Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 8 ოქტომბერი 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ვურეკავ და ვეკითხები: - პატივცემულო კოლეგავ, თუ შეიძლება მითხარით, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა?

იქვე ვაზუსტებ, რომ ეს ინფორმაცია ეკუთვნის კოალიცია „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, რომელმაც ადეიშვილი ფაქტობრივად დეზერტირობაში დაადანაშაულა. „ვიცი, რომ მან დატოვა საქართველო, მაგრამ მას საქართველო რომ არც დაეტოვებინა, ფაქტია, რომ მიატოვა თავისი უწყება, მან მიატოვა მიმდინარე საქმეები, მან მიატოვა ეს უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც უზარმაზარია და ბევრი ადამიანი მუშაობს“, - განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ თეა წულუკიანმა.

- არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, - საოცრად ნაღვლიანი ხმით მპასუხობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. მინდა რაღაცით ვანუგეშო ასეთ მდგომარეობაში მყოფი კოლეგა.

- უკაცრავად, მაგრამ მაშინ იქნებ ის მითხრათ, საქართველოში თუ იმყოფება?

- ჩემთვის არც ეს არის ცნობილი, - მესმის სატელეფონო კავშირის მეორე ბოლოს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი ადამიანის დაღლილი ხმა.

უკეთესი მდგომარეობა არც თავდაცვის სამინისტროშია, სადაც დღე-დღეზე შევა კოალიციური მთავრობის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას საგანგებო, „გაცნობითი ჯგუფი“. სამხედრო უწყებაში იციან რომ დიმიტრი შაშკინი მივლინებით აშშ-ში იმყოფება, თუმცა არ იციან, თუ როდის დაბრუნდება უკან. როგორც ამბობენ, 2 ოქტომბრის შემდეგ უგზოუკვლოდ არიან გაუჩინარებულნი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დათა ახალაია და მის ძმა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომლის ხსენებაზე სახელმწიფო უწყებებში ისეთი რეაქცია აქვთ, თითქოს სულ ორიოდე კვირის წინ მე ვუწოდებდი მას „სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოს.“

რა არის ეს? ნუთუ ყოფილი მინისტრების დეზერტირობასთან გვაქვს საქმე?! ნუთუ დასაჯერებელია, რომ იუსტიციის მინისტრმა გაქცევით უშველა თავს? არა, ბაჩო და დათა ახალაიებისგან, მათ მიმართ არსებული ბრალდებების გამო, კაცს გაქცევა არ უნდა გაგიკვირდეს. მაგრამ ნუთუ პოლიტიკური ბრძოლის ველს გაეცალა დიმიტრი შაშკინი, ავტორი დევიზისა „არც მშვიდობიან დროს და არც ომში, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ?“

ორხელისუფლებიანობის პირობებში ძნელია ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა. შესაძლოა, ზემოხსენებული მინისტრები არც არსად წასულან და ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის კვალის ასარევად გაკეთებული ერთგვარი ტაქტიკური სვლაა. აგერ ზურაბ ჭიაბერაშვილიც არ ჩანდა, მაგრამ 8 ოქტომბერს გამოვიდა არენაზე და ალალად დაიცვა კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა მუქარებისგან.

ჯერ კიდევ დარგის მოქმედი მინისტრისაგან ასეთი გამოსვლა პოლიტიკურად მოულოდნელია, თუმცა ადამიანურად გასაგებია - თანამდებობის პირს მუხლები არ უკანკალებს და დგას იქ, სადაც მისი პრეზიდენტი და მისი გუნდია. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ვიღაც-ვიღაცებს რომ ეგონათ, შოკშია და განადგურდაო, პრეზიდენტმა აგერ ახლახან თბილისის ქუჩებშიც ისეირნა, ფორსირებულად აარჩევინა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმისა და ქუთაისის მერები და სულ ბოლოს, საკუთარი დეკრეტით სპეც-კავშირებისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოებიც პირად კონტროლზე აიყვანა, რათა მომავალი მთავრობის მინისტრებმა ვერ გაიგონ, თუ ვის ელაპარაკება და რაში ხარჯავს სახელმწიფო თანხებს ქვეყნის პრეზიდენტი.

სააკაშვილის ბოლო გადაწყვეტილება კი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაინიშნა. კალანდაძეს, რომლის მეთაურობით მოქმედმა მე-4 ბრიგადამ 2008 წლის აგვისტოს ომში საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადა, არმიაში სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგულ ოფიცრად იცნობენ. შესაბამისად, მისი დანიშვნით სააკაშვილმა ძირშივე აღკვეთა სპეკულაციები პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას, ან ოპოზიციის სხვა რომელიმე სასურველი კანდიდატის გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნაზე და აშკარად მიანიშნა „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას, რომ პრეზიდენტი არც არმიაზე კონტროლის სადავეების შესუსტებას დაუშვებს.
ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ულტიმატუმისათვის ვერ გაიმეტა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გადადგომა მას თავდაპირველად მხოლოდ მეგობრულად ურჩია. 3 ოქტომბერს კი „რჩევა“ კერძო მოსაზრებამდე დაიყვანა და შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მიზნით. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება და შევეცდები დავასაბუთო, რატომ ვფიქრობ ასე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ, ორკვირიანი კონსულტაციის შემდეგ, ყველა მინისტრის, მათ შორის, ე.წ. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელების პორტფელებს გამარჯვებული ძალა, კოალიცია „ქართული ოცნება“, მოითხოვს. თეორიულად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება და მოითხოვოს სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების - პოსტების შენარჩუნება, რასაც, როგორც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს, უსათუოდ მოჰყვება მტკიცე უარი და შემდგომი სახელისუფლო კრიზისი, რის შექმნაც, თავის მხრივ, აწ უკვე ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარირებულ გეგმებში აღარ შედის. და რომ შედიოდეს კიდეც, ასეთი სიჯიუტით დამარცხებული მმართველი გუნდი კიდევ უფრო გაიუარესებს მდგომარეობას: პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდება, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ადმინისტრაციულძალაგამოცლილი „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ადგილს მიიღებს და, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან.

თუმცა ვითარება უკეთესი არც მაშინ იქნება, თუ პრეზიდენტი მიიღებს გამოწვევას და პარლამენტში დასამტკიცებლად ხელს მოაწერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის სიით შემადგენლობას.

აი, აქ კი ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი და არც ერთი არ ჰპირდება სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის „უღრუბლოდ“ ამოწურვას.

არავინ იცის, რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კოალიციის ლიდერმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა წარადგინა გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს კედლებს. ცხადია, სააკაშვილი კატეგორიულ უარზეა, იმუქრება სახელისუფლო კრიზისით, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება მიიღოს იმ გენერლის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ უწოდა „კრიმინალების, ადამიანთა გამტაცებლებისა და ნარკომაფიის მფარველი“. უეჭველია, სააკაშვილის შემორჩენილ მხარდამჭერებს უკვე მხოლოდ თამაზაშვილის დანიშვნა მიაყენებდა ისეთ მორალურ დარტყმას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სრული ჩამოშლა“ უკვე გაბზარული „ნაციონალური მოძრაობისა“.

არადა, მოვლენათა არც სხვაგვარი განვითარება ამცირებს „ნაცმოძრაობის“ სრული კრახის საფრთხეს. ვინც უნდა დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალ მინისტრებს აუცილებლად მოუწევთ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, გლდანის ციხის სკანდალის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტორეპორტიორების თუ სხვა „რეზონანსული“ საქმეების ხელახლა გამოძიება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაა, მისგან ელექტორატის დიდი ნაწილი, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. შესაბამისად, მეტისმეტ მერყეობას ან სიტყვის გატეხვას „ქართული ოცნების“ ლიდერს არავინ აპატიებს.

იგივე შეიძლება ითქვას რვა წლის განმავლობაში უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების უკან დაბრუნების პროცესზე, იმ საქმეების გაცოცხლებაზე, რომელთა განხილვაზეც სასამართლოები ახალ რეალობაში უარს ვეღარ იტყვიან. კი გააკეთა აბსტრაქტული მოწოდება ივანიშვილმა, იქნებ მეგობრულად დააბრუნოთ სხვებისთვის წართმეული ქონებაო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ნებაყოფლობითი „ტრანსაქცია“ დღევანდელ ვითარებაში? იმ პირობებში, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ არც საქართველოს მოქალაქეობა და არც ჩამორთმეული უძრავი ქონება თბილისში, ურეკსა და ბათუმში, ძნელი დასაჯერებელია, რომ მავანმა ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა თავზე ნაცარი დაიყაროს და უკლებლივ ჩააბაროს წართმეული ქონება, ვთქვათ, დევნილ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ან ციხეში გამომწყვდეულ მერაბ რატიშვილს. არადა, სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში გამოძიების კვალი უსათუოდ მივა იმ თანამდებობის პირებამდე, რომლებსაც მთელი რვა წლის განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ორ პოლიტიკურ ძალასა და მათს ლიდერებს შორის რაიმე კულუარული გარიგება უკვე არ არსებობს, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ზოგიერთი მინისტრის დაპატიმრების საკითხიც. რამდენადაც ცნობილია, მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ღიად არავისთვის მიუცია და ასეთ რამეს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ვერც რომელიმე დასავლელი პოლიტიკური პარტნიორი მოსთხოვს.

ჰოდა, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მიტკალივით გაფითრებულ და ბორკილდადებულ რომელიმე ყოფილ მინისტრს პოლიციის დეტექტივი დაკავების სანქციას უკითხავს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამ დროს ზის სამუშაო კაბინეტში და იტანჯება იმაზე ფიქრით, რა პასუხი გასცეს მის რეზიდენციასთან შეგროვილ უამრავ ჟურნალისტს; რით ანუგეშოს ის თანამებრძოლები, რომლებიც, სულ მცირე, პასიური თანამონაწილეები არიან ყველა იმ უკანონობისა, რომელთაც ახალი სახელმწიფოს მშენებლობის თანმდევ „აუცილებელ ბოროტებად“ სახავდნენ მათი იდეოლოგები.

„თავისი ტყავის გადასარჩენად სააკაშვილი ნებისმიერს გაწირავს“, - ხშირად ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელი ოპონენტები. კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში, ჟარგონს თუ ვიხმართ, ყველაფერი მოსულა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს მეგობარ უკრაინაში სააკაშვილის მეგობარმა და მისი შვილის ნათლიამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ საერთოდ გზიდან ჩამოიშორა თავისი ყოფილი თანამებრძოლი, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მეორე ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, შემდეგ კი „პოლიტიკურად მოტივირებულ“ სასამართლოზე მის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცა. არ მინდა დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ ქარიზმატული ლიდერი, ასეთ დაცემაზე ხელს მოაწერს. თუმცა მას, როგორც ზემოთ ითქვა, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი არჩევანის შესაძლებლობა არც აქვს. და, შესაძლოა, ივანიშვილმაც, სწორედ როგორც ადამიანმა ადამიანს, ისე ურჩია სააკაშვილს, „არ გაიწვალოს თავი“ - ანუ არ მიიყვანოს საქმე იმპიჩმენტამდე - გადადგეს ნებაყოფლობით და, ამგვარად, პასუხისმგებლობა იტვირთოს თავისი გუნდის აქტიურ წევრთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რომელთა შელამაზება, ჩამოწერა და დავიწყება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, როგორც პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკოსის, ძალებსაც კი აშკარად აღემატება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG