გამოჩნდეს. ამავდროულად ქალის ქცევა მისი გარეგნობის შესაფერისიც უნდა იყოს. თუ ქალს პრინციპული ხასიათი აქვს და აზრს თავისუფლად გამოხატავს, თუ მისი ქცევა და შეხედულებები მის „ქალურ“ გარეგნობასთან დისონანსში მოდის, ესეც დიდი სტრესის მომტანი შეიძლება გახდეს. ამიტომ ქალს მუდმივად უხდება ლავირება, როლების ცვლა, საკუთარი თავის სხვადასხვა სიტუაციებზე მორგება.

...ერთხელ ერთ ჩემს მეგობარ გოგოსთან ვიყავი სტუმრად. 19 ან 20 წლის ვიქნებოდი. მეგობრის მამამ ძალიან კარგად მიმიღო, კომპლიმენტები არ დაიშურა, მაგრამ, როცა სუფრაზე რაღაც საკითხის შესახებ აზრი გამოვთქვი (ისეთი, რაც, მისი აზრით, ქალს არ შეეფერებოდა, ან ქალს არ უნდა სცოდნოდა), ჩემს გასაგონად გამოაცხადა, რომ ზოგი ქალი (ჩემი თამადობით) გარეგნობას აფუჭებს და ჯობია, ხმა საერთოდ არ ამოიღოს.

დღეს ვისურვებდი, რომ დედაჩემს ცოტა სხვანაირად გავეზარდე, თუნდაც იმისთვის, რომ შემძლებოდა ასეთ შემთხვევებში, უბრალოდ, ავმდგარიყავი და წავსულიყავი, ან ხმა ამომეღო, რაღაც მეთქვა, მეპასუხა... მაგრამ მაშინ ხმის ამოღება ვერ შევძელი.

ქართულ კულტურაში მრავლად არიან პერსონაჟი ქალები, რომლებიც ხმას ვერ, ან არ იღებენ, რომლებსაც ჩაგრავენ, შეურაცხყოფას აყენებენ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ძალით ათხოვებენ, აცდენენ ან აუპატიურებენ (ხშირად „ნამუსის ახდად“ წოდებული აქტი), ან სიცოცხლეს ასალმებენ.

ქართულ კულტურაში მრავლად არიან პერსონაჟი ქალები, რომლებიც ხმას ვერ, ან არ იღებენ.

ქართული მხატვრული კინო 1918 წელს „ქრისტინეთი“ იწყება. აზნაურ იასონ უქმაძის მიერ ნამუსახდილი ქრისტინე თავს იკლავს, მაგრამ მას გადაარჩენენ. თუმცა საბოლოოდ ქალი მაინც სიღარიბესა და მათხოვრობაში ასრულებს სიცოცხლეს.

ქრისტინე ქართული კინოს ერთგვარ ლაიტმოტივად დარჩა. მომდევნო წლებში მას მოჰყვნენ სხვადასხვა ქალი პერსონაჟები, რომლებიც ქრისტინეს ბედს, ან მის მსგავს ბედს იზიარებდნენ: 1922 წელს - მაყვალა (ფილმ „მოძღვრიდან“ - შეყვარებული კლავს, რადგან უყვარს და ქმრისთვის არ ეთმობა); 1923 წელს - ნენო (ფილმ „არსენა ყაჩაღიდან“ - ბატონი საკუთარი ქორწილიდან იტაცებს); იმავე 1923 წელს - ნუნუ (ფილმ „მამის მკვლელიდან“ - იძულებით ათხოვებენ, მაზლი აუპატიურებს, უკლავენ მამას, მკვლელობას მას აბრალებენ, შემდეგ სამარცხვინო ბოძზე აკრავენ, საბოლოოდ კი ქალს გადასახლება და კატორღაში სიკვდილი ელის); 1924 წელს - ესმა (ფილმ „სამი სიცოცხლიდან“ - ქალს ქმარი ჰყავს, მაგრამ აზნაური იტაცებს, აზნაურს დაედევნებიან და სასოწარკვეთილი დამნაშავე ქალს კლავს); 1925 წელს - ფატი (ფილმიდან „ვინ არის დამნაშავე?“ - მოგზაურობიდან დაბრუნებულ ქმარს ცოლი მეზობლისგან ორსული დახვდება და შერცხვენილი ქალი თავს იკლავს); იმავე 1925 წელს - დესპინე (ფილმიდან „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ - აზნაური გათხოვილი დესპინეს ხელში ჩაგდებას შეეცდება, ქმარს შეურაცხყოფას მიაყენებს, ქალი ამის ნიადაგზე ავად ხდება და კვდება); 1927 წელს - გიული (ამავე სახელწოდების ფილმიდან - იძულებით გათხოვილი ქალი მიჯნურთან ერთად გაიქცევა, ქმარი კი სიცოცხლეს გამოასალმებს) და ასე შემდეგ.

1936 წელს ქართულ კინოში პირველად ჩნდება მებრძოლი ქალის სახე - დარიკო (ფილმ „დარიკოში“), რომელსაც ასევე ჩაგრავენ: მისი ოჯახისთვის მიწის წართმევა სურთ, მის ქმარს აპატიმრებენ, თავად დარიკოს გაუპატიურებას დაუპირებს მდიდარი გლეხის შვილი, თუმცა ქალი თავს იცავს და თავდამსხმელი შემოაკვდება. ამის მერე დარიკო მებრძოლ ქალად იქცევა და გარშემო რაზმსაც შემოიკრებს. მაგრამ ასეთი მებრძოლი ქალები ქართულ კინემატოგრაფში იშვიათია. ქალი პერსონაჟები უმეტესად პასიური, ბედს დამორჩილებული ადამიანები არიან, რომლებიც ძალადობასთან ჭიდილში მარცხდებიან. მებრძოლ ქალ პერსონაჟებში შეიძლება მოვიაზროთ მაია წყნეთელიც (1959 წ.), თუმცა ის არ იბრძვის, როგორც ქალი, ის იძულებულია, კაცად შეიმოსოს.

კადრი კინოფილმ "ქრისტინედან" (1918)
კადრი კინოფილმ "ქრისტინედან" (1918)

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართულ საბჭოთა კინოში აქა-იქ ქალის ემანსიპირებული სახე-ხატიც ჩნდება (მაგალითად 1956 წელს გადაღებულ ფილმ „აბეზარაში“, სადაც ქალი მძღოლად მუშაობს), ეს მუშათა კლასის უფლებების ფორმალურ, საბჭოთა გამოვლინებად რჩება და საზოგადოებაში ქალის როლთან არავითარი კავშირი არ აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ ქართული მუნჯი კინოს „ჰორორი“ ომის თემატიკის შემდეგ, ორმოცდაათიანი წლებიდანაც გრძელდება და ქალებს იგივე ბედი აქვთ, რაც უწინ: 1956 წელს - ნინო (ფილმში „ჩრდილი გზაზე“ - ნინოს საქმრო დააორსულებს, მაგრამ მისი ცოლად შერთვა არ სურს); 1961 წელს - თამრო „გლახის ნაამბობში“ (სადაც ქალი ისევ ნამუსახდილი და გზას აცდენილია); 1966 წელს - ნინო (ფილმში „შეხვედრა წართულთან“ - დაობლებულ ნინოს მდიდარი გლეხის შვილი ნამუსს ახდის); 1971 წელს - ნუცა (ფილმში „ნუცა“ - ობოლ ნუცას ბატონი ნამუსს ახდის, შემდეგ ღატაკ გლეხზე ათხოვებენ, ქმარი ცოლზე ფიზიკურად ძალადობს, ნუცა თავს იკლავს) და ასე შემდეგ.

ასე და ამგვარად, ქართულ კინოში ქალების ტრაგიკული ბედით შექმნილია ერთგვარი მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო ნარატივი, რომლის დროსაც მაყურებელს კითხვები, როგორც წესი, არ უჩნდება და ქალის ჩაგვრას ისე აღიქვამს, როგორც საყოველთაო მოცემულობას.

სამოციანი წლებიდან ეს თემეტიკა ქართულ კინოში ნაწილობრივ ინაცვლებს მსუბუქ, კომედიურ ჟანრში, სადაც ძალადობის ერთგვარი რომანტიზებაც ხდება, როგორც, მაგალითად, 1961 წელს გადაღებულ „უდიპლომო სასიძოში“, ან ათი წლის შემდეგ გამოსულ „მოიტაცეს თამარ ქალში“.

ჩამოთვლილი ფილმების პერსონაჟ ქალთა უმეტესობა ან კვდება, ან თავს იკლავს, ან კლავენ. მათ ან იტაცებენ, ან ძალით ათხოვებენ, ან აუპატიურებენ. გვხვდება, ასევე, ქალის შეცდენისა და შემდეგ მისი სხვისთვის მითხოვების მოტივები.

კადრი კინოფილმ "ნატვრის ხიდან" (1976)
კადრი კინოფილმ "ნატვრის ხიდან" (1976)

ნატანჯი და მსხვერპლი ქალების ჯაჭვი 1976 წლამდე გრძელდება, როცა თენგიზ აბულაძე გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით მარიტას სახეს ქმნის.

„ქრისტინეს“ გადაღებიდან თითქმის ასი წელი გავიდა. ქართული კინოს ისტორიის ასი წელი, რომელშიც აღწერილია ქართველი ქალის ტანჯვისა და უსამართლობის ამბავიც. სულ ერთია, ავად თუ კარგად, სულ ერთია, კაცისა თუ ქალის პერსპექტივიდან, კინომ ეს ყველაფერი ასახა და ჩვენს მეხსიერებას შემოუნახა.

ლიკა ქავჟარაძე არასდროს უარყოფდა, რომ ცხოვრებაშიც იზიარებდა მარიტას ბედს.

„ქრისტინედან“ თითქმის ასი წლის თავზე გარდაიცვალა მარიტას როლის შემსრულებელი, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, რომელმაც, ნატო ვაჩნაძის „მამის მკვლელის“ შემდეგ, შექმნა ქართული კინოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ტრაგიკული და დაჩაგრული ქალის სახე.

ლიკა ქავჟარაძე არასდროს უარყოფდა, რომ ცხოვრებაშიც იზიარებდა მარიტას ბედს. ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მკაცრი დედა ჰყავდა და რომ სწორედ დედა წყვეტდა მის ცხოვრებაში ბევრ რამეს; რომ არასდროს ჰქონია საშუალება, თავად მიეღო გადაწყვეტილებები, რომ არ ჰქონია დამოუკიდებლობა, რომ სულ სხვები ერეოდნენ მის ცხოვრებაში...

ლიკა არ მალავდა, რომ ისეთი ცხოვრება არ ჰქონია, როგორიც თავად სურდა, რომ ცხოვრობდა უსიყვარულოდ, რომ თავს ოჯახში ცუდად გრძნობდა. პირველ ქორწინებაში, გათხოვების შემდეგ, დეპრესიები ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა. ლიკა თავად ამბობდა, რომ ფსიქიკურად იყო ცუდად. რატომ? რა იყო ეს „ცუდად ყოფნა“? ვინ და რატომ დაადგინა, რომ ლიკას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? რას ფიქრობდა ამაზე თავად ლიკა? ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისი ეს „ცუდად ყოფნა“ და ფსიქიკური პრობლემები მისი არასწორი, არაბედნიერი ცხოვრებით იყო გამოწვეული.

ვინ აიძულებდა ლიკას არასწორად ცხოვრებას? ვინ ართმევდა მას ბედნიერებას? ალბათ, არავინ და, ალბათ, ყველა.

ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ქალის უმთავრეს ღირსებად სილამაზე რჩება. თუმცა, თუ ქალი სილამაზისკენ მიილტვის, სულ ერთია, როგორია სილამაზის ეს გაგება, მას დასცინიან. ქალებს დასცინიან იმის გამო, რომ ისინი პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, იმისათვის, რომ იპრანჭებიან, აცვიათ მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი, ხმარობენ მაკიაჟს... ქალებს ზოგჯერ ჭარბი წონის გამო დასცინიან, ზოგჯერ - სიგამხდრის გამო, ან სულაც იმისთვის, რომ ისინი კაცს სექსუალურ ვნებას ვერ აღუძრავენ... ასეთ შემთხვევაში ხომ ისინი უბრალოდ ქალები არ არიან.

ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ქალის უმთავრეს ღირსებად სილამაზე რჩება.

ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა. მას ყველა უპირობოდ ულამაზეს ქალად აღიარებდა, მაგრამ საზოგადოება მისი ამ ერთადერთი, სიცოცხლეში აღიარებული ღირსების რელატივიზაციას ახდენდა: „ლამაზია, მაგრამ ნიჭიერი არ არის“, „ლამაზია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, „ლამაზია, მაგრამ ბედნიერი არაა“, „ისეთი ლამაზი აღარაა, როგორც ადრე“ და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ლიკა ქავჟარაძეს საკუთარ სილამაზეს პატიობდა, რადგან ცხოვრებაში საზოგადოების თვალში ის მუდამ მსხვერპლის, ვერშემდგარი ქალის, ვერშემდგარი მსახიობის როლებს ასრულებდა.

ალბათ აუტანელზე აუტანელია, მთელი ცხოვრება გესმოდეს შენი სახისა და სხეულის ქება, ქება იმისა, რაც წარმავალია, რასაც წლები ცვლის, რაც შენ ხარ, მაგრამ არ ხარ, რაც შენია, მაგრამ რასაც წლები წაიღებს... თან იმის ფონზე, როცა არ შეგიძლია, ისე იცხოვრო, როგორც გინდა, როცა შენს ცხოვრებაში ერევიან, როცა თან გდევს არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა.

ჩვენ, ქალებს, კარგად გვასწავლეს, როგორ ვიყოთ მეორე სქესის განუყოფელი ნაწილი, დანამატი. დაგვაჯერეს, რომ მეორე სქესის გარეშე ბედნიერება არ არსებობს. გვასწავლეს, რომ სილამაზე ამ ბედნიერებისაკენ სწრაფვის გზაზე უფასო ბილეთია, გვასწავლეს, რომ უნდა შეგვაფასონ და ჩვენც მუდამ, ყოველთვის ვდგავართ წრეში, ხალხით გარშემორტყმულ წრეში, რომელიც გვაფასებს. ისინი აფასებენ ჩვენს გარეგნობას, ჩვენს ქცევას, ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ჩვენს უნარებს, ჩვენს ცხოვრებას.

როგორ შეიძლება ქალმა თავი იხსნას პატრიარქატის მარწუხებიდან? პირველ რიგში, ალბათ, იმით, რომ ჯერ სწორედ ქალებმა გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი.

სად არის ხსნა? როგორ შეიძლება ქალმა თავი იხსნას პატრიარქატის მარწუხებიდან? პატრიარქატისა, რომლის სადარაჯოზე ქალიც ბევრი დგას. პირველ რიგში, ალბათ, იმით, რომ ჯერ სწორედ ქალებმა გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი, დედებმა - შვილებს, შვილებმა - დედებს, დებმა - დებს, გოგონებმა - გოგონებს. ვასწავლოთ ერთმანეთს ბრძოლა და გადარჩენა იმ სამყაროში, სადაც დიდი ხანი არაა, რაც ქალს საზოგადოებაში არსებობისათვის აუცილებელი უფლებები მიენიჭა; იმ ქვეყანაში, სადაც ხშირად გოგოს დაბადება არ უხარიათ, სადაც გოგონებს მუცლად ყოფნის დროს კლავენ (გაეროს მოსახლეობის ფონდის თანახმად, 1990-2010 წლებში საქართველოში 25 ათასი გოგო არ დაიბადა), სადაც გოგონებს მშობლები არ აძლევენ ქონებას, სადაც ჯერ კიდევ ათხოვებენ ბავშვებს, სადაც განრისხებული ქმრები ცოლებს ისევ „ჯორზე სვამენ“ და სასიკვდილოდ იმეტებენ.

აუტანელია არაბედნიერად ცხოვრების პერმანენტული განცდა.

განცდა იმისა, რომ შენი ბედი სხვების ხელშია.

დედებო, ვიდრე სამყარო სხვა წრეზე დატრიალდება, ასწავლეთ თქვენს გოგონებს, ისე იცხოვრონ, როგორც სურთ, ასწავლეთ იმისათვის, რომ საკუთარი ცხოვრებით თვითონ დატკბნენ, და არა სამყარო - მათი სილამაზით.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG