Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შაბათი, 18 ოქტომბერი 2014

გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბრიტანული საბჭოების“ ლექტორს ყოფილმა ქმარმა სამი ტყვია ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ლექტორი, მარიკა წივწივაძე, საავადმყოფოში გარდაიცვალა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედიაა; ეს ტრაგედია ეწერება უფრო დიდი მოვლენების ჯაჭვში და შემაშინებელ სოციოლოგიურ განზომილებას იღებს. ათეულობით მოკლული ქალი ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ტენდენციაა, რომლის გასაგებადაც არა ცალკეული შემთხვევების, არამედ საზოგადოების ანალიზი გვჭირდება.

რა ხდება? ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საზოგადოებრივ მოძრაობასთან, რომელიც ცდილობს, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში გაჩენილი თავისუფალი სივრცე დახუროს.

საქმე ისაა, რომ საქართველო გახსნის პროცესშია. ის ჯერ არ გამხდარა ღია საზოგადოება, მაგრამ დიახ, ძველი წესრიგი დაიმსხვრა. ძველი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო ის, რომ ქალი მამაკაცს ექვემდებარება და ემორჩილება. ასე იყო შუა საუკუნეებშიც, ასე იყო რუსეთის იმპერიაშიც, ასე იყო საბჭოთა კავშირშიც (დეკლარირებულად არა, მაგრამ რეალურად - ნამდვილად). და, აი, დღეს ასპარეზზე გამოდიან ქალები, რომლებსაც თავად უნდათ თავიანთი ცხოვრების მოწყობა. მათ ეს გამოსდით, ისინი არიან წარმატებულები, არ სურთ, ერთხელ დაშვებულ შეცდომაზე მთელი ცხოვრება აგონ პასუხი.

და ამას მოჰყვება მამაკაცების რეაქცია, რომელიც ძალადობრივია იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტი არსენალში აღარ დარჩა. ძველი სიმბოლური წესრიგი, დარწმუნების ტექნიკებითა და შერცხვენის პრაქტიკებით, დაიმსხვრა. შიშველი ძალადობა ბოლო გზაა, რათა არარსებული უპირატესობა დაამტკიცო.

არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მთავარი პრობლემა გახსნა და გაღება იყო. მათ სურთ ძველი წესრიგის დაბრუნება, მათ სურთ პატრიარქალური სისტემის აღდგენა, სადაც ქალის დაქვემდებარება იმდენად ბუნებრივი რამ იყო, რომ მას ვერც კი ამჩნევდნენ. იდეოლოგია ხომ სწორედ ესაა - ხელოვნური ფენომენის ნატურალიზაცია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ვერ ან არ ხვდებიან - ნატურალიზაცია შეუძლებელია. აღარასოდეს დადგება დრო, როდესაც ქალების დაქვემდებარება ბუნებრივი ფენომენი იქნება. დახურვა არ გამოვა. შეუძლებელია, თავისუფლების ჯინი ბოთლში დააბრუნო. შეუძლებელია, ჩაგვრის ქვეშ მყოფი ადამიანები - რომლებიც, როგორც ქალების შემთხვევა გვაჩვენებს, სულაც არ იყვნენ უმცირესობაში - სიმბოლური საშუალებებით დაარწმუნო იმაში, რომ ისინი ძველ, დაქვემდებარებულ ადგილზე უნდა დაბრუნდნენ.

მაგრამ ეს სულაც არაა ოპტიმისტური პროგნოზი. შესაძლებელია, მივიღოთ მდგომარეობა, როდესაც ვერც თავისუფლება გაიმარჯვებს და ვერც ძალადობა, როდესაც იქნება მუდმივი მკვლელობები იმ ადამიანებისა, ვისაც სოციალური ბმულის გაწყვეტა სურს. ნამდვილი დახურული საზოგადოება ვეღარ აღდგება, მაგრამ ქაოსი, დაკავშირებული მუდმივ ძალადობასთან, შესაძლებელია.

ილიაუნიში ჩვენ ეს პრობლემები ვიცით - წლევანდელი წლიდან ყველა სტუდენტი, რომელმაც ჩვენს უნივერსიტეტში ჩააბარა, პლატონის, მაკიაველის და ლოკის ტექსტებთან ერთად გაივლის მერი უოლსტონკრაფტის 1792 წელს გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც ქალების უფლებებს ეძღვნება. ეს ტექსტი ჩვენს სასწავლო გეგმაში დებატების გარეშე არ შეგვიტანია, იყვნენ ისინი, ვინც ამას მხარს არ უჭერდა - სასწავლო გეგმაში ჩამატებული ყოველი ტექსტი ხომ რომელიღაც სხვა ტექსტის ხარჯზე ისწავლება. უოლსტონკრაფტს შეეწირა, მაგალითად, რუსოს კლასიკური წიგნი აღზრდის შესახებ, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს მოხდენილი ევროპული აზროვნების ისტორიაზე. მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა აზრმა, რომ ქალების უფლებების პრობლემა ფუნდამენტურია არა უბრალოდ თანამედროვე მსოფლიოში, არამედ განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში. ამიტომაც წლევანდელი სასწავლო წლიდან ოთხი ათასამდე პირველკურსელი, რომელიც ილიაუნიში მოხვდა, ამ პრობლემატიკაზე პირველივე სემესტრში შეიქმნის წარმოდგენას. ეს ცოტა არაა.

მაგრამ ეს არაა საკმარისი. საჭიროა ბევრად უფრო მეტი მუშაობა, მეტი წიგნი, მეტი ლექცია, მეტი საუბარი, მეტი შეხვედრა.

სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ძალიან ცუდი შედეგი აქვს. ის გვიბიძგებს იქითკენ, რომ არსებული ღია სივრცეებიც დავხუროთ. ილიაუნი, რომელიც ღია იყო ყველასთვის, ვისაც საჯარო ლექციებსა და კონფერენციებზე დასწრება სურდა, ილიაუნი, სადაც ბოლო წლებში ჩემი და ჩემი კოლეგების კურსებზე დამსწრეთა ლამის ნახევარი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებზე მოდიოდა, იმის გამო, რაც გუშინ მოხდა, შეიძლება, უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრების მიზნით, უცხოთათვის დაიკეტოს. ეს უკვე რეალური ღია სივრცის ჩაკეტვის მაგალითი იქნება, რაც მხოლოდ დააზიანებს იმ იდეების გავრცელების საქმეს, რომელთა საფუძველზეც თავისუფლების სფერო უნდა შექმნას.

ძნელია იდეებით დაიცვა თავი, როცა ტყვიებით გებრძვიან.

რუსეთთან თანამშრომლობის საფრთხეს სანამ განვიხილავ, იქამდე მოკლედ ვიტყვი ჩემს დამოკიდებულებას წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ. სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ემყარებოდა ორ, საფუძველშივე მცდარ, დაშვებას: 1) რომ ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით უნდა აღდგეს; 2) რომ დასავლეთი მზად არის, რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეს საქართველოს გამო. ეს პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვა, თავზეხელაღებული იყო - ისევე, როგორც არაერთი ნაბიჯი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გადადგა.

ამავე დროს, როდესაც ურთიერთობის დათბობაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დათბობასა და თანამშრომლობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. დათბობა გულისხმობს ნაკლებად კონფრონტაციულ რიტორიკას და წინა ხელისუფლების შეცდომებზე სწავლას. თანამშრომლობა კი მთელ რიგ სფეროებში - მათ შორის სამხედრო სფეროში - რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს. მაგალითად, ჩემი აზრით, თანამშრომლობა იქნება, თუ გავხსნით ახალ ე.წ. ავარეთ-კახეთის გზას, რომელიც კახეთს დაღესტანთან დააკავშირებს.

რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეები საპირისპირო არგუმენტად მოიყვანენ საბჭოთა კავშირ-ფინეთის ურთიერთობას ცივი ომის დროს. ეს ურთიერთობა იმდენად პარადიგმატულ შემთხვევად იქცა, რომ მას სპეციალური სახელითაც კი მოიხსენიებენ და „ფინლანდიზაციას“ უწოდებენ. ფინლანდიზაცია გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც პატარა ქვეყანა მეზობელი დიდი ქვეყნის პოლიტიკის გავლენის ქვეშ ექცევა.

საქმე ის არის, რომ ფინეთს ასეთი პოლიტიკის გატარება შეეძლო იმ პირობებში, როდესაც მეორე სუპერსახელმწიფოს - ამერიკის ოფიციალური საგარეო პოლიტიკური დოქტრინა საბჭოთა კავშირის მიმართ იყო შეკავება. „შეკავების დოქტრინა“ გულისხმობდა ნებისმიერი საშუალებით საბჭოთა კავშირის გაფართოების შეჩერებას. ასეთ პირობებში, როდესაც დასავლეთი იმთავითვე ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამდა საბჭოთა კავშირის გაფართოებას, ფინეთს (და მის მეზობელ შვედეთსაც, რომელიც დღემდე ნეიტრალური ქვეყანაა) შეეძლო ორ დაპირისპირებულ სუპერსახელმწიფოს შორის ნეიტრალური ქვეყნის როლი ეთამაშა.

დღეს დასავლეთისგან გარანტიები არ არსებობს. ამ პირობებში რუსეთის მეზობელი ქვეყნები ცდილობენ გარანტიების მოპოვებას და რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შეჩერებას. პარადიგმატული შემთხვევა არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდნენ და ამ გზით შეაკავეს რუსული ექსპანსია.

ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ამ შემთხვევაში სწორედ ბალტიისპირეთი უნდა იყოს და არა ფინეთი. ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ ფინეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისი საგარეო პოლიტიკა შეცვალა - ევროკავშირშიც გაწევრიანდა და ნატოსთანაც აქტიურად თანამშრომლობს. უკრაინის კრიზისის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში დაიწყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ეს ორი ქვეყანა შესაძლოა ნატოშიც გაწევრიანდნენ. 2014 წლის 27 აგვისტოს, ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ ხელს მოაწერენ პაქტს, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციებში ნატოსგან სამხედრო დახმარების მიღებას გულისხმობს.

ამგვარი გზებით, ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შექმნან ახალი ტიპის შეკავების პოლიტიკა, რომელიც ახალ რეალობაში რუსეთის ექსპანსიას შეაჩერებს. საქართველოც ასევე ყველა გზით უნდა ცდილობდეს გარეშე გარანტიების მოპოვებას. ყველაზე მყარი გარანტია კი ამ შემთხვევაში ნატოსთან დაახლოება და ნატოში გაწევრიანება იქნება.

დღეანდელ ხელისუფლებას ბოლომდე გააზრებული არ აქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობამ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას იმ პირობებში, როდესაც დასავლეთისგან გარეშე უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს (არც ევროკავშირში ვართ გაწევრიანებული და არც ნატოში). ზემოთხსენებული ახალი გზის მშენებლობა რუსეთის სამხედრო პოზიციებს ბევრად გააუმჯობესებს. ვიღაცამ შეიძლება გულუბრყვილოდ იკითხოს, რომ ამხელა სუპერსახელმწიფოსთან დაპირისპირება ამ ახალი გზით თუ მის გარეშეც შეუძლებელია და რა საჭიროა ამ მიზეზით მომგებიან ინფრასტრუქტულ პროექტზე უარის თქმა. საქმე ის არის, რომ აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე, არამედ მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებაზე (რაზეც ირიბად საქართველოს უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული). პირველ რიგში კი, ეს გულისხმობს რუსეთის გავლენის შესუსტებას სომხეთზე.

რასაკვირველია, ლეგიტიმურია იმაზე საუბარი, რომ საქართველოს სჭირდება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა - გვიღირს ასეთი ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საფრთხეში ჩასაგდებად? დაახლოებით 25 წლის წინ ჩვენ ჩვენი ნებით უარი ვთქვით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნაზე საკუთარი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. რუსეთი მაშინაც და ახლაც გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში ცხოვრობდა და ცხოვრობს, ვიდრე საქართველო. ღირს ახალ საუკუნეში იმპერიალისტურ, შოვინისტურ და ავტორიტარულ ქვეყანასთან ხელახლა „დაძმობილება“?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG