Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

8-9 მაისს ევროპაში ზეიმობენ ნაციზმზე გამარჯვებას. ეს ზეიმი ძირითადად ამ ომის მხოლოდ ერთ სახეს წარმოაჩენს. ამიტომ გადავწყვიტე მცირე ამონარიდი გამეკეთებინა ჩვენი ძველი წიგნიდან და ამით მკითხველისათვის ეს დღე ცოტა უფრო განსხვავებული პერსპექტივიდან მეჩვენებინა.

ეს ისტორია ოცდახუთიოდ წლის წინ დაიწყო, როცა ლევ კოპელევის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები «Хранить вечно» წავიკითხე. 1945 წელს მაიორი ლევ კოპელევი (19012-1997), შეეცადა წინ აღდგომოდა წითელარმიელების მიერ ჩადენილ საშინელებებს, რომლების მომსწრეც ის გახლდათ. დაბეზღებული თანამებრძოლების მიერ, კოპელევი „სმერშის“ მიერ იქნება დაპატიმრებული. „მტრის შეწყალების და ბურჟუაზიული ჰუმანიზმის გავრცელების“ გამო, მას მიუსჯიან 10 წლით გულაგს. ამ ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა საოცრად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და გადამაწყვეტინა მომეძებნა ომის ვეტერანები, რომლებიც ლევ კოპელევის მსგავსად წითელარმიელების მიერ დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჩადენილი დანაშაულებების თვითმხილველნი იყვნენ. ათიოდე წლის წინ მქონდა ბედნიერება გამეცნო გრიგორი პომერანცი, რომელსაც დაახლოებით ისეთივე გამოცდილება ჰქონდა მიღებული ომში, როგორც კოპელევს. პომერანცის საშუალებით შემდეგ გავიცანი მეორე მსოფლიო ომის სხვა ვეტერანები. ასე ნელ-ნელა, „კარდაკარ კაკუნით“ მოვიძიე თორმეტი ვეტერანი, რომლებმაც ღიად მომიყვნენ იმ საშინელებებს, რის მომსწრე, ან ზოგჯერ მონაწილე, თვითონ გახლდნენ.

ამ 12 ადამიანს, რომლებსაც მე ვესაუბრე, ცოტა ჰქონდათ ცხოვრებაში ერთმანეთთან საერთო გარდა იმისა, რომ 1941-1945 სამხედრო ფორმა მოირგეს და 1418 დღის განმავლობაში დანტესთვისაც კი წარმოუდგენელ ჯოჯოხეთში იცხოვრეს. 1941 წლის ივნისში ეს 12 ვეტერანი იყო უბრალო საბჭოთა მოქალაქე: ზოგი სტუდენტი, ერთი მუშა, ერთი გლეხი... გაზრდილები უპატრონო ბავშვთა სახლში ან კომუნისტური არისტოკრატიის ოჯახში. ომის შემდეგ რამდენიმე მათგანმა აირჩია დისიდენტობის (ელენა ბონერი) ან ნახევრად დისიდენტობის (გრიგორი პომერანცი) გზა, ზოგიერთი მათგანი მარგინალიზებული აღმოჩნდა ებრაული წარმოშობის გამო, უმეტესობამ მოახერხა სრული ადაპტაცია საბჭოთა სისტემაში. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანმა იცხოვრა შინაგან ემიგრაციაში.

სიცოცხლის გზის ბოლოს მისული ამ ვეტერანთა ნათხრობი (დღეს სამწუხაროდ უკვე ყველა გარდაცვლილია) საოცრად გულწრფელია. მათი საომარი ცხოვრების ეპიზოდები კი უფრო შემზარავი, ვიდრე თქვენ ამას წაიკითხავთ ამ ომის ისეთი დიდი მემატიანეების ფურცლებზე, როგორიც კურციო მალაპარტე ან ვასილი გროსმანი იყვნენ.

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი უკლებლივ ყველა ვეტერანის თხრობაში შეეხებოდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში წითელი არმიის შესვლის ეპიზოდს.

„არა, მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი!“ - მახსოვს, როგორ იყვირა აცახცახებულმა ელენა ბონერმა. დიდი პაუზის შემდეგ კი ტირილით გააგრძელა: „ეს იყო ავსტრიაში, სადაც ჩვენი სანიტარული მატარებელი გაჩერდა. ხუთი წლის გაუპატიურებული გოგონა მოიყვანეს... (გრძელი პაუზა) მოვრჩეთ ამაზე!“... (ტირილი)

„გერმანიაში რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო ნაციზმი, ოღონდ თავდაყირა“ (ნიკოლაი ნიკულინი).

„როდესაც ჩვენი ჯარი პომერანიაში შევიდა... პომერანია... დღესაც ვერ წარმოვთქვამ ამ სიტყვას ისე, რომ საშინელ ტკივილს არ ვგრძნობდე. ჩვენებმა იქ დაივიწყეს, რის გამოც გვერქვა ადამიანები. ადრე დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ჩვენ, რუსები, ღმერთის შვილები ვიყავით. პომერანიაში მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ეშმაკის შვილები ვყოფილვართ“ – (ალექსანდრ გოვარიოვი).

„პირველი გერმანული ქალაქი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, იყო გოლდაპი (აღმოსავლეთი პრუსია - ლ.ო.). მშვიდობიანი მოსახლეობა ცდილობდა გერმანულ ჯართან ერთად გაქცეულიყო ქალაქიდან, მაგრამ ტრანსპორტის უქონლობის გამო ჩვენ მათ მალე დავეწიეთ. აი, იქ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. (...) მთელი გზის გაყოლებაზე, ორივე მხარეს ეყარნენ ნახევრადშიშველი გოგოები, მოხუცი ქალები. თითოეულ ქალს ჩვენიანების დიდი ჯგუფი იყო გარს შემოხვეული და აუპატიურებდა შეუწყვეტლად, სულის ამოხდამდე. იქვე ეყარნენ ამ ქალების ბავშვების გვამები, მოკლული ჩვენიანების მიერ. გენერლები, პოლკოვნიკები, ყველა, ვინც ჩაივლიდა, სიცილით კვდებოდა. ერთი-ორი პოლკოვნიკი შარვალჩახდილი ჯარისკაცების რიგის „რეგულირებასაც“ კი აწარმოებდა სიცილ-ხარხარით. (...) გენერალმა ჩერნიახოვსკიმაც კი (ერთ-ერთი ფრონტის მთავარსარდალი - ლ.ო.) ჩაიარა გოლდაპში, მაგრამ არც კი შეიმჩნია“ (ლეონიდ რაბიჩევი).

„ჩვენ სულიერად დავიკოდეთ მაშინ. იმ საშინელი დანაშაულის მერე, რაც ჩვენ ჩავიდინეთ აღმოსავლეთ პრუსიაში და პომერანიაში, იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუკეთეთ გერმანელ ქალებს, ჩვენ არასდროს გვქონია უნარი პირველი სიყვარული შეგვეგრძნო“ (ანატოლი გენატულინი).

„ჰაილსბერგის (აღმოსავლეთი პრუსია - ლ.ო.) ეკლესიაში 200-მდე ქალი იყო დამალული. ეს ამბავი მალე გასკდა და ყველა ჩვენიანი ეკლესიას მიაწყდა. (...) ეს გაგრძელდა სამი ან ოთხი საათი. შემდეგ ვიღაცას იდეა მოუვიდა, რომ მრავალგზის გაუპატიურებისგან გონდაკარგული ქალები სამრეკლოდან გადმოეგდოთ. ასე, სამრეკლოს ქვევით უცბად ქალების გვამების დიდი გორაკი გაჩნდა“ (რაბიჩევი).

„როდესაც ჩვენ აღმოსავლეთ პრუსიაში შევედით, პირველი რამაც გამაოგნა, ეს იყო შიშველი გოგონას გვამი თხრილში“. იმ პერიოდში ჩემი თავი უცნაურად ფუნქციონირებდა: რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი სახის საშინელებები მხოლოდ გერმანელებს შეეძლოთ ჩაედინათ“. (პომერანცი).

„როდესაც ტრაუტენაუში (ქალაქი ტრუტნოვი დღევანდელ ჩეხეთის რესპუბლიკაში - ლ.ო.) შევედით, ღამის გასათევს ვეძებდით. ყველა სახლის ყველა ოთახში ერთი და იგივე სურათი დაგვხვდა: საწოლზე გართხმული შიშველი ქალის გვამი და ფეხებს შორის გაჩხერილი ბოთლი“. (რაბიჩევი).

„ერთ სახლში შევედი ღამის გასათევად. სახლში იყო მარტო მოხუცი ქალი, რომელიც ფეხზე ვერ დგებოდა. თურმე წინა ღამეს შვიდი ჯარისკაცი ჰყოლია ვიზიტად, რომლებსაც სამახსოვროდ ბოთლიც დაუტოვებიათ ფეხებშუა გაჩხერილი. (...) ის, რაც აღმოსავლეთ პრუსიაში ხდებოდა, ეს მხოლოდ იმის დასაწყისი იყო, რაც ბერლინში უკვე ჩვევად იქცა“. (პომერანცი).

დღეს ძალზედ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის ქალი იქნა გაუპატიურებული წითელარმიელების მიერ 1944-1945 წლებში. ბარბარა იორი (Barbara Johr) საუბრობს 2 მილიონამდე გაუპატიურებულ ქალზე მხოლოდ გერმანიაში, მათ შორის 90 000 დან 100 000 მოკლულზე. წითელარმიელები არანაკლები სისასტიკით მოიქცნენ სხვა ქვეყნებში: მათ ანგარიშზეა ბუდაპეშტში 50 000-დან 200 000-მდე, ხოლო ვენაში - 70 000-დან 100 000 გაუპატიურებული ქალი.

რუსეთში ეს თემა დღესაც ტაბუდადებულია. როდესაც ერთი რუსული გამომცემლობა ჩვენი ამ წიგნის თარგმნით დაინტერესდა, აუცილებელ პირობად, ტექსტების „შეკვეცა“ მოითხოვა. ჩვენ არ დავთანხმდით და წიგნიც არ ითარგმნა. სამაგიეროდ, როცა სხვა რუსულმა გამომცელობამ ჩვენი მორიგი წიგნის რუსულად გამოცემაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა და ავთენტურობის შენარჩუნების წერილობითი გარანტია მოგვცა, წიგნის რუსული ვერსია მაინც ცენზურის მსხვერპლი გახდა (წიგნის რუსული ვერსიიდან ამოაგდეს მთელი თავი, რომელიც ეხებოდა წითელი არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს გერმანიაში, მაშინ როცა დატოვეს არასახარბიელო ფრაზები რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის შესახებ).

„უნდა გაიგოთ, რომ ეს ომი ჩვენი რელიგიაა“ - უსაყვედურებს გრიგორი კარასინი (მაშინ რუსეთის ელჩი ბრიტანეთში) ინგლისელ ისტორიკოს ენტონი ბივორს, ამ უკანსკნელის მიერ 2002 წელს „ბერლინის დაცემის“ გამოქვეყნების გამო (ამ ნაშრომში ავტორი დაწვრილებით იკვლევს წითელი არმიის მიერ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულებებს). ისე, კაცმა რომ თქვას, ამ რელიგიასაც აიტანდა ადამიანი (უარესი რელიგიები არ აუტანია?), რომ არა პუტინის მიერ მისი გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი მტაცებლური ომის გასამართლებლად.

„God save us from religion“, - ხშირად იმეორებდა ერთი ამერიკელი მწერალი. ასე რომ, „ღმერთო, ყველა რელიგიისგან თუ არა, რუსულისგან მაინც დაგვიფარე“...

როდესაც ფილმი ან რამე სხვა სახის ნაწარმოები ვერ ახერხებს, საკუთარივე წიაღიდან წარმოშვას კონტექსტი, რომელიც მის საზრისს ცხადყოფდა, ამ ამოცანის შესრულება კრიტიკას უწევს.

1.

რეზო გიგინეიშვილისა და ლაშა ბუღაძის “მძევლები”, რომელიც ახლახან გამოვიდა ქართულ ეკრანებზე, 1983 წელს ახალგაზრდა ელიტარული თბილისური სამეგობროს მიერ თვითმფრინავის გატაცებას უბრუნდება და მასზე შექმნილი რომანის, პიესისა და დოკუმენტური ფილმების შემდეგ, ახლა უკვე მხატვრული ფილმის საგნად აქცევს. ამბავი იმის შესახებ, რომ თავქარიანმა მეამბოხეებმა შუაგულ საბჭოთა კავშირში თვითმფრინავის გატაცება სცადეს “თავისუფალ” დასავლეთში გასაფრენად, რისთვისაც უმკაცრესად გასამართლდნენ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გამუდმებით ბრუნდება ქართულ ხელოვნებაში და თითქოს უწყვეტად ტივტივებს საზოგადოებრივ წარმოსახვაში. ეს ერთგვარი შეპყრობილობა თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ “თვითმფრინავის ბიჭები” ჯერაც ატარებენ პოტენციალს, მოგვითხრონ რაღაც, რაც ჯერაც ვერ გადაგვიხარშავს, კერძოდ, თავისუფლების საკითხი. და მისი საფასურის.

“მძევლების” სიუჟეტი იწყება იმ მომენტში, როცა მეგობრებს, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ვხედავთ, როგორ იმარაგებენ იარაღს და დამფრთხალები ადგენენ გეგმას ნიკასა და ანას ქორწილის შემდეგ თვითმფრინავის გასატაცებლად. ქორწილის სცენაში დაძაბულობა და ყოველმხრივი დახუთულობის განცდა პირველ კულმინაციურ წერტილს აღწევს. ოღონდ, ავტორები ვერ პოულობენ იმაზე უკეთეს მხატვრულ გადაწყვეტას, რომ ეპიზოდის ცენტრში მაინცდამაინც ისევ უკვე ლამის სავალდებულო ატრიბუტად ქცეული ქართული ცეკვა არ მოაქციონ, “გრძელი ნათელი დღეებიდან” გადმომღერებული მარად უცვლელი სიმბოლო: თავისუფლებას მოწყურებული ქართული სულის შინაგანი საპროტესტო ყვირილი, რომელიც მუნჯ პლასტიკაში ამეტყველდება და მხარის გაშლისთანავე ტურისტ მუშტარზეა გათვლილი.

თავად თვითმფრინავის გატაცების ეპიზოდი ერთი დიდი აგონიის სცენაა. შემდეგ მოდის თვითმფრინავის შტურმი სამხედრო ძალების მხრიდან და დოკუმენტურ მასალებზე აგებული სასამართლო, რომელზეც ბიჭებს დახვრეტა მიესჯებათ, ანას კი, როგორც ერთადერთ ქალ თანამონაწილეს, სამუმადო პატიმრობა. ფილმის დასასრული გადაგვახტუნებს ადრეულ 90-იან წლებში, სადაც ნაჩვენებია, როგორ ეძებენ დახვრეტილთა მშობლები მათ საფლავებს. თავისუფალი საქართველოს მიერ შეწყალებული ანა ციხიდან გამოდის, თვითმფრინავში ჯდება და დასავლეთისკენ მიფრინავს. ოღონდ, ვერც ვიგებთ, ზუსტად სად და რატომ მიდის. არის თუ არა ანაც ქართველ ქალთა იმ უმრავლესობას შორის, რომლისთვისაც საზღვარგარეთ გაფრენის “თავისუფლება” სხვა არაფერი იყო (და არის), თუ არა საბჭოთა ეკონომიკური სისტემის ჩამოშლის პირობებში წარმოშობილი იძულება, საბერძნეთში ან სხვაგან წასულიყო სამუშაოდ.

ზაზა რუსაძის 2003 წლის რომანტიზებულ დოკუმენტურ ფილმში “თვითმფრინავის ბიჭების” თავგანწირვა, რომ თუნდაც საკუთარი და სხვების სიცოცხლის ფასად მოეპოვებინათ დასავლეთში გაღწევის უფლება, ცხადად უკავშირდება პოსტსაბჭოთა საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას, მიეღო ვიზა და გაფრენილიყო დასავლეთში. ანას გეზის ბუნდოვანება მით უფრო მწვავეს ხდის ფილმის აზრობრივ უკმარისობას, რომ “თვითმფრინავის ბიჭების” შესახებ ეს მორიგი კინემატოგრაფიული ნაწარმი ემთხვევა დღევანდელ საქართველოში თავისუფლებისაკენ გადადგმულ დამატებით ნაბიჯად აღქმულ “ვიზის ლიბერალიზაციას”. საკითხავი რჩება, ეს დროითი დამთხვევა რა აზრობრივ გადაკვეთებს წარმოშობს ფილმში ნაგულისხმევ თავისუფლებასა და იმ თავისუფლებას შორის, რომელსაც ჩვენ გარშემო ზეიმობენ.

მისასალმებელია, რომ ფილმის ავტორები არ მანიპულირებენ არც უხერხულ კლიშეებად ქცეული მოსწრებული ფრაზებით და დიდად არც “თვითმფრინავის ბიჭების” საქმესთან დაკავშირებული იმ “ფაქტების” ჩართვით, რომელთა შემოწმება შეუძლებელია. და, საერთოდაც, არ აპირებენ, გმირებად გამოიყვანონ საბჭოთა პრივილეგირებული ოჯახებიდან გამოსული მეამბოხეები. არც სიტყვა “თავისუფლებას” გვჩრიან წამდაუწუმ, მიუხედავად იმისა, რომ, ცხადად თუ ბუნდოვნად, ეს საკითხი ფილმის ჩუმი ეპიცენტრია. ავტორებს სურთ, მხატვრული მიდგომა თან დოკუმენტური ერთგულების სამსახურში ჩააყენონ (ფილმი, მიუხედავად სახეცვლილი სახელებისა და გარემოებებისა, ხომ სწორედ “თვითმფრინავის ბიჭებზეა”), თან კი ყოველგვარი ზედმეტი დოკუმენტური ინფორმაციულობა მოიცილონ და მოვლენათა არსში შეგვიძღვენ. არჩეული რეალისტური სტილი თავისთავად წინ ეღობება ამ განზრახვას.

თეატრის, ლიტერატურისა თუ სხვა სახელოვნებო დარგებისგან განსხვავებით, რეალობის კინოსთვის დამახასიათებელი “ფოტოგრაფიული” ასახვა თან ატარებს პრეტენზიას, რომ რასაც გვაჩვენებს, “მართლაც” მოხდა ან არსებობდა და საფრთხის წინაშე გვაყენებს, შიშველ, ნაღდ მოცემულობად შემოგვესაღოს ის, რისი ასახვისასაც კინომ საკუთარი “თვალისგან” დისტანცირება ვერ მოახერხა. “მძევლებში” არც ტრაგედიის ისტორიული პირობები და მოტივაციები იკვეთება და, მით უმეტეს, არც გამოსახულის კრიტიკულად ამობრუნება ხდება, რასაც ყველაზე უკეთ ალბათ ექსპერიმენტული დოკუმენტური ხასიათის კინო შეძლებდა კამერის მხრიდან საკუთარ თავზე მუდმივი რეფლექსიის წყალობით. “მძევლები” მღვრიე ემოციური თანაგანცდის ანაბარა გვტოვებს. დაძაბულობა, დათრგუნულობა, ცხოველი შიში და თვითმკვლელობამდე მისული სასოწარკვეთა მთელ სივრცეს იკავებს და “თვითმფრინავის ბიჭებზე” ათწლეულების მანძილზე მოჭარბებული ინფორმაციების დაფერთხვის მაგივრად, უბრალოდ, საკითხის ხედვას გვიღარიბებს.

ფილმი თითქოს განყენებულად “გვიცოცხლებს” გვიანი საბჭოთა საქართველოს წარსულის ერთ მონაკვეთს, რაც დიდწილად დამაჯერებელი კოსტიუმებისა და სცენოგრაფიის დამსახურებაა. მაგრამ საბჭოთა “რეალობის” რეალისტური ასახვისას ფილმს მხედველობიდან რჩება ის აწმყო, საიდანაც “აცოცხლებს” 1983 წლის საქართველოს. შესაბამისად, ავტორთა თავშეკავებაც, ფაქტებს ვითომდა ზედმეტი ინტერპრეტაციები არ მოახვიონ, საბოლოო ჯამში, ფილმს ძალაუნებურად აქცევს იმ ისედაც გაბატონებულ შეხედულებათა ლუკმად, რომელთაც თავისი კინემატოგრაფიული პერსპექტივით ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ დაახვედრა.

ფილმის ამგვარი კონფორმიზმის გათვალისწინებით, კრიტიკამ პირველ რიგში ის აწმყო უნდა აღწეროს, რომელშიაც - 2017 წლის აპრილის მიწურულს - ეს ფილმი საქართველოს კინოთეატრებში წარმოდგება. ეს აწმყო არის არა შიშველი, ზეისტორიული მოცემულობა, არამედ მისი “რეალობა” მთლიანადაა განპირობებული იმაზე გამუდმებული ვაჭრობითა და ბრძოლით, თუ ვინ “ჩარჩა” საბჭოთა კავშირში, ვინ “გვაბრუნებს” იქ, ვინ მოახერხა “წინსვლა”, როდის “ვეწევით” და იდეალურ შემთხვევაში, “ვუსწრებთ” დასავლეთს; ბრძოლა, რომელშიც, თუ წინააღმდეგობა არ გავწიეთ, ვიღაც სხვა გადაწყვეტს ჩვენს მაგივრად, რას ნიშნავს თავისუფლება ან ვინ არის და ვინ არ არის თავისუფალი.

2.

ფილმში ერთი რამ ნამდვილად იკვეთება შედარებით მკაფიოდ. ავტორებს ფილმისა, რომელსაც ჰქვია “მძევლები”, ნაკლებად აინტერესებთ ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავში აყვანილი მძევლები. სანამ მათთან ერთად გამოგვკეტავდნენ თვითმფრინავში, კლაუსტროფობიით გაჟღენთილი გარემო უკვე გვახვედრებს, რომ თავად ეს ამბოხებული მეგობრები არიან მძევლები - საბჭოთა სისტემისა. მაგრამ შექმნილი დახუთული ატმოსფერო წმინდა წყლის რეფლექსურ სიმძაფრეზე დაიყვანება. აღარ რჩება ადგილი, თავად საბჭოთა კავშირიც ნაჩვენები იქნეს როგორც მძევალი ორ დიდ ბანაკს შორის გამართული ცივი ომისა, რომელში დამარცხებამაც დიდწილად განაპირობა თუნდაც ის, თუ როგორ დაწერეს გამარჯვებულებმა იმ საკაცობრიო დაპირების ისტორია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ბოლომდე ჯიუტად იჩემებდა.

კითხვა “რა გაკლდათ”, წარსულ თუ აწმყო დროში ნაუღლები, წყენითა თუ შიშნარევი ვერგაგებით წარმოთქმული, ფილმში გამუდმებით ისმის უფროსი თაობის მხრიდან. უფროსი თაობა ან დამფრთხალი, სისტემას დამორჩილებული მშობელია ან გადაღრძუებული “ინტელიგენცია” - ვეებერთელა, სქელ სათვალეებში ჩამალული, დანაოჭებული ნიღბები, მოარული კარიკატურები, რომლებიც, ოღონდ, 1983 წლის საბჭოთა რეალობის ისტორიული წინაპირობების გამოკვეთის მაგივრად, მხოლოდ მისსავე კარიკატურას გვჩრის ხელში. ფილმში ნაჩვენები “დაჭაობებული” სიტუაცია, რომელსაც მეამბოხეები უპირისპირდებიან, ვერ იქნება მსჯელობის ათვლის წერტილი. იგი თავად საჭიროებს კონტექსტის დაზუსტებას, როგორც დაღლა კაპიტალისტურ ბანაკთან სოციალისტურის ბრძოლის თანმდევი იზოლაციონიზმით, რომელსაც ძალა აღარ ჰყოფნის, დაახშოს რადიო “თავისუფლების” მიერ არალეგალურად შემოგზავნილი ტალღები; როგორც ოდესღაც დაძაბული მოლოდინის გაჯანჯლებული ბოლო და საბჭოთა სოციალიზმის უტოპიური ენერგიის დაშრეტა, რომელიც დამჭკნარ და გაქვავებულ სახეებში ჩაბეჭდვია კომუნიზმის აღმშენებლობის გზაზე საბჭოთა ხალხის წინამძღოლ ინტელიგენციას.

ეს კარიკატურული ნიღბები ფილმში ისევე შეუკავშირებლად არის მიმოფანტული, როგორც სპეკულანტთან ნაშოვნი “მარლბოროს” კოლოფები და “ბიტლების” ფირფიტა, რომელთაც ასევე არ ჰყოფნით მჭევრმეტყველება იმის საჩვენებლად, რომ სწორედ მათ შეეხიზნა კომუნიზმის გაბეზრებულ მოლოდინს დამსხლტარი “ჯინსების თაობის” ახალი, აკრძალული რელიგია. ფილმში ეს კერპებად ქცეული კოლოფები არათუ ადამიანური შრომის აღარანაირ კვალს აღარ ატარებს, არამედ არც იმის მახარობელია, რომ იმგვარ კაპიტალისტურ დასავლეთში დამზადდა, რომელსაც სწორედ საბჭოთა კავშირის სოციალური უზრუნველყოფის სისტემასთან ჭიდილში მოუწია, თავადაც უფრო სოციალური გამხდარიყო.

“მარლბოროსა” და “ბიტლების” ფირფიტები არ არის პირველადი საჭიროების საგნები, არამედ ის “მეტი”, რაც ადამიანის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თავზე ამოიზრდება. ფილმი თავად აჩვენებს, რომ, საბოლოოდ, პრივილეგირებული საბჭოთა ოჯახების შვილებს ეს “მეტი” საერთო დეფიციტის პირობებშიც კი არ აკლდათ. დღეს, პროდუქციის სიჭარბის პირობებში, არათუ ჩვენი სუპერმარკეტების დახლებზე უხვად ჩამწკრივებული “მარლბორო” და მისი უთვალავი მოძმე სახეობანი, არამედ პირველადი საჭიროების საქონელიც კი მიუწვდომელია მოსახლეობის მოზრდილი ნაწილისთვის.

“თვითმფრინავის ბიჭებისთვის” დაყვედრებით წამოძახებული კითხვა “რა გაკლდათ?” თავისთავად უკუსაგდები არ არის და შეიძლება წაადგეს კიდევაც შემდეგნაირი წანაცვლება: რატომ სწყუროდათ მათ რაღაც მეტი, როცა შეიძლება მართლაც არაფერი აკლდათ? და, რაც მთავარია, რატომ ასცდა მათი წყურვილი საბჭოთა კავშირის მიერ დასახულ აღთქმას? თუმცა, როცა დღეს 1983 წლიდან გადმოყოლილ ექოსავით გვესმის ეს კითხვა, მხოლოდ ჩვენივე აწმყოსთან გადაკვეთაში თუ გადავაწყდებით იმ ჭეშმარიტებას, რომელიც 1983 წელს წარმოთქმულმა ფრაზებმა შეიძლება გაგვანდონ სწორედ იმ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის შესახებ, გამუდმებით რომ გვაბრუნებს “თვითმფრინავის გამტაცებლების” საქმესთან.

3.

გულაჩუყებულნი ვუყურებთ, როგორ წირავენ გვიანი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდები სიცოცხლეს, რათა დასავლეთში გაღწევას ეღირსონ, თითქოს ჩვენ მათი მემკვიდრეები ვიყოთ, რომლებიც ყოველ ჯერზე, როცა კი უვიზოდ გავფრინდებით დასავლეთის მიმართულებით, მათ დანაბარებს აღვასრულებთ. მაგრამ, თუ მაშინდლიდან დღეს, როცა “თავისუფლება” “ლიბერალიზაციისთვის” გაუიგივებიათ, მართლაც შეიძლება რაიმე გვეხმიანებოდეს, ფილმში ეს სასამართლოს სცენაშია ნაჩვენები. “არანაირი თავისუფლება არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად” - არის ანას საბოლოო სიტყვა, რომელსაც კინოდარბაზში ვისმენთ, მის გარეთ კი, კვლავაც “მორიგი” მუშა იღუპება. საბჭოთა სასამართლოს წინაშე ანას მიერ წარმოთქმული ფრაზა შეიძლება უბრალოდ შიშით და პრაგმატული სურვილით ყოფილიყო ნაკარნახები, რომ სისტემას სასჯელი შეემსუბუქებინა. თუ ანას სიტყვები მაშინ სისტემისადმი ქედის მოხრის და გამოძალული თანხმობის ტოლფასი იყო, დღეს იგი მჭახე დისონანსის სახით გადაიკვეთება გაბატონებული პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის კეთილხმოვან მისამღერთან, რომ თავისუფლება ადამიანის სიცოცხლის ფასად ნამდვილად ღირს. მშენებლობებიდან და შახტებში რუტინული რეგულარულობით მცვივანი მუშების სიცოცხლე მისაღები საფასურია ბიზნესის აბსოლუტური თავნებობის დასაცავად. ამ თავნებობას “თავისუფლებას” შეარქმევ და მყისიერად ულამაზოდ გამოჩნდება - “თავისუფლების მტრადაც” კი შეირაცხება - ნებისმიერი, ვინც ხმას ამოიღებს და სახელმწიფოს მოსთხოვს, დაიბრუნოს საკუთარი მოქალაქეების ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვის სამართლებრივი და ეკონომიკური სადავეები.

საქართველოს კინოთეატრებში “მძევლების” ჩვენება იწყება. ორი დღის თავზე კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ასრულებს მუშაობას, რომელმაც ხელახლა გაამყარა სახელმწიფოს ინსტიტუციურ ქვაკუთხედად საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიური სასაკლაო: იქნება ეს ქმედუუნარო შრომითი ინსპექცია, რომელიც “თავისუფალს” ტოვებს ბიზნესს, არანაირი ხარჯი არ გაწიოს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, თუ 2010 წელს ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე შეცვლილი კონსტიტუციის 94-ე მუხლი და მასზე მიბმული ორგანული კანონი “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა გადასახადებთან, რესურსების გადანაწილებასთან და სახელმწიფოს მხრიდან სოციალურ და საინვესტიციო დანახარჯებთან მიმართებაში დაკანონებული ულტრალიბერალიზმით მსოფლიო სავალუტო ფონდიც კი საგონებელში ჩააგდო.

2009 წელს პარლამენტისთვის “ეკონომიკური თავისუფლების აქტის” წარდგენისას სააკაშვილი ამაყად აღნიშნავს, რომ ამით საქართველო ეკონომიკური განვითარებისათვის დაბრკოლებების მოხსნაში ყველაზე პროგრესული და დალხენილი ქვეყნებისათვისაც კი “ფლაგმანად” იქცევა. და ამ ქვეყნების წარმომადგენელ დიპლომატებს დიდსულოვნად სთავაზობს კონსულტაციებს, “რათა ცოტათი მაინც შეძლონ წინ წაწევა, თუ ჩვენ დაწევას ვერ მოახერხებენ”. ისტორიული დროის აღქმის ეს ჰიპერტროფია, რომლითაც დასავლეთის დაწევის მოსურნე საქართველო დასავლეთზე უფრო დასავლეთობას იჩემებს, დასავლეთის შესახებ იმ ფანტასტიკური წარმოდგენის ნაყოფია, რომელიც მართლაც “გადაუსწრებს” თავად დასავლეთსაც კი, ოღონდაც კი აღარაფერმა მოაგონოს საბჭოთა წარსულთან და “სახელმწიფო სოციალიზმთან” ასოციაცია. დროისა და ისტორიული განვითარების ეს აღქმა, “წინსვლის” ბრმა, უგეზო ჟინი, დღეს კონსტიტუციურად გამყარებული სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და უკვე დიდი ხანია, ის მიმართულებაა, რაზეც ჩვენც ყველანი ძალით შეგვსვეს. შესაბამისად, “თვითმფრინავის გამტაცებელთა” საქმის გადააზრების ნებისმიერი თანამედროვე მცდელობაც, რომელიც არ ან ვერ ახერხებს, გაარღვიოს ისტორიული განვითარების შესახებ გაბატონებული ეს შეხედულება, მითვისებული, გაყალბებული “თავისუფლების” მძევლებად დატოვებს 1983 წლის ტრაგიკული მოვლენების თანამონაწილეთ. ამ მხრივ, მათ შესახებ გადაღებული ახალი ფილმის უმწვავესი ნაკლიც სწორედ ის არის, რომ არათუ უბრალოდ ვერაფერ ახალს ვერ გვეუბნება, არამედ მდუმარედ თანამზრახველობს მკვლელი ულტრალიბერალიზმით დაღდასმულ აწმყოსთან, როცა ეს უკანასკნელი ჩვენი და თვითმფრინავის გამტაცებლების ოცნებებს შორის ყალბი ნათესაობის დადგენას ცდილობს, რათა უმართებულო აწმყომ არა მარტო დღევანდელი სამართლებრივი სისტემისგან, არამედ წარსულიდანაც მიიღოს კურთხევა.

შესაძლოა, ოდესმე უფრო თავისუფალნი შევიქნეთ საიმისოდ, რომ უკეთ გავიგოთ მნიშვნელობა კითხვისა: “რა გაკლდათ?”. შესაძლოა, მასზე პასუხი მართლაცაა “თავისუფლება”, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან - რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ჟამია, საიდანაც მეტ-ნაკლებად მიზანშეწონილი პასუხი შეიძლება აღმოცენდეს - პასუხზე უფრო მეტად, პასუხზე თანმიმდევრული უარი გვმართებს. დაუღალავად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ის, რაც მათ აკლდათ და რისთვისაც მათ სხვების და საკუთარი სიცოცხლეები გაწირეს, არ იყო ის, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ და რაც თავისუფლების სახელით ყოველდღიურად იწირავს სიცოცხლეებს, ხოლო, მათ, ვინც თავისუფლების მსხვერპლნი არ გავმხდარვართ, თავისუფლების გაუგებარი მიმართულებით გატაცებულ მძევლებად გვაქცევს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG