Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

17 მაისს, ოჯახის სიმტკიცის დამცველი აქციის დროს, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: ჰომოფობიის მოწინააღმდეგე ადამიანები არ გამოვიდნენ და ერთმანეთს შერჩა მრევლი და სამღვდელოება, “საკბილოს“ გარეშე. იყო პოლიციასთან ფრაგმენტული კინკლაობა - კონკრეტულ “ლგბტ“ მოქალაქეთა მოუხელთებლობის გამო სხვა რაღა დარჩენოდათ იმის გარდა, რომ პოლიცია “ცისფერთა“ შეთქმულების მიერ მართული მთავრობის რეპრესიულ აპარატად შეერაცხათ? და, რაც მთავარია, იყო საკუთარ რიგებში “ჩანერგილი“ ლგბტ-ების გამოვლენის ჟინი - აბა რა ფასი აქვს რაიმე დამფუძნებლურ დღესასწაულს მსხვერპლშეწირვის აღვლენის გარეშე? თავის გამოჩენა გადაწყვიტა ერთმა პატარა ტანის კაცმა, რომელმაც ერთ დიდი მოცულობის კაცში “ამოიცნო“ “ელგებედე“ და სხვა შეკრებილთა წინაშე სწორედ მის წინააღმდეგ მოისურვა საკუთარი ეროვნულ-სექსუალური მართლმორწმუნეობის დამტკიცება. ამას მოჰყვა ჩოჩქოლი - ერთგვარი დისონანსი იქ შეკრებილ მტკიცეთათვის, გარკვეული სეირი და ბოროტი სიხარული - სახლში დარჩენილთათვის.

შეგვიძლია ეს ეპიზოდი აქ მივატოვოთ და შემოვიფარგლოთ იმაზე ქილიკით, თუ როგორ დაერივნენ ერთმანეთს “ბნელები“. მაგრამ ასევე შეგვიძლია ყური მივაპყროთ ამ ეპიზოდის გაგრძელებას:

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ინციდენტის “დიდი“ და “პატარა“ მონაწილეც აქციას გაარიდა, ტელეკამერის წინ გამოჩნდა “პატარა“ კაცის ცოლი, რომელიც თავგანწირული ყვიროდა, რომ მთავრობას ერთადერთხელ მიმართა თხოვნით თავისი ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ. “9 წლის ბავშვი ხელებში მაკვდება“ – ეს იყო ალბათ ის ერთადერთი მართალი გზავნილი, რომელმაც, გუშინდელი დღიდან, იქ შეკრებილთა შორის და ჩვენამდე მოაღწია. ამ სასტიკად პირდაპირმა, მშრალმა და სასოწარკვეთილმა სიტყვებმა ერთთავად გააშიშვლა ის კარნავალი, რომელიც ფაფახებით, ჩოხებით, ჯვრებით, ხატებითა და ნაკურთხი წყლის წვიმით ცდილობდა მოეგუდა, გაეფილტრა და ვალუტასავით ეროვნულ-რელიგიურ გზავნილებში გადაეცვალა უმძიმესი, დამალული სოციალური სინამდვილის ამოძახილი. დარწმუნებული ვარ, ის ქალი არ იყო ერთადერთი, ვინც მსგავსი ტკივილით გავიდა გუშინდელ აქციაზე, როგორც გადიან ხოლმე სრულიად უპერსპექტივო სოციალური მდგომარეობით დამძიმებული ადამიანები ნებისმიერ პოლიტიკურ აქციაზე, გამოდიან ნებისმიერი ტიპის “მტრის“ წინააღმდეგ, რათა ნებისმიერ ფასად შეძლონ თავიანთი ბრაზის გამოვლენა. “ბინძურები“, “სუნიანები“ და “მოცლილები“ - ასე ხედავს რიგითი გასხივოსნებული “მოუცლელი“ გუშინდელ აქციაზე გასულ კონტინგენტს. არადა ეს აროგანტული იარლიყი “მოცლილობა“ სწორედ იმის აღმნიშვნელია, რის გამოც გამოვიდნენ “ისინი“: უმუშევრობა, გაჭირვება, ავადმყოფობა, უპირობობა.

მთელი ეს ბეჩავი სინამდვილე გუშინდელ ფერად და ხალისიან აქციაზე ისეთივე უხილავი იყო, როგორც ის ხალხი, ვინც 18 მაისს პუშკინის სკვერში ცარიელი ფეხსაცემელების წყვილებით ინსტალაცია დადგა უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ. ოჯახის სიმტკიცის აღმნიშვნელ ხილულ აქციაზე ადგილი არ იყო არც მათთვის, ვინც შარშანდელ 17 მაისს კინაღამ ფიზიკურად გაანადგურეს ხილულად ქცევის გამო, და არც მათთვის, ვინც 18 მაისის აქციაზე ღაღადებდა ფრაზებითა და სლოგანებით, რომელთა ავტორებიც ისინი არ არიან; რომლებიც მათ არ დაუწერიათ; რომლებიც მთლიანად ჩაენაცვლა იმას, რაც მათ შეეძლოთ და სურდათ, რეალურად ეთქვათ - ეს თავისთავად უკვე მკვდრადშობილი, აყროლებული ენაა.

17 მაისს ავადმყოფი შვილის დედის ყვირილი, 18 მაისს სკვერში დაგდებული ცარიელი ფეხსაცმელი, ის ნაკვალევებია, რომელთა ავტორები წელსაც გათიშულები არიან ერთიმეორისგან და მხოლოდ შორეულ ყრუ ექოდ ეხმიანებიან ერთმანეთს, ზედაპირზე კი კვლავაც ყველაფერი “პროდასავლურსა“ და “ანტიდასავლურს“, “ლიბერალურსა“ და “ბნელს“ შორის კულტურულ დაპირისპირებად ითარგმნება.

რამდენადაც სავსეა სატკივრით და ნამდვილი სათქმელით ხსენებული დედის ბრმად გადამისამართებული პროტესტი, - ალბათ “ცისფერთა“ შეთქმულების წინააღმდეგ, რომელთა ხელშიც მოიაზრება მსოფლიოს მამოძრავებელი ფინანსები, - იმდენადვე ცარიელი, ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილია იმ ახალგაზრდების დემონსტრაცია, რომლებსაც საშუალო სოციალური მდგომარეობა მაინც აქვთ (როგორც წესი, მშობლების წყალობით) და ჰომოფობიის სახით უბრალოდ სოციალიზაციის და მიკუთვნებულობის ყველაზე აქტუალურ და მძაფრ ფორმაში ცდილობენ მონაწილეობის მიღებას. მათ მაგივრად ერთი მუსიკალური არარაობა ყიყინებს, რომელმაც იცის, რითი აღაგზნოს ინდოქტრინირებული ქართული ახალგაზრდობა, და ახალგაზრდობაც, რომელსაც არ აწუხებს ის, რაზეც ყვიროდა 9 წლის ავადმყოფი შვილის დედა, ამაყად და მასობრივად აშეარებს და იმეორებს მუსიკალური არარაობის მდარე სლოგანებს - “მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“ და მსგავს კულტურულ-სექსუალურ პროტესტს ეხიზნება, რათა მით უფრო მშვიდად დახუჭოს თვალი რეალურ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე და განაგრძოს თავისი “აპოლიტიკური“ არსებობა.

და მაინც, რა იგულისხმება კულტურული შინაარსის პროტესტის მიერ სოციალურის გადაფარვაში?

ავიღოთ ყველაზე მჭახე მაგალითი: ლევან ვასაძე - პრიალა და სლიკინა, ვითარცა მოდების ჟურნალის გარეკანზე გამოსახული სტერილური ტოპ-მოდელი, და პრანჭია და კარნავალური, ვითარცა ყველაზე ჭრელი გეი-პრაიდი. ერთ ცნობილ ტელეწამყვანთან, რომელმაც ახლახან სათვალიანი “იმიჯით“ სცადა “ჭკვიანობის“ რეპუტაციის გამყარება, ვასაძეს თავის მორიგ ფაშისტურ გამოსვლაში ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ სრულიად სპონტანურად წამოსცდა შემდეგი რამ: მსგავსი კანონი ეკონომიკას დაანგრევს, რადგან დამქირავებელს აღარ შეეძლება დაქირავებულის სამსახურიდან გაშვება, იმიტომ რომ დაქირავებული ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გააკეთებს აპელირებას, მიიკერებს ლგბტ-იდენტობას და თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად გაასაღებსო. ერთმა პატარა მსჯელობამ გადაფანტა ვასაძის მიერ დაყენებული მთელი ოხშივარი დემოგრაფიული აღორძინების, გენოფონდის, ქართული სისხლის, ტრადიციების, რაინდობისა და კეთილშობილების შესახებ და შიშვლად გამოჩნდა ის, რაც ლევან ვასაძე სინამდვილეში არის: ერთი ჩვეულებრივი კაპიტალისტი, რომელიც სოციო-ეკონომიკურ დონეზე სრულიად ბანალურად აზროვნებს “მუშახელის“ ექსპლუატაციის ლოგიკით. ოღონდ, ამას ვერც აღიქვამს ის “ხალხი“, მასში მორიგ “მამა მარჩენალს“ რომ ეძებს (არა იმიტომ, რომ ბრმა და ბნელი “ცხვარია“, არამედ იმიტომ, რომ “მამა მარჩენალის“ იმედის გარდა სხვა არანაირი სოციო-ეკონომიკური პერსპექტივა არ გააჩნია), რადგან ვასაძე ეროვნულ-რელიგური იდეოლოგიით გაკეთილშობილებული, შელამაზებული კაპიტალისტია, რომლის ესთეტური ფაშიზმიც ბურავს მის ველურ ექსპლუატატორულ ლოგიკასა და მექანიზმებს.

ასე მოხდა მეორე მსოფლიო ომამდელ გერმანიაშიც, როდესაც კრიზისისა და ინფლაციის მიერ გაღატაკებულ ფართო მასებს, რომელთა რისხვაც წესით მსხვილი კაპიტალისტი მეწარმეების მიმართ უნდა მიმართულიყო, თავად კაპიტალისტებმა და ჰიტლერის ნაციონალსოციალისტურმა პარტიამ შეუქმნა ილუზია, რომ კაპიტალის ბოროტებას ფულთან გაიგივებული ებრაელების ამოჟლეტით დაამხობდნენ. სინამდვილეში კი კაპიტალისა და პოლიტიკის ერთობლივი ძალისხმევით ეკონომიკური სიბრტყიდან აქცენტი გადამისამართებულ იქნა რასობრივ-კულტურულ სიბრტყეზე, რისი შედეგიც ის იყო, რომ ებრაელებიც ჩამოიცილეს, კაპიტალიც შენარჩუნებულ იქნა და ხალხის ჩაგვრაც, რომელმაც ბოღმა ებრაელებზე ამოანთხია და სიმბოლურ, ნაციონალისტურ-რასისტული აღტყინების დონეზე დაიკმაყოფილა სოციალური გასაჭირით გამოწვეული ბრაზი.

განა დღევანდელ საქართველოში ჰომოსექსუალთა გალაქტიკათაშორისი - განსაკუთრებით კი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული - შეთქმულება არ არის პარანოიის ის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ჩაენაცვლა ებრაელების, მასონების, იეღოველებისა თუ სომხების საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებს, თანაც ისე, რომ არნახულად უფრო ფართო რეზონანსი მოიპოვა?

რამდენადაც არაჰუმანური და შემზარავად სტერილურია აბრევიატურა “ლგბტ“, იმდენადვე აღიქმება ჰომოსექსუალობა, როგორც რაღაც “უცხო ხილი“, გარედან “შემოგდებული“, ის, რაც რადიკალურად “სხვაა“ და არავითარი რეალური კავშირი ან საფუძველი არ აქვს ქართულ აწმყოსა თუ წარსულში. “განსხვავებული“ ორიენტაციის ადამიანის დეჰუმანიზაციას არა მარტო ხსენებული გლობალური შეთქმულების თეორიები უწყობს ხელს, არამედ ისიც, რომ მას ან საერთოდ ართმევენ გამოჩენის უფლებას, ან სთხოვენ, რომ ისეთი ეგზოტიკური, ვულგარული და “გიჟური“ სახით გამოჩნდეს, როგორადაც მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ წარმოდგენას წარმოუსახავს იგი. ჰომოფობს არაფრის ისე არ ეშინია, როგორც ჰომოსექსუალისა, რომელიც მისგან არანაირი განსაკუთრებული ნიშან-თვისებით არ განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, როგორ მოახერხებს იგი, რომ საკუთარი ჰეტეროსექსუალობა, ნორმალურობა, “ბუნებრიობა“, ტრადიციულობა, მართლმორწმუნეობა დაამტკიცოს?

ანდა როგორღა ისიამოვნოს საერთო ჰომოფობიურ რიტორიკას ამოფარებულმა ხალხმა “სახლში“, მალულად საკუთარი სქესის ადამიანთან სექსუალური ურთიერთობით, თუ მისი ჰომოეროტიული ქცევა საჯარო სივრცეში დასაშვებ სექსუალურ იდენტობად და უკვე - სრულიად ბანალურად - კანონით გარანტირებულ “უფლებად“ იქცევა? განა მთავარი პრობლემა დღევანდელ ქართულ ჰომოფობიასთან დაკავშირებით ის არაა, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში ყოველთვის არსებობდა, როგორც ქცევა (რომლის ფარგლებშიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში შესვლა სიტყვა ჰომოსექსუალობის ან რაიმეგვარი სექსუალური იდენტობის განსაზღვრის გარეშეც შეიძლება), მაგრამ “ახალ ხილად“ და “უცხო“ საწამლავად აღიქმება, როგორც იდენტობის ფორმა, რომელიც უკვე გულისხმობს როგორც თვითაღქმაში ისე სხვების მხრიდან აღქმაში ჰომოსექსუალური კომპონენტის გათვალსაჩინოებას?

საქართველოს მსგავს (ე.წ. “სამხრეთულ“) ქვეყანაში მკაცრად სექსუალურ იდენტობაზე აგებული ხისტი პოლიტიკა რთულია, არ იყოს განწირული ჩიხში შესვლისათვის. იდენტობა გულისხმობს საკუთარი ორიენტაციის, როგორც რაღაც საგნობრივი საკუთრების, “აღიარებას“ და მიდრეკილია, გამოკვეთილი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები წარმოშვას იქაც კი, სადაც ისინი არ არსებობს და სადაც არსებობს უბრალოდ ქცევა ყოველგვარი არტიკულირებული იდენტობის გარეშე. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბრძოლა საჯარო სივრცის გაერთგვაროვნების წინააღმდეგ, რაც, როგორც აღნიშნეს, არის კიდევაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი ტოტალიტარული ბატონობისა და სიმბოლური ძალაუფლების მოხვეჭის გზაზე. მაგრამ მასთან ისეთივე იდენტობაზე აგებული პოლიტიკით დაპირისპირება, რასაც ჰომოფობიური რიტორიკა ეწევა, თავისთავად ნიშნავს, იმავე იდენტობაზე მიჯაჭვული ლოგიკის იდეოლოგიურ მახეში გაბმას, და მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება გაუცხოება და სიმბოლურ-კულტურული უფსკრული “ჰეტეროსექსუალს“ (ე.ი. ტრადიციულ, მართლმადიდებელ, ეთნიკურ ქართველსა) და “ლგბტ“-ს (ე.ი. გადაგვარებულ, უზნეო, ანტიეროვნულ, გრანტიჭამია “შემოგზავნილს“) შორის.

კულტურული მახასიათებლების, ერთგვარი ფეტიშებისა და თილისმების, გამრავლება, ის იდეოლოგიური დოღი, რომელშიც ორივე “მხარეა“ ჩართული, რათა ერთიმეორეს “ანტიდასავლურობისა“ და “სიბნელის“ თუ “ანტიეროვნულობისა“ და “უზნეობის“ იარლიყები მიაკერონ, კიდევ უფრო მეტად გააღვივებს ანტაგონიზმს იქ, სადაც იგი არ უნდა იყოს, და სავალალო შედეგებს მოიტანს არა უბრალოდ შიდა საზოგადოებრივ დონეზე ურთიერთსიძულვილის თვალსაზრისით, არამედ გეოპოლოტიკურ დონეზეც მნიშვნელოვნად გაუძლიერებს იდეოლოგიურ საყრდენს პუტინის რუსეთს, რომელიც სწორედ კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით ცდილობს, გააღვივოს ანტი-დასავლური სენტიმენტები პოსტსაბჭოთა სივრცეში და კულტურულ-“სულიერ“ კედელზე დააფუძნოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური იმპერიალისტური ზრახვები. ასეთ იდეოლოგიურ დონეზე გადამისამართებული ბრძოლით სრულიად გამოეცლება პოლიტიკური ძალა და ქმედითობა იმგვარ სივრცეს, რომელშიც ადამიანები არა კულტურულ-სექსუალურ-ეროვნულ-რელიგიური ნიშნით “ტრადიციულებად“ და “არატრადიციულებად“ დაიყოფიან და მხოლოდ მეტი ტოლერანტულობის (ანუ სრული ურთიერთსიძულვილის პირობებში მეტი ურთიერთამტანობის) მიღწევა ძალუძთ, არამედ რეალური სოციო-ეკონომიკური ნიშნით “ექსპლუატატორებად“ და “ჩაგრულებად“ დაიყოფიან და 9 წლის ავადმყოფი შვილის დედასაც აღარ მოუწევს, ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქციას მიეკედლოს ვინმესთვის თავისი ხმის მისაწვდენად, თავისი ყრუ კვალის დასატოვებლად, როგორც ცარიელი, გაცვეთილი ფეხსაცმელი.

"მღვდლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, იმას კიდევ თვალი გეებისკენ გაურბოდაო."
თანამედროვე ქართული ანდაზა


ქართველების ქუჩაში გამოყვანა თუ გინდა, ან გეი უნდა უხსენო, ან გვამი. საზოგადოება გულგრილია სოციალური თემების მიმართ. ადამიანის ექსპლუატაცია, სოციალური უსამართლობა, ეკონომიკური გაჭირვება, უმუშევრობა, შრომის დამამცირებლად დაბალი ანაზღაურება, ბუნების განადგურება, მოწამლული ჰაერი, დამახინჯებული თბილისი, მათხოვრები, უსახლკაროები, ადამიანებზე ძალადობა, მათი წამება, აბსურდული და დრაკონული კანონები და კიდევ ბევრი მწვავე სასიცოცხლო პრობლემა არ იწვევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პროტესტის გრძნობას. არც მთავრობის წევრთა უსასრულო ფულადი პრემიები, რაც, ფაქტობრივად, ლეგალური კორუფციაა, არც მოქალაქეთა ხარჯზე გამდიდრებული და ფუფუნებაში მცხოვრები სამღვდელოება, არც მატყუარა - ხშირად დეზინფორმატორი - მედია არაა აღშფოთების საგანი.

გეი, როგორც მტრის, გამრყვნელ-გადამაგვარებლისა და ანტიეროვნულის განსახიერება და გვამი, როგორც სურვილების შემსრულებელი და სასწაულმოქმედი, თანამედროვე ქართული ეროვნული იდენტობის ორი მთავარი სიმბოლოა. ამ იდენტობას გეის სიძულვილი და გვამ(ებ)ის სიყვარული განსაზღვრავს. ჰომოფობია და ნეკროფილია კოლექტიური აფექტების, ანუ ემოციური აღგზნების ორი ძირითადი მოდუსის - სიძულვილისა და სიყვარულის გამოვლინებაა. ისინი, როგორც აბსოლუტური, ყოვლისმომცველი სიმბოლოები, საკუთარ თავში მოიცავს კოლექტიური სიძულვილისა და სიყვარულის ყველა სხვა ფორმას: ჰომოფობიაში გაერთიანებულია რასიზმიც, რელიგიური შეუწყნარებლობაც, სოციალური და კლასობრივი ზიზღიც, ანტისემიტიზმიც, არმენოფობიაც და ა.შ. შესაბამისად, ნეკროფილურია სამშობლოს სიყვარული, რომელიც „წინაპართა“ განსასვენებელია და, ფაქტობრივად, მთლიანად პანთეონებთან და სასაფლაოებთანაა გაიგივებული, და ეროვნული სიამაყის ერთადერთი ობიექტიც მხოლოდ ისტორიაა, რომელიც სახელოვანი მკვდრების თაყვანისმცემლობამდეა დაყვანილი, წარსული, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ წარსული დროის ფორმა ისეთივე დაუჯერებელია, როგორც მკვდარი სხეულის ხრწნის ბუნებრივი პროცესი. რამდენადაც „ფილიის“, ანუ ლტოლვისა და სიყვარულის ობიექტი ცოცხალ ორგანიზმთა სამყაროში არაა მოცემული და ის მთლიანად „საიქიოშია“ გადატანილი, სააქაოში კოლექტიური ერთობა მხოლოდ სიძულვილითღა გამოიხატება. თანამედროვე ქართველი იმდენადაა ქართველი, რამდენადაც მას ვინმე სძულს და ამ სიძულვილს ის საჯაროდ გამოხატავს. სიძულვილის ობიექტები კი, უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანები ან ჯგუფები არიან, რომლებიც იდენტობის ამ საყოველთაო ფორმაში არ თავსდებიან.

ეროვნული იდენტობის ეს ფსიქოპათიური გამოვლინება, რომელიც დღეს კოლექტიური იდენტობის ყველაზე ფართომასშტაბიანი და, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალურად მოქმედი ფორმაა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა. თუ დავუჯერებთ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც ეკლესია უმაღლესი ავტორიტეტია, გამოდის, რომ ჰომოფობიასა და ნეკროფილიაზე აგებული „იდენტობა“ ყველაზე წარმატებული ეროვნული პროექტია.

საქმე ეხება ეკლესიაში მოქმედ არა ცალკეულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, არამედ მთლიანად ეკლესიას, მისი ძალაუფლების უმაღლეს ორგანოს - საპატრიარქოს, რომელიც არათუ არასდროს გამიჯვნია ექსტრემისტების ძალადობრივ ქმედებებს, არამედ სისტემატურად ახალისებს და ჯილდოებით ამკობს სიძულვილისა და ძალმომრეობის მქადაგებლებსა და აღმსრულებლებს. საქართველოში არსებული და მოქმედი ყველა ფაშისტოიდური საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც უცხოსა თუ განსხვავებულის სიძულვილსა და შეუწყნარებლობაზე აგებს საკუთარ იდეოლოგიას, ან ეკლესიის წიაღში იშვა, ან გარკვეული ფორმით ეკლესიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელზეც არანაირი კანონი აღარ ვრცელდება, ფაქტობრივად საბჭოთა ხანის ქურდულ ავტორიტეტად, „კანონიერ ქურდად“ იქცა, რომელიც საქმეებსაც ქურდულად, ქურდულ ენაზე არჩევს და ქურდივით ყველა საქმიანი და ფულიანი გარიგების მეწილეობას ცდილობს, ოღონდ ახლა ამ მეწილეობას შემოწირულობები ეწოდება.

სიძულვილის იდეოლოგია, რომლის ირგვლივაც ეკლესიამ საქართველოში არსებული ყველა ობსკურანტი და ფაშისტოიდი ძალა გააერთიანა, ერთი მიზნისკენაა მიმართული: არ დაუშვან საქართველოში სამართლებრივი, სოციალურად თანასწორი და თავისუფალი საზოგადოების შექმნა! რადგანაც მხოლოდ გაუნათლებელი, საკუთარ აზროვნებას მოკლებული, სოციალურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად დაკაბალებული და სიძულვილით დასნეულებული მასების გაბითურება და მათი საკუთარი ძალაუფლების იარაღად გამოყენებაა შესაძლებელი. ეკლესიამ და მის კალთას შეფარებულმა ფაშისტოიდებმა საკუთარ მიზნებს რომ მიაღწიონ, აუცილებელია ადამიანები მუდმივი პანიკის მდგომარეობაში იყვნენ, ჰქონდეთ განცდა, რომ მათ გადაგვარებისა და განადგურების საფთხე ემუქრებათ და ერთადერთი ძალა, ვისაც მათი დაცვა და ხსნა შეუძლია, სწორედ ეკლესია და მისი ხელდასხმული პოლიტიკოსები არიან. საამისოდ შეიქმნა ევროპის, როგორც გარყვნილების და ზნედაცემულობის ხატი, სადაც თურმე პედოფილია და ინცესტია დაკანონებული, მშობლები შვილებს აუპატიურებენ და მერე ალბათ ბაზარზე ყიდიან. ამიტომაც, საქართველომ უარი უნდა თქვას „გარყვნილ“ ევროპაზე და თავის ერთმორწმუნე „მფარველს“ - პუტინის რუსეთს დაუბრუნდეს!

ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოსთვის აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც, თუკი აქამდე ვინმესთვის დაფარული და უხილავი იყო, საზოგადოების და სიბნელის დარაჯთა შიშველი სახე გამოამჟღავნა. ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთა, რომელიც საქართველოს ევროპასთან და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების პირობაა, ქართველ ფაშისტოიდებს მათგან განსხვავებულების, არამათიანების დაჩაგვრის წმინდათა წმინდა უფლებას ართმევს. ეს კანონი არ მისცემს საშუალებას, მაგალითად, მეწარმეს ან დამსაქმებელს, რომ მან თვითნებურად და არა პროფესიული, არამედ საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის ნიშნით, ვინმე სამსახურიდან დაითხოვოს. ანტიდისკრიმინაციის ამოსავალი პრინციპი - ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობა, განურჩევლად მათი სქესისა, სოციალური მიკუთვნებულობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციისა - ესაა ქრისტიანობის ფუნდამენტური პრინციპი, ესაა სახარებისეული ქრისტიანობა და არა ის დამახინჯებული და გადაგვარებული სიძულვილის იდეოლოგია, რომელსაც ქრისტეს სახელით ანაფორიანი ბაყბაყდევები და მათი ფაშისტოიდი მიმდევრები ქადაგებენ.

სახარებისეული ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, ქართული ფაშიზმის ფლაგმანები, - პოლიტიკური გვამები, რომლებსაც სიძულვილის ბაკქანალიაში საკუთარი თვითდამკვიდრებისა და მომხვეჭელობის შანსი ეძლევათ, - ცდილობენ ადამიანებს თავს მოახვიონ „ეროვნული იდენტობის“ პირველყოფილ სიბნელეზე, სხვათა ზიზღსა და მათ დისკრიმინაციაზე აგებული ვერსია. დისკრიმინაცია, არათავისიანისა და არა თავისი მსგავსის სიძულვილი და მისი ჩაგვრა - ესაა თანამედროვე ქართული ეროვნული ფაშიზმის სამოქმედო პროგრამა. ჰომოფობია, რომელიც ქართველ ფაშისტოიდთა საკუთარი ფსიქო-სექსუალური შინაარსის სრულიად პათოლოგიური ფანტაზიების გამოვლინებაა და ხან „ვარდისფერკოლგოტკიანი მამაკაცის“, ხან მოსწავლეების მაცდუნებელი მასწავლებლის თუ შვილისა და მშობლის ორგიების სახით ზმანებასავით იფრქვევა მათივე არაცნობიერიდან, დისკრიმინაციული იდეოლოგიის ის ხატებია, რომლებიც თავად ამ იდეოლოგიის გონებრივ შესაძლებლობებსა და „სულიერების“ იდეალებს გამოსახავს. ჰომოფობია, განსხვავებულის სიძულვილი და დისკრიმინაცია ის სნეულებებია, რომლებიც საქართველოს, ისევე, როგორც ყველა სხვა თანამედროვე ქვეყანას, სრული სულიერი, კულტურული და პოლიტიკური განადგურებითა და დეგრადაციით ემუქრება, რომლისგანაც განკურნება და გათავისუფლება თითქმის შეუძლებელი იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG