Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 3 ნოემბერი 2011

სიტუაცია რაღაცით ჰგავს იმას, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს შეიქმნა რუსეთში (საბჭოთა რუსეთში). კლერიკალიზმის აღმოცენებასთან ერთად ქვეყანას მოედო მისტიციზმის ტალღა, სკეფსისი პირველ რიგში აღორძინებისა და განმანათლებლობის მიმართ. კაშპიროვსკის სეანსები, შავი (და თეთრი) მაგია, მტირალა ხატები და „ინტერდევოჩკები“, ყველა და ყველაფერი ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდა აზრსა და ცოდნას.

არა, სიტუაცია არ ჰგავს. სიტუაცია ბევრად უარესია. დღეს უკვე ქართველი ფილოსოფოსიც კი აღიარებს, რომ „ცოდნამ არ იმუშავა“. „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაზა შათირიშვილი (როგორც ჩანს, საკმაოდ კმაყოფილი) ამბობს: „განმანათლებლური პროექტი იმის შესახებ, რომ ‘ცოდნა ძალაა’ და რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით უკეთესია, მაინცდამაინც არ მუშაობს.“

ჰოდა, თუ არ მუშაობს, როგორც იტყვიან, მიდი, მოვდივარ! სად? მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

იმედია, ეს ჯერ კიდევ არაა დღევანდელი საქართველოს სურათი, ეს ისტერიკა და ქაოსი, რომელიც ვიხილეთ ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე - უნდობლობით, ეჭვიანობით, დაცინვით, მიკროფონისთვის (თუ ძალაუფლებისთვის?) ბრძოლით. მახსოვს, ჩაქვში, ჟურნალისტებისთვის მოწყობილ სემინარზე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაშინდელი დეკანი დათო პაიჭაძე ნახევრად სერიოზულად მეუბნებოდა, დიახ, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჟურნალისტებს მიკროფონის ხელში კარგად დაჭერა; ჟურნალისტებს არ სჭირდებათ ეს ზოგადი განათლება, მათ „ჟურნალისტური ტექნიკის“ ცოდნა ესაჭიროებათო.

არ სჭირდებათ განათლება. ცოდნა „არ მუშაობს“. მკითხაობს ყველა. ამიტომ არ მესმის, რას ვერჩით რეალ-ტივის ჟურნალისტებს, რომლებმაც გასულ კვირას „ნათელმხილველებს“ მიაკითხეს იმის დასადგენად, თუ რა ბედი ეწეოდა ბიძინა ივანიშვილს. ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა ღიად და ცხადად გააკეთეს ის, რასაც აკეთებს (ოღონდ შენიღბულად), სრულიად საქართველოს მედია, რასაც აკეთებენ ჟურნალისტები და სრულიად საქართველოს მედიაექსპერტები: იჭრებიან ადამიანის პირად სივრცეში, დასცინიან რესპონდენტებს და, რაც მთავარია, მკითხაობენ, მხოლოდ მკითხაობენ!

ისტერიკამ, რომელიც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ იგრძნობა ქართულ მედიაში (როგორც სახელისუფლოში, ისე არასახელისუფლოში) და რომელსაც ზოგიერთი ჩემი მეგობარი რატომღაც „პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებას“ უწოდებს, იმდენად შეაღწია ყველა სფეროში, იმდენად დაიპყრო ჭკვიანი და ნაკლებად ჭკვიანი ქართველების ტვინები, რომ ეს ადამიანები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან „ეზოტერულ ხილვებსა“ და მკითხაობაში. აგერ გია ნოდია, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ინტელექტუალი, წერს, ივანიშვილმა 12 მრჩეველი იმიტომ შეარჩია, რომ „წმინდა ბიძინას“ (დიახ, ზუსტად ასე წერს ფილოსოფოსი!) მოციქულები უფრო სჭირდება, ვიდრე მრჩევლები; ამიტომ საჭიროა მხოლოდ დაველოდოთ, როდის გამოჩნდება მათ შორის იუდაო.

მაგრამ მიუხედავად რჩევისა, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენებიო, ისტერიკა გრძელდება. ირაციონალური ვნებები, რომელსაც, ჩემი აზრით, მაინც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილი განსაზღვრავს, ამ დღეებში უკვე ხელისუფლების პირველი პირის საქციელში გამოიხატა - საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა.

„არა, შეუძლებელია!“, „ჭორია!“ - ასეთი იყო ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერების რეაქცია, როცა მათ ეს ამბავი შეიტყვეს. ზურაბ წერეთლის ქანდაკების დადგმაზე კიდევ თვალი დახუჭეს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო! არცთუ დიდი ხნის წინ პრეზიდენტმა რუსეთის მონის „კლასიკური არქეტიპი“ უწოდა თამარ ამაშუკელს მხოლოდ იმის გამო, რომ ხელოვნებათმცოდნემ რესტავრირებული ძველი ბათუმი გააკრიტიკა, ახლა კი საქართველოს მთავარი მტრის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობართან იქეიფა; ეახლა ქართული... არა, არა იმდენად ქართული, რამდენადაც „თბილისური კვაზიელიტის“ იმ მცირე ჯგუფს, რომლისთვისაც რუსული ინტელიგენცია რჩებოდა და რჩება სამყაროს ცენტრად, რომელიც ბოლო წლების მანძილზე წუხდა, დასტაევსკის გვართმევენო („ეკლესიებს გვინგრევენ!“ ამ ხალხისთვის ნამეტანი „გოიმური“ გამოთქმაა) და, რაც მთავარია, მთელი ამ წლების მანძილზე ქილიკობდა საქართველოს პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე!

რა არის ეს, თუ არა ირაციონალური ინსტინქტების აბობოქრება? მაშინ რატომ გვიკვირს მკითხავების, ასტროლოგების, უტვინო მღვდლებისა და „ბოზების“ ერთობლივი შემოტევა 2011 წლის შემოდგომაზე?

არა, არა მგონია, ეს „პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება“ იყოს. პირადად მე, იმ თაობის ადამიანს, ვისაც მთელი რეჟიმის ნგრევა და სამოქალაქო ომი ახსოვს, ეს ისტერიკა და ირაციონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მაშინებს. არაადეკვატურობა ახალი ძალადობის საბაბი შეიძლება გახდეს; ჟურნალისტების ბრძოლა მიკროფონისთვის, მათ თვალებში „ანთებული ზიზღი“, რომელიც ივანიშვილის პრესკონფერენციის კადრებში ვიხილეთ, შეიძლება დასაწყისი იყოს მარაზმის ახალი ქარიშხლისა განმანათლებლობისა და აზრის წინააღმდეგ ამხედრებულ საქართველოში. ანდა, უბრალოდ, ახალი ნიშანი იმისა, რომ ძალაუფლების დაკარგვის მართლაც რომ ისტერიული შიშით, ხელისუფლება გვაბრუნებს სივრცეში სახელწოდებით: „ნიკიტა რა მაგარია, არა?..“

გვაბრუნებს, რადგან ხედავს, რომ ქართულ საზოგადოებასაც მოსწონს ეს ადამიანები; „თბილისური კვაზიელიტა“ ვერ ჩაირეცხა. მას ძლიერი დასაყრდენი ჰყავს და ახლა უკვე ხელისუფლებისგან განდგომილი ბიძინა ივანიშვილის იმედიც აქვს. განმანათლებლურმა პროექტმა „არ იმუშავა“ და, რაც მთავარია, არ იმუშავა „დასავლურმა პროექტმა“ – „მკითხავების ქვეყანაში“ ისევ მესიის მოლოდინში არიან. ჰოდა, ასეთ სივრცეში ხელისუფლებას ისღა დარჩენია, იმას დაუჩოქოს, ვისაც წლების წინ გაემიჯნა, ვინც უკვე ჩარეცხა.

„მე ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავ.“ გახსოვთ, ვინ თქვა ეს?

ედუარდ შევარდნაძემ.
20 წლის წინ, საბჭოთა კავშირი დაშლილად რომ გამოცხადდა, 21 წლის ვიყავი, ანუ ცხოვრების ნახევარი ამ სახელმწიფოში გავატარე და, შემიძლია ვთქვა, რომ „საბჭოურობა“ ჩემთვის მშობლიურია. „მშობლიურობა“ ამ შემთხვევაში არანაირად ღირებულებითი შინაარსის ცნება არაა: ის არც სიკარგეს და არც სიცუდეს არ აღნიშნავს. მშობლიური, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რაც კარგად ნაცნობია, რაც ადრეული ასაკის მოგონებებსა და განცდებს უკავშირდება, რომლებიც მეხსიერებაში გარკვეული სიმბოლოებისა თუ ჟესტების სახით ჩაიბეჭდა. ასეთი სიმბოლოებისა და ჟესტების დაფიქსირება მრავალი წლის შემდეგაც კი წმინდად ასოციაციურად იმ ერთხელ უკვე ნანახ და განცდილ ამბებსა თუ მათზე მიბმულ ემოციებს გვახსენებს. აი, ვხედავთ ან ვისმენთ რაღაცას და მაშინვე სხვა, დიდი ხნის წინანდელი ისტორიები ამოგვიტივტივდება.

მაგალითად, ამ ორიოდე კვირის წინ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სტუმრობამ მეც და ბევრ ჩემი ან ჩემზე უფროსი თაობის ადამიანს, ვისაც ასევე გვემშობლიურება საბჭოეთი, 1981 წელს თბილისში ბრეჟნევის ვიზიტი გაგვახსენდა: საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული ქუჩები, ტრიბუნა თავისუფლების მოედანზე, სარკოზის სტუმრობის დღის უქმედ გამოცხადება, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების დავალდებულება – საპატიო სტუმრის დასახვედრად ქუჩაში გამოსულიყვნენ, ბრეჟნევის ეპოქის ასოციაციებს აღძრავს, ეპოქის, რომელსაც „უძრაობის ხანა“ შეარქვეს და რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე საქართველოს დასახასიათებლად.

„უძრაობის ხანა“ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაგნაციასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ბუტაფორიული, მოჩვენებითი რეალობის შექმნას გულისხმობს, რომელშიც უწყვეტი აღმავლობა და წინსვლაა, ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია, ყველას უხარია და ზეიმობს. სააკაშვილმა უძრაობის ხანის სოცშეჯიბრი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა: საქართველო თავისი ბუნებითა და კლიმატით, მთებითა და თოვლით, სასტუმროებითა და მოოქროვილი სახურავ-ფასადებით, უხეო პარკებითა და უფუნქციო ხიდებით უკვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ტურისტულ ადგილებს უწევს კონკურენციას. მხოლოდ, ბრეჟნევის დროისგან განსხვავებით ამისათვის საქართველოს გარდამავალ წითელ დროშას არავინ აძლევს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საეჭვო ხარისხის, მაგრამ ძვირად ღირებული სანახაობები თანდათანობით თავად საქართველოს მოსახლეობაშიც კი ვეღარ იწვევს განცვიფრებას და საქართველოს მომავალი გაბრწყინებაც უკვე ისევე სალაღობოდ ჟღერს, როგორც უძრაობის ხანაში კომუნიზმის მშენებლობა.

თუმცა საბჭოურობა არა მხოლოდ ქარხნებისა და სასტუმროების გახსნაზე პრეზიდენტის ომახიან სიტყვებსა და საქართველოს სახელმწიფო თუ სახელისუფლებო ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებიდან გამოსჭვივის და არც მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი გვიცოცხლებს მეხიერებაში თავისი უმრავლესობით უკვე საბჭოთა ისტორიის დასასრულს გაჩენილ ტერმინს „აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას“. საბჭოურობა უფრო მძაფრად და არასასაცილოდაც, ერთი შეხედვით, უხილავ და ნაკლებად მნიშვნელოვან სფეროებში ჩანს. ასეთი სფეროების გასაშუქებლად ყველაზე უკეთ ტერმინი „მიკროფიზიკა“ გამოდგება. მიკროფიზიკა ისეთ ნიუანსებსა და დეტალებს აკვირდება, რომლებიც ადამიანების მენტალიტეტში, მათ საუბრისა და აზროვნების სტრუქტურებში, მათ ქმედებებშია გამჯდარი. ამასთანავე, მიკროფიზიკის საგანი არა სახელისუფლებო პარადები და ინსცენირებები, არამედ ის ადგილებია, სადაც ხელისუფლება ერთობ არათეატრალურ ქმედებაშია.

ამის სამაგალითოდ ერთი სცენის გახსენება მინდა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში წლევანდელი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე, 3 ოქტომბერს გათამაშდა: საქართველოს განათლების მინისტრის პათეტიკურ სიტყვას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა გაბრწყინებულ სახეებს მოულოდნელად სტუდენტთა ერთი ნაწილის პროტესტი მოყვა. ეკრანზე თავისი გამორჩეული აგრესიით პროფესორი ლევან ალექსიძე რომ დავინახე, უცებ ჩემი სტუდენტობა გამახსენდა და მეგონა, რომ დრო სულ ცოტა 20 წლით უკან დაბრუნდა. მაგრამ ამ სანახაობაზე უფრო საბჭოური თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობა მეჩვენა, რომელმაც, თუნდაც დაპატარავებული და კარიკატურული მასშტაბებით, ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საბჭოთა წარმონაქმნი – კომკავშირი გამახსენა.

კომკავშირი, რომელსაც მე მოვესწარი, არა მხოლოდ სანომენკლატურო კარიერის ტრამპლინი იყო, არამედ განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტობის კონტროლის, მათი დასმენისა და დევნის რეპრესიული სტრუქტურაც, რომელიც პარალელურად სამხიარულო კონცერტ-საღამოებსაც აწყობდა და ლოიალურობით გამორჩეულ სტუდენტებს ჩეხოსლოვაკიისა ან ბულგარეთის საგზურებითაც აჯილდოვებდა. თსუ-ს თვითმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, როგორც ჩანს, სწორედ განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტებთან ანგარიშსწორებაცაა. თუკი სკოლები ან „პატრიოტთა ბანაკები“ მოზარდების ინდოქტრინაციის ადგილებია, სადაც სახელმწიფო და ეკლესია თანაბარი წარმატებით ცდილობენ ბავშვებისა და მოზარდების იდეოლოგიური ზღაპრებით თავის გამოტენვას, სტუდენტური „თვითმართველობა“ ახალი ნომენკლატურის შექმნის პრაქტიკულ კურსებად გამოიყურება, საიდანაც, კომკავშირის ანალოგიით, ახალ ფუნქციონერთა ელიტა უნდა გამოიწრთოს. აქ უნდა ეზიარონ მომავალი პოლიტიკოსები ავტორიტარიზმისა და აგრესიული მორჩილების იდეალებს და განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობას. ინდოქტრინაცია მხოლოდ მაშინაა ქმედითუნარიანი, როდესაც ის მიკროფიზიკურ დონეზე – სააზროვნო და სამოქმედო ჩვევებად გათავისდება.

2011 წელს თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ახალი, დამოუკიდებელი სტუდენტური ორგანიზაცია – „ლაბორატორია 1918“ შექმნეს, - ალბათ პირველი სტუდენტური გაერთიანება საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელია როგორც პარტიულ-პოლიტიკური მანიპულაციებისაგან, ასევე პოლიტიკური კონიუნქტურებისაგან. ეს ორგანიზაცია არც ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს ვინმეს, არც საქართველოს გაბრწყინებას ისახავს მიზნად; ის არც მმართველი პარტიის მხარესაა და არც ოპოზიციის და ორივეს თანაბრად ემიჯნება. ისინი მხოლოდ იმ შეკითხვებს სვამენ, რომლებიც ყველაზე უკეთ შეესატყვისება ახალგაზრდა ადამიანის ბუნებრივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ: მაგალითად, არის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური იმ ცოდნის ადეკვატური, რომელსაც ეს სასწავლებლები იძლევიან? საერთოდ, რამდენად სამართლიანია ფასიანი სწავლება გაღატაკებული მოსახლეობის ფონზე, რაც განათლებას ეკონომიკურად შეძლებულთა პრივილეგიად აქცევს? რატომ ვერ უნდა აცნობიერებდეს და არ აპროტესტებდეს საზოგადოება მისთვის უმწვავესად რეალურ პრობლემას – სოციალურ უსამართლობას? რატომ ვართ გულგრილები ადამიანთა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ?

პროფესორ გია ნოდიას აზრით, მაღალი გადასახადების გამო პროტესტი ან უფასო სწავლების მოთხოვნა თურმე საბჭოურობა ყოფილა. ამ ლოგიკით, მაგალითად, გერმანია საბჭოური სახელმწიფო ყოფილა, ისევე, როგორც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ინტელექტუალთა უმრავლესობისათვის სოციალური სამართლიანობა საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და პიროვნულ თავისუფლებებზე თავდასხმაა. ქართველ კონსერვატორთა, ნეოკონსერვატორთა თუ ლიბერტარიანელთა მთავარი ანტისაბჭოთა არგუმენტი – „უფასო სწავლა ცუდია!“ - მალავს საბჭოურობის, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის არათავისუფალი მენტალობის მთავარ ნიშანს - აფირმატიულობას, ანუ უსიტყვო მორჩილებას და ყველაფერ იმაზე თავის დაქნევას, რაც ძალაუფლების მქონე ავტორიტეტებისგან მოდის.

P. შ. ამ 23 წლის წინ, როდესაც სტუდენტი გავხდი, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. პირველი ასეთი აქციის ორგანიზატორი არა რომელიმე დისიდენტურ-არაფორმალური პარტია ან ორგანიზაცია, არამედ თსუ-ს სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო, რომელსაც პრეს-კლუბი ეწოდა და რომლის წევრიც მთელი ჩემი სტუდენტობის მანძილზე მეც ვიყავი. პირველ ეტაპზე ჩვენ ჯერ კომკავშირელები დაგვიპირისპირეს, შემდეგ უკვე გამსახურდიას მმართველობის დროს, მისი მომხრე სტუდენტები, რომლებსაც გამსახურდიამ საგანგებო ქვეკომისიაც კი შეუქმნა უზენაეს საბჭოში. ამჟამად იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის წევრების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასა თუ მის ოპოზიციურ პარტიებშია. ყველაზე პარადოქსული ის უნდა იყოს, რომ როდესაც ამ თაობამ ძალაუფლება აიღო, თავადვე შეუდგა იმ საბჭოური სტერეოტიპების რეპროდუქციას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მან თავისი „რევოლუციური“ კარიერა მოიმზადა. ასეთ ფონზე „ლაბორატორია 1918-ის“ საპროტესტო აქციებს როცა ვუყურებ, სწორედ საბჭოური კონფორმისტული მენტალობისგან თავისუფალ ადამიანებს ვხედავ. „ნუ გვატყუებთ!“ – მათი ამ ლოზუნგის ადრესატი კი მთელი თანამედროვე ქართული საზოგადოებაა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG