თვალი ჩავუპაჭუნოთ ფიოდორ დოსტოევსკის, ენა გამოვუყოთ თომას მანს და საქართველოს დღევანდელობის აღსაწერად დავესესხოთ ერთსაც და მეორესაც, თუმცა პოსტმოდერნიზმის ღმერთების საამებლად დავესესხოთ ირონიულად, ანუ, როგორც ლიუბეკელი ვაჭრის შვილი იტყოდა, წავიკითხოთ დოსტოევსკი, ოღონდ (ზომიერად კი არა და) უკუღმა!
უკუღმა კი როგორ იქნება?
„სასჯელი და დანაშაული“ და არა „დანაშაული და სასჯელი“!
მართლაცდა, ჩვენთან ისე მოხდა, რომ დანაშაულს კი არ მოჰყვა სასჯელი, არამედ პირიქით - სასჯელს მოჰყვა დანაშაული! ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ დაისაჯა და რომ „ცხრაწლიანი“ სასჯელი პირნათლად მოიხადა, ახლა კი სასჯელის შესაბამისი, დანაშაულის ჩადენის მორალური უფლება აქვს! ანუ საქმე გვაქვს ერთგვარ უკუმიზეზობრიობასთან, რომლის მიხედვითაც, დანაშაული კი არაა მიზეზი, ხოლო სასჯელი - შედეგი, არამედ პირიქით: სასჯელია მიზეზი, მხოლოდ დანაშაული - შედეგი!
მეტი სიცხადის შესატანად, უნდა დავესესხო კიდევ ერთ ავტორს, რომლის ვინაობას იმის გამო ვერ ვიხსენებ, რომ ღრმა ბავშვობაში გადავაწყდი რუსულად თარგმნილ (თუ რუსულად დაწერილ) ფენტეზის ჟანრის მის მოთხრობას, რომელშიც სწორედაც რომ ჩვენს დღევანდელობასთან (გასულ 9+2 წელთან) მიახლოებული დისტოპიაა აღწერილი: N დროსა და X ქვეყანაში მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის მოხდას, არც მეტი არც ნაკლები, დანაშაულის ჩადენამდე!
მოთხრობის მიხედვით, X ქვეყნის მოქალაქე ირჩევს სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს, მაგალითად, ძარცვას მკვლელობით, იხდის შესაბამის სასჯელს (დავუშვათ, 25 წელს) და საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე ძარცვავს ბანკს და კლავს ინკასატორს.
განა ჩვენთანაც მსგავსი არ ხდება?
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დღეს ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან დანაშაულს სჩადის, არ განიცდის არანაირ მორალურ დისკომფორტსა და სინდისის ქენჯნას მსგავსად ჩვენ მიერ ზერელედ აღდგენილი იმ მოთხრობის პერსონაჟებისა, რომლებმაც წინასწარ (დანაშაულის ჩადენამდე) მოიხადეს სასჯელი!
მეტიც, მორალურ დისკომფორტსა და სინდისის ქენჯნას არ განიცდის მთავრობაც, რომელიც, წესით, არსებული სისხლის სამართლის კოდექსით უნდა მოქმედებდეს და არა - უტოპიურით!
ალბათ, ჯერ კიდევ გვახსოვს „ოცნების“ მმართველობის პირველი თვეები, როცა რამდენიმე მოქალაქემ ჩათვალა, რომ „ცხრა წლის“ განმავლობაში ისე დაისაჯა, რომ შეუძლია ყოფილ მინისტრსა და დეპუტატს სცემოს, სახელმწიფოს რეაქცია კი იყოს წახალისებამდე მშვიდი და გულგრილი, რაზეც მიუთითა კიდეც ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში Human Rights Watch‑მა. ვიღაცამ კი მიიჩნია, რომ „სახადი“ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით ფასიანი მგზავრობა და ახალი ცხოვრების გარიჟრაჟზე მძღოლებსა და „კონტროლიერებზე“ იყარა ჯავრი. მავანმა იფიქრა, რომ „ცხრა წლის“ განმავლობაში ციხედ ექცა ოჯახი და ახალი ცხოვრება დაიწყო ცოლის (დედის, შეყვარებულის) მკვლელობით, ცემით, დასახიჩრებით...
ალბათ, ჩასადენი დანაშაულის ავანსად მოხდით თუ აიხსნება იმ სახელმწიფო მოხელეთა სიმრავლე და წელშიგამართულობა, რომელთა თანხმობითაც იჩეხება ხეები და ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა; უფასურდება ლარი და ღარიბდება მოსახლეობის დიდი ნაწილი. როგორც ჩანს, მათთვის სასჯელი იყო თანამდებობაზე არყოფნა და ახლა ცდილობენ წარსულთან ანგარიში გაასწორონ და სასჯელის შესაბამისი დანაშაული ჩაიდინონ!
ალბათ, ამავე მიზეზით არ ემორჩილებიან ჩინიანი თუ უჩინო მოქალაქეები პოლიციასა და სხვა სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც უმარტივეს ვითარებაშიც კი ვერ ახერხებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
აშკარაა, თვითონ პოლიციელიც ხვდება, რომ ეს აგრესია არაა სპონტანური ხასიათის და რომ მას „გაგებით ეკიდება“ ყველა მოქალაქეზე უფრო დიდი მოქალაქე და მასზე დამოკიდებული სახელმწიფო ვერტიკალი... ხვდება ამ ყველაფერს და შესაშური მოთმინებით იტანს არა მხოლოდ შეურაცხყოფას, არამედ კანონის დარღვევასაც კი, ალბათ, იმის იმედად, რომ ამ სასჯელის სანაცვლოდ მომავალში თანაზომიერ დანაშაულს ჩაიდენს და არ დაისჯება.
„ჯერ სასჯელი, მერე დანაშაული“ - ე.წ. უკუმიზეზობრიობის ამ ფორმულის მიხედვით, როგორც ჩანს, ქველმოქმედება და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა იყო სასჯელი, რომლის მოხდაც ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ახლა კი „პანორამა-თბილისით“ ცდილობს ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომელიც მრავალმილიონიან ქველმოქმედებას (სასჯელს) გადაწონის და ძველი თბილისის უნიკალურ ლანდშაფტს გაანადგურებს.
როცა დასჯასა და მსჯავრზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ ტელეკომპანია „იმედიც“, რომელიც დაარბიეს, დახურეს და მიიტაცეს! ისიც გავიხსენოთ, თუ როგორი განგაში ატეხეს ადგილობრივმა თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ! ასევე გავიხსენოთ „იმედის“ მაშინდელი თანამშრომლების ბრძოლა და იმის მტკიცება, რომ აკეთებდნენ მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას და რომ უსამართლოდ დაისაჯნენ! ცხადია, ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ისიც უნდა ვიკითხოთ, ახლა რატომ სჩადის ტელეკომპანია ისეთ დანაშაულს - აკეთებს ისეთ გადაცემას, რომელიც წლების წინ დაკისრებულ „სასჯელს“ გაამართლებს?
ვის სჭირდება „სხვა რაკურსი“ - ყვითელი გადაცემა ქსენოფობიისა და ყეენობის ნაზავით?
ვის სჭირდება გადაცემა, რომელშიც ადამიანებს საჩხუბრად აქეზებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და დასცინიან - ზოგს ცხოვრების წესის, ზოგს კი გენდერული იდენტობის გამო?
„შენ ბოზი ხარ?“ - ეკითხება წამყვანი ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულ ქალს, სხვა გადაცემაში კი ტრანსგენდერ სტუმარს აბუჩად იგდებენ სხვა რესპონდენტები, თანაც გადაცემა („სხვა რაკურსი“) ეთერში გადის ჩანაწერის სახით, რის გამოც გიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტუმრების ჩხუბი არა ფორსმაჟორი, არამედ გადაცემის ავტორთა ჩანაფიქრის ნაწილია. ცხადია, ხარისხიან ჟურნალისტიკაზე პრეტენზიის მქონე ტელევიზია ასეთ გადაცემას არ უნდა აკეთებდეს. ტელევიზია არ უნდა მოიქცეს ისე, რომ საზოგადოების თუნდაც ნაწილმა იფიქროს, რომ „ეს დანაშაული“ თანაზომიერია „იმ სასჯელისა“...
ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ არცერთი მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედებებისა თუ სისტემის სიტლანქის გამო უკანონოდ დაიჩაგრა, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანობა ეფუძნება დაწერილ კანონებს და, რომ სხვაგვარად არ გამოვა! სხვაგვარად მივიღებთ მანკიერ წრეს, რომელშიც არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ როგორი კავშირია მიზეზსა და შედეგს შორის, ანუ არ ექნება მნიშვნელობა იმას, დანაშაულმა წარმოშვა სასჯელი თუ პირიქით, სასჯელმა - დანაშაული!
კარგია, რომ ხელისუფლებამ შექმნა „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი”, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ყველა ტიპის სპეკულაციას, რომ გასული ცხრა წლის განმავლობაში უსამართლოდ დაიჩაგრა და ახლა ყველაფრის უფლება აქვს!
სამართლებრივად უნდა დამტკიცდეს - დეპერტამენტმა გამოიძიოს, სასამართლომ კი დაადგინოს, რომ სასჯელი უკანონოდ იყო დაკისრებული და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილება, რომელიც იქნება ერთადერთი პასუხი წარსულში დაკისრებულ სასჯელზე, რადგანაც მეტის საშუალებას არ იძლევა კანონმდებლობა. ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ წარსულში მოხდილი უმიზეზო სასჯელიც კი არ იძლევა დანაშაულის ლიცენზიას!
P.S. სხვათა შორის, ფენტეზის ჟანრის მოთხრობაში, რომლის ავტორი ვერ გავიხსენე, მთავარი პერსონაჟი უარს ამბობს კანონით მინიჭებულ უფლებაზე და არ სჩადის დანაშაულს, რომლის შესაბამისი სასჯელი უკვე მოხდილი აქვს!