Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 დეკემბერი. See content from before

ორშაბათი, 12 დეკემბერი 2011

9 დეკემბრის „წითელი ზონა“ ინტერპრეტაციის თემას და მის ზოგადკულტურულ თუ კონკრეტულად ქართული კულტურისათვის მნიშვნელობას მიეძღვნა. ვინც ვერ შეძლო ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში ნახვა, შემიძლია მხოლოდ ვურჩიო, მის ვიდეოჩანაწერს მაინც გაეცნოს. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო გადაცემაში დასმულ ერთ კითხვაზე, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: რატომ არ ხდება არაფერი ქართულ კულტურაში? ან რატომ არ იქმნება არაფერი ღირებული და არალოკალური, ანუ რომლის ღირებულებითი რადიუსი საქართველოს ფარგლებსაც შეიძლება გასცდეს?
გადაცემის სტუმარმა გიგა ზედანიამ თქვა, რომ მას ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია. ალბათ შეუძლებელიცაა არათუ სპონტანურად, არამედ თუნდაც ხანგრძლივი და საფუძვლიანი კვლევის შედეგადაც კი, ერთი ამომწურავი პასუხის პოვნა, მით უმეტეს, რომ ამგვარი მცდელობები ყოველთვის ინტერპრეტაციას, ანუ საზრისების მოძიებას ან შექმნას გულისხმობს. ამისი პრეტენზია არც მე მაქვს და შევეცდები ორიოდე სიტყვით მხოლოდ იმით შემოვიფარგლო, რაც ზედაპირზეც კი თვალშისაცემად მეჩვენება.

ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული კულტურა არც ცუდია, არც კარგი – ის, უბრალოდ, არ არსებობს. არსებობენ ცალკეული მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მეცნიერები, არქიტექტორები, კრიტიკოსები, ანუ ისინი, ვისაც პირობითად „კულტურის მუშაკები“ ეწოდებათ, მაგრამ არა თავად კულტურა, რომლის რეპრეზენტაციაც მათ აწმყოში შეეძლებოდათ. უფრო მეტიც, იწერება წიგნები, იდგმება სპექტაკლები, იმართება კონცერტები, გამოფენები, მაგრამ არ არსებობს კონტექსტი, რომელიც ცალკეულ მოვლენებსა თუ ფაქტებს კულტურად გააერთიანებდა.
რას ნიშნავს კულტურული კონტექსტის არარსებობა? კულტურა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კულტურული გარემოს არსებობას - ისეთი სივრცისა, რომელშიც სიმბოლური კომუნიკაციაა შესაძლებელი. კულტურა სიმბოლოებით, ალეგორიებით, მეტაფორებით კომუნიკაციაა, რომელთა მეშვეობითაც ისევ სიმბოლური ფორმები წარმოიქმნება ან ინგრევა. ინტერპრეტაცია, როგორც საზრისმბადი საშუალება, ნიშნავს სიმბოლური ფორმების არა მხოლოდ გაგებას, არამედ კულტურულ სივრცეში, სიმბოლური კომუნიკაციის მიმოქცევაში მათ შემოტანას. ესა თუ ის სიმბოლური ფორმა გაგებას ან აღქმას მაშინ ექვემდებარება, როცა არსებობს კონტექსტი.

როდესაც კულტურაზე ნაციონალური ნიშნით ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს არა ზოგადად კულტურა, არამედ მისი ის თავისებური ნიშნები, რომელთა წარმომავლობის არეალი გეოგრაფიულია და კონკრეტულ ქვეყანას უკავშირდება. ამ სპეციფიკური ნიშნის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ კონტექსტში, რომელშიც სხვადასხვა წარმომავლობის ნიშნები ერთად იყრის თავს და, ამდენად, მათი შედარებაც შესაძლებელი ხდება. კონტექსტები კი არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიცაა მოცემული. ამიტომაც შეიძლება არსებობდეს დასავლური და აღმოსავლური, ქრისტიანული და ისლამური, თანამედროვე და ისტორიული კულტურები, რაც გარკვეული კონტექსტების არსებობაზე მიუთითებს. კულტურული კონტექსტი ცალკეული ნიშნების რეპრეზენტაციის, მათი წარმოჩენისა და აღქმის პირობაა.
ამ კუთხით თუ შევხედავთ, ქართული კულტურის დამახასიათებელი ნიშანი საკუთარი კონტექსტის არქონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუდამ სხვის – რომელიმე დიდ კულტურულ – კონტექსტში ყოფნას საჭიროებს, რომელიც მას თავის ადგილსაც მიუჩენს, საკვებითაც მოამარაგებს და საკუთარი თავის გამოჩენისა თუ დამკვიდრების საშუალებასაც მისცემს. ისტორიულად საქართველო მისივე დიდი მეზობელი ქვეყნების კულტურათა არეალში იმყოფებოდა, მათგან მიღებული საკვებითაც იკვებებოდა და მათსავე კონტექსტებში ეძლეოდა საკუთარი კულტურის ინსცენირების საშუალება. სამაგალითოდ შეიძლება გავიხსენოთ თანამედროვეობასთან დროში ყველაზე ახლო მყოფი რუსული და საბჭოთა კულტურული კონტექსტები, რომელთა რუდიმენტებიც ერთადერთია თანამედროვე საქართველოში, კულტურა ან მისი ნაშთი მაინც რომ შეიძლება ეწოდოს.

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოსათვის რუსეთი არა მხოლოდ დასავლურ კულტურასთან დამაკავშირებელი ხიდია, არამედ თავად იმ ახალი ქართული კულტურული იდენტობის – „ტურფა“ და „მზიური“ საქართველოს შემქმნელიც, თავისი ულამაზესი ბუნებითა და ადამიანებით თუ უძველესი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით. საბჭოთა ხანაში ამას დაემატა ქართული მეცნიერება, თეატრი, კინო, მხატვრობა თუ ფეხბურთი, და მოჭადრაკე ქალები...

რუსული-საბჭოთა კონტექსტი ქართულ კულტურას აძლევდა არა მხოლოდ თვითრეალიზებისა და განვითარების, არამედ კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლის საშუალებასაც, როგორც ამ დიდი კულტურის შემადგენელი ნაწილისას და საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა თუ პოსტტოტალიტარული ქვეყანა, დღესაც ამ ინერციით ახერხებს უახლესი ისტორიით დაინტერესებულთა ყურადღების მიპყრობას. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ის კონტექსტიც გაქრა, რომელიც საქართველოს კულტურული იდენტობის შინაარსს შესძენდა. ქართული კულტურა იქცა აღარარსებული ცენტრის პერიფერიად, სადაც ის უკვე კონტექსტგამოცლილი და საზრისმოკლებული სტერეოტიპების რეპრეზენტაციას ცდილობს თავისი საუკეთესოობის მტკიცებითა თუ ჩოხა-ახალუხში პატრიოტული ლექსების კითხვით, რაც მას საკუთარი თავისვე კარიკატურად აქცევს.

რამდენადაც ქართულ კულტურას საზრისების შექმნის საკუთარი გამოცდილება არ გააჩნია, მან ისინი ასევე გარედან უნდა მიიღოს მზა სახით და შემდეგ თარგმნოს საკუთარ ენაზე. ეს თვისება სტაბილურად უცვლელი ზედაპირულობითაც გამოიხატება, რის გამოც მასში შემთხვევით მოხვედრილ უცხო და უცნობ ელემენტს ქართულ კულტურაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია – არც გამამდიდრებლისა და არც დამანგრეველ-გადაფასებითისა.
მახსენდება ერთი ანეკდოტი: 1965 წლამდე საბჭოთა კავშირში ფრანც კაფკა აკრძალული ავტორი იყო და მიიჩნეოდა, რომ კაფკას არაჰეროიკულ და პესიმისტურ სამყაროს უარყოფითი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა იმედიანი, ნათელი მომავლის მშენებელ საბჭოთა ხალხზე. ამიტომაც ის არც ითარგმნებოდა და არც ისწავლებოდა. ერთადერთი გამონაკლისი საქართველო იყო, სადაც კაფკას პირველი ქართული თარგმანები უკვე 50-იან წლებში გამოჩნდა. ასეთი გამონაკლისი საბჭოთა ცენზურის პასუხისმგებელ პირს იმით დაუსაბუთებია, რომ ქართველები კაფკას რომ წაიკითხავენ, წიგნს დახურავენ და მის სადღეგრძელოს დალევენ და ყველაფერიც ამით დამთავრდებაო.

კულტურული ნგრევა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო, არც შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგი იყო და არც იმდენად ახალი კულტურული იდენტობის შექმნის იდეით მოტივირებული, რამდენადაც კულტურული კონტექსტის დაკარგვით გამოწვეულ აფექტურ ქმედებებს უფრო ჰგავდა. საზღვრებგახსნილი და დამოუკიდებლად, მაგრამ უკონტექსტოდ დარჩენილი, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა და ლოკალური გახდა, რომელიც საკუთარი თავისთვისაც კი აღარაა საინტერესო თუ მიმზიდველი. ამიტომაც, ყველაზე რთული ამოცანა დღეს ისეთი კონტექსტების პოვნა მგონია, რომელიც მას ლოკალურობიდან გამოიყვანდა და საკუთარ თავსაც ისეთი კუთხიდან დაანახვებდა, როგორიც ორსაუკუნოვანი თვითტკბობის ტრადიციიდან მისთვის უცნობია.
2011 წლის 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად შეაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ჩემთვის სრულიად ნათელია, რით შეუძლია მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და ადამიანს, სასარგებლო იყოს საქართველოსთვის.

* * *

ბევრი განსხვავების მიუხედავად, ქვეყნის სამივე პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს – ერთი ზნე სჭირდა და სჭირს: მოსვლის ცოდნა და წასვლის არცოდნა.

მოსვლის ცოდნა – სათქმელად არის ადვილი, თუმცა, არც ერთი პრეზიდენტი ხელისუფლების სათავეში ადვილად არ მოსულა. არც ერთი მათგანი პირველი პირი არ გამხდარა წყნარი და კულტურული პოლიტიკური პროცესის შედეგად.

ზვიად გამსახურდიამ კონკურენციით გაჟღენთილ გარემოში ყველა ლიდერი ჩამოიცილა და დათრგუნულ-მიძინებული ქვეყანა რადიკალური ნაციონალიზმის კალაპოტში გასტყორცნა. ედუარდ შევარდნაძეს ქვეყნის ერთი ნაწილი, მართალია, მხსნელად მიიჩნევდა, მაგრამ მეორე ნაწილი „სატანას“ უწოდებდა, სახეში აფურთხებდა და აგინებდა. მიხეილ სააკაშვილს კი ვარდების რევოლუციამდე ცოტა ვინმე თუ აღიარებდა თუნდაც ოპოზიციის ლიდერად. სამივე პრეზიდენტმა უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პიროვნულ რესურსზე დაყრდნობით, მოიპოვა პირველი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში.

შესაძლოა, სწორედ ურთულეს ბრძოლაში გამოჭედილი გამარჯვების გამო, ვერც შევარდნაძემ შეძლო და, მით უმეტეს, ვერც გამსახურდიამ, რომ პრეზიდენტის სავარძელი დროულად დაეთმოთ და ქვეყნის მართვის მთავარ პრინციპად (იმავდროულად, ქვეყნის უბედურებად) საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება არ ექციათ. ამავე შეცდომას იმეორებს მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც ორჯერ (2004 და 2010 წლებში) ძირფესვიანად შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია სწორედ საკუთარ ხელში ძალაუფლების მოსაქცევად და შესანარჩუნებლად.

* * *

ის ფაქტი, რომ გასულ ოც წელიწადში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი ბიზნესი, თავისუფალი მედია, ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვეული იყო და არის ძალაუფლების გადანაწილების შიშით. მართვის ცენტრისკენული პრინციპი გამჭოლ იდეად გაჰყვა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანას. ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს – ძალაუფლების შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ლიდერის ქარიზმა დაბერებულია, დაშრეტილია და საქართველოს მოსახლეობა დაჟინებით ითხოვს ახალ ლიდერს.

* * *

ახლა დავუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე: მგონი, ზუსტად ვიცი, რა სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას ახალი ლიდერისგან. მას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ მოსვლა, არამედ, წინამორბედებისგან განსხვავებით – წასვლაც. ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი დაფასდება არა მხოლოდ იმის მიხედვით, როგორ მოვიდა, არამედ, იმის მიხედვითაც – როგორ წავა.

ოღონდ, იმისათვის, რომ ღირსეულად წახვიდე, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ღირსეულად მართო ქვეყანა. ჩემი აზრით, სააკაშვილმა ეს შანსი დიდი ხნის წინ ნებაყოფლობით გაუშვა ხელიდან, როდესაც აირჩია ორი პრიორიტეტი: პროდუქტზე ორიენტირებული მართვა და მორჩილი სასამართლო.

რას ვუწოდებ პროდუქტზე ორიენტირებულ მართვას? თავის წარმატებას მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის პროდუქტით ზომავს: გზა, ფასადი, შადრევანი, წესრიგი, ახალი საავადმყოფო, გარემონტებული სკოლა, პატრული, მანდატური, ჰესი, ყვითელი ავტობუსი, ძველი ქალაქის განახლებული უბანი, ახალი ქალაქი...

მაგრამ ხელისუფლებას კატეგორიულად არ უყვარს საუბარი პროცესზე: რა თანხით, რა ხარისხით, რა დროში და ვინ შექმნა ის პროდუქტი, რომლითაც პრეზიდენტი ამაყობს? რამდენად გაამართლა ნულოვანმა ტოლერანტობამ ან მანდატურის ინსტიტუტმა? როგორ ცხოვრობს ხალხი უკვე არსებულ ქალაქებში და რისთვის გვჭირდება ახალი ქალაქი? რა ხდება გალამაზებულ ფასადებს მიღმა? რამდენად კანონიერად ტარდება ესა თუ ის ტენდერი? რამდენად დასაბუთებულია ამა თუ იმ პროდუქტის ფასი? რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს დიდ ჰესებს? რამდენად დაცულია ტყე ან ჰაერი? რამდენად რენტაბელური და სწორია პარლამენტის დედაქალაქიდან სხვა ქალაქში გადატანა? რამდენად ხელმისაწვდომი და ხარისხიანია ჯანდაცვა?.. და ასე შემდეგ.

სწორედ იმიტომ, რომ პროდუქტი აჩენს შეკითხვებს ამ პროდუქტის შემქმნელ პროცესთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე საბოლოო პასუხი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გასცეს. თუ გვინდა, რომ, უბრალოდ, პროდუქტით დავტკბეთ და ზედმეტმა შეკითხვებმა დისკომფორტი არ შექმნას, აუცილებელია დისკუსიის სივრცის შეზღუდვა და სასამართლოს მიბმა პროდუქტის შემქმნელზე – ესე იგი, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. რაც ხდება კიდეც.

როდესაც ქვეყანაში ბევრი უხარისხო პროდუქტია და პროცესის განხილვას ტაბუ ადევს, ბუნებრივად ეხსნება გზა სახელისუფლო ელიტის კრიმინალიზაციას („ელიტურ კორუფციას“). პოლიტიკური ელიტის კრიმინალიზაცია კი გარდაუვლად იწვევს ძალაუფლების დაკარგვის შიშს, ვადების გაწელვას, პროცესის რადიკალიზაციას და პოლიტიკურ კატაკლიზმებს.

არაფერს აქვს იმდენი კავშირი სახელმწიფოებრივ ღვაწლთან, რამდენიც – ძალაუფლებისკენ ლტოლვის დამარცხებას ყოველდღიურ საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილს უყვარს ედუარდ შევარდნაძესთან გაჯიბრება და მისი დამარცხება. ბოლო პარამეტრი, რომლითაც ყოველთვის შეადარებენ შევარდნაძესა და სააკაშვილს, სწორედ ძალაუფლების დათმობა, პოსტიდან წასვლა იქნება. ვინც ამ პარამეტრით გაიმარჯვებს, საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩება.

* * *

პრობლემა ის არის, რომ ღირსეულ წასვლაზე ქვეყნის პირველი პირი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს – პოსტის დაკავების დღიდან ვადის ამოწურვამდე თუ გადადგომამდე. უნდა ზრუნავდეს პროცესის გახსნილობაზე, კანონთან მის შესაბამისობაზე, პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვაზე. პროდუქტი გამჭვირვალე პროცესის შედეგი უნდა იყოს და არა – თვითკმარი ღირებულება. სწორედ ეს იქნება გარანტია, რომ პოლიტიკურ ლიდერს არ გაუჩნდება არც დამოუკიდებელი სასამართლოს, არც ძლიერი ოპოზიციის და არც თავისუფალი მედიის შიში. შესაბამისად, მას არც პოსტიდან წასვლის შიში ექნება.

* * *

ჩემი აზრით, ღირსეულად წასვლის შანსი ახლა მხოლოდ მომავალ ლიდერს აქვს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა წინამორბედების მთავარი შეცდომა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამიტომ დაიწყო წასვლის ვადის განსაზღვრით – ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებას დავტოვებ და ოპოზიციაში გადავალო. მხოლოდ იმ ლიდერს (ივანიშვილს ან სხვას), რომელიც პირველი პირის პოსტს და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭება, შეუძლია, დაუშვას და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ორ-სამ წელიწადში ქვეყნის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თამაშის ახალი წესების შემოღება ნამდვილად მოესწრება.

ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი არ აზუსტებს, როგორ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ის ამბობს, რომ არჩევნებში დაამარცხებს სახელისუფლო პარტიას. ამის თქმა არაფრის თქმის ტოლფასია, რადგან ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ძლიერი მხარე და გამოცდილება სწორედ არჩევნებში ოპონენტების დამარცხებაა. გამოდის, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ივანიშვილი საზოგადოებას უხსნის, როგორ წავა, მაგრამ არ უხსნის, როგორ მოვა – რაც ყველა დანარჩენ შეკითხვას აზრს უკარგავს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური ცხოვრების დაწყება წასვლის პირობის დადებით არა მხოლოდ სიახლეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, არამედ, მოთხოვნადი და სასარგებლო სიახლეც არის.

რამდენადაც შეძლებს ბიძინა ივანიშვილი, რომ სიტყვა შეასრულოს – დროულად, მშვიდობიანად მოვიდეს და დროულად, მშვიდობიანად წავიდეს – ზუსტად იმდენივე შანსი ექნება საქართველოს, რომ გულწრფელად ცადოს, თავმოყვარე, ზრდასრულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG