Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

თუ რა შეიძლება მოჰყვეს დიდ ქალაქში საზოგადოებრივი სივრცის ხელყოფასა და კომერციალიზაციას, კარგად გამოჩნდა გასულ კვირაში, როცა სტამბოლის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა მწვანე ტერიტორიის დასაცავად. არადა, თურქეთის მთავრობაც აცხადებდა, რომ გეზის პარკის რეკონსტრუქცია ტრანსპორტის მოძრაობის განმუხტვის, კომერციულად მომგებიანი შენობისა და, საბოლოო ჯამში, ხალხისვე კეთილდღეობის მიზნით ხორციელდებოდა. აი ასე, არც ხალხს დაეკითხნენ, არც ეკოლოგებს და დაიწყეს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, რამაც ისედაც ხალვათად გამწვანებული ქალაქის ცენტრში ნარგავების განადგურების საფრთხე შექმნა. სააგენტო როიტერსის ცნობით, ქუჩაში გამოსული საზოგადოება იმანაც აღაშფოთა, რომ პრემიერ-მინისტრი ერდოანი გადაწყვეტილებებს მეფესავით, ერთპიროვნულად იღებდა. არც ის არის გასაკვირი, რომ საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო ე.წ. ურბანულმა განახლებამ, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს საზოგადოებრივი სივრცის შეცვლა, მწვანე კუნძულების მოშლა, ხშირ შემთხვევაში გადასახლება, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა და სხვა წინააღმდეგობრივი პროცესები. თუმცა ყოველივე ამას ხელისუფლება საზოგადო მიზნებისათვის განკუთნილი პროექტების განხორციელებით ხსნის, მაგრამ შედეგად, როგორც წესი, სარგებელს ნახულობს საზოგადეობის მცირე ნაწილი, დიდი კი ზარალობს.

თქმა არ უნდა, ცოცხალ და მგრძნობიარე ურბანულ ორგანიზმში ჩარევა ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციალისტების - ურბანისტების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების, ეკოლოგების, სოციოლოგებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების აზრი, ვისი სასიცოცხლო გარემოც იცვლება რადიკალურად. ვითარებას მეტად ართულებს ძველი ქალაქებისათვის დამახასიათებელი რეფლექსიის უნარი. თითქოსდა ქალაქი (როგორც ცოცხალი ორგანიზმი) აცნობიერებს რა საკუთარ არსებობას (ისტორიას, გამოცდილებას, კულტურულ გარემოს და ა.შ.) ავტონომიურად რეაგირებს სიახლეებზე. თუკი რამეზე ითქმის, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, მათ შორის - ქალაქის განაშენიანებაზეც. ხანდახან ისე ხდება, რომ ქაღალდზე დახაზული და უამრავი ადამიანის ძალისმევით ნასაზრდოები გეგმა ხორც ვერ ისხამს, ხანდახან კი მთელი ადმინისტრაციული რესურსის წინააღმდეგობა არ არის საკმარისი სტიქიური განაშენიანების შესაჩერებლად, რისი თვალსაჩინო მაგალითიც თბილისის ნაძალადევის რაიონი, ანუ როგორც ასი წლის წინ ამბობდნენ „ძალაანთ უბანია“, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციისა და პოლიციის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაშენდა. ეს ამბავი კარგად აქვს აღწერილი ეკატენირე გაბაშვილს მცირე ზომის მოთხრობაში „მშიერაძის ოჯახი“.

სვიმონა მშიერაძე, მისი ცოლი მართა და სამი შვილი ბინიდან ბინაზე ხეტიალის შემდეგ, გადაწყვეტენ დასახლდნენ ქალაქის განაპირას, რკინიგზის ლიანდაგის გადაღმით ხრიოკი გორების ძირში, სადაც რამდენიმე ოჯახს, მთავრობის ნებართვის გარეშე, უკვე ჰქონდა გამართული ქოხმახები. მოთხრობაში ვკითხულობთ:

„სულ ორ კვირას არ გაუვლია, რომ სვიმონამ კლდეში შეჭრილ კედლებს ჭერი გადაჰხურა და ამ უკარ-ფანჯრო სახლში ცოლ-შვილი შეასხა. მთელი თავისი დრო და ღონე თავის ახალი ბინის გაწყობას მოანდომა. მართამ შიგნი-შიგნი შენახული და ათას კონკში გამოკრული, თითო შაურობით მოგროვილი ორი თუმანი გამოხსნა; სვიმონამ ამ ფულით იყიდა მასალა და იწყო კარ-ფანჯრის მზადება; მართა მთელის დღეობით ჩაკუნტულიყო, პატარა წერაქვით ეზოს აგანიერებდა და პატარა გოგოები გაქანებული ზიდავდნენ ნათხარ მიწას და ახლო ხევში ჰყრიდნენ. სვიმონამ თავისუფლად მოიზომა ათი ადლი სიგრძით და ექვსი - სიგანით სახლის ეზოდ და საზღვრებზე ხეხილი ჩაჰყარა.“

სვიმონა მშიერაძის მსგავსად მოიქცა სოფლიდან თბილისში ჩასული ბევრი ადამიანი, რაც შეუმჩენეველი არ დარჩენია ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დასარბევად მისულ პოლიციის რაზმს „ძალაანთ უბნის“ მოსახლეობა მედგრად დაუხვდა. ჯერ პოლიციამ დაიხია უკან, შემდეგ კი - თბილისის სათათბირომ, რასაც მახათას მთის მიდამოებში მშენებლობის ნებართვების მასობრივი გაცემა მოჰყვა. მოკლედ, ნაძალადების გაშენება ის შემთხვევაა, როცა არც გეგმა არსებობდა და არც ხელისუფლების სურვილი და, შესაბამისად, - დაფინანსება, მაგრამ მრავალათასიანი უბანი მაინც გაშენდა და თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მოტანილი მაგალითის საწინააღმდეგოდ ისეც ხდება, რომ ამა თუ იმ უბნის განაშენიანების გეგმა არსებობს ქაღალდზე, ორგანზომილებიან სიბრტყეში, და რაღაც მანქანებით ვერაფრით იძენს მესამე, სივრცულ განზომილებას, ანუ ვერ ხერხდება იდეის ქალაქის ორგანიზმში გადატანა და გაცოცხლება.

ავიღოთ რიყის უბანი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში პირწმინდად გაასუფთავეს კომუნისტებმა და რომელიც ლამის 40 წლის განმავლობაში ელოდა განაშენიანებას. თავისთავად მოსპობა რიყის კოლორიტული, მცირესართულიანი დასახლებისა (სადაც საცხოვრებელი სახლების გარდა, ასევე იყო პატარა ბაზარი, უამრავი სახელოსნო, დუქანი, „მცურავი“ წისქვილები და მტკვარზე დაკიდულაივნებიანი შენობები) დიდი დანაშაული იყო, მაგრამ მაშინ თბილისის რეკონსტრუქციას წინ ვერავინ დაუდგებოდა, ძველ ქალაქში ახალი თავისუფალი სივრცის გაჩენამ კი ქართველი არქიტექტორები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. არქიტექტორი ნოდარ მგალობლიშვილი 1979 წლის 2 თებერვალს „ლიტერატურულ საქართველოში“ წერდა:

„რიყის ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ საოცარი სილამაზით გამოჩნდა მეტეხი და საჩინო (დარეჯან დედოფლის სასახლე), ბარათაშვილის აღმართი და ნარიყალა, მთაწმინდა და სიონი, საერთოდ თბილისის თვალწარმტაცი პანორამა. ცხადი გახდა, რომ გახსნილი, გამოთავისუფლებული სივრცე არა მხოლოდ თავისუფალი უბანია ქალაქის განაშენიანებაში, არამედ ხარისხობრივად, თბილისისათვის დიდად მნიშვნელოვანი არე, საიდანაც აღიქმება თითქმის მთელი თბილისი – ძველიცა და ახალიც. ცარიელმა მინდორმა უმალ მიიპყრო ყველას ყურადღება და შეიქმნა ათასნაირი აზრი და წინადადება, თუ რით უნდა გაგვეშენებია ეს პატარა ნაკვეთი. ბევრი პროექტი გაკეთდა, უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო აზრები და იდეებიც იყო, მაგრამ ამჟამად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბედნიეროდ არცერთი პროექტი არ განხორციელდა, ქალაქის ხელმძღვანელობამ საშური მიზანდასახულობით შემოინახა ეს ნაკვეთი და დღეს შეგვიძლია დაჯერებული კმაყოფილებით აღვნიშნოთ, რომ ამ შესანიშნავი უბნის გადარჩენა ორდინარული ნებისმიერი განაშენიანებისგან - ერთ-ერთი საუცხოო საჩუქარია თბილისისათვის.“

70-იან წლებშივე თბილისის საპროექტო ინსტიტუტმა დაამუშავა რიყეზე პარკის მოწყობის გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ქალაქის დასვენების ზონა - პარკი უხვი გამწვანებით, შადრევნებითა და წყლის სარკეებით. უფრო დეტალურად ეს გეგმა ასე გამოიყურებოდა:

„ბარათაშვილის აღმართის საყრდენი კედლის თაღედში მიწის სიღრმეში გამოიჭრება საკმაოდ მოზრდილი სათავსოები, რომლებშიც თბილისის მუზეუმები განლაგდება. ვფიქრობთ, რომ აქ იქნება ექსპონირებული ძველი და ახალი თბილისისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები, ეტლები, კონკა, ყარაჩოხელებისა და ხელოსნების ყოფითი ნივთები, თბილისის ეთნოგრაფია და ისტორია, ხელოვნება და კულტურა.

ამ საყრდენი კედლიდან მძლავრი ნაკადით გადმოხეთქავს წყლის ხელოვნური ჩარჩქერი, რომელიც უხვად გაიშლება მთელ უბანზე და შექმნის აუზებს, არხებს, კასკადებსა და შადრევნებს. ნაკვეთის ცენტრში შეიქმნება საკმაოდ მოზრდილი ფართის მიწაში ჩაჭრილი თბილისის დიდი მაკეტი და ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ დიდ მასშტაბში და მთლიანობაში ნახონ ქალაქი, ნახონ რა აშენდა და რა შენდება. მაკეტი ისე იქნება გაკეთებული, რომ საშუალება გვექნება გავამდიდროთ იგი, შევიტანოთ ის, რაც პერმანენტულად იცვლება და მშვენიერდება. მაკეტის დათვალიერება შესაძლებელი იქნება როგორ ზევიდან, სპეციალური ანტრესოლიდან, ასევე უშუალოდ უახლოეს კონტაქტში, იმავე დონიდან. მნახველს მშვიდად შეეძლება დაათვალიეროს ძველი თბილისის მოედნები და შუკები, აივნიანი სახლები, მეტეხი, ნარიყალა, მთაწმინდა, თბილისის ზღვა, მტკვარი, ხიდები, ახალი რაიონები, ყველა ღირშესანიშნავი ნაგებობა, ტყე, ბაღი, ტბები. პარკში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უხვად იქნება განლაგებული მონუმენტური და დეკორატიული ნაწარმოებები, ქანდაკებები. საქართველოს საუკეთესო მოქანდაკეები თავიანთი შემოქმედებით თანდათანობით შეავსებენ ამ თავისებურ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ალბათ, აქ გაჩნდება გამოჩენილი თბილისელების გამოსახულებანი. სტუმრები შეხვდებიან ვახტანგ გორგასლიდან და აბო თბილელიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ყველა სახელგანთქმულ და ცნობილ თბილისელს. მე წარმომიდგენია, რომ აქ იქნებიან ნიკოლოზ ბარათაშვილი და მეფე ერეკლე, ილია, ვაჟა, გალაკტიონი და გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი და იეთიმ-გურჯი, თბილისელი მეცნიერები და რევოლუციონერები, მხატვრები და მწერლები, რეჟისორები და მსახიობები, გარდა ამისა, აქ ალბათ იქნება ქანდაკებები თბილისის სტუმრებისა, რომლებიც სამუდამოდ განისვენებენ ქართულ მიწაში - გრიბოედოვი და ოვანეს თუმანიანი, ახუნდოვი და საიათნოვა. არ დავივიწყებთ ალბათ პუშკინს, შარდენსა და სევეროვს... ოღონდ არავითარ შემთხვევაში ეს პარკი პანთეონად არ უნდა გადაიქცეს. მე პირადად ეს ადგილი წარმომიდგენია, როგორც თბილისის კულტურისა და ისტორიის კონცენტრირებული გამოფენა, გადმოცემული სახვითი ხელოვნების საშუალებით.“

თუმცა, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, შოთა ყავლაშვილის სახელოსნოში დამუშავებელი ეს გეგმა ცხოვრებაში ვერ განხოციელდა. სხვა არაერთი კონკურსიც ჩატარდა, მაგრამ ვერაფერმა ჩაანაცვლა ძველი თბილისის ორგანული სტრუქტურა თავისი ვიწრო ქუჩებით, ეზოებით, აივნიანი სახლებით, კრამიტიანი სახურავებით და ა.შ.

რიყის აქტიური განაშენიანება მოგვიანებით, 2003 წლის შემდეგ დაიწყო. გაკეთდა პარკი და აშენდა საბაგირო გზის სადგური, დაიდგა ჯერჯერობით ერთადერთი ქანდაკება და ისიც თბილისის ყოფასთან არანაირ კავშირში მყოფი ადამიანისა. ამჟამად შენდება თეატრისა და მუზეუმის შენობები, რომელთა შესაბამისობა გარემოსთან დღემდე დავას იწვევს სპეციალისტებში, თუმცა რიყეზე გაშენებულ პარკს ყოველდღიურად სტუმრობს ბევრი თბილისელი და უცხოელი ტურისტრი, რაც აღნიშნულ განაშენიანებას მეოთხე, ანუ დროით განზომილებას სძენს და რაც მის სიცოცხლისუნარიანობაზე შეიძლება მეტყველებდეს. თუმცა როგორც უნდა იყოს, საკუთარი გამოცდილებაც (ბაგრატის ტაძარი, გუდიაშვილის მოედანი, კიკვიძის პარკი, იმელის შენობა...) და თურქული გაკვეთილიც გვასწავლის, რომ ურბანული განახლების (ანდა უფრო ლოკალური ჩარევის) დროს უმთავრესი ქალაქისა და მოქალაქის ინტერესებია. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, მათ შორის იმას, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვინც ანგრევს და აშენებს და იმასაც, ვის თვალწინაც ხდება ეს ყველაფერი. აკი ოთარ ჭილაძემაც ლამის ნახევარი საუკუნის წინ დაგვარიგა, როგორ მოვფრთხილებოდით ქალაქს:

„მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო არც ერთი წუთით.“
(ეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს)

მოკლე პასუხი ასეთია: არ გვინდა შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციური წყობა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების გარანტიას იძლევა.

გრძელი პასუხისათვის იქიდან უნდა დავიწყო, რა არის თეოკრატია. თეოკრატია სახელმწიფოს ისეთი ფორმაა, რომელშიც ქვეყანას ღმერთი მართავს თავისი წარმომადგენლების საშუალებით. კანონების წყარო მოქალაქეების ნება კი არა, რელიგიური კანონია. თეოკრატიაში ხშირად - მაგრამ არა აუცილებლად - რელიგია მმართველობის წყაროც არის. კულტურულად და გეოგრაფიულად ჩვენთვის ყველაზე ახლო თეოკრატია ბიზანტია იყო. ბიზანტიის იმპერატორი იყო ქრისტეს, ზეციური იმპერატორის მოადგილე დედამიწაზე. დასავლეთ საქრისტიანოში ამ მოადგილეობას ერთმანეთს ცვალებადი წარმატებით საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და რომის პაპი ეცილებოდნენ.

თანამედროვე თეოკრატია სეკულარიზაციის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის და თანამედროვე სახელმწიფოს წარმოშობის პროდუქტია. თანამედროვე სეკულარული სახელმწიფო XVII საუკუნეში დაიბადა იმის გაცნობიერებიდან, რომ ჭეშმარიტებაზე დავა ან მასზე მონოპოლია სახელმწიფოს საქმე არ არის. რელიგიური ომების გამოცდილებამ, სადაც უმცირესი დოგმატური განსხვავებების გამო ადამიანები იოლად ასალმებდნენ ერთმანეთს სიცოცხლეს (ბართლომეს ღამე მხოლოდ ერთი მაგალითია) აჩვენა, რომ სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ადამიანების მშვიდობიანად თანაცხოვრების მექანიზმი, სადაც, ვთქვათ, კათოლიკეს და პროტესტანტს შეეძლოთ თავიანთი რწმენა თავისუფლად გამოეხატათ. თანამედროვე სახელმწიფო ისე განვითარდა, რომ რელიგიამ მასში კერძო ფუნქცია შეიძინა, თუმცა არ გამქრალა. სეკულარული სახელმწიფო არ არის „უღმერთო“ ან ათეისტური სახელმწიფო. სეკულარულ სახელმწიფოში ყველა მორწმუნეს და ეკლესიას თვითგამოხატვის ყველა საშუალება აქვს (ძალადობრივის გარდა).

ვიღაცას მოულოდნელად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ მსოფლიოში „ტრადიციული“ თეოკრატია თიათქმის არ არსებობს. ყველაზე ძველი, ტიბეტური, XVII საუკუნისაა. ვატიკანი, სადაც პაპი ერთდროულადაა ეკლესიის და სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთში შემორჩენილი ბოლო თეოკრატიაა, რომელიც თავის არსებობას ბენიტო მუსოლინის უმადლის. ყველა ისლამური თეოკრატია XX საუკუნის პროდუქტია. თანამედროვე თეოკრატია ის არის, რასაც ბრიტანელი მეცნიერი ერიკ ჰობსბაუმი „გამოგონებულ ტრადიციას“ ეძახის.

თანამედროვე თეოკრატიებმა თანამედროვე სახელმწიფოს ინსტრუმენტები რელიგიური დოგმების დაკანონებისათვის გამოიყენეს. თუკი „კლასიკური“ თეოკრატია სახელმწიფო მმართველობის საკრალურ ლეგიტიმაციას ეყრდნობოდა, თანამედროვე თეოკრატიები რელიგიურ კანონს სძენენ სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ძალას, რომელიც მას ტრადიციულად არასოდეს გააჩნდა. თანამედროვე თეოკრატიული იდეა სწორედ ტრადიციის და რელიგიის დაკნინების მაჩვენებელია. როდესაც მორწმუნეს მხოლოდ ავტორიტეტით ვერ იმოჩილებ და ვერ აჯერებ, რომ „ეკლესიურად უნდა იცხოვროს“, ავტორიტეტს კანონის ძალით ანაცვლებ და ამჯერად ეკლესიური ცხოვრებისაკენ აიძულებ.

რადგანაც თეოკრატიაში კანონის წყარო რელიგიაა, ისინი, ვისაც არ უნდა რელიგიური წესით ან კანონით ცხოვრება, ავტომატურად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი, მაშინ, როდესაც სეკულარულ სახელმწიფოში მორწმუნეს ყველა საშუალება აქვს, რელიგიური წესით იცხოვროს.

რადგანაც თეოკრატიაში კანონის წყარო რელიგიაა, ამ საფუძველზე მიღებული კანონი იოლად შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს (და, როგორც წესი, მოდის კიდევაც) ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან. მაგალითისათვის: კაცს, როგორც წესი, ქალთან შედარებით უპირატესი უფლებები აქვს; რელიგიურ უმრავლესობას რელიგიურ უმცირესობასთან შედარებით მეტი უფლება აქვს და ა.შ.

საქართველოს შემთხვევაში თეოკრატია ორმაგად აბსურდულია. რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების შემდეგ ცდილობს, ეს კანონიკური სამართლის საერო სამართალში გადმოტანაა. თეოკრატიის ქართული ფორმა სინამდვილეში საპატრიარქოს აღმოსავლეთ საქრისტიანოსათვის გაუგონარი სურვილია, საერო ცხოვრების კანონები დააწესოს და სახელმწიფოს ცხოვრება წარმართოს. ვიღაცისთვის პატრიარქის სიტყვა დღესაც კანონზე მაღლა დგას, ხვალ კი საერთოდ მოუნდება, რომ კანონის ძალა შესძინოს.

თეოკრატია არ გვინდა იმიტომ, რომ ვიცით: საქართველოს კონსტიტუციის, ქართული კანონების ეთნო-რელიგიურ თარგზე გამოჭრა საქართველოს სახელმწიფოს ისევე დააზარალებს, როგორც 90-იანი წლების ეთნონაციონალიზმი; ის იქნება უმცირესობების ჩაგვრის და, აქედან გამომდინარე, კონფლიქტების პერმანენტული წყარო, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას მის უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

თეოკრატია არ გვინდა იმიტომ, რომ გვგონია: ყველა ადამიანი, განურჩევლად ეროვნების, კანის ფერის, რწმენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის დ ა.შ. თანასწორია კანონის წინაშე.

თეოკრატია არ გვინდა, იმიტომ რომ გვგონია: ადამიანისათვის განმსაზღველი ფასეულობა თავისუფლებაა, პირველ რიგში რწმენის, სინდისის და სიტყვის თავისუფლება.

აი, ამას ნიშნავს „არა თეოკრატიას“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG