Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

იოსებ სტალინი
იოსებ სტალინი

სტალინის გარდაცვალების დღე 5 მარტი უშნოდ არის გაჩხერილი დედის დღეს, 3 მარტსა და ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს შორის. სტალინი კი იჩემებდა ფოლადის კაცობას, მაგრამ, ცხადია, დედაც ჰყავდა, ცოლიც (ცოლები), საყვარლებიც (საიმონ სებაგ-მონტეფიორე, „ახალგაზრდა სტალინი“), ქალიშვილიც და თანამშრომელ-თანამებრძოლი ქალებიც. როგორი იყო სტალინის დამოკიდებულება ქალებისადმი? ერთხელ თავის შვილს, სვეტლანას, იმის გამო უსაყვედურა, რომ ფოტო ფართოდ გაღიმებულმა გადაიღო: „სახეზე კადნიერი გამომეტყველება გაქვს. ადრე ქალები კდემამოსილები იყვნენ და ეს ძალიან უხდებოდათ.“ (Светлана Аллилуева. „Только один год“).

რა იქნებოდა სტალინი „კავკასიური იერის“: გრძელი ულვაშისა და ჩიბუხის გარეშე?

რა მაგის პასუხია და, ჩიბუხის გარდა ის ეწეოდა პაპიროსსაც, როგორც წესი - „Герцеговина флор“-ს, მაგრამ ასევე სწყალობდა „ყაზბეგს“, რომლის კოლოფზე დატანილი ნახატი - ცხენზე ამხედრებული „ჯიგიტი“ კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ფონზე (მხატვარი რობერტ გრაბე), პირადად დაუმტკიცებია თამბაქოს მოყვარულ დიდ ბელადს.

პაპიროს "საქართველოს" კოლოფი (მხატვარი - სერგო ქობულაძე)
პაპიროს "საქართველოს" კოლოფი (მხატვარი - სერგო ქობულაძე)

ამ დროს საქართველოში გამოდიოდა პაპიროსი „საქართველო“ („Грузия“), რომლის კოლოფი სხვადასხვა დროს გააფორმეს სერგო ქობულაძემ და ლადო გუდიაშვილმა, თუმცა, თუ მსახიობ აკაკი ვასაძის მოგონებების მიხედვით ვიმსჯელებთ („სტალინი“, გამომცემლობა არტანუჯი, 2012 წ.), „საქართველოს“ მოხატვა სტალინთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა გუდიაშვილს, რომელმაც ბელადის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, „შეურაცხყოფა“ მიაყენა არა უბრალოდ ქალს, არამედ ქართველ ქალს!

აკაკი ვასაძე საქართველოს კომპარტიის მაშინდელ ხელმძღვანელთან, სტალინის ბავშვობის რამდენიმე მეგობართან და სხვა ქართველ მსახიობებთან (აკაკი ხორავასთან, სპარტაკ ბაღაშვილთან) ერთად 1946 წლის ოქტომბერში სოჭში დასასვენებლად ჩასულ სტალინს აგარაკზე ესტუმრა. სტალინისგან განსხვავებით, ვასაძე „საქართველოს“ ეწეოდა. ფრაგმენტი მსახიობის მოგონებებიდან:

„საუბრის დროს მომიახლოვდა, მე პაპიროსის კოლოფი ამოვიღე, რომ მომეწია. ამოვიღე კიდეც ერთი ღერი და კოლოფის უკან, ჯიბეში ჩადებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და მითხრა:

- „საქართველოს“ ეწევი, ხომ? ეს პაპიროსი, „საქართველოს“ ყუთია?!

- დიახ, ამხანაგო სტალინ. ხომ არ ინებებთ?

- არა, მაგიტომ არ მიკითხავს, უბრალოდ დავინახე და გამახსენდა. განა პირველად ვხედავ, – შეჩერდა და წამით ჩაფიქრდა, – ჯერ ეს სახელწოდება პაპიროსზე გაგიგია? მერე კიდევ, ასეთი სახელწოდებით უშვებ პაპიროსს და ყუთზე კი ფეხებგაჩაჩხული, გულამოღლეტილი ქალი მიუკრავთ. ვის წარმოადგენს ეს ქალი – ძველს, ახალს თუ მომავალ საქართველოს? ამის დამხატავს არც ცოლი ჰყავს, არც დედა, არც ქალიშვილი; ან სინდისი მაინც არ გააჩნია, ქართველი ქალი ფეხებგაჩაჩხული, გულმოღლეტილი მეძავის სახით რომ გამოუყვანია ასე საქვეყნოდ?“

ყოყმანისა და საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ მსახიობმა მხატვრის დაცვა სცადა:

პაპიროს "საქართველოს" კოლოფი (მხატვარი - ლადო გუდიაშვილი)
პაპიროს "საქართველოს" კოლოფი (მხატვარი - ლადო გუდიაშვილი)

„რაც დაუკვეთეს, მხატვრიდანაც ის მიიღეს. მაგ მხატვრის ნამუშევრები რომ გენახათ, თუნდაც მეჩაიე ქალებზე, ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციის ფონზე, ანგელოზების კრებულივით რომ შემოსევიან მწვანე ბუჩქებს, ალბათ, პირადად მისადმი ასეთ სიმკაცრეს აღარ გამოიჩენდით. ერთ-ერთი მისი სურათი დაჟინებით რომ მოეთხოვათ ამ კოლოფისათვის, ვთქვათ „ფრესკის ღიმილი“ – ეს უკვე მარტო პაპიროსის რეკლამა კი არ იქნებოდა, არამედ ჩვენი, ქართული კულტურის პროპაგანდაც. მაგრამ პაპიროსის კოლოფზე გასაკრავად ასეთი ნახატის გამეტებაც ცოდო იქნებოდა და, ვერც მხატვარი წავიდოდა ამაზე. ეს კი, პატივცემულო ამხანაგო სტალინ, უბრალოდ რომ ვთქვათ, მხატვრის „ხალტურაა“, თვითონაც გესმით, ხანდახან კუჭისთვისაც ცოდვილობს მხატვარი და, თქვენი თქმისა არ იყოს, მართლაც ამ კოლოფზე აღბეჭდილ ნახატს არავითარი შინაარსი არ გააჩნია.“

დიალოგი ერთი ხანობა კიდევ გაგრძელდა. ბოლოს სტალინმა ხელი ჩაიქნია და თქვა: „ასე იყოს, მაგრამ ამგვარად მეტი აღარ უნდა შეცდეს და ჩემი ღრმა რწმენით, საზოგადოებრივ საქმეშიც ხალტურა არ ეპატიება ნამდვილ ხელოვანს.“

სტალინმა „ხალტურად“ (რუს. халтура), ანუ არაკეთილსინდისიერად შესრულებული მუშაობის პროდუქტად მიიჩნია პაპიროსის კოლოფზე გამოსახული ქართველი ქალის ნახატი (რეკლამა), რომელიც კონფლიქტში მოდიოდა როგორც ბელადის წარმოდგენასთან ქართველ ქალზე, ასევე სოცრეალიზმის პრინციპებთან: იმის გამო, რომ საბჭოთა ხელოვანს საბჭოთა სინამდვილის უკვდავყოფა ევალებოდა, ამიტომ ყველაფერი, რაც მისი ხელიდან გამოდიოდა და ამ მიზანს არ ემსახურებოდა, ხალტურად ითვლებოდა!

როგორი უნდა ყოფილიყო სამაგალითო საბჭოთა ქალი?

ამ კითხვის პასუხად ძნელია არ გაგახსენდეს მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ქალის ტვირთის“ მთავარი პერსონაჟის ზურაბ გურგენიძის, იმავე ჯიქის (პროტოტიპი - სტალინი) კლასიფიკაცია. პირველად იხსენებს ბიბლიურ ივდითსა და მის გმირობას: „ნაბუქოდონოსორის სარდალმა ოლოფერნმა ებრაელთა ერთ ქალაქს ალყა შემოარტყა. ვინმე მანასეს მზეთუნახავმა ქვრივმა ივდითმა თავი გასწირა: მტრის ბანაკში გავიდა, ოლოფერნი მოხიბლა და დანებდა. როცა ოლოფერნმა გული იჯერა და ჩაიძინა, ივდითმა მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი და გამოიპარა. უმეთაურო ლაშქარმა ებრაელებს ვეღარ გაუძლო და გაიქცა. სად არის დედააზრი ამ ლეგენდისა? ივდითმა თავისი უბიწო სახელი და მშვენიერი სხეული წასაბილწავად მისცა მტერს და სამაგიეროდ სამშობლო ქალაქი და მშობელი ხალხი იხსნა.“

იოსებ სტალინი თავის ცხრა წლის ქალიშვილთან, სვეტლანასთან ერთად (1935 წ.)
იოსებ სტალინი თავის ცხრა წლის ქალიშვილთან, სვეტლანასთან ერთად (1935 წ.)

შემდეგ მოდიან დეკაბრისტთა ცოლები:

„სიმდიდრე-ფუფუნებაში აღზრდილი ქალი თავს ანებებს თავის წრეს, მეგობრებს, ნათესავებს, კულტურულ გარემოს, ნებაყოფლობით გამოდის შეჩვეულ სასახლიდან, იხდის ძვირფას სამოსელს და კატორღელ ქმარს მისდევს, იქ ბნელ ქოხში სახლდება, ხამ ტანისამოსს იცვამს, თვითონვე რეცხავს, თვითონვე ჰკერავს, თვითონვე ხარშავს და ქმართან ერთად ოცდაათ წელიწადს უმძიმეს უღელს და რკინის ბორკილს ეზიდება.“

და ბოლოს: „უკვდავთა რიგში დგანან ტრეპოვის მკვლელი ვერა ზასულიჩი და სენატორის ქალიშვილი - ალექსანდრე მეორის მკვლელობის მონაწილე სოფიო პეროვსკი, რომელიც სანაქებო ვაჟკაცივით ავიდა სახრჩობელაზე.“

თუმცა, ცხადია, ყველა ქალი რევოლუციონერი ვერ იქნებოდა. დანარჩენებს სოციალიზმის სახელით კაპიტალისტური ტყვეობიდან გათავისუფლებას დაჰპირდნენ. „მხოლოდ ჩვენ ამოვიყვანთ ქალს მაღაროდან, მხოლოდ ჩვენ მოვხსნით ხუთფუთიან ტვირთს, მხოლოდ ჩვენ მოვსპობთ როსკიპობას, ყველანაირ ჩაგვრას, ქალის ნაშრომის მითვისებას, ჩვენ გავახორციელებთ ნამდვილ თანასწორობას, და ჩვენ და მხოლოდ ჩვენ გადავაქცევთ ქალს ნამდვილ დედად, ცოლად, დად და მეგობრად.“

იოსებ სტალინი
იოსებ სტალინი

როგორც ჩანს, სწორედ ასეთი ნამდვილი დედის, ცოლისა და დის ხილვა სურდა „საქართველოს“ კოლოფზე სტალინს, რომელიც ბევრ სხვა „სიკეთესთან“ ერთად ნამდვილი კავკასიელიც იყო, ანუ ის, ისევე როგორც კავკასიელი კაცების უმეტესობა, ფიქრობდა, რომ სექსუალური თვალსაზრისით, ქალი პასიური უნდა ყოფილიყო, ქორწინებამდე ქალწულობა უნდა შეენარჩუნებინა, სახლი სულ დალაგებული ჰქონოდა და ნებისმიერ დროს მზად უნდა ყოფილიყო სტუმრების სათანადოდ მისაღებად. გუდიაშვილის ქალები კი სექსუალურ ენერგიას ასხივებენ: გულამოღლეტილებს სჭარბობენ მკერდმოშიშვლებულები, რომლებსაც სიცოცხლე უხარიათ და ამ სიხარულს სხვებსაც უზიარებენ, ანუ თავისუფლები არიან! თავისუფლება კი არავის ეპატიებოდა: არც კაცს და არც ქალს, მით უმეტეს არ ეპატიებოდა ხელოვანს, თუმცა რაღაც მანქანებით გუდიაშვილი გადარჩა, მაგრამ მისგან განსხვავებით არ გაუმართლა მილიონობით კაცსა და ქალს, რომლებსაც დიდი ბელადის თვალში იმ პაპიროსზე ნაკლები ფასი ჰქონდა, რომლის თუთუნითაც ჩიბუხს ტენიდა.

დამოუკიდებლობიდან მოყოლებული საქართველომ რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება დღემდე ვერ მოახერხა. ის ყოველთვის რეაქტიული და ემოციაზე დამყარებული იყო. ემოციონალიზაცია, სულ ერთია, დადებითი თუ უარყოფითი, რუსეთს განსაკუთრებულობის აურას ანიჭებს, რომელიც მას სინამდვილეში არ გააჩნია. სულ ერთია, რუსეთს „ისტორიულ მეგობრად“ მივიჩნევთ თუ „ისტორიულ მტრად“, ეს „ისტორიულობა“ მას გამოარჩევს სხვა მეზობლების და სხვა სახელმწიფოების რიგიდან და სრულიად არაჩვეულებრივ, ბედისწერით როლს შესძენს. ეს „არაამქვეყნიური“ „ბედისწერითი“ როლი ხელს გვიშლის იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ რუსეთის წინაშე სულაც არ ვართ უძლურნი და შეგვიძლია საკუთარი ინტერესების ფორმულირება, სტრატეგიული მიზნების შემუშავება და მათი განხორცილებაც კი. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეგვიძლია აღვწეროთ ტერმინით Ressentiment, რომელიც გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეს ეკუთვნის. ეს ცნება ქართულად ალბათ შეფარულ, უძლურ ბოღმად გადმოითარგმნება. ნიცშე წიგნში „ადამიანური, ერთობ ადამიანური“ (1878-1880) წერს: „გწყუროდეს შურისძიება და შურს იძიებდე, ნიშნავს უცებ აგიწიოს სიცხემ, რომელიც მერე გაგივლის: მაგრამ გწყუროდეს შურისძიება, იმის გარეშე, რომ მისი განხორციელების ძალა ან გამბედაობა შეგწევდეს, ნიშნავს სული და ხორცი მუდმივად მოწამლული გქონდეს“.

საერთაშორისო პოლიტიკის ენაზე ასეთი „შურისძიების“ ეკვივალენტი საკუთარი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაა. მე მგონია, რომ ამ ინტერესების რაციონალური ჩამოყალიბება და განხორციელება შეუძლებელი იქნება, სანამ ა) რუსეთს „განსაკუთრებულ“ მნიშვნელობას მივანიჭებთ გინდა დადებითი და გინდა უარყოფითი ნიშნით და ბ) სანამ Ressentiment-ს ვეყოლებით შეპყრობილები.

დავიწყოთ ფაქტებით: ფაქტია, რომ დღეს რუსეთი საქართველოს მტერი სახელმწიფოა. მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი და ცდილობს საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნებას.

ჩვენი რუსული პოლიტიკის მიზანია ა) რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან; ბ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება; გ) საქართველოს სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში და დ) პირველი სამი მიზნის შესრულების შემდეგ რუსეთთან მეგობრული თუ არა, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.

არა მგონია, ამ მიზნებთან დაკავშირებით ვინმეს დიდად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს. სამაგიეროდ განსხვავებები შეიძლება არსებობდეს ამ მიზნების მიღწევაში. აი რამდენიმე:

1) ურაპატრიოტული: მე ვიცეკვებ, შენ იმღერებ და პრობლემები მოგვარდება. ურაპატრიოტიზმზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ოღონდ შევნიშნავ, რომ „კარგ“ შემთხვევაში ის მხოლოდ ემოციის გამოხატვას და საკუთარი თავის პატრიოტად წარმოჩენას, „ცუდ“ შემთხვევაში კი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება საზოგადო ინტერესის საზიანოდ.

2) კახა ბენდუქიძისეული: „წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის მაგივრად არის ოკეანე“. ეს შემოთავაზება ჭკუასთან ახლოსაა, რადგანაც მოგვიწოდებს ვაკეთოთ საკუთარი საქმე, დავივიწყოთ ნოსტალგია და შევეცადოთ სხვაგან ვიპოვნოთ ის, რაც რუსეთში „დავკარგეთ“. მისი მინუსი იმაშია, რომ რადგანაც პრობლემის არტიკულირებას ვერ ახერხებს, მას არარსებულად მიიჩნევს და შესაბამისად მისი მოგვარებისათვის არ გამოდგება.

3) ნაციონალური მოძრაობისეული: არანაირი ან მინიმალური დიალოგი რუსეთთან, რუსეთის პრობლემის მოგვარება უცხოელი პარტნიორების მეშვეობით. ეს ტაქტიკა, მართალია, ახერხებს სტრატეგიული მიზნის ფორმულირებას, მაგრამ, ფაქტობრივად, საკუთარ უძლურობას აღიარებს. მისი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პარტნიორები რუსეთის პარტნიორებიც არიან და ჩვენს ინტერესებს მხოლოდ იმდენად დაიცავენ, რამდენადაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება. ჩვენი საკუთარი რესურსი და აქტივობა ნულოვანია და უქმად იხარჯება. მარტო პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებენ. მეორე მინუსი შეგვიძლია მეზობელი სომხეთის მაგალითზე განვიხილოთ. სომხეთი წლების განმავლობაში წარმატებულად იბრძვის გენოციდის აღიარებისათვის. მაგრამ ამ, ერთი მხრივ, წარმატებულმა ბრძოლამ ა) ვერ მიაახლოვა სომხეთი სტრატეგიულ მიზანს ბ) რეგიონალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების გზა ჩაუკეტა და, ფაქტობრივად, რუსეთის ამარა დატოვა. ჩვენს შემთხვევაში კარგი და აუცილებელია საერთაშორისო სამართალზე აპელირება და აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციის ცნების დამკვიდრება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი არა ვერბალური აღიარება, არამედ რეალური რეინტეგრაციაა. (ფრჩხილებში დავამატებდი, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა რუსეთის ფაქტორის მოხსნით სულაც არ გადაწყდება ავტომატურად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზები და ოსები ჩვენ მიგვიჩნევენ „ოკუპანტებად“.)

4) ქართული ოცნებისეული: რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა. მისი მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ სტრატეგიული მიზნის ფორმულირებას სათანადოდ მკაფიოდ ვერ ახერხებს, ამიტომ მისი ტაქტიკა, ცოტა არ იყოს, ქაოტურად გამოიყურება და საზოგადოებას აბნევს. მიუხედავად ამისა, სპეციალური წარმომადგენლის გაგზავნა, რიტორიკის შერბილება და ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯები იყო.

არა მგონია, ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ რუსეთის დღევანდელი მთავრობა აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჯარს გაიყვანს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს. რა უნდა და არ უნდა გავაკეთოთ არსებულ პირობებში? - წინასწარ შევნიშნავ, რომ არ ვარ საგარეო და უსარფრთხოების პოლიტიკის სპეციალისტი (დიპლომიც კი არ მაქვს) და რასაც ვამბობ, ვამბობ დაინტერესებული დილეტანტის პოზიციიდან.

- არ უნდა ვიხელმძღვანელო ემოციებით: არ მიკვირს, რომ ვინმეს შეიძლება გული ერეოდეს პელმენის დანახვაზე, დოსტოევსკის კითხვამ ფაღარათი დამართოს ან შოსტაკოვიჩის მოსმენამ შაკიკი. საგარეო პოლიტიკა ვერ იქნება ემოციაზე და Ressentiment-ზე დამყარებული.

- არ უნდა ვიყოთ პასიურები: რელისტური პოლიტიკა გვკარნახობს, რომ დღეს დღევანდელი შესაძლებობლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მზად ვიყოთ იმ მომენტისათვის, როდესაც „შესაძლებლობების ფანჯარა“ გაიღება (მაგ. გერმანია ამ მომენტს 40 წელი ელოდა, ოღონდ ისე არა, რომ ამ ხნის განმავლობაში გულხელდაკრეფილი ყოფილიყო). ეს კი კონტაქტების არსებობას გულისხმობის იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შესაძლებელია, ოღონდ ისე, რომ საბოლოო მიზანი განზე არ დაგვრჩეს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ საქართველომ საერთაშორისო კონიუნქტურა ისე უნდა გამოიყენოს, რომ მუდამ ჩანდეს დიალოგის ინიციატორად და რუსეთი თავისათვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმისაკენ (შეძლებისდაგვარად) აიძულოს.

- აქტიურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი: მაგ. რუსეთში ქართველების მილიონიანი დიასპორა, რომელიც ებრალიძეების იმედადაა მიტოვებული. რუსეთის ელექტორალურ რესურსს დღეს დიდი მნიშვნილებო შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს მუდამ ასე არ იქნება.

- უნდა ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები: დღეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში, როგორც მინიმუმ, ერთი იარაღი აქვს, რომელიც, ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ეს იარაღი რბილი ძალაა. თანაც, ეს რბილი ძალა, სამხედრო ძალისაგან განსხვავებით, რუსეთისას ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. „რბილი ძალის“ გამოყენების მიზანი უნდა იყოს საქართველოს, როგორც თანამედროვე, წარმატებული, დემოკრატიული, კორუფციისაგან (მათ შორის ელიტური კორუფციისაგან) თავისუფალი სახელმწიფოს წარმოჩენა. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ რუსეთსაც და სხვა „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნებსაც, რომ საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება შესაძლებელია არა მარტო ნატოს და ევროკავშირის წევრი ბალტიის ქვეყნებისათვის, არამედ ყოველი ჩვენთაგანისათვის. სწორედ ეს ალტერნატიული მოდელი უნდა გახდეს ჩვენი მთავარი საექსპორტო მასალა რუსეთში.

ამისათვის: აუცილებელად უნდა მივცეთ ქართულ ფირმებს რუსეთში ბიზნესის და ფულის კეთების საშუალება (ისევე, როგორც ამის საშუალებას რუსულ ფირმებს საქართველოში ვაძლევთ). კარგია, რომ რუსულ ბაზარზე უკვე „ახალი“ ქართული ღვინო შევა, რომელიც უკვე საბჭოთა კი არა, ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

კარგია, რომ ქართველი არტისტები გამოდიან რუსეთში. ის, რომ ეს „სამშობლოს ღალატია“, მხოლოდ Ressentiment-ით დაავადებულ ცნობიერებას შეიძლება მოელანდოს. კარგია, რომ რუსეთის მოსახლეობამ საქართველო გაიცნოს როგორც მრავალმხრივი, არა მარტო ძველი, არამედ ახალი, თანამედროვე კულტურის მატარებელი ქვეყანა.

კარგია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი რუსი ტურისტი ჩამოდიოდეს და თავად იქმნიდეს საკუთარ, პროპაგანდისტული ხატებისაგან თავისუფალ, წარმოდგენას საქართველოს შესახებ.

ეს ყველაფერი რუსეთის მოსახლეობას, რომელიც, მართალია, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დიდ როლს არ ასრულებს, მიეხმარება სტერეოტიპების დანგრევაში. ასეთი კონტაქტები, პრაქტიკულ ენაზე რომ გადმოვთარგნოთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია - ისეთი, რომელიც უკუგებას დღეს და ხვალ არ მოგვცემს, მაგრამ, ვთქვათ, ათ წელიწადში შეიძლება ძალიან გამოგვადგეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG