Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„როცა სიბნელე ირგვლივ სრულია,
ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია“
კოტე ყუბანეიშვილი

ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ მობეზრებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თითქმის არც ერთ შეკითხვაზე დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით მოტივი, არ ვიცით დამკვეთი, არ ვიცით მიზანი და არც შედეგი. არადა, სწორედ შედეგზე მინდა, დავწერო. თანაც, რაკი პრეზიდენტზე მომიწევს საუბარი, რომლის კავშირი სიუჟეტთან დოკუმენტურად დაუდასტურებელია, ბარემ განვმარტავ, რომ ამ სტატიას საფუძვლად მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებები უდევს.

* * *

წარმოუდგენელია, ამ რეპორტაჟის დამგეგმავ და მის მომზადებაში ჩართულ ადამიანებს ის შედეგი გაეთვალათ, რაც, ჩემი აზრით, მიიღეს: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთთან დაწყებულ რეალურ ომს 2010 წლის 13 მარტს მოდელირებული ომით დაესვა წერტილი. ამ დღეს განცდილი ემოციური შოკის შემდეგ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გავაცნობიერეთ ის, რაც ნამდვილი ომის შემდეგ ბოლომდე არ გვჯეროდა: საქართველოს ხელისუფლებამ ომი წააგო. მან პასუხი უნდა აგოს.

ბევრმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოების მხრიდან ზუსტად ახლა კეთდება ის შეფასებები, რაც, წესით, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. ახლა ტრიალებს ჰაერში ის ღრუბლები, რომლებიც ხუთდღიანი ომის წამგები მთავარსარდლის თავზე ჯერ კიდევ 18 თვის წინ უნდა შეკრებილიყო. დავამატებ: რეალობის აღქმა, რაც ნამდვილი ომის შემდეგ დაიშალა და უმისამართოდ გაიბნა, საწყის წერტილს სწორედ იმიტირებულმა ომმა დაუბრუნა. შოკის შემდეგ ფოკუსი ერთბაშად გასწორდა და მივხვდით – ბოლო გადასატანი გადავიტანეთ. უსახელო სიმძიმე, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში სასტიკად გვაწვალებდა და ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევდა, სახელდებულია: ომთან თამაში სიგიჟეა. ეს სიგიჟე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა და დაიწყო პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.

ერთია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების საპროტესტო განცხადებები; მეორეა ევროპული და ამერიკული საგაზეთო სტატიები თუ ტელესიუჟეტები, სადაც პირდაპირ ან ირიბად არის მინიშნებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჟურნალისტების კომპეტენციას სცილდება. ბევრგან მოურიდებლად არის ნათქვამი, რომ ტელეკომპანია „იმედს“ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი მართავს. უცხოელები სიუჟეტს უწოდებენ არა „უსიამოვნოს“ – როგორც მას საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა – არამედ, „უპასუხისმგებლოს“.

მთავარი მაინც ქართული საზოგადოებაა, რომელიც სიუჟეტის შემდეგ ორ რადიკალურ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, ისევ ტელემაყურებლის ბრალია, თუ მან ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან ვერ გაარჩია და თავი პანიკაში ჩაიგდო. მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილის ესა თუ ის გამონათქვამი, ესა თუ ის ნაბიჯი არაერთგვაროვნად ბევრჯერ შეფასებულა, მაგრამ მის მიმართ საჯარო სივრცეში არასოდეს დასმულა იმგვარი „დიაგნოზები“, როგორიც „ქრონიკის“ სიუჟეტის შემდეგ დაისვა. და ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მომხრეთა ჯგუფი შეუდარებლად მცირერიცხოვანია, ვიდრე – მისგან დაზაფრულების.

* * *

არავინ გაბედავდა ასეთ შეფასებებს შეთხზული სიუჟეტის გამო, მისი წინამორბედი რომ არ ყოფილიყო ხუთ დღეში წაგებული რეალური ომი; და არავინ აპირებდა იმ რეალური ომის გამო პასუხის მოთხოვნას, ომთან თამაში თავად ომის წამგებ პრეზიდენტს რომ არ წამოეწყო. რეალური და ვირტუალური ამბავი საბედისწეროდ გადაება ერთმანეთს, რათა დასრულებულიყო ის, რაც დაიწყო და შემდეგ ჰაერში გამოეკიდა განაჩენის მოლოდინში.

როდის და როგორ გაფორმდება ეს დასასრული, არ ვიცი. სულ ორი კვირის წინ მე თვითონ დავწერე სტატია დაკარგულ დროზე, როდესაც რეალობას მოწყვეტილ ადამიანებს ეჩქარებათ ცვლილებები და ჰგონიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ორ-სამ დღეში დასრულდება. მე ასე არ მგონია, მაგრამ ცხადად ვგრძნობ, რომ საქართველომ რუსეთთან წაგებული ომი, როგორც იქნა, 13 მარტს დაასრულა.

არადა, ყველას გვახსოვს, როგორი გაძლიერებული გამოვიდა აგვისტოს ომიდან მიხეილ სააკაშვილი. პირველი შოკის შემდეგ მან მძლავრად აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნა, რომ ომი არ წაგვიგია. ამას დაემატა უცხოეთის მხარდაჭერა, რაც, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარის გადაცემაში გამოიხატა. 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო ტალღა, რომელსაც ხელისუფლება კარგად გაუმკლავდა. ამ ტალღის სამარცხვინო ფინალშიც, ცხადია, ხელისუფლების ხელი ერია. ოპოზიციის მარცხმა პრეზიდენტი და მისი გუნდი კიდევ მეტად გააძლიერა...

* * *

აი, ამ საზეიმო განწყობით მივიდა მიხეილ სააკაშვილი 13 მარტის „ქრონიკამდე“, რომელმაც ნახევარ საათში გაანულა მისი წელიწადნახევრიანი ძალისხმევა, რომ როგორმე ომი არ დაგვემთავრებინა, ესე იგი, არ გვეღიარებინა, რომ ის წავაგეთ. ახალი წლის დადგომამდე ორი წუთით ადრეც კი პრეზიდენტი მოგვიწოდებდა, ხელში იარაღი აგვეღო და გვებრძოლა. ახლა, როგორც იქნა, მთელი მსოფლიოს თვალწინ ომს წერტილი დავუსვით; ესე იგი, მოვიპოვეთ უფლება, რომ იარაღი დავდოთ და ქვეყანას მივხედოთ – თუკი შეგვიძლია.

ამიტომ, 13 მარტის შემდეგ ჩემთვის სრულიად რეალური მნიშვნელობით ჟღერს „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის დევიზი: „ქრონიკა – გაიგე სხვაზე ადრე!“
ორიოდე თვის წინ ჩვენს ჟურნალში, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში” ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ერთი ძალიან ჭკვიანური ტექსტი დავბეჭდეთ – “ნულოვანი მედია – ანუ რატომ არის უსაგნო ტელევიზიის მიმართ გამოთქმული ყოველგვარი საყვედური”. მაშინვე გადავწყვიტე ამ პუბლიკაციისთვის ცალკე გამოხმაურება მიმეძღვნა, მაგრამ სამმა თვემ ისე გაიარა, ვერაფრით მოვაბი თავი, სანამ ტელეკომპანია “იმედმა” სრულიად უიმედო არ გახადა ჩემი ისედაც მძიმე შეხედულებები ქართულ სატელევიზიო მედიაზე.

სტატიაში ძალზე ზუსტად არის განსაზღვრული მედიის კრიტიკოსების ძირითადი არგუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი გამოსავლის ნაცვლად, უფრო რაღაც მისტიკურ გამოცდილებას გვთავაზობს, მაინც მგონია, რომ ენცენსბერგერის მოსაზრებებში კიდევ ერთხელ გავლა-გასეირნება ძალიან სასარგებლო უნდა იყოს ყველასთვის, ვინც ტელე-მედიას ვაკრიტიკებთ და ნერვებს ვიწყვიტავთ ჩვენი პროდუქციის შემხედვარე.

წესით, მე არც არაფერზე უნდა ვიწყვიტავდე ნერვებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ (ორიოდე არხის გამოკლებით, ისიც ძილისპირულად), მაგრამ გვერდითა ოთახის ტელევიზორს რა ვუყოთ, რომელიც მთელი საღამო ჩართულია და ჩემს ქვეცნობიერში ლექავს სიბრიყვეებს, ტყუილებს, საინფორმაციო ვირუსებს? როგორც ბოლო წლებში დავრწმუნდი, მეორე ოთახიდან შემოსული საინფორმაციოს ხმები სამზარეულოში დარჩენილი დამწვარი ტაფის სუნზე უარესია, ძალიან ძნელად გადის და მას არათუ ფანჯრების გაღება და ოთახის განიავება, ყველაზე მედგარი კრიტიკაც კი ვერ ეწინააღმდეგება. ერთი მარტივი მიზეზის გამო, არც კი იცი, რა უნდა აკრიტიკო.

მოდით, ჯერ გავერკვეთ, ამგვარი კრიტიკოსების რამდენი კატეგორია არსებობს ბუნებაში ენცენსბერგერის მიხედვით. იგი მათ თეზისების მიხედვით ჰყოფს.

პირველი მანიპულაციის თეზისია, რომლის სამიზნეცაა ის იდეოლოგიური დატვირთვა, მედიებს რომ მიეწერება და რომელიც მასში უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ბატონობის ინსტრუმენტს ხედავს. ამ იდეოლოგიურ დატვირთვაში “პირდაპირი აგიტაციის ადგილს იჭერს ძნელად გასაშიფრი ცდუნება; ტელევიზიის უჩინარი მესვეურები ისე გადაიბირებენ ხოლმე გულუბრყვილო მომხმარებლს, რომ საბრალო ვერც კი ხვდება, რა დაემართა”.

მეორეა იმიტაციის თეზისი, სადაც კრიტიკოსები მორალურ არგუმენტაციებს იძლევიან. მათთვის მედიის მოხმარებას თან სდევს პირველ რიგში, ტრადიციებთან დაკავშირებული საფრთხეები. “ამის სუბიექტური შედეგი იქნება დაჩლუნგებული, გაუხეშებული და დამყაყებული ინდივიდი, ობიექტური კი – სოციალური ღირებულებების მოშლა და საყოველთაო მორალური დეგრადაცია.”

მესამე, ყველაზე თანამედროვე თესიზია სიმულაციის თეზისი, რომლის თანახმადაც, ტელევიზია მაყურებელს ართმევს სინამდვილესა და ფიქციას შორის განსხვავების პოვნის უნარს. მესამე „თეზისის შემდგომი ვერსია, რომელიც ხანდახან პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ამ დამოკიდებულებას ყირაზე აყენებს და ამტკიცებს, რომ სინამდვილესა და სიმულაციას შორის განსხვავებამ უკვე აზრი დაკარგა არსებული საზოგადოებრივი კავშირების პირობებში.”

და ბოლოს, მეოთხე, დაშტერების თეზისი, სადაც ყველა წინა თეზისი იყრის თავს. მის თანახმად, “მედია უტევს არა მარტო მომხმარებელთა კრიტიკისა თუ განსხვავებადობის უნარს, არა მარტო მათ მორალურ თუ პოლიტიკურ სუბსტანციას, არამედ მათი აღქმის უნარს და თვით ფსიქოლოგიური იდენტურობასაც კი. ამის შედეგი იქნება, თუ დასცალდათ, ახალი ადამიანის გამოყვანა, რომელიც ზომბადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და მუტანტადაც”.

ენცენსბერგერს ყველა ეს თეორია თითიდან გამოწოვილად ეჩვენება. ამგვარი ოპოზიციები ძალიან ცხადად გამოკვეთენ, ერთი მხრივ, მსხვერპლსა და, მეორე მხრივ, მანიპულატორს, მაგრამ სამაგიეროდ უპასუხოდ რჩება ერთი კითხვა, ანუ სად, კერძოდ, რომელ მხარეზე უნდა ვიგულისხმოთ თეორეტიკოსი, რომელიც მედიას აკრიტიკებს? გერმანელი პოეტი ამის შესახებ ამბობს: “პირველი ვარიანტია, რომ იგი საერთოდ არ სარგებლობს მედიასაშუალებებით, მაშინ მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს; ან ისიც მათ კლანჭებშია მოქცეული; ისმის კითხვა, თუ რა სასწაულით დააღწია თავი მათ გავლენას. რადგან ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, იგი მორალურად სრულიად უვნებლადაა გადარჩენილი, სრულიად დამოუკიდებლად ასხვავებს ერთმანეთისგან ილუზიას და რეალობას და გააჩნია სრული იმუნიტეტი ამ იდიოტობის წინააღმდეგ. იქნებ (და ეს იქნებოდა ამ დილემის ფატალური ახსნა), მისი თეორიები სხვა არაფერია, თუ არა ამ უნივერსალური გამოშტერების სიმპტომები?”

ცხადია, შეუძლებელია ამ ცდუნებას სრულად დავაღწიოთ თავი. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მიჭირს, უფრო სწორად, „იმედის“ ამ ბრიყვულ სახლობანამდე მიჭირდა ხოლმე რისხვის მოთოკვა და ყოველთვის ღიად გამოვხატავდი ბრაზს და ყველა სოციალურ ქსელში ხმამაღლა ვწერდი ხოლმე ამის შესახებ. გამოდის, მეც რაღაც გაშტერების მსხვერპლი ვიყავი, უფრო სწორად, ამ გაშტერებასთან ბრძოლაში და მისი შიშით, კიდევ უფრო დიდ საცდურს მივყვებოდი და თავით ვეშვებოდი ფიქციისა და რისხვის მორევში. სწორედ ასე გადაეშვა მორევში ორი-სამი დღის წინ რამდენიმე ყველაზე თანმიმდევრული ქართველი მედია-კრიტიკოსიც. მანამ, სანამ რაიმე დალაგებულს დაწერდნენ ან გამოთქვამდნენ, მათ დედის გინებით მოიფხანეს გული.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი საქციელი, ზუსტად მესმის გინების თერაპიული მნიშვნელობაც და ამ საქმეში თავი მაგისტროსად თუ არა, ბაკალავრად მაინც მიმაჩნია, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას: ჩვენმა მედია-კრიტიკოსებმა ზუსტად უნდა გაარკვიონ, რისთვის იბრძვიან: შინაარსისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, კონტროლის მოპოვებისთვის თუ ეს ბრძოლა მათთვის უბრალო სამსახურია, მსუყედ დაფინანსებული მორიგი პროექტი? სანამ ეს არ გაირკვევა, ჩვენი მედია-კრიტიკოსები ყოველთვის განწირულნი იქნებიან გინებით უპასუხონ ჩვენში უკვე ტრადიციად ქცეულ “მოდელირებებსა” და “სახლობანებს”, რომლითაც ინფანტილი ყოფილი ჟურნალისტები და ვერშემდგარი პოლიტიკოსები ერთობიან.
ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის წერილი კიდევ ბევრ თემას წამოშლის. აი ციტატები:

“მიმდინარეობს “საკომუნიკაციო საშუალებების” უმაგალითო აღჭურვა და ამ დროს შეკითხვასაც კი არავინ სვამს, თუ რა უნდა გადაიცეს ყოველივე ამის საშუალებით”.

“მარტოოდენ ვიზუალურ ტექნიკას, უპირველეს ყოვლისა კი ტელევიზიას შეუძლია ენის ტვირთისგან გათავისუფლება და იმ ყველაფრის განადგურება, რასაც ერთ დროს პროგრამა, ანუ მნიშვნელობა, ანუ “შინაარსი” ერქვა”.

“მაყურებელი მშვენივრად აცნობიერებს, რომ მას საქმე აქვს არა საკომუნიკაციო საშუალებასთან, არამედ კომუნიკაციის უარყოფის საშუალებასთან, და ეს მისი ურყევი რწმენაა” (იგულისხმება მაყურებლის „საიდუმლო იარაღი“, პულტი).

და ბოლოს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რომელიც საინტერესოდ აშიშვლებს “იმედის” იმ “მოდელირებულ” სიუჟეტს: “აბსოლუტურად მორგებულია ტელევიზიაზე ის, რასაც პოლიტიკოსები პოლიტიკას ეძახიან. როდესაც რომელიმე საცოდავი მინისტრი ფიქრობს, რომ მაყურებელთა მოსაზრებებსა და ქმედებებზე ახდენს გავლენას, ამ დროს მისი წყალწყალა გამონათქვამები აკმაყოფილებს მაყურებელთა მოთხოვნილებას, რომ როგორმე თავი აარიდონ რაიმე მნიშვნელობას”.

ჩვენი ეთერი რომ სავსეა ასეთი უშინაარსო, მნიშვნელობისგან დაცლილი წყალწყალა ლაყბობით, ახალი ამბავი არაა. ისიც ცხადია, რომ ქართულ ტელევიზიებს ნამდვილად სჭირდებოდა “კულტურული გმირი”, ვინმე ტელე-ხულიგანი, რომელიც ასეთ სიმტკნარეში თავის მარგებელ შხამს შეურევდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, იხულიგნა თავად ხელისუფლებამ, იხულიგნეს პროსახელისუფლო ჟურნალისტებმა, ეგზიტპოლ-ინტელექტუალებმა და ამ ბრიყვული ხულიგნობით მათ სამუდამოდ წაართვეს ქართულ მედიასა და მის კრიტიკოსებს მახვილგონივრულობის, ხუმრობის და ჭკვიანური მისტიფიკაციების შანსი. აი ესაა თანამედროვე ქართული “ტრაგედია უგმიროდ”.

ენცენსბერგერი ამბობს: “ტელევიზია აშტერებს, მას იმისთვის რთავენ, რათა თავად გაითიშონ”.

“იმედის” ინციდენტმა ეს სიტყვები ახალი შინაარსით შეავსო: ტელევიზია აშტერებს მანიპულატორებსაც, ანუ თავად გამომშტერებლებსაც.

მე მგონი, მათ უფრო აშტერებს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG