Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 9 ოქტომბერი. See content from before

სამშაბათი, 7 ოქტომბერი 2014

რაც უნდა იმართლონ თავი მოსკოვში „თბილისობაზე“ ჩასულმა ქართველმა მომღერლებმა, რომ ქართველი თვისტომის გასახარად იმღერეს და არა რუსეთის ხელისუფლების გულის მოსაგებად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ სადღესასწაულო ღონისძიებით კრემლმა კიდევ ერთ მორალურ გამარჯვებას მიაღწია „ერისიონის“ მოსკოვური გასტროლების შემდეგ.

შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა და მოსკოვში ამღერა პუტინის „პირად მტერთან“, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები - ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი. ეს უკანასკნელი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამდეც და შემდეგაც, ქართველ მსმენელში ასოცირდებოდა, როგორც ქართველი მარლენ დიტრიხი, მომღერალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველ ჯარისკაცს ამხნევებდა სიმღერით „ფსოუს წყალი“. ომის შემდეგ კი ანსამბლ სტეფანესა და 3 G-სთან ერთად სახელი გაითქვა "We Don't Wanna Put In"-ის შესრულებით, რაც იმ დროის მწვავე მუსიკალური სატირა იყო პუტინის მმართველობაზე. ცნობილია, რომ 2009 წელს ევროკავშირის სამაუწყებლო ბიურომ სიმღერის ავტორებს პოლიტიზებული ტექსტის შეცვლა მოსთხოვა და შემდეგ, ქართველების პრინციპული პოზიციის გამო, ანსამბლს უარი უთხრა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე. თუმცა, სიმღერა "We Don't Wanna Put In" მაინც მეტად პოპულარული გახდა და მასზე რამდენიმე დასავლურმა წამყვანმა ტელეარხმა სიუჟეტებიც კი მოამზადა.

ცხადია, ერთი შლაგერითა და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით იოლი არ არის ევროპაში სახელის მოხვეჭა. მაგრამ ნინი ბადურაშვილს და 3 G-ს შეეძლოთ ერთგვარ "ყინულმჭრელად" გამოეყენებინათ ეს სიმღერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზე და ახალი რეპერტუარით გასულიყვნენ ევროპის სივრეცში. როგორც ეს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გააკეთეს უკრაინულმა ანსამბლებმა "ოკეან ელზიმ" და "პიკარადიისკაია ტერციამ", რომლებსაც არნახული წარმატება ჰქონდათ ჩეხეთის დედაქალაქში და ასეთივე წარმატებით აგრძელებენ გასტროლებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

აქ, ცხადია, საყვედური უნდა ითქვას საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიმართაც, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით ვერ ახერხებენ იმდენს, რომ ქართული ესტრადით დააინტერესონ ევროპის სახელმწიფოები; ვერ ახერხებენ იმას, რომ შეუქმნან ალტერნატივა, გზა გაუკვალონ და მხოლოდ მიხეილ ხუბუტიების იმედზე არ დატოვონ ქართველი მომღერლები, რომლებიც ვერ მიმხვდარან, რომ არანაირი თვისტომის გულის გასახარად არ ღირს კონცერტის ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული.

მახსოვს, პრაღაში კლუბ "სასაზუში" 19 მარტს გამართული ბრწყინვალე კონცერტის შემდეგ უკრაინული ანამბლის, "ოკეან ელზის" წარმატებით აღელვებულმა სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა განაცხადა, რომ არასოდეს იმღერებს რუსეთში, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია!

ცხადია, ალბათ არიან ისეთი უკრაინელი მომღერლები, რომლებიც ახლაც მართავენ კონცერტებს რუსეთში. მაგრამ საკუთარ ხალხს უყვარს და ისტორია დიდებით ინახავს მხოლოდ იმათ სახელებს, ვინც არ უმღერის დამპყრობელს! ან იმას, ვინც ვან კლიბერნივით მოწინააღმდეგის მოედანზე იგებს საერთაშორისო კონკურსებს და ამით წარმოაჩენს საკუთარი ქვეყნის სიდიადეს.

"თბილისობა" კი, როგორც დღესასწაული, საქართველოში არ უქნია ღმერთს და მოსკოვში მისი გამართვა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ხომ საერთოდ უგემოვნო, სამარცხვინო კიჩი იყო, რომლითაც ბატონმა ხუბუტიამ და კომპანიამ, მასში მონაწილე ქართველი შემსრულებლები ისეთ ქარაფშუტა და უპრინციპო ადამიანებად წარმოაჩინეს, რომ ისინი ალბათ დიდხანს ვეღარ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს.

2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა ამ ორგანიზაციის 34 წევრი ქვეყნისა და 47 პარტნიორი ქვეყნის გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანი იყო, დაედგინა საშუალო სკოლებში განათლების დონე სამი მაჩვენებლის მიხედვით: მათემატიკური უნარები, მეცნიერების ცოდნის დონე და წაკითხულის გააზრება. ტესტირება ჩაუტარეს თითოეული ქვეყნიდან შემთხვევით შერჩეულ 15 წლის მოსწავლეებს. შემთხვევითი შერჩევის მეთოდმა შესაძლებელი გახადა მიღებული შედეგების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადება.

15 წლის მოსწავლეები ქართული სისტემით არიან მე-10 კლასელები და მათი გამოკითხვა საშუალო სკოლის მოსწავლეების ზოგადი დონის დასადგენად შესანიშნავ სურათს გვაძლევს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 74 ქვეყნიდან და ტერიტორიდიან ქართველი მეათეკლასელები მათემატიკაში 65-ე, მეცნიერებაში 69-ე და წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილებს იკავებენ.

ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ ყველა გამოკითხული ქვეყნისა და ტერიტორიის მონაცემები. საქართველოს მონაცემების ინტერპრეტირებისთვის გამოგადგებათ ის ინფორმაციაც, რომ მათემატიკაში გამოკითხული ქვეყნების საშუალო ქულა იყო 458, მეცნიერებაში - 463 და წაკითხულის გააზრებაში - 455.

ქართველმა მოსწავლეებმა ყველა ამ მონაცემით საშუალოზე გაცილებით დაბალი ქულები დააგროვეს.

ამავე დროს შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ამგვარი შედარება ცოტა უსამართლოა, ვინაიდან ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები ეკონომიკური და სოციალური განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფებიან. იმისათვის, რომ სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონე გავაკონტროლოთ, საჭიროა ავიღოთ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მსგავს ეკონომოკური განვითარების დონეზე არიან.

ეკონომიკური განვითარების დონე იზომება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაყოფით. მაგალითად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი გაცილებით მეტია, ვიდრე ჰოლანდიის, მაგრამ ამ მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე თუ ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ ჰოლანდია გაცილებით უფრო მეტად განვითარებულია.

საშუალო სკოლის 15 წლის მოსწავლეების გამოკითხვა 2009-2010 წლებში ჩატარდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2009 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 5480 დოლარი. სასკოლო გამოკითხვის სიიდან ჩვენ უნდა ავიღოთ ქვეყანა, რომელიც დაახლოებით მსგავს ეკონომიკური განვითარების დონეზეა და ამასთან, ჩვენს რეგიონს მიეკუთვნება. სიიდან ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყანა მოლდავეთი გამოდის. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელს საქართველოსაზე ნაკლები იყო, ანუ მოლდავეთი საქართველოზე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულია.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები სამივე პარამეტრით, მცირედით, მაგრამ მოლდაველი მოსწავლეებისაც მაინც ჩამორჩება. გამოდის, რომ რეგიონის დონეზე ჩვენზე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყანასაც კი ჩამოვრჩებით, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებზე - მაგალითად, რუსეთზე, ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.

ამ ბლოგის ჩანაწერით, მინდა გავიაზროთ, თუ სად ვიმყოფებით და რამდენად მძიმეა მდგომარეობა. ცხადია, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის საშუალო განათლების დაფინანსების დრამატულად გაზრდა და მასწავლებლების მასობრივი გადამზადება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მთლიანად მეთოდისა და მიდგომის შეცვლა: აქცენტი უნდა გადავიდეს ლოგიკურ აზროვნებაზე, ტექსტის გააზრების უნარსა და მეცნიერული ცოდნის შეძენაზე. დღევანდელი ქართული საშუალო სკოლები, სამწუხაროდ, ვერც ერთ ამ პარამეტრში ვერ უზრუნველყოფებენ მოსწავლეების განვითარებას. ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოს განათლების სისტემას ვერაფერი ეშველება. ამისათვის კი პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ცოტაოდენი გამბედაობა არის საჭირო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG