Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 25 ოქტომბერი 2019

ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის დაპირისპირება გამწვავდა. დღევანდელი პერსპექტივიდან ისე ჩანს, რომ ეს ორი პარტია გამალებით ცდილობს ერთმანეთისგან გამიჯვნას. მათი მთავარი ამოცანაა, თავიანთი ამომრჩეველი საკუთარ უნიკალურ იდენტობაში დაარწმუნონ.

გამიჯვნის პროცესი როგორც ზოგად პოლიტიკურ, ისე იდეოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს. ამ სტატიაში დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტზე არ შევჩერდები, არამედ უფრო მეტად იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ რა გზით ხდება პარტიების ერთმანეთისგან განცალკევება იდეოლოგიურ დონეზე. შევეცდები, მკითხველს დავანახვო, რომ ორივე ოპოზიციური პარტია ერთი და იმავე იდეოლოგიური ნიშის დაკავებას ცდილობს, რაც არის მათ შორის მიმდინარე დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი. ეს არის პროდასავლური მემარჯვენე კონსერვატორული პარტიის ნიშა. ქვემოთ ცალ-ცალკე განვიხილავ ამ პოზიციის სამივე იდეოლოგიურ მარკერს: პროდასავლურობას, მემარჯვენეობასა და კონსერვატიზმს. ბოლოს კი ამ იდეოლოგიური დავების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დავასრულებ.

მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიულად და დღესაც პროდასავლური პარტიაა, მაგრამ მისი ლიდერი - სააკაშვილი ბოლო დროს დასავლეთს მწვავედ აკრიტიკებს. მაგალითად, სააკაშვილმა 12 აპრილს განაცხადა, რომ არავის, მათ შორის, არც დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებათ ძალიან წარმატებული უკრაინა ან საქართველო. მისი განცხადებით, ერთ მხარეს არის იმპერიალისტური რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს - დასავლეთი თავისი კოლონიალური მიდგომებით. სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ დასავლეთს უკრაინელები როგორც სამუშაო ძალა, ისე სჭირდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ბოკერიამ სააკაშვილის ეს პოზიცია მაშინვე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთისა და დასავლეთის ერთ დონეზე დაყენება. ბოკერიას აზრით, სააკაშვილის განცხადება საზიანოა და რუსეთის ნარატივს აძლიერებს. ამ დაპირისპირებიდან ისე გამოჩნდა, რომ „ევროპული საქართველო“, მინიმუმ რიტორიკის დონეზე მაინც, უფრო პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილი, როგორც ჩანს, ზოგჯერ მაინც ცდილობს მიუმხრობელი პოზიციის მოსინჯვას (ამით ცოტათი ემსგავსება, მაგალითად, გამსახურდიას).

პარტიებს შორის მეორე საჯილდაო ქვა ეკონომიკური მემარჯვენეობაა. ბოკერია ცდილობს ისე პოზიციონირდეს, რომ „ევროპული საქართველო“ უფრო თანმიმდევრულად მემარჯვენე პარტიად გამოჩნდეს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. მაგალითად, 14 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშორდა ვარდების რევოლუციის იდეას. ბოკერიასთვის ეს იდეა, სხვა რამეებთან ერთად, კლასიკურ ლიბერალიზმთან ასოცირდება. „კლასიკურ ლიბერალიზმში“ ამ შემთხვევაში მცირე მთავრობა, დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები იგულისხმება.

მართალია, სააკაშვილი ზოგჯერ პოპულისტური ლოზუნგებით ნიღბავს თავის პოზიციას, მაგრამ ზოგიერთ საკითხში იგი ბოკერიას არ ჩამორჩება მემარჯვენეობაში, თუ არ აღემატება კიდეც. მაგალითად, თავის ახალ ე.წ. ვარშავის გეგმაში სააკაშვილმა ისაუბრა საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაუქმებაზე. ეს ბევრად უფრო რადიკალური მემარჯვენე იდეაა, ვიდრე ნებისმიერი, რაც „ევროპულ საქართველოს“ ოდესმე წამოუყენებია. მეორე მხრივ, სააკაშვილის „ვარშავის გეგმა“ ბოლომდე მემარჯვენე არ არის იმ აზრით, რომ იგი სოციალური ხარჯების გაზრდას გულისხმობს. როგორც ბოკერიამ უფრო კლასიკური მემარჯვენე პერსპექტივიდან მართებულად შენიშნა, „ვარშავის გეგმაში“ სახელმწიფო ხარჯების ზრდამ შესაძლოა ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვიოს. რომ შევაჯამოთ, მემარჯვენეობის თემაზე ორივე ოპოზიციური პარტია საკმაოდ მკვეთრ პოზიციას იკავებს (რაღაც აზრით, უფრო რადიკალურ პოზიციას, ვიდრე მათი თანამოაზრეები დასავლეთში - მაგალითად, აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ან კონსერვატიული პარტია დიდ ბრიტანეთში), თუმცა „ევროპული საქართველო“ უფრო თანმიმდევრულია თავის რიტორიკაში.

მესამე იდეოლოგიური ნიშა, რომელსაც ორივე პარტია იკავებს და რომელზეც ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, კონსერვატიზმია. ორივე შემთხვევაში, ეს არ არის ის კონსერვატიზმი, რაც ტრადიციონალისტურ ქართულ პარტიებს (მაგალითად, პატრიოტთა ალიანსს) ახასიათებთ. უფრო მეტად ეს არის დასავლური ტიპის კონსერვატიზმი, რომელიც შეზრდილია ლიბერალიზმთან (მაგალითად, არ უარყოფს სეკულარიზმის იდეას და მოწოდებულია უმცირესობების დაცვისკენ). ამავე დროს, ასეთი ტიპის კონსერვატიზმი რელიგიური და ნაციონალისტური ხასიათის რიტორიკისგან ბოლომდე გამიჯნული არ არის. 29 სექტემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებისგან“. თავის მხრივ, ბოკერია აცხადებს, რომ მართალია, ის ეკლესიური ადამიანი არ არის, მაგრამ თავს ქრისტიანული კულტურის ნაწილად თვლის. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას „ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება“ უწოდა.

როგორც ბოკერია, ისე უგულავა, როგორც ჩანს, ცდილობენ შეინარჩუნონ ბმა რელიგიურ, ქრისტიანულ თემებთან, თუმცა, ამავე დროს, ისინი სეკულარიზმის, ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპული მომხრეები არიან. სააკაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, ატარებს ჯვარს და მისთვის ქართული ფასეულობები უძვირფასესია. ერთი სიტყვით, ორივე პარტია რაღაც ტიპის კონსერვატორული პოზიციის დაკავებას ცდილობს და ამ პროცესში არც ერთმანეთს ზოგავენ.

საბოლოო ჯამში, მსგავსი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - თუნდაც ერთი იდეოლოგიური ნიშის დაკავებისთვის, დადებითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. პერსონალიებიდან იდეებზე მეტი აქცენტის გადატანა ყველა ვარიანტში პოლიტიკის რაციონალიზაციას უწყობს ხელს - ასეთი არასახარბიელო წარსულის მქონე პარტიების შემთხვევაშიც კი. ახლა მთავარია, რომ ამ პარტიების იდეოლოგიური ჩამოყალიბების პროცესი მალევე დასრულდეს და ორივე პარტიამ იპოვოს საკუთარი იდენტობა. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეს მათ სხვა პოლიტიკურ პრობლემებსა და ჩავარდნებს არ მოუხსნის, მაგრამ პოლიტიკურ დისკუსიებს უფრო შინაარსიანს გახდის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რას იტყოდა სტანისლავსკი ბერაზე, დაუჯერებდა?

ერთი შეხედვით, რა არის დაუჯერებელი იმაში, რომ ახალგაზრდა კაცი შეძრას მასშტაბურმა ხანძარმა, დაასევდიანოს ამაზონის ტყის ხალხების უბედურებამ, გული მოუკლას „პლანეტის ფილტვების“ განადგურების პერსპექტივამ... არც არაფერი! მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არ დაუჯერებდა! ისევე, როგორც არ დაუჯერა ფეისბუკსაზოგადოებამ, როცა დააზუსტა, გადარიცხულ 1.1 მლნ $ - ში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგებიო!

რა მძიმე შრომა?

რა დანაზოგები?

ეს ბიძინას ჰქონდა მძიმე ბავშვობა და არა ბერას! რატომ აიგივებს თავის უზრუნველ ცხოვრებას მამის ბიოგრაფიასთან? კი არიან დენდროფილები, მაგრამ, რაც უნდა ვთქვათ, შვილი ვერ იქნება მამის ვარჯს გამოსხმული ტოტი, რომ ერთი (საერთო) წარსული ჰქონდეთ!

მოკლედ არ მჯერა!

არც ის მჯერა, რომ გულწრფელად იზიარებს ISA- ს - სოციალურ-ეკოლოგიური ინტსტიტუტის „მწვანე მიზნებს“, რომელთა შორისაა: ტყისა და ტყის ხალხების უფლებების დაცვა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მკაცრი რეგულაცია, პესტიციდების მავნე ზემოქმედების შემცირება, გიგანტური ჰესების მშენებლობის აკრძალვა, ტყეების გაჩეხვის საწინააღმდეგო მოძრაობა და ა.შ. სწორედ ეს ორგანიზაცია აირჩია ბერა ივანიშვილმა პარტნიორად...

უნდა მჯეროდეს?

დავიჯერებდი, თანმიმდევრული რომ იყოს და საქართველოშიც ISA-ს დასახულ მიზნებს რომ მისდევდეს ანუ არ თხრიდეს აჭარა-გურიაში გიგანტურ ხეებს, არ აჩანაგებდეს მიკროზონებს, მხარს არ უჭერდეს დიდი ჰესების მშენებლობას, ღია წესით არ მოიპოვებდეს წიაღისეულს, მათ შორის სპილენძსა და ოქროს, არ აფეთქვებდეს საყდრისს - ამ ყველაფერს რომ ეწინააღმდეგებოდეს, დავიჯერებდი, მაგრამ არ ეწინააღმდება!

არც იმისა მჯერა, რასაც „ბრაზილიელი მეგობრებისა“ და ფანების დახმარებაზე ლაპარაკობს:

„იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია“.

სად არ მიიღებდნენ ისეთს, როგორიც არის? - ეს ერთი! მერე ისა, რომ სტანისლავსკობა არ არის საჭირო, რომ მივხვდეთ, რასაც თამაშობს - გლობალურ ვარსკვლავობას! ჰბაძავს დიკაპრიოს, ანჯელინა ჯოლის, რონალდუს და სხვათა და სხვათა. ჰბაძავს მართლა ვარსკვლავებს, მართლა თავიანთი შრომით რომ გამოიმუშავეს ფული...

ერთადერთი, რასაც ივანიშვილებს ვერ დავუკარგავთ, გულწრფელი, დამაჯერებელი თანმიმდევრულობაა სარგებლის მიღების საკითხში: ისეთ ქველმოქმედებას „ჰყიდიან“, რომელსაც მეტი სარგებელი მოაქვს!

გლობალური მასშტაბით დივიდენდები (ცნობადობა, გაყიდვების რაოდენობა) შეიძლება მოიტანოს ამაზონის ტყეებზე ზრუნვამ, სამხრეთ პოლუსზე ყინულის დნობის გამო წუხილმა და ა.შ. ლოკალური მასშტაბით კი ქველმოქმედება გასწიო ინტელიგენციაზე, სამღვდელოებაზე, ეკლესიების აღდგენაზე, რაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგიტანს კაპიტალს პოლიტიკურ ბრძოლაში დასახარჯად. ლოკალურ მასშტაბით გარემოს დაცვაზე ზრუნვა ალტრუიზმი - ფულისა და დროის უსარგებლო კარგვაა... ასე რომ, თუ გვარად ივანიშვილი ხარ, შეგიძლია ტყე, მთა და ზღვა შენს ტანზე, შენს გემოზე მოირგო, რასაც აკეთებენ კიდეც...

ბერა რომ „გულწრფელად მწვანე“ იყოს, ამაზონის ტყეების ბედი რომ მართლა უფრთხობდეს ძილს - ცხადია, ბრაზილიამდე საქართველოში გამოიდებდა თავს და საყდრისს არ ააფეთქებინებდა, ხელს ააღებინებდა ხაიშის დატბორვის მცდელობაზე, უარს ათქმევინებდა ხეების მოთხრაზე... მაგრამ არ არის გულწრფელად მწვანე და ვერც თამაშობს დამაჯერებლად მწვანეობას! სტანისლავსკიც ეტყოდა, რომ არ სჯერა მისი და, რომ ასეთი თამაში კიტჩია... აი, ისეთივე კიტჩი, ვინმეს რომ ეთქვა ბერას გლობალურ აქტიურობაზე, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ ამაზონის ტყეში გარბოდაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG