Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 6 მარტი. See content from before

პარასკევი, 5 მარტი 2010

რატომ ვერ ლაგდება ოპოზიციის არეული ცხოვრება? აი, ამ კითხვაზე მინდა, დღეს ჩემი პასუხი შემოგთავაზოთ, რომლის მოკლე ვერსია – მეფე ლირის ცნობილ ფრაზაში ლაკონურად ასახული – სტატიის სათაურად შევარჩიე.

რაც კი ბოლო დღეებში ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი მოვისმინე, სულ იმას ამბობდა – მხოლოდ მე მაქვს თბილისის მოგების გამოცდილება და დედაქალაქის საარჩევნო სპეციფიკას ყველაზე უკეთ მე ვიცნობო.

მეორე მხრივ, მერობის კანდიდატად უკვე მერამდენედ გამოცხადდა ირაკლი ალასანია. სადღაც დავით ბერძენიშვილის კომენტარსაც წავაწყდი – დაუჭიროს ლევან გაჩეჩილაძემ მხარი ალასანიას და ოპოზიციის ერთიანი ლიდერის პრობლემა უმტკივნეულოდ გადაიჭრებაო.

ლევან გაჩეჩილაძეც მართალია და დავით ბერძენიშვილიც, ოღონდ, ცალ-ცალკე. როგორც კი მათი მოსაზრებების შეჯერებას მოვინდომებთ, მაშინვე ჩიხში აღმოვჩნდებით: თუ ერთს უკეთესი შანსი აქვს, მეორე რატომაა კანდიდატი? მაგრამ თუ მეორე უკვე აღიარებული კანდიდატია, სანამ პირველი ოხვრას არ დაასრულებს და იმ მეორეს მხარს არ დაუჭერს, ოპოზიციის საქმე წინ ხომ ვერ წავა?

დღევანელი მომენტის თავისებურება ის არის, რომ ირაკლი ალასანიაც და ლევან გაჩეჩილაძეც, ფაქტობრივად, „მარტოკაცი ლიდერები“ არიან. ორივე მათგანის გვერდით საზოგადოება დგას და არა პარტია. ერთ მხარეს „ქართული აკადემიაა“, მეორე მხარეს კი – „დაიცავი საქართველო“.

ირაკლი ალასანია ფორმალურად არის პარტიის ლიდერი, მაგრამ, საქართველოში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც ან მისი პარტიის რთული დასახელება ახსოვს, ან ის იცის – თუნდაც, დაახლოებით – რამდენი წევრია ამ პარტიაში – 100, 1 000 თუ 10 000. ყოველ შემთხვევაში, პარტია ლიდერს პოლიტიკურ წონას რომ ვერ უქმნის და ლიდერის გვერდით გადამწყვეტ მომენტში საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომ დგას და არა პარტია, – ეს ცხადია. ლევან გაჩეჩილაძე ხომ თავად არის საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი და პარტია ფორმალურადაც არ გააჩნია.

გამოდის, ამ რთულ პოლიტიკურ მომენტში (შესაძლოა, ამიტომაც არის ასეთი რთული), ლიდერების გვერდით შემთხვევითი ადამიანები, არაპოლიტიკოსები არიან. სწორედ ისინი – არაპროფესიონალები – განსაზღვრავენ ლიდერების პოლიტიკურ ქცევასაც და ოპოზიციური პოლიტიკის ზოგად ფაბულასაც.

არადა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. წესით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ღირებულებით ჩარჩოს უნდა ქმნიდნენ და ცდილობდნენ, რომ პოლიტიკოსები ამ ჩარჩოთი შეძლებისდაგვარად შებოჭონ. პოლიტიკური ორგანიზაციები კი პრაგმატულად, პოლიტიკის ლოგიკის და მიზანშეწონილობის პრინციპებით უნდა მოქმედებდნენ.

როდესაც ყველაფერი ყირამალაა – როდესაც პოლიტიკური ლიდერები ცნობილ მომღერლებს, სპორტსმენებს, მწერლებს და მსახიობებს უსმენენ, პოლიტიკური პარტნიორების ნაცვლად; როდესაც კულმინაციურ მომენტში ლიდერები კათოლიკოს-პატრიარქს გადააბარებენ პოლიტიკური გადაწყვეტილების ტვირთს; როდესაც სამეგობრო წრეში გეგმავენ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელზეც ათეულ ათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული, – ცხადია, იმის მეტი ვერაფრი გვექნება, რაც გვაქვს.

პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, საზოგადოების მხრიდან ღრმად პატივცემული ადამიანებიც თავის ფუნქციას კი არ ასრულებენ – ანუ საზოგადოებრივი ღირებულებების ღერძის შექმნაზე კი არ ფიქრობენ – არამედ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჰკარნახობენ ლიდერებს: სად წავიდნენ, ვის გაემიჯნონ, ვის შეუერთდნენ. შედეგად, პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ უმწვავეს მომენტში, რომლის მსგავსი, სავარაუდოდ, 2012 წლამდე აღარ დადგება ჩვენს ქვეყანაში, ოპოზიციურ ველზე ადამიანები საკუთარი კომპეტენციიდან ძალიან (მეტისმეტად ძალიან!) დაშორებულ სფეროში ღებულობენ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები სასტიკად უხარისხოა.

ვის მოვთხოვოთ პასუხი?

პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც უმწიფარ, არასწორ რჩევებს მიჰყვებიან, თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, რომლებიც ამ უმწიფარ, არასწორ რჩევებს იძლევიან?
საბჭოთა კავშირში რამდენიმე ოფიციალური დღესასწაული არსებობდა: საბჭოთა არმიის დღე, ქალთა დღე 8 მარტი, პირველი მაისი, შვიდი ნოემბერი, კონსტიტუციის დღე და ახალი წელი (მღებავის და მეეზოვის დღე სათვალავში არ ითვლება). იმხანად შესანიშნავი მსახიობი არკადი რაიკინი გენიალურად ასახიერებდა შინამოსამსახურეს, რომელსაც სახლის კეთილი პატრონები ასაჩუქრებენ ოქტომბრის რევოლუციის, საბჭოთა კონსტიტუციის, ნათლისღების და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლადწარმოშობილი სახელმწიფოების ხელმძღვანელები დიდხანს იყვნენ დაბნეულ მდგომარეობაში, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ ახალი სადღესასწაულო დღეების დაარსების საკითხში: ერთის მხრივ, ვთქვათ, პირველი მაისი მშრომელთა სოლიდარობის დღეა, მეორე მხრივ კი, ნამდვილი გაზაფხულის დადგომის დღესასწაულია, რვა მარტი - ქალთა საერთაშორისო დღეა, მაგრამ ამავდროულად თარიღი, რომელიც როზა ლუქსემბურგის სახელთან და ჩიკაგოელი მეძავების გაფიცვასთან არის დაკავშირებული, ოცდასამი თებერვალი საბჭოთა არმიის დღეა, მაგრამ ბოლშევისტურ იმპერიაში ის აგრეთვე მამაკაცთა დღედ აღიქმებოდა. გარდა ამისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ძველ იდეალებს არ ღალატობდა და ყოფილი საბჭოთა იმპერიის ზოგიერთი მოქალაქე ლენინის, ზოგი კი სტალინის მომხრედ რჩებოდა.

ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად ყველა პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ მიიღო ”ბრძნული” გადაწყვეტილება: ახალი სახელწოდებით შეინარჩუნა რამდენიმე ძველი დღესასწაული და დემოკრატიის სიმბოლოების სახით ახალი დაუმატა. სხვათა შორის, ასეთნაირადვე მოიქცა თავის დროზე ქრისტიანული ეკლესიაც - ძველ წარმართულ დღესასწაულებს ახალი ქრისიტიანული მიუსადაგა. ამით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სლავები, რის შესანიშნავ მაგალითს დღეს ე.წ. ”ივან კუპალას” დღესასწაული წარმოადგენს.

საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენში ყველა ქრისტიანული დღესასწაული აყვანილია სახელმწიფო დღესასწაულის რანგში. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული სახელმწიფო საერო და მრავალეროვანია, მასში საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი სხვა რელიგიური კონფესიებიც. შექმნილი მდგომარეობა გარკვეულ უხერხულობას უქმნის ამ კონფესიების მიმდევრებს: ვთქვათ, ყურბან-ბაირამი ან პასექი ხომ სამუშაო დღეებია. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა 8 მარტის ირგვლივაც - ქალთა საერთაშორისო დღეს დაემატა ”დედის დღე”, თანაც თარიღებს შორის სხვაობა სულ ხუთ დღეს შეადგენს, ხოლო ორივე დღესასწაულის ესთეტიკა კი სრულიად იდენტურია. თუმცა რა გასაკვირია, - პოლიტიკური კონიუქტურის გამო, ქვეყანა ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ(!) ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს...

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვბაძავთ რუსეთის, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მაგალითს. მართლაც, რუსეთში საბჭოური 7 ნოემბრის ნაცვლად ზეიმობენ ე.წ. ”სახალხო ერთობის დღეს”, რომელიც პოლონელ-ლიტველი დამპყრობლებისგან 1612 (!) წელს მოსკოვის განთავისუფლებას ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით უნებლიედ იბადება კითხვა: ეგებ იაპონელებსაც ეზეიმათ ცუსიმას სრუტეში, ფინელებს კი საბჭოეთთან ომში რუსეთზე გამარჯვება?! რუსეთში დღესაც ჟღერს საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეცვლილი ტექსტით. და კიდევ: ქედს ვიხრი გერმანელებთან სამამულო ომის ვეტერანების წინაშე, მათი გმირობა სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, მაგრამ ალბათ სრულიად ზედმეტია გამარჯვებიდან 65 წლის შემდეგ მოსკოვში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება. მსოფლიო დაიღალა იარაღის ჟღარუნისგან.

P.S. პირადად მე ძალიან მიყვარს 8 მარტი - ეს ხომ ჩემი დაბადების დღეა. ყოველთვის ვარწმუნებდი ნაცნობ-უცნობებს იმაში, რომ ქალებისთვის საჩუქრად დავიბადე. არავის სჯერა...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG