Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 11 ოქტომბერი 2013

რუსეთის მთავრობას დამოუკიდებელი საქართველო რომ არ უყვარს, დიდი საიდუმლო არ უნდა იყოს. დემარშები - დაწყებული საზღვრის გადმოტანიდან და დამთავრებული სხვადასხვა ჩინოვნიკის გამოხტომებით, რომელთაც ქართულად სახელი არ ვიცი რა ჰქვია და რუსები хамский-ს ეძახიან - თითქმის ყოველდღიური გახდა.

უკანასკნელი ასეთი დემარში იყო სოჭის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში (რომელიც, სხვათა შორის, უკვე მეხუთედ ჩაქრა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეობისათვის დაჯილდოებული სამხედრო მფრინავის, ვინმე ივან ნეჩაევის მონაწილეობა.

ამ ამბავმა ქართველი ერის ფეისბუკში აქტიური ნაწილის უჩვეულოდ ერთსულოვანი აღშფოთება გამოიწვია. ერთი ძველი ანეკდოტის არ იყოს, რომელსაც 90-იანი წლების ქართველი “პატრიოტები” ოსებზე ჰყვებოდნენ, თავზე დაგვაჯვეს, დროა პირი გავაღოთო. თვითგვემამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ, იფიქრებ, თბილისში ერთ დროს პოპულარული შახსეი-ვახსეი არსად გამქრალა, უბრალოდ ფერი (და ფორმა) იცვალაო.

ბევრისაგან განსხვავებით მე ვფიქრობ, რომ ასეთი დემარშები -კარასინის და ონიშჩენკოს წამოკივლებებით დაწყებული და ოლიმპიური მეჩირაღდნეებით დამთავრებული - რუსეთის უუნარობის სიმპტომია, რაიმე ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსზე. უსუსურობის ნერვიული გამოხატულებაა და ასეთი რამე გასაბრაზებელია, თუ პირიქით, უკვე მკითხველისთვის მიმინდვია.


რა უნდა და რა შეუძლია რუსეთს?

რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის აღდგენა სურს, თან ისე, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებელი ნომინალურს. ამ გეგმას რუსეთი ისეთ ქვეყნებშიც კი ვერ ახორციელებს, როგორიც ბელორუსიაა, მაგრამ იმედს და მონდომებას მაინც არ აკლებს. რუსეთის (მცდარი) აზრით, სამხრეთ კავკასიაში ის და “დასავლეთი” ნულოვანი ნაშთის თამაშს (zero-sum game) თამაშობენ: რამდენსაც შენ დათმობ, იმდენს მოიგებს მოწინააღმდეგე. შესაბამისად, რაც უფრო მეტად დაუახლოვდება, ვთქვათ, საქართველო ნატოსა და ევროპის კავშირს, მით უფრო ნაკლები იქნება მასზე რუსეთის გავლენა. აქედან გამომდინარე, რუსეთის პირველხარისხოვანი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ნელ-ნელა შემოაბრუნოს ევრაზიული კავშირისაკენ.

ამ სტრატეგიული გეგმის შესასრულებლად რუსეთის რესურსები შეზღუდულია. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო (და შიდა) პოლიტიკაზე პირდაპირი ზემოქმედების მექანიზმები მას არ აქვს. საპატრიარქოს ერთმორწმუნეობისა და ანტიდასავლურობის პროპაგანდის კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებში კონვერტაციას საკმაო დრო სჭირდება. ამიტომაც რუსეთი შეეცდება ისევ იმ გზით იაროს, რომლითაც მან საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩათრევა მოახერხა. ეს არის არა პირდაპირი აგრესიის, არამედ პროვოკაციების გზა, რომელიც საქართველოს იქით გამოაჩენს აგრესორად და რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორად.

ქართული მედიისათვის მგონი შეუმჩნეველი დარჩა, რომ ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი და “სუვერენული დემოკრატიის” დოქტრინის ავტორი, კვლავ დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად, ამჯერად სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობების საკითხში. დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი ამ მიმართულებით სერიოზულად ემზადებოდეს. არ ვიცი, რამდენად კარგია, როდესაც ქართული მხრიდან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობას შესაძლოა კარგი “ენჯეოშნიკი”, მაგრამ ადეკვატურობას სრულიად მოკლებული მინისტრი ზაქარეიშვილი უძღვება.


რა უნდა და რა შეუძლია საქართველოს?

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია რუსეთის სარკისებური ანარეკლია: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც (რუსეთისაგან) დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნების ამჟამად ერთადერთი შესაძლებლობაა. მაგალითად, ხელშეკრულება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, რომელსაც ვილნიუსის სამიტზე უნდა მოეწეროს ხელი, ნულოვანი ნაშთის თამაშში რუსეთის დამარცხებას ნიშნავს.

ის, რაც ჩვენში “ევროინტეგრაციად” არის მონათლული, ერთი მხრივ და დიდწილად დამოკიდებულია ევროკავშირის და ნატოს სურვილზე, აღიაროს საქართველო იმ ფასეულობების და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თვითონ აქვს დაწესებული, მეორე მხრივ კი, საქართველოს უნარზე, დაუმტკიცოს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს ამ სტანდარტებისადმი შესაბამისობა. ამ ორ მხარეს შორის დამთხვევა ავტომატური არაა: საქართველომ რომც მიაღწიოს სერიოზულ წარმატებებს დემოკრატიზაციასა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს მაინც შეიძლება არ ჰქონდეთ პოლიტიკური ნება, გაუღონ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის კარი. რუსეთი, რომელსაც ჩვენ ბოროტების იმპერიას ვეძახით, თითქმის ყველა დიდი საერთაშორისო კლუბის წევრია, ყველაზე გავლენიანი ორგანოს, უშიშროების საბჭოს ჩათვლით. მოდი, სხვა დროს ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენად სამართლიანია იალტისშემდეგი მსოფლიო წესრიგი და რეალობიდან გამოვიდეთ. რუსეთს შესწევს ძალა ევროკავშირის და ნატოს წევრებზე სერიოზული და ანგარიშგასაწევი გავლენა იქონიოს. რუსეთთან შედარებით საქართველოს გავლენა ნატოს და ევროკავშირის წევრებზე მინიმალურია, მაგრამ მთლად ნულის ტოლიც არ არის.

როგორც არ უნდა ვეცადოთ, რუსეთთან საქართველოს დაპირისპირებაში ერთი იარაღი აქვს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა. სწორედ ამ იარაღმა შეაჩერა რუსეთი 2008 წელს. რამდენად და როგორ შეუძლია საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მომხრობა? როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დიდ საჭადრაკო დაფაზე თავისი პატარა პარტია ითამაშოს?

ეს არის პატარა, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მაშენებელი, მშვიდობიანი სახელმწიფოს პარტია, რომელსაც მტკიცე უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ ძალადობრივ აქციებზე, კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს ცნობს და კეთილმეზობლური ურთიერთობებისაკენ მიილტვის, თუნდაც ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია. ეს “იმიჯი” საქართველომ მაქსიმალურად უნდა დაამკვიდროს “დასავლეთში” ყველა დონეზე: დაწყებული კულტურულით და დამთავრებული დიპლომატიურით.

ამისათვის საქართველომ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. არჩევნების გზით შეიცვალა მთავრობა, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მზადყოფნა გამოითქვა. ადამიანი მაინცა და მაინც ტალეირანი არ უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ მიმხვდარიყავი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ნამდვილი გადატვირთვა შეუძლებელია იქამდე, სანამ რომელიმე მხარე საკუთარ პოზიციებს არ დათმობს. რადგანაც საქართველოს, მიუხედავად წინა მთავრობის მხარდამჭერთა შიშებისა, ასეთი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რუსეთი კვლავ უბრუნდება თავის ჩვეულ სტრატეგიას: საქართველოს პროვოციერებას ისეთ რამეზე, რაც მან შეიძლება გამოიყენოს საბაბად მცირე ან დიდი ზომის კონფლიქტისათვის.

რისი გაკეთებაც დღეს საქართველოს შეუძლია, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და საკუთარი სტრატეგიული გეგმის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელებაა, ოღონდ რუსეთთან შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობების გარეგნულად შენარჩუნებით. გარეგნულად იმიტომ ვამბობ, რომ სერიოზულად არავის სჯერა ამ ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობაზე.

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოსათვის მეათეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ისიც უნდა წყდებოდეს არა ემოციების და ჩვეული ურაპატრიოტიზმის დონეზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის ღირსების ერთადერთი საზომი არსებობს: შეეძლოს საკუთარი სტრატეგიული მიზნების განხორციელება, ოღონდ არა ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, არამედ საკუთარი და სხვისი თავისუფლების ფასეულობაზე დაყრდნობით.
მამაჩემი 75 წლისაა. რაც თავი მახსოვს, შუმერული ცივილიზაციითა და, ზოგადად, შუამდინარეთის ისტორიით არის გატაცებული. მასთან ბოლო კამათი რამდენიმე დღის წინ, სწორედ ისტორიული შუამდინარეთიდან, თანამედროვე ერაყიდან მქონდა. დისკუსია ხუდონჰესს ეხებოდა, მამა ყოველთვის ემხრობოდა მის აშენებას. სრულიად ბუნებრივია, რომ ხუდონჰესს მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. მაგალითად, წინა კვირაში ერთი ნაცნობი, რომელიც ჰესის აშენების მომხრეა, ფეისბუკზე წერდა, ხაიშელები რეზერვაციაში ცხოვრებას იმსახურებენო. ჩემი მიზანი არ არის ამგვარი შეხედულებების მქონეთა გადარწმუნება, რადგან ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ასეთი ხარისხის სისასტიკის დათრგუნვას ჩემი მოკრძალებული ბლოგპოსტით შევძლებ. თუმცა, იმედი მაქვს, ქვემოთ მოყვანილი სამი მაგალითით საკუთარი მამის დარწმუნებას მაინც მოვახერხებ.

1. სკოლაში, ალბათ, ყველას გვისწავლია შუამდინარეთის ისტორია. შუამდინარეთი აერთიანებს თანამედროვე ერაყს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთს, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ ირანისა და კუვეიტის მცირე ნაწილებს. მდინარეები ევფრატი და ტიგროსი რომ არა, ამ ტერიტორიას არც შუამდინარეთი ერქმეოდა და, ალბათ, არც ცივილიზაციის აკვანი. 1980-ანი წლებიდან მოყოლებული თურქეთის მთავრობა 22 კაშხალსა და 19 ჰესს აშენებს ევფრატსა და ტიგროსზე (ტიგროსისა და ევფრატის აუზი საზიაროა თურქეთის, სირიის, ერაყის, ირანისა და კუვეიტისთვის; შესაბამისად, აშენებულმა კაშხლებმა უკვე შექმნა წყლის დეფიციტი მეზობელ ერაყსა და სირიაში), მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ტიგროსის ნაპირზე უნდა აშენდეს 138 მეტრის სიმაღლის ილისუს კაშხალი. ილისუ ყველაზე დიდი კაშხალი იქნება ტიგროსზე და უდიდესი საფრთხეც ამჟამად ძირითადად ქურთებით დასახლებული უძველეს ქალაქ ჰასანკიფისთვის. მე-12 საუკუნის ხიდი, ციტადელი, მე-14-მე-15 საუკუნეების მეჩეთები, კლდეში ნაკვეთი სამლოცველოები მცირე ჩამონათვალია იმ მსხვერპლისა, რასაც ეს კაშხალი მოითხოვს. სპეციალისტების აზრით, ასი წელი მაინც დასჭირდება ამ ქალაქის კულტურული ძეგლების გადატანასა და სათანადო წესით დაცვას. კაშხლის აშენების შემთხვევაში კი ათასობით ადამიანს ემუქრება გადასახლება, ხოლო უძველეს ქალაქს - განადგურება.

2. ყველას გაგვიგია იორდანეს სახელი. ისრაელის, იორდანიისა და სირიის ეგოისტური ინტერესების გამო ეს მდინარე დაშრობის საფრთხის წინაშე დგას. იორდანე მკვდარ ზღვაში ჩაედინება და მისი ერთ-ერთი მაცოცხლებელი წყაროა. 1960-იან წლებში ისრაელმა კაშხალი ააშენა და კინერეთის ტბის (ისტორიული გალილეის ზღვის) წყალი, რომელიც მდინარე იორდანეს ძირითადი მკვებავია, ეროვნული წყალგამტარისკენ შეაბრუნა. ამას დაემატა იორდანიის მიერ აშენებული არხი და სირიის რეზერვუარი, რომლებმაც იარმუკის - იორდანეს შენაკადის - წყალი გამოაცალეს ამ უკანასკნელს. მოკლედ, სპეციალისტების აზრით, ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მდინარის დაშრობა და, საბოლოოდ, მკვდარი ზღვის ნამდვილი სიკვდილი გამოიწვიოს.

3. ურმია უდიდესი მლაშე ტბაა ჩრდილო-დასავლეთ ირანში. ტბას 1970-იან წლებში ამავე სახელწოდების ქალაქის სახელი დაერქვა. ურმია ასირიულ ენაზე წყლის ქალაქს ნიშნავს. ირანმა 39 კაშხალი ააშენა იმ 13 მდინარეზე, ტბაში რომ ჩაედინებოდა, რის გამოც ტბა თანდათან შრება. ურმიას ტბის დაშრობა ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს, რადგან მის ფსკერზე კონცენტრირებული მილიარდობით ტონა მარილი საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე გარემოს.

ეს სამი მაგალითი მხოლოდ იმიტომ არ მომიყვანია, რომ ჩვენ მეზობლად არსებული სევდიანი სინამდვილე ავუწერო მკითხველს. ხუდონჰესის მომხრეებმა შეიძლება ნიშნის მოგებით განაცხადონ, ხომ ხედავთ, საქართველო გამონაკლისი არ ყოფილაო. დიახ, საქართველო გამონაკლისი არ არის, ბევრი ქვეყანა თავისი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს საერთაშორისო მდინარეებს და ტბებს და მთელ ისტორიას უცვლის კალაპოტს. მაგრამ ისტორიის განადგურებაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავისსა თუ სხვის მოქალაქეებს, რომელთა ცხოვრებაც ასეთი პროექტების შედეგად დრამატულად იცვლება.


2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში რამდენიმე სფეროში, ალბათ, არაფერი შეცვლილა. პირადად მე, ძალიან ვაფასებ ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების ყველა მცდელობას, რადგან, როგორც წესი, ეს სიჯანსაღის, კეთილსინდისიერებისა და სტაბილურობის ნიშანია. თუმცა, წინა ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ ასეთი ერთგულება ნამდვილად უპრეცედენტოა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტრო ინსტიტუციური აროგანტულობის ტრადიციის საუკეთესო შემნარჩუნებელი და გამგრძელებელია. სხვას ვერაფერს დავარქმევ მათ დამოკიდებულებას ხაიშელების და ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პროფესიონალი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ მიმართ.

ხუდონჰესი საფრთხეს უქმნის სვანეთს. არ არსებობს ამ პროექტის ნაწილი, საკამათო რომ არ იყოს. არც უსაფრთხოება, არც ეკონომიკური სარგებელი, არც ინვესტორის სანდოობა, არც გარემოზე ზემოქმედების საფრთხე, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი და, რაც ყველაზე მთავარია, არც ადამიანური საზღაური - არც ერთი პუნქტი არ გაუთვლია არც წინა, და არც ახლანდელ ხელისუფლებას.

ამ სამწუხარო დასკვნის შემდეგ ერთადერთი კითხვა გვრჩება: თუ შეიძლება იორდანია იორდანეს გარეშე წარმოვიდგინოთ, შუამდინარეთი უმდინარეებოდ, ხოლო წყლის ქალაქი - უწყლოდ, მაშინ რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ სვანეთი უსვანეთოდ? გვინდა თუ არ გვინდა სვანეთი? სწორედ ეს არის თანამედროვე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ისტორიული გამოწვევა: შეგვწევს თუ არა უნარი, ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, შეეშვას ამ უკიდურესად სარისკო და უპასუხისმგებლო ინიციატივას, შევძლებთ თუ არა, თავი მოვატყუებინოთ იმ ხელისუფლებასაც, რომელიც დაგვპირდა, რომ ღირებულებათა ცენტრში, ბოლოს და ბოლოს, ადამიანს დააყენებდა.

ირანში, ურმიას ტბის დაშრობით დამწუხრებული მოსახლეობა თურმე ამბობდა, წავიდეთ და ტბა ჩვენი ცრემლებით ამოვავსოთო. დიახ, ზოგჯერ კაშხლებს ადამიანისთვის აშენებენ, ოღონდ, ადამიანისავე ცრემლით ავსებული ტბების ხარჯზე. ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველოში ცრემლების არავის სჯერა და ჩვენი მომავალი თაობაც ჩვენი ცრემლებით კი არა, იმით დაინტერესდება, თუ რა გავაკეთეთ ხუდონჰესის მშენებლობის შესაჩერებლად. და მათთვის ჩვენ, სულ მცირე, დამაჯერებელი პასუხი მაინც უნდა გვქონდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG