Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

იმ საშინელი პოლიტიკური კრიზისებისა და ჰუმანური ტრაგედიების ჯაჭვი, რომლის მოწმენიც დიდი ხანია ვართ ყოფილი ოსმალეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოსმალეთის იმპერიას ვერ მოუნახა სიცოცხლისუნარიანი მემკვიდრე. ევროპული მოდელი სახელმწიფოსი, დაფუძნებული ეთნიკურ და ნაციონალურ კრიტერიუმებზე, ძნელად მისასადაგებელი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ რეგიონისთვის, სადაც ისტორიული მეხსიერება ხშირად ფოკუსირდება არა ეთნოლინგისტურ, არამედ რელიგიურ ერთიანობაზე. თვით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას დასჭირდა ეთნიკური წმენდის საშინელი ერთი საუკუნე, რათა ძველი იმპერიების (რუსეთისა და ჰაბსბურგების) ტერიტორიებზე აღმოცენებულიყო ეთნოლინგვისტურად უნიფიცირებული სახელმწიფოები.

განსხვავებით ევროპისაგან, პოსტიმპერიულ ახლო აღმოსავლეთში არა ადგილობრივი ნაციონალიზმი, არამედ ზენაციონალური და ზესახელმწიფოებრივი იდეოლოგიები - პანარაბიზმი და ისლამიზმი - გახდა მოსახლეობის პოლიტიკური მობილიზაციის ერთადერთი წყარო.

ყოფილი ოსმალეთის იმპერიის არაბულ ნაწილში ერთადერთი ხალხი, რომელსაც აქვს ათასწლიანი თვითიდენტიფიქაციის ისტორია, საერთო ტრადიციებსა და საერთო ენაზე (კურმანჯი და სორანი) დაფუძნებული თვითიდენტიფიკაციისა - ეს ქურთები არიან. აგერ უკვე ერთი საუკუნეა, რაც 30-დან 35 მილიონამდე ქურთი, გაყოფილი ოთხ სახელმწიფოს შორის (თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი), თავის ნაციონალურ კერას ითხოვს. მიუხედავად კონფესიური სხვაობისა (რაც დღევანდელ ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია) სუნიტი, შიიტი თუ იეზიდი ქურთები თვლიან, რომ ისინი საერთო ბედის მქონე თემს წარმოადგენენ.

მაშინ, როცა ერაყისა და სირიის სახელმწიფოები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო თურქეთისა კი წააგავს გემს, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავს, სირიული და ერაყული ქურთისტანი ერთადერთ სტაბილურ კუნძულებად გამოიყურებიან იმ ქაოსის ოკეანეში, რომელსაც ახლო აღმოსავლეთი ეწოდება. ამ გეოპოლიტიკურმა ქაოსმა, (რომელიც დიდწილად დასავლეთის პოლიტიკის შედეგია), ყველა უბედურებასთან ერთად სიცოცხლე შთაბერა ურჩხულს - ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. და დღეს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქურთები არიან, რომლებიც ამ ურჩხულთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან. განთქმული, როგორც მეომარი ხალხი, ქურთები დღესაც ამტკიცებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რომ სალადინის (ყველაზე განთქმული მუსლიმი მთავარსარდალი) მემკვიდრეები არიან. იმ სალადინისა, რომელიც ქურთი იყო და რომლის შთამომავლობას იბრალებდა XX საუკუნის თითქმის ყველა არაბი ლიდერი - დაწყებული გამალ აბდელ ნასერით და დამთავრებული ჰაფეზ ასადით. რაც შეეხება სალადინივით თიქრითში დაბადებულ სადამ ჰუსეინს, ერაყელი ქურთების ქიმიური იარაღით ამომჟლეტველ ყოფილ დიქტატორს, მან თავისი დაბადების წელი ორი წლით უკანაც კი გადაწია (1939 წლიდან 1937 წელზე), რათა არაბული სამყაროსთვის დაემტკიცებინა, რომ „სალადინ II“ მსოფლიოს ზუსტად რვაასი წლის შემდეგ მოევლინა (ტრადიციის თანახმად, სალადინი 1137 წელს არის დაბადებული).

მეთორმეტე საუკუნეში ჯვაროსნების (ანუ დასავლეთის) მძლეველი ქურთი სალადინი, XX საუკუნეში გადაიქვცევა არაბების მთავარ გმირად. საინტერესოა, XXI საუკუნეში თუ დადგება დღე, როცა არაბები აღიარებენ აწ უკვე „XX საუკუნის ჯვაროსნების“ მოკავშირე სალადინის შთამომავლებისათვის ნაციონალური კერის ქონების უფლებას...

საქართველოში ბევრია დარწმუნებული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 300 000-ზე მეტი ქართველი დაიღუპა ფრონტზე და რომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ქართველთა მიერ გაღებული მსხვერპლი ყველაზე დიდი არის სსრკ-ის ერებს შორის. სინამდვილეში ომის დროს, სულ ცოტა, სამჯერ ნაკლები ქართველი დაიღუპა და პროცენტულად ქართველთა მსხვერპლი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მაგალითად, აბსოლუტურ ციფრებში ფრონტზე დაღუპულ ქართველთა რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხების და ეს მაშინ, როცა ეთნიკური ქართველების ომამდელი მოსახლეობა აღემატებოდა სომხებისას (რიცხვი 300 000 შემოტანილია გენერალ-მაიორ ივანე ბაბალაშვილის მიერ, რომელიც 1983 წელს გარდაიცვალა. 1983 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს არქივში შეიარაღებული ძალების დანაკარგების მონაცემები გასაიდუმლოებული იყო. ასე რომ, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანა მან ეს რიცხვი).

განსხვავებით საქართველოსგან, საფრანგეთში, ფრანგ ქართველებში, ბევრია დარწმუნებული, რომ კატინის მსხვერპლთა შორის ბევრი ქართველი, ხოლო კატინის ჯალათთა შორის ბევრი ებრაელი იყო. როდესაც მათ ვეუბნები, რომ კატინის ტრაგედიის მსხვერპლთა სიაში ერთადერთ ქართველად ვინმე კაზგერეი გეტმიშია მოხსენიებული, გაკვირვებით მიყურებენ. როდესაც ვამატებ, რომ კატინის ჯალათთა შორის არც ერთი ებრაელი არ იყო და, საერთოდ ერთადერთი ეროვნული უმცირესობა, რომელიც დისპროპორციულად დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ბერიას უწყებაში იმ პერიოდში, ეს ქართველები იყვნენ - გაკვირვება უნდობლობაში გადადის.

მაგრამ ქართველები ერთადერთნი არ არიან, ვისაც მსხვერპლთან გაიგივება სურს. ყველას სურს, ჰქონდეს გვერდზე შუკაში თავისი პატარა გოლგოთას მთა თუ არა, გორაკი მაინც. შოას (ჰოლოკოსტის) შემდეგ ყველა თემს სურს გახდეს მსხვერპლის არისტოკრატიის შთამომავალი.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მემორიალური (მოგონებითი) ისტორიის ეპოქაში, რომლის დროსაც ბრძოლა მსხვერპლის არისტოკრატიაში - და, ამგვარად, ისტორიაში - მოხვედრისათვის საკმარისია მემორიალის ინაუგურაცია. ვინც ბერლინში ყოფილა, შეიძლება უნახავს „ტირგარტენთან“ გახსნილი მონუმენტი, რომელიც ნაციონალ-სოციალისტების მიერ ევროპაში დევნილ ჰომოსექსუალებს ეძღვნება. ამ მონუმენტის მნახველი გადაწყვეტს, რომ სექსუალური უმცირესობები ნაცისტური რეპრესიული პოლიტიკის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ ევროპის მასშტაბით.

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა დასავლეთში, ჰომოსექსუალებს ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული (ხელჩართული - პირდაპირი გაგებით, მაგალითად, იერუსალიმში​, იად ვაშემის მუზეუმში, რასაც მე პირადად მოვსწრებივარ 1994 წლის ზაფხულში) რათა მსოფლიოს ეღიარებინა, რომ ისინიც, ებრაელების მსგავსად, ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკის განსაკუთრებული მსხვერპლი არიან. ლგბტ აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ მთელი ევროპის მასშტაბით 1 მილიონამდე ჰომოსექსუალი იქნა დეპორტირებული საკონცენტრაციო ბანაკებში და იქ თითქმის ყველა - გაწყვეტილი. შესაბამისი ტერმინიც კი გამოიგონეს - „ჰომოკოსტი“, რომელიც „ჰოლოკოსტთან“ უნდა ყოფილიყო თანხვედრაში.

განსხვავებით ებრაელებისგან, ჰომოსექსუალები არასდროს ყოფილან ნაცისტური განადგურების პოლიტიკის სამიზნე. ნაცისტები ცდილობდნენ გერმანელი ჰომოსექსუალების „განკურნებას“. მართალია, ნაცისტურ გერმანიაში 50 000-მდე ადამიანი (მხოლოდ მამაკაცები) იქნა გასამართლებული ჰომოსექსუალური ურთიერთობისათვის, მათგან მხოლოდ 5-დან 10 ათასამდე იქნა გამომწყვდეული საკონცენტრაციო ბანაკში მათი „ხელახლა აღზრდისათვის“ (მათ შორის ძალზე ტრაგიკული აღმოჩნდა ბუხენვალდში გამომწყვდეული ათეულობით ჰომოსექსუალის ბედი, რომლებსაც ჰორმონალურ თერაპიას უტარებდა ექიმი კარლ ვერნეტი). პარადოქსულია, მაგრამ, დევნასთან ერთად, გერმანელი ჰომოსექსუალები ვერმახტის რიგებშიც მსახურობდნენ: ვინაიდან გერმანიის მთავარსარდლობას ეშინოდა, რომ ჰომოსექსუალიზმი მიზეზი იქნებოდა სამხედრო სამსახურისთვის თავის აცილებისა, ჯარი იძულებული იყო, ღიად ჰომოსექსუალები მიეღო თავის რიგებში.

ამასთან ერთად ნაცისტური გერმანია ერჩოდა მხოლოდ და მხოლოდ გერმანელ ჰომოსექსუალებს. ე.წ. „სისხლიან მიწებზე“ (პოლონეთი და საბჭოთა კავშირი) კი, ანუ იქ, სადაც ნაცისტები ხალხს მასობრივად წყვეტდნენ, ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არანაირ როლს არ თამაშობდა ნაცისტურ გამანადგურებელ პოლიტიკაში. რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, ნაცისტები არც იქ არავის სდევნიდნენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მაგალითად. გერმანიის მიერ ოკუპირებულ დანიაში ჰომოსექსუალიზმი 1933 წლიდან იყო დეკრიმინალიზებული და დანიელ ჰომოსექსუალებს ოკუპაციის პერიოდში არ დაუფარავთ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. რაც შეეხება ნაცისტური გერმანიის ორ პარტნიორ ქვეყანას - შვედეთს და შვეიცარიას - ისინი ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას მოახდენენ შესაბამისად, 1942 და 1944 წლებში.

მემორიალური ისტორიის ეპოქაში ისტორია ვიწროვდება და იჭმუხნება წარსულის იმ ანარეკლამდე, რომელიც აწმყოს იდეოლოგიასთან არის თანხვედრაში. მემორიალური ისტორიის ეპოქაში ლიტურგია უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე მოვლენა და ამის შედეგად მოგონების ესთეტიზაცია ჩრდილავს ისტორიას: ამგვარად, ობელისკის აღმართვა საკმარისი ხდება, რათა ეფემერული მოვლენა ისტორიად აქციოს კოლექტიურ მეხსიერებაში.

მემორიალური ისტორიის ეპოქაში ყველაზე ხშირად ხდება იმის გახსენება, რაც აწმყოსთვის ყველაზე მოსახერხებელია. მემორიალური ისტორიის ეპოქაში ჩვენ ისტორიას გვიყვებიან ფსალმუნურად, ანუ პოეტურად. ასე მაგალითად, ბუდაპეშტში არსებობს ორმაგი ოკუპაციის (ნაცისტური და კომუნისტური) მუზეუმი, რამაც, წესით, მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანი სახტად უნდა დატოვოს. ვილნიუსის გენოციდის მუზეუმის მიხედვით, ლიტველები ასევე ორმაგი ოკუპაციის მსხვერპლნი არიან, ოღონდ საბჭოთა მხრიდან გენოციდისა ლიტველი ხალხის მიმართ, ხოლო ნაცისტების მხრიდან - მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებისა ლიტველი ებრაელების მიმართ... სია გრძელია და მისი გაგრძელება შორს წაგვიყვანს...

მემორიალურ ეპოქაში ისტორიის კვლევის საზღვარს განსაზღვრავს ემპათიური თემის მიერ დაფიქსირებული ჩარჩოები. მაგალითად, ვინაიდან საბჭოთა ტყვეებს არ ჰყავთ სოციალურად აქტიური შთამომავლობა, ისინი არც არიან დღეს წარმოდგენილი ბერლინის მემორიალურ „გოლგოთაზე“ და, შესაბამისად, ისინი მარგინალიზებული არიან ისტორიაში. არადა ჰიტლერი 1941 წლის ზაფხულიდან ერთდროულად დაიწყებს ებრაელებისა და საბჭოთა ტყვეების განადგურებას: ერთის - ტყვიით და მეორის - შიმშილით. ჰიტლერი, ამგვარად, მიზანმიმართულად დახოცავს 2,6 მილიონ საბჭოთა ტყვეს. დღეს, როდესაც სიტყვა ოსვენციმს ვახსენებთ, ყველას მოკლული ებრაელი გვიდგება წინ. არადა ცოტას ახსოვს, რომ ოსვენციმის ბანაკში 1942 წლის ზაფხულამდე საბჭოთა ტყვეების სიკვდილიანობის პროცენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ებრაელებისა. ისიც ნაკლებად ახსოვთ დღეს, რომ 1942 წლის ზაფხულამდე საბჭოთა სამხედრო ტყვეების სიკვდილიანობის პროცენტი ბევრად უფრო მაღალი იყო ნაცისტურ სამხედრო ტყვეების ბანაკებში, ვიდრე ებრაელთა სიკვდილიანობა პოლონეთის გეტოებში.

მიუხედავად ამისა, დღეს ბერლინში თუ გაემგზავრებით, ნახავთ გერმანული ფედერალური მთავრობის მიერ აღმართულ მხოლოდ ოთხ მემორიალურ ძეგლს: მიძღვნილს ებრაელების (დაახლოებით 5,4 მილიონი მოკლული ნაცისტების მიერ), ბოშების (30-დან 100 000-მდე მოკლული), ევთანაზიის პროგრამით განადგურებულებისა (დაახლოებით 80 000 მოკლული) და ჰომოსექსუალებისადმი (0 მოკლული).

„ისტორია განკუთვნილი მხოლოდ ებრაელებისათვის (ან შავი ამერიკელებისთვის, ან ბერძნებისათვის, ან ქალებისათვის, ან პროლეტარიატისთვის, ან ჰომოსექსუალებისათვის და ა.შ.) ვერ იქნება კარგი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეძლებს გაამხნევოს და ანუგეშოს ის, ვინც მას პრაქტიკაში იყენებს“ - დაწერს ერთი ბრიტანელი ებრაელი მარქსისტი ისტორიკოსი მეოცე საუკუნის მიწურულს. დღეს რომ ის ცოცხალი ყოფილიყო და ბერლინში ჩასულიყო, ალბათ მისი ვერდიქტი ცოტა უფრო მკაცრი იქნებოდა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG