Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 21 მაისი. See content from before

ორშაბათი, 20 მაისი 2013


როცა რაღაც ხდება სხეულში

ფრანსუა ოზონმა კანის ფესტივალზე უჩვენა თავისი ახალი ფილმი “ახალგაზრდა და ლამაზი” (ზოგიერთ ენაზე თარგმნეს, როგორც “მხოლოდ 17 წლის).

ეს რეჟისორი მაინც და მაინც არ მიყვარს. მისი სურვილი, “გააფრანგულოს” რაინერ ვერნერ ფასბინდერი და ელეგანტური გახადოს ფასბინდერის “უხეში სტილი”, ცოტა არ იყოს აბსურდული მეჩვენება... არ მომწონს მისი ზედაპირულობა, ვითომდა პოპკულტურის ენის კარგი ფლობით კეკლუცობა. მაგრამ ოზონის ფილმები შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით სულ სხვა კინოა. რაღაცნაირად გაამდიდრა და გააღრმავა დიდმა მსახიობმა ოზონის კინო. თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - სევდა შესძინა.

ფრანსუა ოზონის ახალ ფილმში შარლოტა რემპლინგი მხოლოდ ფინალში ჩნდება. იგი ხვდება თავისი გარდაცვლილი ქმრის საყვარელს, 17 წლის იზაბელს, “ხალგაზრდა და ლამაზის” მთავარ გმირს, რომლისთვისაც ეს კაცი მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი კლიენტი იყო - კლიენტი, რომელიც სექსის დროს გარდაიცვალა.

ოზონმა თავისი ახალი სურათი დაახასიათა, როგორც “ამბავი ახალგაზრდა ქალზე, რომელიც წელიწადის 4 დროს 4 სიმღერით გამოეხმაურა”. ოზონის კინოსთვის ტრადიციული იდიოტური სიმღერებით. მაგრამ ფილმის მსვლელობის დროს დარწმუნდებით, რომ წელიწადის დროთა ცვლა და, მით უმეტეს, ეს იდიოტური სიმღერები სრულიად უმნიშვნელოა ფრანსუა ოზონის ფილმში. მთავარი აქ სხვა რამეა - იმის კვლევა, თუ რა მოსდის ქალის სხეულს სიყმაწვილის ასაკში და როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები ადამიანის ქცევაზე. რატომ გრძნობს თავს ადამიანი ამ დროს მარტოდ და რატომ არავის არ შეუძლია მისი შველა. მართლა არავის! არც ფსიქოანალიტიკოსს, არც მშობელს, არც მეგობარს. საერთოდ არავის!

“ახალგაზრდა და ლამაზში” ფრანსუა ოზონი ამტკიცებს, რომ გარემოს და აღზრდას შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს “სხეულის პრობლემის” გაჩენის პროცესში. იზაბელს, რომელმაც დაბადების დღე, საფრანგეთის რომელიღაც კურორტზე, “ქალწულობის ჩაბარებით” აღნიშნა, მოსიყვარულე მშობლები ჰყავს - არც ფინანსურად უჭირს და სკოლაც კარგი აქვს. მიუხედავად ამისა, იგი ხვდება, რომ არ აკმაყოფილებს ეს გარემო, არ აინტერესებს თავისი მეგობრები და ოჯახში, “კეთილ მშობლებთან” ურთიერთობაც ბეზრდება. იზაბელს მძაფრი ემოციები სჭირდება - ხიფათის განცდა, თავგადასავალი: ამისათვის იგი მეძავობას ირჩევს, ხდება “გოგონა გამოძახებით”. და რაც უფრო მეტად მოირგებს ამ როლს, მით უფრო გაუჭირდება მისგან განთავისუფლება.

კანის 66-ე კინოფესტივალი. ცენტრში: ფრანსუა ოზონი
კანის 66-ე კინოფესტივალი. ცენტრში: ფრანსუა ოზონი
ოზონის ფილმი აუცილებლად გაგახსენებთ ლუის ბუნუელის შედევრს “შუადღის ლამაზმანი”, სადაც კატრინ დენევის გმირი, სრულიად რესპექტაბელური ქალი, საღამოობით ქმარს სიყვარულში ეფიცებოდა, შუადღეზე კი სტუმრობდა ბორდელს, სადაც ბოლოს და ბოლოს მუშაობა დაიწყო კიდეც. მაგრამ თუკი ბუნუელი-სიურეალისტის სურათში დენევის გმირის ორმაგი ცხოვრება, ბურუსით მოცული გრძნობების და არაცნობიერი სამყაროს გამოძახილის შედეგი იყო, ფრანსუა ოზონთან იზაბელის ეროტიკული თავგადასავლები მხოლოდ და მხოლოდ “არარეალიზებული შემოქმედის” ვნებაა, იმ მარტოობის გადალახვის სურვილია, რომელიც აუცილებლად თან ახლავს ტინეიჯერის ასაკს.

საფრანგეთში პროსტიტუცია სტუდენტებს შორის ქვეყნის სერიოზული პრობლემა ხდება. ამის შესახებ წერს პრესა, ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ეწყობა ფსიქოლოგების, პედაგოგების, სოციოლოგების სამეცნიერო კონფერენციები... მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვერავინ ახსნა, როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა - ვერავინ ახსნა, მაინც რატომ უჩნდება პროსტიტუციის სურვილი ახალგაზრდა ქალს მაშინ, როცა, “უძველესი პროფესიის” სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მატერიალურად მაინც და მაინც არ უჭირს.

ოზონი კი კვლავ იკვლევს იდენტობის პრობლემას. ბოლო დროს ასაკოვანი ხალხი უფრო აინტერესებდა (თუნდაც ფილმებში იმავე შარლოტა რემპლინგის მონაწილეობით). ახლა, როგორც ჩანს, ისევ ახალგაზრდებს დაუბრუნდა - როგორც თავად განაცხადა პრესკონფერენციაზე, კანში, დაუბრუნდა ასაკს, “როცა ყველაფერი თავიდან იწყება”. იდენტობაზე ეს აქცენტი ოზონის შემოქმედებაში ბევრს აღიზიანებს, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც უამრავი სოციალური პრობლემაა მოსაგვარებელი. მაგრამ ფრანსუა ოზონი თავისას არ იშლის - იდენტობა ის “დისკურსია”, საიდანაც, მისი აზრით, “ყველაფერი თავიდან იწყება.”

ფრანსუა ოზონი რაინერ ვერნერ ფასბინდერის მსგავსად შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და შიმშილი და გაჭირვება არასდროს განუცდია. თავისი ზოგიერთი კოლეგის მსგავსად შეეძლო, ცხადია, თუნდაც პარიზის გარეუბანში გასულიყო და იმათი ცხოვრება ენახა, ვინც ნაკლებად აინტერესებს მედიას, პოპულარულ ხელოვნებას და, ზოგჯერ, ხელისუფლებას. მაგრამ მან სხვა გზა აირჩია - ადამიანის იდენტობის კვლევა დაიწყო, რადგან სწორედ იდენტობაში დაინახა სათავე ყველა პრობლემისა - მათ შორის სოციალური პრობლემებისა. თუკი ადამიანი არ იქნება თავისუფალი, თუკი თავის თავთან ექნება კონფლიქტი, თუკი ვერ იცხოვრებს თავისი ცხოვრებით, აბა როგორღა დაძლევს უსამართლობას და როგორღა მოაგვარებს ურთიერთობას სხვებთან? თუკი ადამიანი საკუთარ თავს ვერ შეიცნობს, ვერ გაიგებს რა ხდება მის თავში, მის სხეულში და ამაში მას სხვები არ დაეხმარებიან, აბა როგორ შეძლებს, იყოს ბედნიერი? როგორ შეძლებენ... ისინი, სხვები, იყვნენ ბედნიერები?

თბილისში ადამიანებს სცემდნენ მათი განსხვავებული იდენტობის გამო, როცა კანის ფესტივალზე ფრანსუა ოზონის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. თბილისში მოძალადე მრევლმა ქრისტეს სახელით “ხაფანგში” მოაქცია ადამიანები მათი განსხვავებული იდენტობის გამო. პარიზში - მიუხედავად იმისა, რომ, ევროპის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით - წარმოუდგენელია დღეს ვინმემ ხელი შეუშალოს აქციას ჰომოფობიის წინააღმდეგ. მაგრამ ოზონმა კანის ფესტივალის პუბლიკაც მოახვედრა ხაფანგში: არსებობს თუ არა ზღვარი, რომლის იქით ძნელია შეეგუო ადამიანის განსხვავებულობას... სხვაგვარად რომ ვთქვათ, სადამდე შეგვიძლია ვიყოთ ტოლერანტულები? აისახება თუ არა ლიბერალიზმი, მაგალითად, სექსუალურ ცხოვრებაში, და არსებობს თუ არა ასეთი განსაზღვრება - “ლიბერალიზმი სექსუალურ სივრცეში”? შეგვიძლია თუ არა შევეგუოთ ყველაფერს, რაც უნიკალურია? და თუ შეგვიძლია, რატომ ვერ ვუგებთ ფრანსუა ოზონის გმირს, 17 წლის გოგონას, რომლისთვისაც სექსუალური თავგადასავლები - ხიფათით, ტკივილით, სისხლით - პირველ რიგში შემოქმედებაა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. რომელიც, უბრალოდ, ასეთია! განსხვავებულია.
„ან ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ან ის ხალხი, ვინც ჩვენს ძალაუფლებას აპროტესტებს, გიჟები არიან. მაგრამ ისინი ძალიან ბევრნი არიან. ნუთუ შეიძლება, ამდენი ხალხი გიჟი იყოს?“.

ამ შეკითხვას ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი უსვამდა საკუთარ თავს 1978 წელს.

„გიჟს“ ადამიანს მაშინ ეძახი, როდესაც არ გესმის მისი ქცევის ლოგიკა. შაჰი ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ირანში დამყარდებოდა რეჟიმი, რომელიც, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ერ-სახელმწიფოს დაუქვემდებარებდა „ისლამის იურისტების ზედამხედველობას“ (ვილაიათ ალ ფაქიჰ). უკვე საუკუნის მესამედია, რაც ქვეყნის უმაღლესი ბელადი სასულიერო პირია; ექსპერტთა საბჭოს წევრები, რომლებსაც მოსახლეობა პირდაპირი არჩევნებით ირჩევს, აგრეთვე სასულიერო პირები არიან, ისევე როგორც სასულიერო წოდებას ეკუთვნის ზედამხედველთა საბჭოს ნახევარი.

სპეციალისტები, ზოგადად, რევოლუციის რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ:

ა) პოლიტიკური: რევოლუცია შესაძლებელი ხდება, როდესაც რეპრესიული რეჟიმი მსუბუქდება და გზა მიეცემა ადამიანების მობილიზაციას. 1977 წელს აშშ-მ განსაკუთრებული ყურადღების დათმობა დაიწყო ადამიანის უფლებებისადმი და შაჰს მოუხდა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. ეს იყო რევოლუციური მობილიზაციის დასაწყისი.

ბ) ორგანიზაციული: რევოლუცია ხდება, როდესაც ოპოზიციას შეუძლია საკმარისი რაოდენობის მომხრეების მობილიზაცია. ირანში ეს მობილიზაცია მეჩეთებში არსებული ქსელების საშუალებით ხდებოდა.

გ) ეკონომიკური: რევოლუციები ხდება, როდესაც ეკონომიკური პრობლემები მძიმდება, განსაკუთრებით, შედარებითი აღმავლობის პერიოდის შემდეგ. ირანში, სადაც 70-იან წლებში ნავთობის ბუმს ჰქონდა ადგილი, რეცესია 1977 წელს დაიწყო.

დ) კულტურული: რევოლუცია ხდება, როდესაც არსებობს ოპოზიციური ნორმები, იდეოლოგიები, რიტუალები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს პროტესტი. ირანში ეს იყო შიიტური ისლამი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მოსახლეობაში და რომელსაც მმართველი ელიტა დიდად არ სწყალობდა.

დ) ძალადობის აპარატთან დაკავშირებული: რევოლუცია ხდება, როდესაც რეპრესიული აპარატი აღარ მუშაობს ან ხელისუფალი არაა მზად მისი ბოლომდე გამოყენებისთვის. შაჰზე ამბობდნენ, რომ მისი პასუხი რევოლუციაზე ჰამლეტისებური იყო: ის სულ ყოყმანობდა და ვერ იღებდა სწრაფ და საბოლოო გადაწყვეტილებას.

დავიწყოთ ამ უკანასკნელი პუნქტით: რატომ? იმიტომ, რომ შაჰმა იცოდა ის, რაც არ იცოდნენ სხვებმა: რევოლუციის დროს ის კიბოსგან კვდებოდა. ამ 58 წლის ადამიანს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების იმედი რომ ჰქონოდა, ის, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდა.

ფეჰლევი 37 წლის განმავლობაში მართავდა ირანს, 1941-იდან 1979-მდე. მცირე პაუზის აღება მას 1953 წელს მოუწია, როდესაც პრემიერ-მინისტრი აუჯანყდა. აშშ და ბრიტანეთი მაშინ პირდაპირ ჩაერივენ (იმის შიშით, რომ ძალაუფლება კომუნსტებს არ აეღოთ ხელში და საბჭოთა კავშირის მეზობელი ირანიც არ „გაწითლებულიყო“); შაჰმა ძალაუფლება მალევე დაიბრუნა.

ფეჰლევის პოზიტიური მიზანი დაახლოებით იგივე იყო, რაც ქემალ ათათურქისა თურქეთში - ტრადიციული ქვეყნის მოდერნიზაცია. ამისათვის ის ატარებდა რეფორმებს: როგორც ძალიან საჭიროს (ქალებისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა), ისე სრულიად უსარგებლოს (ისლამური კალენდრის გაუქმება და ძველი, კიროსისდროინდელი კალენდრის აღდგენა, რამაც ბევრი მუსლიმი გააღიზიანა). მაგრამ ეს „მოდერნიზაციული“ გეგმები ნელ-ნელა გადაიფარა რეჟიმის სწრაფვით უზომო ფუფუნებისაკენ. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რეჟიმი „სულთანისტური“ გახდა - ანუ ისეთი, რომლის არსებობის მთავარი საფუძველი ლიდერისა და მისი ოჯახის დღეგრძელობაა.

შაჰის დამმარცხებელი გახდა აიათოლა რუჰოლა ხომეინი, თუმცა, დღეს, როდესაც ჩვენ მას აიათოლად მოვიხსენიებთ, საკუთარ უვიცობას ვავლენთ: აიათოლები სხვებიც იყვნენ, ხოლო ხომეინის თავად ირანელები იმამს უწოდებენ, მისი განსაკუთრებულობის და გამორჩეულობის აღსანიშნავად.

ხომეინი შაჰის წინააღმდეგ 1963 წელს გამოვიდა, რის გამოც ციხეშიც მოხვდა, შინაპატიმრობაშიც და გასახლებაშიც. 14 წელი ერაყში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1978 წელს ირანი და ერაყი ერთმანეთს დაუახლოვდნენ, შაჰმა სთხოვა სადამ ჰუსეინს, გაეძევებინათ ხომეინი ქვეყნიდან. ხომეინი პარიზში გადასახლდა და ამან დიდად შეუწყო ხელი ირანის რევოლუციას - როგორც ამბობენ, ერაყში მას ამდენი თავისუფლება არ ექნებოდა რევოლუციური პროცესების გარედან მართვისათვის.

ირანის რევოლუცია არის იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს რელიგიურმა ინსტიტუტმა მისთვის მიუღებელი ცივილიზაცია ამ უკანასკნელის საპირისპიროდ. საქმე ისაა, რომ შაჰის ირანში ხომეინის ქადაგებები მაგნიტოფონის კასეტებით ვრცელდებოდა (ქადაგებებში ხომეინი შაჰს მოიხსენიებდა, როგორც ებრაელებისა და ამერიკელების აგენტს). ამგვარად, ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო ძალაუფლების დამკვიდრებას, რომელიც საკუთარ მტრად აცხადებდა ამ ტექნოლოგიის წარმომშობ ცივილიზაციას.

საერთოდ, შიიტური ისლამი ძალიან დიდ როლს თამაშობდა შაჰის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციურ პროცესში. ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო: ირანში არსებობს ე. წ. „ორმოცი“ (ქართველებს ამ რიტუალის ახსნა არ გვჭირდება). „მოწამის“ - ანუ შაჰის პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლის - სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ ადამიანები იკრიბებოდნენ, რათა მისთვის პატივი მიეგოთ და რეჟიმი გაეპროტესტებინათ. ეს შეკრება ხდებოდა ახალი მსხვერპლის წარმომშობი. ეს იყო ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავდა რევოლუციური მანქანა.

მაგრამ არ უნდა გვეგონოს, თითქოს შაჰს მხოლოდ ისლამისტები უპირისპირდებოდნენ. პირიქით: მმართველობის ბოლო წლებში რეჟიმს აღარ ჰქონდა სოციალური საყრდენი. მას დაუპირისპირდნენ ისლამისტებიც, რელიგიური დემოკრატებიც, მარქსისტ-ლენინისტებიც. უბრალოდ, ამ სეკულარულმა ჯგუფებმა არ იცოდნენ ხომეინის გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასულიერო მმართველობა უნდა დამყარებულიყო. ხომეინი ამ გეგმას, რომელიც მის ნაწერებში იყო გადმოცემული, მხოლოდ საკუთარი მომხრეებისთვის ინახავდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან და მისმა მიმდევრებმა შეცვალეს კონსტიტუცია, დახურეს სეკულარული ჯგუფების გაზეთები, აკრძალეს მოწინააღმდეგე პარტიები, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, ვინც ეს ნაბიჯები გააპროტესტა,

შაჰის რეჟიმმა, რომელსაც არანორმალური სისასტიკე ბრალდებოდა, რევოლუციამდელ ათწლეულში ასამდე პოლიტიკური პატიმარი გამოასალმა სიცოცხლეს. ამის საპირისპიროდ, რევოლუციის ტალღაზე მოსულმა ხომეინის რეჟიმმა 10 წლის (1979-1989) განმავლობაში 50 000-იდან 120 000-მდე ადამიანი შეიწირა. შაჰის საიდუმლო სამსახური „სავაკი“ ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც სასტიკად აწამებდნენ. მაგრამ სწორედ პოსტრევოლუციური პერიოდის ირანში გახდა წამება ისევე გავრცელებული, როგორც მე-16 და მე-17 საუკუნეების ევროპაში, სტალინის რუსეთსა და მაოს ჩინეთში.

ისტორიის ირონია აქ არ შეჩერებულა: რევოლუციური რეჟიმის მსხვერპლთა შორის რევოლუციის მომწყობი ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შაჰის მომხრე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG