Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 1 სექტემბერი 2016

7 აგვისტოს სამტრედიასთან, სოფელ დაფნარში, თავი მოიკლა 22 წლის დემურ სტურუამ. მან თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და შანტაჟი დაასახელა.

როგორც გამოძიებამ დაადასტურა, დემურ სტურუა ნაწამებია და მის მიმართ პოლიციელის მხრიდან გამოყენებული ზეწოლა საფუძველს მოკლებული იყო. საქმე აღძრულია პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლების ძალადობრივი გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

ეს ამბავი გაუხმაურებელი დარჩებოდა, დემურ სტურუას თვითმკვლელობის წინ დაწერილი გამოსამშვიდობებელი წერილი საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ - ხელში რომ არ ჩავარდნილიყო და არ გასაჯაროებულიყო. ამ თვალსაზრისით, დემურ სტურუას „გაუმართლა“, მისი თვითმკვლელობა მედიისთვის გახდა ცნობილი, პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფმა და რამდენიმე სტუდენტმა აქტივისტმა საპროტესტო აქციაც კი ჩაატარეს სამტრედიის პოლიციის წინ და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გაახსენა თუნდაც ფეისბუკზე აქტიურ ადამიანებს, რომ საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მძვინვარებს, რომ ყველაზე მეტად რეგიონებში მცხოვრები და სოციალურად დაუცველები ეწირებიან პოლიციის თვითნებობას, რომელსაც 22 წლის აქამდე სრულიად უცნობი ბიჭი ემსხვერპლა. სტურუას წერილის ბოლო წინადადება - „დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა“ - ლიტერატურულ ფრაზად იქცა და თბილისის ქუჩებში შენობების კედლებზე დაიწერა. ასე გადაიქცა დემურ სტურუას თვითმკვლელობა მოწამეობრივ აქტად, მსხვერპლშეწირვად, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ მისი დათმობილი სიცოცხლე ფუჭად არ უნდა იყოს დაკარგული, მისი სიკვდილი სხვებს, „საერთო საქმეს“ უნდა წაადგეს.

მსხვერპლშეწირვას, გარდა თავად მსხვერპლისა, მსხვერპლის შემწირავი და მსხვერპლის მიმღები უნდა ჰყავდეს და, რაც მთავარია, მიზანი, რომლის სანაცვლოდაც სიცოცხლე იწირება. იგულისხმება არა საკლავის დაკვლა ღმერთების, ან გაქრისტიანებულ ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებში „ჯვარ-ხატებისა“ თუ მფარველი წმინდანების გულის მოსაგებად ან სურვილის ასასრულებლად, არამედ ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება, რაც ეწირება სხვა მაღალ მიზანს - იქნება ეს ღმერთი, რჯული, სამშობლო თუ რევოლუცია, ანუ საზოგადოებრივი სიკეთე. ქრისტიანული ტერმინოლოგიით, ამას გამოსყიდვა ეწოდება და მისი აბსოლუტური სახე ჯვარცმული ქრისტეა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის მოწამეობრივი დასასრულის ფასად კაცობრიობა ცოდვებისგან გამოისყიდა.

რა მიზანს შეეწირა დემურ სტურუა? ვინაა მისი „ბენეფიციარი“, „გამოსყიდული“, ვის სასარგებლოდაც შეიძლება შემოტრიალდეს უდანაშაულო მსხვერპლი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თავად ჯალათების ვინაობის გარკვევას შევძლებთ, რაც ერთ ან რამდენიმე პოლიციელამდე არ დაიყვანება.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ისტორიაში, პირველ რიგში, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონმდებლობა ჩანს, მთელი თავისი აბსურდულობითა და ბარბაროსულობით, რომელიც საქართველოს აყენებს არადემოკრატიულ და არაცივილიზებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთა გვერდით. ესაა პოლიციური თვითნებობისა და ძალადობის ინსტრუმენტი, მიმართული საკუთარი მოსახლეობის ტერორიზებისა და შანტაჟისაკენ. მაგრამ ნარკოპოლიტიკა მხოლოდ ინსტრუმენტია, საშუალებაა სხვა მიზნებისათვის. სამიზნე კი თავად მოსახლეობაა, ქვეყნის მოქალაქეები, უმთავრესად ის სოციალური ფენები, რომლებიც საზოგადოებრივი იერარქიების დაბალ საფეხურებზე იმყოფებიან.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა ლაკმუსის ქაღალდივით გამოააშკარავა ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ მისი დანახვა და გამოაშკარავება იმავე მიზეზითვე არ ხდება, რა მიზეზითაც შესაძლებელია სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა: მათ, ვისაც კრებითი სახელით - ფართო საზოგადოებად - მოიხსენიებენ, არაფერი იციან ასეთი ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლეც საზოგადოებრივი ინტერესის არეალში არ ხვდება. თავად ამ „ფართო საზოგადოების“ სიფართოვე მხოლოდ იმ წრეებით შემოიფარგლება, რომლებსაც ამა თუ იმ დოზით აქვთ ძალაუფლების წილი. შესაბამისად, ის, რაც ძალაუფლებასთან თანაზიარების რადიუსს მიღმაა, უბრალოდ არ არსებობს, ხედვის არეში არ ხვდება.

საქართველოში შექმნილი პოლიციური ტერორის სისტემა ქვეყნის რეგიონებსა და თბილისის გარეუბნებში მძვინვარებს მთელი თავისი სიმძაფრით. სოციალურად დაუცველი ფენები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობაა, იმდენადაა ტერორიზებული ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რომ მათ პროტესტის ერთადერთ ფორმად თვითმკვლელობაღა რჩებათ. ამ ბოროტი და ამორალური სისტემის შემქმნელი და დარაჯი არის საქართველოს პოლიტიკური ელიტა, თავისი ბიზნესის ლობითა და ზეპრივილეგირებული მლოცველ-მკურთხებელი „ზნეობის“ პოლიციით, საკუთარ თავს „ღვთის მსახურად“ რომ მოიხსენიებს. ეს ამორალური ალიანსი წარმოადგენს ქვეყნის ძალაუფლების ბირთვს, რომელიც პოლიციურ ტერორს მოსახლეობის საარჩევნო მანიპულაციისათვის იყენებს საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. აქ ნაცმოძრაობა თუ ქართული ოცნება დროებითი პირობითი სახელებია, შიდა კლანების ავატარები. ორივე ერთი მონეტის სხვადასხვა მხარეები, „არიოლი“ და „რეშკაა“. ამდენად, რომელ მხარეს დაეცემა მონეტა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება!

ამაზრზენი და გროტესკულია, როდესაც ასეთ ვითარებაში წინასაარჩევნო მარათონი ოჯახისა და ქორწინების განსაზღვრების საკონსტიტუციო ცვლილების ნიშნით მიმდინარეობს; როდესაც ტერორიზმისთვის ნასამართლევი და ციხის ყოფილი ჯალათი პარტიას აფუძნებენ და რუსეთთან ფაქტობრივ მიერთებას ჰპირდებიან ამომრჩეველს; როცა ქართული ტელეარხები ღიად რუსულ პროპაგანდას ეწევიან; როცა არაერთი ეროვნულ-პატრიოტულ-მამულიშვილური პარტია და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის დიდი ნაწილი პუტინის მზეს ფიცულობს და დასავლეთს, როგორც გარყვნილების ბუდეს გმობს; როცა დამპყრობელი ქვეყნის ოფიციალური თუ ფარული აგენტობა აღარაა სათაკილო; როცა „მცოცავი ოკუპაცია“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ გლეხებს სარჩო-საბადებელს ართმევს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კიდევ უფრო შემზარავია, როდესაც ხელისუფლება - წინაც და ამჟამინდელიც - ძალოვან სტრუქტურებსა და იუსტიციას საკუთარი მოსახლეობის დათრგუნვისა და ტერორიზებისთვის იყენებს; როდესაც რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებში პოლიციური განუკითხაობაა და საქართველოს კონსტიტუცია ფაქტობრივად არ ვრცელდება; მოსახლეობის არამაღალ ფენებს კანონი არ იცავს; როცა სასამართლო მმართველი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტია; როცა მეწარმეები დასაქმებულ ადამიანებს ისე ეპყრობიან, როგორც კოლონიზატორები კოლონიებს; როცა ბანკები საკუთარი მეანაბრეებისა და მევალეების ხარჯზე მდიდრდებიან; როცა სახელმწიფო, თავისი დრაკონული იუსტიციით, საკუთარი მოქალაქეების კრიმინალიზაციის მეშვეობით მდიდრდება, მოქალაქეებს კი ცხოვრებას უნგრევს და მომავლის პერსპექტივას უკარგავს.

სამტრედიაში 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობამ ნიღაბი ჩამოხადა იმ სასტიკ და შემზარავ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და თვალს ვარიდებთ იმას, რომ თავად ქართველი სამართალდამცავები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მღვდლები, ელიტები, ცრუპენტელა მასმედია - მოკლედ, ყველა ის კატეგორია, ვისაც ძალაუფლების სადავეებზე მიუწვდება ხელი - საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილზე, საკუთარი თანამოქალაქეებზე ძალადობს, ამცირებს და ძარცვავს მათ, ბოროტად იყენებს მათ სისუსტესა თუ სასოწარკვეთილებას. არცერთი ამჟამინდელი გარეშე მტერი ისე არ მტრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, როგორც ამავე ქვეყნის ძალაუფლების მქონეთა უმცირესობა.

სახელმწიფო თავად აწარმოებს კრიმინალს, რათა მერე მასზე თავისი „ლეგიტიმური“ უფლება გამოიყენოს და იძალადოს. სახელმწიფო უფრო მეტად კრიმინალურია, ვიდრე ცალკეული დიდი თუ მცირე დამნაშავე, რომელსაც ის ებრძვის.

სახელმწიფოებრიობის ის ფორმა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, მთლიანად ძალმომრეობაზეა აგებული. ეს ძალმომრეობა არა მხოლოდ პოლიციური ძალის თავაშვებულობას, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ ძალადობას გულისხმობს. ესაა ძალაუფლების მქონე ჯგუფების მხრიდან მოსახლეობის უმეტეს ნაწილის ძალადობრივი მართვის პოლიტიკა.

ეს პოლიტიკური სისტემა საქართველოსთვის არც კრემლს, არც ნატოს, არც ევროკავშირს და არც რომელიმე გარეშე, უცხო ძალას არ მოუხვევია თავზე.

თუ დემურ სტუარუას თვითმკვლელობა მსხვერპლშეწირვად შეიძლება შეფასდეს, მისი მსხვერპლის ერთადერთი აზრი შეიძლება ის იყოს, რომ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაზე დაფიქრება მოხერხდეს, რომ ის ადამიანები, ვისაც დემურ სტურუასავით არ „გაუმართლა“ და შეუმჩნევლად გაქრნენ, მათი არსებობაც დაფიქსირდეს, მათი პრობლემებითაც დაინტერესდეს „ფართო საზოგადოება“ და ოდესმე ისეთი პოლიტიკური მოძრაობებიც გაჩნდნენ, რომლებისთვისაც სოციალური პრობლემების გადაჭრა არ შემოიფარგლება ერთი წინადადებით - „ქალები მეძავებად, მამაკაცები მუშებად“.

გადაწყვეტილების მიმღებებს, რომლებიც მხოლოდ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ქმნიან პოლიტიკას, „ტექნოკრატებს“ უწოდებენ. „ტექნოკრატი“ ბევრ კონტექსტში უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა და ამის მიზეზი ის არის, რომ ტექნოკრატია, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკის არსის უარყოფას ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში თითქმის შეუძლებელია არსებობდეს მდგომარეობა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მხარე მოგებიან მდგომარეობაში იქნება. მაშინ, როდესაც იდეალური თავისუფალი ბაზარი გულისხმობს, რომ მყიდველიცა და გამყიდველიც კმაყოფილნი უნდა დარჩნენ განხორციელებული ტრანსაქციით (თუმცა ასე, ცხადია, ყოველთვის როდი ხდება), პოლიტიკაში, სადაც საქმე რესურსების განაწილებას ეხება, რომელიმე მხარე, დანარჩენებთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება.

პოლიტიკის ასეთი კონფლიქტური ბუნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ხშირად ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს. თუ მეცნიერულ ცოდნას წინ არ უძღვის გარკვეული საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა მხარემ უნდა დათმოს (მაგალითად, მაღალშემოსავლიანმა მოქალაქემ თუ საშუალო ფენამ, ავტომანქანის მფლობელმა თუ ფეხით მოსიარულემ, მსხვილმა თუ მცირე ბიზნესმა, გარემოს დამაბინძურებელმა თუ გარემოს დამცველმა, დამსაქმებელმა თუ დასაქმებულმა და ა.შ.), მიზანი, როგორც წესი, მიუღწეველი დარჩება. მეტიც, შესაძლოა ისეთი სიტუაციაც შეიქმნას, რომ ტექნოკრატმა ვითომ ობიექტური მეცნიერული ჭეშმარიტების სახელით, მიიღოს კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფების სასარგებლო გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, სიტყვა „ტექნოკრატის“ მნიშვნელობა ზოგჯერ ორმაგად უარყოფით დატვირთვას ატარებს.

ამავე დროს, პრობლემების უმრავლესობა ვერც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით გადაიჭრება. მართალია, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გარკვეული სახის პოლიტიკური ნებისა და საზოგადოებრივი თანხმობის არსებობა, მაგრამ მეცნიერული შესწავლის გარეშე, მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პრობლემას ვერ გადაჭრის.

საქართველოში ბევრ სფეროში მოწმენი ვართ სწორედ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ნაკლებობისა. არც არასამთავრობო სექტორია მაინცდამაინც მოწოდებული იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მეტი იმუშაოს (მისი წარმომადგენლები მეტ აქცენტს აკეთებენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მმართველობის სისტემის რეფორმასა და ბიუჯეტის მონიტორინგზე). ის მცირერიცხოვანი გამოკვლევებიც კი, რომლებიც ტარდება და ქვეყნდება, ხშირად მოკლებულია მეცნიერულ სტანდარტებს (ვინაიდან არ არის შესრულებული სპეციალისტების მიერ და არ გადის გარე შეფასების პროცესს).

არადა, არსებობს უამრავი ისეთი პრობლემა, რომელთა გადაჭრაც აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სპეციალისტთა ჩართვასა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას (განსაკუთრებით, სოციალური კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებისა). საქართველოში ერთი ასეთი სფეროა სატრანსპორტო მოძრაობა, რომელსაც სათანადოდ არ იკვლევენ (თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით). ასევე, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა, სოციალური დახმარების მექანიზმები, ჯანდაცვასთან დაკავშირებული მომსახურება, შრომითი უფლებები, დასაქმების ბაზარი და ა.შ. რა თქმა უნდა, იმის არ ვამტკიცებ, რომ ამ საკითხებს საერთოდ არ იკვლევენ. ცხადია, ასე არ არის. მაგრამ, ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოკვლევების უმრავლესობა არც ოფიციალური სამთავრობო არხებით ვრცელდება, არც მათი ხარისხი მოწმდება და მათ საწარმოებლად არც ადგილობრივ აკადემიურ რესურსებს იყენებენ.

ხშირად ისეც ხდება, რომ გამოკვლევის შედეგები ქვეყნდება, მაგრამ ეჭვს იწვევს მათი სანდოობა. ამის მიზეზია ის, რომ გამოკვლევების შემსრულებლებად თავად სამთავრობო უწყებები გვევლინებიან. რეალობის გაცილებით უფრო ობიექტურ სურათს მივიღებთ, თუ კვლევას ჩაატარებენ არა სამთავრობო უწყებები, არამედ ნომინალურად დამოუკიდებელი ორგანოები, რომელთა რეპუტაცია არავითარ ეჭვს არ იწვევს. საქართველოში ამის განსახორციელებად ოპტიმალური გზა იქნება ასეთ კვლევით საქმიანობაში აკადემიური რესურსების ჩართვა. მაღალი ხარისხისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და გარე შეფასების მექანიზმების ამოქმედება (მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ურბანული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე წლის წინ მოსკოვში მიიწვიეს ურბანული დაგეგმარების დანიელი გურუ, იან გელი.

ცხადია, ამგვარი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მთავრობას მაინც ექნება შედეგების მანიპულირების საშუალება. ამისგან დაზღვეული არასოდეს ვართ, ყველაზე ნაკლებად კი მაშინ, როდესაც საკითხის გადაჭრა გავლენიან ინტერესთა ჯგუფების მოთოკვას საჭიროებს. ამის მიუხედავად, უარი არ უნდა ვთქვათ მეტი ცოდნის დაგროვებაზე; პირიქით, რაც უფრო მეტ ექსპერტულ ცოდნას შევიძენთ, მით უფრო მაღალ დონეზე ავა საჯარო დისკუსიები და, გაიზრდება მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობა.

თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება საკითხის სათანადოდ შეუსწავლელად. ნებისმიერი ახალი ინიციატივა თუ მასშტაბური რეფორმა უნდა დაეფუძნოს სწორედ ამგვარ წინასწარ გამოკვლევებსა და ექსპერტებისგან მიღებულ ცოდნას. პოლიტიკის წარმოების საჭიროებას სამეცნიერო გამოკვლევები, მართალია, ვერ გააუქმებს, მაგრამ მეცნიერების გარეშე თანამედროვე პოლიტიკა არათუ ვერ მოაგვარებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG