Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

კრიტიკა და რომანი

ორი დაკვირვებით დავიწყოთ.

პირველი: ქართულ საზოგადოებას კრიტიკა არ უყვარს, რადგან ერთიანობის ძველ იდეას მიელტვის. ამ იდეის მიხედვით, დიდ და ჰარმონიულ მთლიანობაში კარგი და ცუდი ნათლად უნდა იყოს გამიჯნული, ხოლო დიფერენცირებული და უპიროვნო ანალიზი ელემენტებისა, რომლებსაც შემდეგ არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები მოჰყვება, ეშმაკისგანაა. ეს ზოგადი ტენდენცია განსაკუთრებით ტრაგიკულად აისახა ლიტერატურულ კრიტიკაზე, რომლის არარსებობაც უკვე კარგა ხანია შეამჩნიეს, მაგრამ ნაკლულობას მაინც არაფერი ეშველა. მართლაც, როგორ გინდა რაიმეს გაუმჯობესება, როცა კრიტიკაზე მიღებული რეაქცია, ჯერ კიდევ აკაკი ბაქრაძის მიერ მოყოლილი ამბის მიხედვით, ასეთია: რომანის ავტორი კითხულობს, კრიტიკოსს ამ რეცენზიის გამოქვეყნებაში რამდენს გადაუხდიდნენო? და მერე ამბობს, მე მივცემდი ორმაგს, რას წერდა ამ უბედურებასო. საბჭოთა ამბავია, მაგრამ მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა.

მეორე: რომანები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფშია ისინი, რომლებიც ცდილობენ, არსებული რეალობის პარალელური, სხვა სამყაროს შესაძლებლობები აჩვენონ. მათი პრინციპია მოჯადოება (enchantment), ხოლო მეორე კლასში კი ისეთი ნაწარმოებებია, რომელთა მიზანიც სამყაროს ახსნაა. მათი მამოძრავებელი მოტივაცია განჯადოება (disenchantment) გამოდის.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთავარი ლიტერატურული ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ორი რომანის დაპირისპირება თუ შეპირისპირება გახდა. ესენია ალეკო შუღლაძის "გადამალვა" და არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო". როგორც წესი, ერთის თაყვანისმცემლები მეორე რომანს არც კი კითხულობენ, რადგან წინასწარი ანტიპათიით არიან განწყობილნი. მართლაც, ამ ორ წიგნს შორის მრავალი არა უბრალო, არამედ ოპოზიციური განსხვავება არსებობს. მათ შორის, პირველ რიგში, ის, რომ "გადამალვა" მოჯადოების ტიპის ტექსტად ყოფნას ცდილობს, ხოლო "სამხრეთული სპილო" - განჯადოებისა. შუღლაძე ცდილობს გვანახვოს, რომ დღევანდელი ქართული რეალობის მიღმა სხვა, უფრო პოეტური და ჰუმანური რეალობაც არსებობს, ხოლო ქიქოძე ცდილობს, აგვიხსნას ჩვენი სოციუმის ლოგიკა და გვითხრას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მასში ადამიანმა.

შეპირისპირებითი დახასიათება

არჩილ ქიქოძის რომანის გენეალოგია არცთუ რთული გასარკვევია - ის მოდის აკა მორჩილაძის თბილისური ტექსტებიდან. "სპილოს" მთავარი გმირის მიერ ქუჩურ გარჩევაში შეუიარაღებელი მისვლა ექოა მორჩილაძის "აგვისტოს პასიანსის" (2001) გმირის ქმედებისა, რომელიც ასევე უიარაღოდ შეხვდება ბანდიტ დუდაევს და მის მიერვე "შეტენილ" მოჭრილ თავს დაუბრუნებს, თან "ძალიან ქალაქურად" ეტყვის, "შენია, ძმაო, და შენ გადააგდე, მე, რა, მენაგვე კი არ ვარო". მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს - მორჩილაძის გმირს არ აქვს საკუთარი ბრალეულობის ისეთივე განცდა, როგორიც ქიქოძისას. რაც ამ ორს აახლოებს, არის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მათ უბიძგებს, ისეთი რისკი აიღონ საკუთარ თავზე, უშუალოდ მათ პირად ინტერესში რომ არ შედის. ოღონდ ის, რაც მორჩილაძესთან იმპლიციტური იყო და იგულისხმებოდა, ქიქოძესთან გაშლილი და რეფლექტირებულია.

შუღლაძის მთავარი პერსონაჟი კი დოსტოევსკის "იატაკქვეშა ადამიანისგან" იღებს სათავეს. ეს არის მარგინალიზებული ადამიანი, რომელსაც პოტენციურად ყველაფერი აღიზიანებს, თითქოს კანი არ ჰქონდეს. ეს რესენტიმენტის ადამიანია, რომელსაც დიდი ბოღმა და ჯავრი დაუგუბებია თავის თავში, რაც აგრესიის სიურრეალისტურად შეფერილ სცენებში ვლინდება. გაუსაძლისი ყოფიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მას გაქცევა მიაჩნია, რადგან ადგილზე პრობლემებისათვის თავის გართმევის შესაძლებლობა - ან, როგორც დღეს იტყვიან, რესურსები - არ აქვს.

"სპილო" კულტურის ცენტრიდან არის დაწერილი. არა იმიტომ, რომ მისი მოქმედება თბილისის ცენტრალურ უბნებში ვითარდება, არამედ იმიტომ, რომ მისი გმირი იზიარებს საზოგადოების ცენტრალურ ღირებულებებს და მოიაზრებს თავს მათ მატარებლად. ეს მას აძლევს გარკვეულ ცოდნას - გმირმა იცის, როგორ არის მოწყობილი მისი გარემო, როგორი იყო მისი ისტორია, იცის სიმართლე ოჯახის წევრებზე, საყვარლებსა და მეგობრებზე. რაც მთავარია, ის ცდილობს, არ მოიტყუოს თავი. რომანი უტრიალებს დანაშაულის, სასჯელისა და გამოსყიდვის თემებს, რაც განსაზღვრავს იმას, რომ რომანის მთავარი "მესიჯი" ინდივიდუალისტურია - ბრალეულობაც ხომ ყოველთვის ინდივიდუალურია და არასდროს - კოლექტიური. აქედან გამომდინარე, რომანი გვაჩვენებს, რომ ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე მაშინაც, როცა ბრალი თითქოს მისი არ არის. თუ შენ არ გქონდა საკმარისი ენერგია, გაბედულება, ცოდნა იმისათვის, რომ ბოროტება არ დაგეშვა, შენც ამ ბოროტების მონაწილე გახდი.

მაგრამ რომანი, ამასთან, გადარჩენაზეცაა. არა უბრალოდ ფიზიკურზე, არამედ მორალურზე, იმაზე, რომ დაცემის მერეც გეძლევა საშუალება, შენი ცხოვრებიდან რაღაც კარგი გააკეთო. აქედან - მისი მსუბუქი ოპტიმიზმი. ჰემინგუეის გმირმა, რომელიც ბოლო ასი წლის ყველა დაკარგული თაობის წარმომადგენლის პროტოტიპია, იცის, რომ თამაში უკვე წაგებულია და, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს სტოიციზმს. ქიქოძის გმირიც სტოიკოსია, მაგრამ მას მაინც რჩება "პრესტიჟის გოლის" გატანის იმედი.

ეს ინდივიდულისტური მესიჯი, თავისი აქცენტით პასუხისმგებლობაზე და ბრალის საკუთარ თავზე აღების უნარი (და არა მისი ძებნა გარეთ) იშვიათი და საჭირო რამ არის თანამედროვე ქართულ კულტურაში. თუმცა არა მგონია, ბევრი იყოს დღეს ისეთი, ვისაც არ გაუკვირდებოდა მწერლის გადაწყვეტილება, გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად (თუ სუბიექტად) მაინცდამაინც 90-იანი წლების კრიმინალი და ძველი ბიჭი ექცია. რომანს ერთი კომპოზიციური პრობლემაც აქვს - ის, რაც ამ წიგნის მნიშვნელოვანი ღირსებაა, ერთი დღის ამბის ჩასმა თბილისისა და საქართველოს ასწლოვანი ისტორიის კონტექსტში, კომპოზიციის თვალსაზრისით ბოლომდე დაძლეული ვერ არის: სიუჟეტის თხრობა რომანში მალევე წყდება, რათა ადგილი დაუთმოს ისტორიას და საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ახლდება. ის, რაც თემატურად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია (პერსონაჟის ამბავი და ქვეყნის ისტორია), კომპოზიციურად ასე ნათლად ვერ არის დაკავშირებული.

კომპოზიციის პრობლემები ბევრად უფრო სერიოზულად უდგას "გადამალვას". შუღლაძე სიუჟეტურ ხაზებს ბოლომდე ვერ აკონტროლებს, გაწყვეტილ ძაფებს ტოვებს მათი ერთმანეთთან გადაბმის გარეშე, დროდადრო საკმაოდ მოუქნელად იყენებს თხრობის ფორმებს (მაგ., დღიურს). მაგრამ ამ წიგნის მთავარი პრობლემა სხვა სიბრტყეშია.

"გადამალვა" ესკაპისტური რომანია. ესაა რომანი გაქცევაზე. ცხადია, ლიტერატურული თვალსაზრისით ესკაპიზმში არაფერია ცუდი. ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა რომანი "ოსტატი და მარგარიტა" ესკაპისტური ფინალით მთავრდება, სადაც რომანის მთავარი გმირები რეალობის მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას. ერთ-ერთი საუკეთესო პოსტსაბჭოთა რომანი "ჩაპაევი და სიცარიელე", ბულგაკოვის გავლენით დაწერილი, აგრეთვე სინამდვილიდან გაქცევის ეპიზოდით დასრულდება. ასეთი ფინალები ხაზს უსვამს იმას, რომ ეს რომანები მოჯადეობის ლიტერატურის ხაზს მიეკუთვნება. თითოეულ მათგანში ესკაპისტური ფინალი თვითრეფლექსიურია ანუ თავის თავზე მიუთითებს და ლიტერატურის მატრანსცენდირებელ, გადამლახავ ძალას უსვამს ხაზს - ლიტერატურა იქცევა სხვა სივრცედ, სადაც, პერსონაჟის კვალად, მკითხველს შეუძლია მოშორდეს გაუსაძლის სინამდვილეს და გადავიდეს "მშვენიერ ესთეტიკურ ილუზიაში".

სწორედ ეს არის, რასაც ვერ ახერხებს "გადამალვა". მისი პერსონაჟები არც ზღაპრული რაშებით მიფრინავენ საძულველი ქალაქიდან, როგორც ბულგაკოვთან და არც რევოლუციისდროინდელი ჯავშანტრანსპორტიორით გადავლენ პოსტსაბჭოთა მოსკოვიდან სრულიად მითოლოგიზებულ შიდა მონღოლეთში, როგორც პელევინთან. გაქცევის მიმართულება აქ სრულიად რეალური ინდოეთია, გოვარდჰანას მთით (რომელიც კრიშნას მთად ითვლება) და ინდუისტი გურუებით. იქ მოსახვედრად ვიზა და ავიაბილეთია საჭირო.

ეს იმიტომ, რომ შუღლაძის რომანში კრიშნაიზმის რელიგიური დოქტრინა, რომლის სივრცული ცენტრიც ინდოეთია, განხილულია, როგორც კონტრასტული პასუხი თანამედროვე ქართული საზოგადოების თანმდევ ტანჯვაზე. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს გარემოება რომანის ფინალში, რომელიც შეუძლებელს ხდის მოჯადოების იმ განცდის მიღწევას, რომელიც რომანის მთავარი მიზანია. მაგრამ ის ასევე ვლინდება წიგნის იმ ეპიზოდებში, სადაც მთავარი გმირი კრიშნაიზმის პოზიციებიდან ედავება კირკეგორის ეგზისტენციალიზმს - ინტელექტუალურად უმწეო პოლემიკა, რომელიც მკითხველში მხოლოდ და მხოლოდ უხერხულობის განცდას ტოვებს. "გადამალვა" ნაკლოვანია, რადგან რომანში აღმოჩენილი საზოგადოებრივი თუ ეგზისტენციალური პრობლემების გადაჭრის გზად კრიშნაიზმის მოძღვრებას გვთავაზობს, რომელიც, ცხადია, ცოტას თუ მოეჩვენება დამაჯერებლად ან, თუნდაც, გემოვნებიანად.

მაგრამ ეს ოდენ ფილოსოფიური და ესთეტიკური დავა არ არის - აქ ჩვენ მორალის სიღრმეებსა თუ უფსკრულებსაც ვხედავთ. რომანის მთავარი ღერძი ოჯახია, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის ინდივიდის ემანსიპაციას, მაშინაც კი, როდესაც ინდივიდს ჰგონია, რომ თავისი ქმედებით საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. რომანის მთავარი პერსონაჟი ფინალში ზუსტად ისე იქცევა, როგორც ტრადიციული ოჯახის თავი - ის აიძულებს ოჯახის დაუძლურებულ წევრებს, ის გააკეთონ, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. მას თუ დავუჯერებთ, ამით სასიკვდილოდ ავადმყოფი დედა ინდოეთში ბედნიერების ბოლო წუთებს განიცდის (ანუ, ძალადობამ გაამართლა), თუმცა შეუძლებელია რომანის იმ ადგილებმა, სადაც ჯერ ავადმყოფი მამის, შემდეგ დედის, ხოლო სულ ბოლოს ზურგზე მოკიდებული დის გადაყვანაზეა საუბარი, თვალწინ არ დაგვიყენოს ცნობილი ფილმის "ნარაიამას ლეგენდის" სიუჟეტი (სადაც ასევე ოჯახის დაუძლურებული წევრების მთაზე აყვანის მოტივია განმსაზღვრელი) და არ შეგვაძრწუნოს იმის გაცნობიერებამ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს აქტები სოციო-ეკონომიკურ სინამდვილეში. ამ შემთხვევაში კრიშნაიზმი მოგვევლინება, როგორც მორალური თვითლეგიტიმაციისა და თვითგამართლების ინსტრუმენტი, რაც რელიგიური დისკურსისათვის მაინცდამაინც ახალი და ორიგინალური ფუნქცია არ გახლავთ.

ალეგორიული ბოლოსიტყვა

დიკენსის "დევიდ კოპერფილდს" ერთი უცნაურობა ახასიათებს - მიუხედავად იმისა, რომ რომანში ნათლად არის განაწილებული როგორც კარგი და გამარჯვებული (თავად კოპერფილდი), ისე ცუდი და დამარცხებული (იურაია ჰიპი) გმირების როლები, მიუხედავად იმისა, რომ რომანი, როგორც ცნობილია, ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, შეუძლებელია ბიბლიის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანს თვალში არ მოხვდეს ის გარემოება, რომ ცუდი გმირი ძველი აღთქმის (მეფეთა მეორე წიგნი) იმ პერსონაჟის სახელს (ურია) ატარებს, რომელიც დავით (ინგლისურად - დევიდ) მეფემ უსამართლოდ გაწირა სასიკვდილოდ, რათა მის მეუღლეს დაპატრონებოდა. ამით რომანის ნათელ მორალურ სამყაროში ამბივალენტურობა, ორაზროვნება შემოდის. ნუთუ დიკენსი წინასწარ ჭვრეტდა იმ თანამედროვე იდეას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მოგებას რაღაც უღირსი ახლავს თან და რომ ნებისმიერი გამარჯვება მაინც უგემოვნოა?

თუმცა რატომ თანამედროვე? ჯერ კიდევ ძველ რომში თქვეს, გამარჯვებულის საქმე ღმერთებს მოსწონთ, ხოლო დამარცხებულისა - კატონსო.

ოღონდ ვინ არის გამარჯვებული და ვინ - დამარცხებული? რომელი წელია? მომავალში ვართ უკვე თუ ჯერ კიდევ წარსულში?

1941 წლის ივლისის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში, ლუფტვაფეს მფრინავები, მთელი აღმოსავლეთ ფრონტის პერიმეტრზე, ასეულობით ათასი წითელარმიელის თავზე ჩამოყრიან 14 მილიონ პროკლამაციას. მის ერთ მხარეს იქნება სამი ფოტო. ფოტოების თავზე რუსულად იქნება დაწერილი: „იცნობთამ ადამიანს?“. ფურცლის მეორე მხარეს იქნება დაბეჭდილი ტექსტი:

ეს მე ვარ, იაკობ ჯუღაშვილი, სტალინის უფროსი შვილი. მე-14 ჯავშნოსანი დივიზიის მე-14 პოლკის საარტილერიო ბატარეის მეთაური, ათასობით სხვა ოფიცერთან და ჯარისკაცთან ერთად 16 ივლისს ვიტებსკის სიახლოვეს ტყვედ ჩავბარდი გერმანელებს“.

სტალინის შვილის ამ „მოწოდებას“ შემდეგ უკვე მოსდევდა ვერმახტის სარდლობის მიმართვა:

„სტალინის ბრძანებით, ტიმოშენკო და კომისრები თქვენ გასწავლიან, რომ ბოლშევიკები ტყვედ არ ბარდებიან. მაგრამ აქ წითელარმიელები განუწყვეტლივ ბარდებიან ტყვედ. იმ მიზნით, რომ თქვენ დაგაშინოთ, კომისრები თქვენ გატყუებენ თითქოს და გერმანელები ცუდად ექცევიან ტყვეებს.

სტალინის შვილმა თავისი პირადი მაგალითით აჩვენა, რომ ეს სრული სიცრუეა.

(...) მისდიეთ მის მაგალითს: ის ცოცხალია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. რატომ უნდა წახვიდეთ უაზრო მსხვერპლზე ან სიკვდილზე, როცა თვით თქვენი მხედართმთავრის შვილი ჩაგვბარდა ტყვედ?!

თქვენც გადმოდით ჩვენს მხარეს!“ (ტექსტის პუნქტუაცია დაცულია - ლ.ო.)

სულ ქვევით პატარა შრიფტით უკვე ორ ენაზე, რუსულად და გერმანულად, ეწერა, რომ ეს სააგიტაციო ფურცელი წარმოადგენს გერმანელების მხარეს გადასასვლელ საშვს წითელარმიელებისათვის.

20 ივლისს, როცა წითელი არმიის სარდლობისათვის სტალინის ვაჟის გაქრობა გახდება ცნობილი, გენერალ ჟუკოვის ბრძანებით შეიქმნება სამძებრო ჯგუფი. 21 ივლისს ეს ჯგუფი მოიძიებს მე-14 ჯავშნოსანი დივიზიიდან გადარჩენილ ვინმე პოპურიდს. „ჩვენ ერთად დავმარხეთ მიწაში ჩვენი საბუთები და გადავიცვით სამოქალაქო ტანსაცმელი. როდესაც ტბის ნაპირთან მივედით, ამხანაგმა ჯუღაშვილმა განმიცხადა, რომ ის იქ დაისვენებდა ცოტას. მე კი გზა მარტო გავაგრძელე“ - დაწერს ჩვენებაში პოპურიდი.

25 ივლისს, კრემლის მიერ პროკლამაციის აღმოჩენის შემდეგ, უკვე სტალინის ბრძანებით იქნება გაგზავნილი ნკვდ-ს ჯგუფი ლეიტენანტ ჯუღაშვილის მოსაძებნად. ეს მისიაც უშედეგოდ ჩაივლის. დარწმუნებული იმაში, რომ საკუთარი შვილი მტერს ჩაბარდა ტყვედ, სტალინი იაკობს სამშობლოს ღალატში დაადანაშაულებს და მისი მეუღლის დაპატიმრების ბრძანებას გასცემს (იულია მელცერს მხოლოდ 1943 წლის გაზაფხულზე გამოუშვებენ ციხიდან).

იაკობ ჯუღაშვილის მე-14 ჯავშნოსანი დივიზია, რომელიც მე-7 მექანიზირებული კორპუსის ნაწილი იყო, წითელი არმიის ერთ-ერთ საუკეთესო შენაერთად ითვლებოდა. ამ კორპუსის რეალური მდგომარეობა ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა მდგომარეობაში იყო წითელი არმია 1941 წლის ზაფხულში: კორპუსის 959 ტანკიდან მხოლოდ 12% იყო თანამედროვე (Т-34 და КВ). ამ შენაერთის დაკომპლექტებას აკლდა 300 უმცროსი ოფიცერი, 800 სერჟანტი და ორი მესამედი სატვირთო მანქანებისა. ომის დაწყების შემდეგ ეს კორპუსი გადაცემული იქნება მეოცე არმიას, რომლის მისიაც სმოლენსკის დაცვა იყო. მოსკოვიდან გადასროლილია და ჯერ კიდევ გზაში მყოფი, კორპუსი მექანიკური პრობლემების გამო უბრძოლველად დაკარგავს 381 ტანკს! 7 ივლისს, დარჩენილი ტანკების და საწვავის დეფიციტის პირობებში, მე-14 დივიზია განახორციელებს შეტევას გერმანიის ჯარის მე-7 სატანკო დივიზიაზე, რომელიც ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო სატანკო შენაერთი გახლდათ. რამდენიმე საათში გერმანელები გაუნახევრებენ ტანკებს მე-14 დივიზიას. ერთი კვირის შემდეგ კი საბოლოოდ ბოლოს მოუღებენ ამ დივიზიის ნაშთებს.

დივიზიის ამ მძიმე ბრძოლების დროს იაკობ ჯუღაშვილი ძალიან კარგად წარმოაჩენს თავს. იგი უარს განაცხადებს შტაბის ოფიცრებთან ერთად მანქანით გაქცევაზე და დარჩება თავისი ბატარეის სამხედროებთან ერთად. 16 ივლისს, ორდღიანი ხეტიალის შემდეგ (მას შემდეგ რაც მას სავარაუდოდ ადგილობრივი გლეხები დაასმენენ), ჯუღაშვილს გერმანელები დაატყვევებენ ლიოზნოს სიახლოვეს.

ჯუღაშვილის პიროვნების ვინაობა ძალიან მალე გამოაშკარავდება. ამის შემდეგ გერმანელები სტალინის შვილს დასაკითხად ბორისოვოში გადაიყვანენ, სადაც არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბი მდებარეობდა. იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვას სამი ოფიცერი: ერთი არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ შტაბის სადაზვერვო გაყოფილებიდან, ერთი რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოდან და ერთიც - ლუფტვაფეს პროპაგანდის ბიუროდან.

დაკითხვის შემდეგ იაკობ ჯუღაშვილს გაამწესებენ ბერლინის სასტუმრო ადლონში. მაგრან ვინაიდან გერმანელები ძალიან სწრაფად დარწმუნდებიან, რომ იაკობი კოლაბორაციაზე არასდროს დათანხმდებოდა, სტალინის ვაჟი ჯერ გადაყვანილი იქნება ჰამელბურგის ოფიცერთა ბანაკში, შემდეგ კი საქსენჰაუზის კონცენტრაციულ ბანაკში, სადაც, 1943 წლის 14 აპრილს იაკობი თავს მოიკლავს - იგი აიძულებს ბანაკის დაცვას, რომ მისთვის ესროლათ.

იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის ტექსტი იქნება მოძიებული საბჭოთა დაზვერვის მიერ 1946 წელს ლუფტვაფეს არქივში. იგი ისტორიკოსებისათვის მისაწვდომი პერესტროიკის შემდეგ გახდება. (დაკითხვის ეს გრძელი ოქმი ძალზედ საინტერესო და მრავლისმთქმელია: ეს დოკუმენტი კარგ წარმოდგენას გვაძლევს როგორც იაკობ ჯუღაშვილის პიროვნებაზე, ისე ჰიტლერის სადაზვერვო სამსახურის პროფესიონალიზმზე).

ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირში ბევრი ჭორი ცირკულირებდა იაკობ ჯუღაშვილის ბედის გარშემო. ერთ-ერთი ვერსიით, ჯუღაშვილი 1943 წელს გერმანელების მიერ გადაყვანილ იქნა იტალიის ერთ-ერთ სამხედრო ტყვეთა ბანაკში, საიდანაც სტალინის ვაჟს ადგილობრივი პარტიზანები გამოიხსნიან. ამ ლეგენდის თანახმად, პატიმრობიდან განთავისუფლებული ჯუღაშვილი, კაპიტან მონტის ფსევდონიმით, სათავეში ჩაუდგება პარტიზანების ჯგუფს (აბა სხვანაირად როგორ იზამდა სტალინის შვილი?!) და გმირულად იბრძოლებს გერმანელების წინააღმდეგ. შემდეგ შეუყვარდება შავთვალება ადგილობრივი ლამაზმანი სახელად პაოლა, რომლისგანაც მალე ვაჟი, სახელად ჯორჯო, ეყოლება. სკეპტიკოსების დასარწმუნებლად ამ ვერსიის ადეპტები იტალიურ სოფელსაც კი ასახელებდნენ, - რეფრონტოლს ვენეციის რეგიონში, - სადაც ომის შემდეგ ცხოვრობდა კაპიტანი მონტი-ჯუღაშვილი.

თუ ერთი ლეგენდა ქვევიდან, „ხალხის წიაღიდან“ მოდის, მეორე ლეგენდა სავარაუდოდ კრემლში იღებს სათავეს. ამ მეორე ლეგენდის მიხედვით ჰიტლერს შეუთავაზებია სტალინისთვის ფრიდრიხ პაულუსის იაკობში გაცვლა, რაზეც სტალინს ქედმაღლურად უპასუხია, რომ ჯარისკაცში ფელდმარშალს არ გაცვლის (თუმცა იაკობი ლეიტენანტი იყო და არა ჯარისკაცი).

სინამდვილეში ჰიტლერს არასდროს არ მოსვლია თავში მარშალ პაულუსის ტყვეობიდან გამოხსნა. მეტიც, ჰიტლერი ალყაშემორტყმულ სტალინგრადში პაულუსისთვის მარშლის წოდების მინიჭებას მაშინ განიზრახავს (1943 წლის 30-დან 31 იანვრის ღამეს), როცა გაიგებს, რომ მისი გენერალი მტრისთვის ჩაბარების გადაწყვეტილებას მიიღებს. ფელდმარშლის წოდების მიცემით ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ პაულუსი თავს მოიკლავდა და მტრისთვის ჩაბარებაზე უარს იტყოდა. განრისხებული, რომ პაულუსი თვითმკვლელობას ტყვედ ჩაბარებას ამჯობინებს, ჰიტლერი გამოაცხადებს, რომ მეტი არც ერთ თავის გენერალს არ მისცემდა ფელდმარშლის კვერთხს. თუმცა ამ დანაპირებს 1944 წელს დაარღვევს, როცა ვალტერ მოდელს (ვერმახტის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამასთანავე ერთ-ერთ ყველაზე ნაცისტ გენერალს), მარშლის კვერთხს გადასცემს.

სტალინი (რომელიც ყოველთვის ყველას და ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდა) საკუთარი შვილის ტრაგიკულ ბედსაც რომ პოლიტიკურ იარაღად აქცევდა, ამაში არაფერია გასაკვირი. ერთი კითხვა, რომელიც რჩება, ისაა, თუ რატომ ჩამოაქვეითა სტალინმა ამ მითში ლეიტენანტი ჯუღაშვილი ჯარისკაც ჯუღაშვილამდე... მითის დრამატიზების მიზნით თუ უბრალო გულმავიწყობით?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG