Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

მომავალში, როცა ისტორიკოსები ადრეული 2020-იანი წლების პოლიტიკის გაანალიზებას შეეცდებიან, - ისეთი ფაქტორების, როგორიცაა დიდი სახელმწიფოების, აშშ-ის და ჩინეთის, მეტოქეობა, ავტორიტარიზმის ზრდა და დემოკრატიული სისტემების სიმყიფე, - 2021 წლის მარტი შეიძლება გამოიკვეთოს პერიოდად, რომელშიც დასავლეთმა საკუთარი ხმა, მიზანი და ერთიანობა მოიპოვა, სულ მცირე, სიმბოლური თვალსაზრისით მაინც.

ბოლო დღეები მართლაც მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ბრიუსელში სრული ოთხი დღე დარჩა, მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში და შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან. წარსულს ჩაბარდა ალიანსის დატოვების მუქარა, მწვავე კრიტიკა ევროპაში თავდაცვაზე გაღებული თანხების სიმცირის გამო. შემდეგ ევროკავშირის სამიტში ჩაერთო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერებთან ერთად. ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როცა ბარაკ ობამა შეუერთდა ევროკავშირის ლიდერებს მსგავს შეხვედრაზე.

გამოიკვეთა გეგმები ამ ზაფხულს ბრიუსელში ერთმანეთის მიყოლებით ნატოსა და ევროკავშირ-აშშ-ის სამიტების ჩატარების თაობაზე. ისმის საუბრები ხელახალი დასაწყისისა და უფრო მტკიცე თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და კომპლექსური გეოპოლიტიკური ასპექტები, რომელთა გარშემოც ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციები ყოველთვის არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ყველაზე მწვავე საკითხები, რომელთა გარშემოც ატლანტის ოკეანის მხარეები ყოველთვის ერთ პოზიციაზე არ დგანან, ორია - ჩინეთსა და რუსეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა. ამ საკითხებთან მიმართებით ევროკავშირისგან არც ბლინკენს და არც ბაიდენს არ მოუთხოვია პოზიციის მყისიერი გამკაცრება. თითქოს არსებობს იმის გაგება, რომ ევროპის კონტინენტზე ბევრ ქვეყანას უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ პეკინსა და მოსკოვთან, და იმის აღიარებაც, რომ ეს ორი დიდი სახელმწიფო, შესაძლოა, გამოსადეგი პარტნიორი იყოს, მაგალითად, გარემოს დაცვის თემატიკაში.

თუმცა ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ პოზიციის შერბილებას “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სახელით ცნობილ გაზსადენთან დაკავშირებით. ამავე დროს, ნათელი რჩება ის, რომ აშშ-ს არ სურს ევროკავშირმა დაამტკიცოს ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის შემუშავებასაც ევროპული კომისია 2020 წლის ბოლო დღეებში სწრაფი ტემპით ცდილობდა, გერმანიისა და საფრანგეთისგან ზეწოლის პირობებში.

ევროპელებმა, შესაძლოა, სრულად და მყისიერად არ გაიმეორეს თეთრი სახლის რიტორიკა მსოფლიოს დანაწევრების შესახებ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირმა ნამდვილად გადადგა მცირე, მაგრამ სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის პრინციპების დასაცავად.

ამ კვირაში ევროკავშირმა აამუშავა ადამიანის უფლებების სანქციები - ანუ მაგნიტსკის აქტის თავისი ვერსია - რუსეთისა და ჩინეთის რამდენიმე ოფიციალური პირის წინააღმდეგ. პირები, რომელთაც სანქციები შეეხო, შესაძლოა, არ იყვნენ ყველაზე მაღალი რანგისა, მაგრამ პეკინმა ამ ზომებს უპასუხა მწვავე სიბრაზით და დისპროპორციული ზომებით ევროპელი და ეროვნული პარლამენტარების, აკადემიის სფეროს წარმომადგენლების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭოს გავლენიანი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური სამუშაოს დიდწილად განმსაზღვრელი, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წინააღმდეგ. პეკინის ამ მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას ინვესტიციების შესახებ (CAI), რომლის რატიფიცირების საკითხიც ევროპის პარლამენტში წელს მოგვიანებით დადგება, როგორც ჩანს, სიცოცხლე არ უწერია.

ევროკავშირის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს წინ უსწრებდა მიმდინარე თვეში რუსეთისთვის დაკისრებული დამატებითი სანქციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრების გამო. სანქციების დაწესებამდე მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი, ესპანეთის ყოფილი სოციალისტი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ღია და ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებით აღიარა, რომ რუსეთი ევროპას შორდება. ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები მალევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ დიდ აღმოსავლელ მეზობელთან ურთიერთობაში წარმმართველი უნდა გახდეს შერჩევითი თანამშრომლობა საერთო ინტერესის რამდენიმე სფეროში. სხვა მხრივ, ურთიერთობების მნიშვნელოვანი დათბობის პერსპექტივა არ იკვეთება.

სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პოზიციონირება შეცვალა. თუ მანამდე ის განიხილავდა აშშ-სა და ჩინეთთან თანაბარი დისტანციის დაჭერის პერსპექტივას და, ასევე, რუსეთთან დაახლოების პარიზულ იდეას, ახლა მას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის უფრო მეტი სანქცია აქვს დაკისრებული რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი, თვისებრივი ცვლილებაა, რაც ევროკავშირს მტკიცედ აახლოებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.

ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებაზე სხვა ფაქტორებიც მეტყველებს. სულ ახლახან ლიეტუვამ გამოაცხადა, რომ ტოვებს 17+1 ჯგუფს - პეკინის მიერ შემუშავებულ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესკავშირების გაღრმავებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. უნგრეთის მმართველმა პარტიამ, ფიდესმა, რომელიც, შესაძლოა, ევროპაში რუსეთისა და ჩინეთის მთავარი მხარდამჭერი იყოს, როგორც იქნა, დატოვა გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი EPP, რამაც ეს პარტია უფრო მოწყვლად პოზიციაში ჩააყენა და გავლენაც შეუსუსტა. პარალელურად, ჰოლანდიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში და გერმანიაში ჩატარებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონალურ კენჭისყრაში ცუდი შედეგი აჩვენეს პოპულისტმა ძალებმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე სპექტრიდან - იმ ძალებმა, რომლებიც ხშირად გაერთიანდებიან ხოლმე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მიმართ სიძულვილში.

თუმცა ეს ახალი ტენდენცი შესაძლო ძალიან მყიფე იყოს. ევროკავშირს ესაჭიროება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება და ამასთან დაკავშირებული კონფლიქტები, - უწინარესად, AstraZeneca-სა და დიდ ბრიტანეთთან - შესაძლოა, გადაიზარდოს ვაქცინათა მწარე ომში, რაც წყალს შეუყენებს დასავლეთის ნებისმიერ მზარდ ერთიანობას. კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევა იქნება ეკონომიკური განახლება მას შემდეგ, რაც პანდემია უკან დაიხევს. ამ პროცესში გადადგმულმა ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ყველა სახის პოპულისტ ძალას ხელახალი ენერგია შესძინოს.

საფრთხეები სხვა სფეროებშიც იკვეთება - მაგალითად, მიგრანტებთან დაკავშირებული მოულოდნელი კრიზისები, თურქეთთან დაკავშირებული კონფლიქტები როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, შოტლანდიის დამოუკიდებლობის კამპანიასთან დაკავშირებული უხერხული საკითხები ან ის, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ვარშავისა და ბუდაპეშტის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევასთან მიმართებით. და ამდენად, დასავლეთის ამჟამინდელი, საგაზაფხულო, რომანი, შესაძლოა, ისტორიის პერსპექტივაში მართლაც მოკლევადიანი აღმოჩნდეს.

როცა ასე მოახლოვდა სიკვდილი, ვალებზე ამეკვიატა ფიქრი. ბოლო დროს ხშირად მეფიქრება, ნეტა, ვისი და რამდენი მმართებს-მეთქი. სიაც კი ჩამოვწერე, რომელიც არაფრით მთავრდება, არამედ დღითიდღე გრძელდება. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. რომ მგონია, მეტი ვინღა უნდა გამახსენდეს-მეთქი, მაშინვე მახსენდება კიდევ ვიღაც. თავიდან ყველას სიაში ვყრიდი, განურჩევლად და ბრმად, ვისიც ოდნავ მაინც რამე მმართებს. ცოცხალსაც, მკვდარსაც. რის გამოც საკმაოდ გაიბერა იგი. დღემდე იბერება. ცხადია, ბევრი მწერალი აღმოჩნდა შიგ, ვისგანაც ოდესმე რამე მისესხებია, მხატვარი, მუსიკოსი, და ა.შ., და ა.შ. ძალიან, ძალიან ბევრი ვინმე. ბოლოსდაბოლოს მკვდრებად და ცოცხლებად დახარისხება მომიწია. ახლა ორი ჩამონათვალი მიდევს წინ. როგორც მოსალოდნელია, პირველი ბევრად უსწრებს მეორეს. და არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ვისგან რა მისესხებია - მთელი მეტაფორა თუ მხოლოდ ფული, ვალი ვალია.

იმდენი ვინმე მახსენდება, წლების განმავლობაში რომ არაფერი მსმენია მათზე. ბევრია, ვისაც უკან არაფერს დავუბრუნებდი. ბევრზე კი ვწუხვარ, რომ აქამდე არ დამიბრუნებია ვალი და, ალბათ, ვეღარც დავუბრუნებ. ბევრიც ისეთი მახსენდება, მათგან დიდი სიამოვნებით რომ ავიღებდი ხელახლა ვალს, და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით შევიტყაპუნებდი. არიან ისეთებიც, ვისი ვალიდანაც, უბრალოდ, ვერასდროს ამოვალ.

განსაკუთრებით ლევან ბერძენიშვილის მევალე დავრჩები სამუდამოდ. ერთხელ ოთარ ჭილაძემ ერთობ საქმიანი რჩევა მომცა. შენი მთავარი მკითხველი უნდა იპოვო - ის, ვისაც ენდობი (რა ძლიერი სიტყვაა “ნდობა”), უპირველესად წააკითხებ ხოლმე შენ ნაწერებს და მოუსმენ, მის რჩევებს გაითვალისწინებო. ისე დაემთხვა, რომ ამ ამბიდან მალევე გოგი გვახარია გავიცანი (ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ეგებ გადამწყვეტიც), იმან კი, თავის მხრივ, ლევან ბერძენიშვილი გამაცნო, რომელიც მაშინ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბრძანდებოდა.

რაც თავი მახსოვს, მე სულ მშურდა ამ ადამიანისა, მისი ენერგიისა. იგი სულ რაღაცას ქმნის - წერს, კითხულობს, განიხილავს, კამათობს... ცხადია, სულაც არ ვგიჟდები ყველა იმ წიგნზე, რომელსაც იგი აანალიზებს, მაგრამ ხშირად ისეთი ენთუზიაზმით, ისეთი გადამდები მღელვარებით ჰყვება, უკვე წაკითხული წიგნის კიდევ ერთხელ წაკითხვის სურვილს კი არ გაგიჩენს მარტო, არამედ ისეთ ეშხში შეგიყვანს, თითქოს არასდროს წაგიკითხავს იგი. ეს ის შემთხვევაა, როცა წიგნზე ნერწყვი მოგადგება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენიმე ტექსტი ასე გადავიკითხე კიდევ ერთხელ, მათ შორის, უკვე რამდენჯერმე წაკითხულიც, და კვლავ აღმოვაჩინე იქ რაღაც ახალი, მშვენიერი და მოულოდნელი. ის კი არა, ლევანმა სულ რომ ტუალეტის ქაღალდის მოხმარების წესი განიხილოს ან აჭარული ხაჭაპურიდან ცომის გამოცლის ხერხებზე ისაუბროს, აუცილებლად აღმოაჩენ რაღაც ახალს, მშვენიერსა და მოულოდნელს ტუალეტის ქაღალდშიც და აჭარულ ხაჭაპურშიც.

ემიგრაცია მძიმეა. ისეთი გრძნობა გაქვს ხოლმე, თითქოს რომელიღაც სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანო ამოგაჭრეს და მის ნაცვლად ახლა ხელოვნური აპარატი გიდევს, რომელიც თავის ფუნქციას კი ასრულებს, ეგებ უკეთაც, ვიდრე ის შენი ორგანო ასრულებდა, მაგრამ ორგანიზმი სულ გრძნობს უცხო სხეულს. ჩემთვის ცოტა რამეა, რაც ამას დამავიწყებს, თუმცა ნამდვილად მავიწყდება, როცა ვუსმენ ხოლმე ბერძენიშვილის საუბრებს ლიტერატურაზე - წიგნებსა და პერსონაჟებზე. ისიც ჰყვება და ჰყვება: ჰომეროსიდან გალაკტიონამდე, დანტედან ბარათაშვილამდე, რუსთაველიდან შექსპირამდე, ვიიონიდან კლდიაშვილამდე, სოლონიდან ილიამდე, სოფოკლედან ვაჟამდე, და ა.შ., და ა.შ. ეს ჩამონათვალი ბევრად უფრო გრძელია, ვიდრე ჩემი ვალების სია.

აქ მარტო განხილვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არც ის, წაკითხულ წიგნს კიდევ ერთხელ რომ წაგაკითხებს, არამედ ის უფრო მნიშვნელოვანია, საერთოდ წაკითხვას რომ მოანდომებს მავანს. წიგნს, როგორც ასეთს, რომ აღმოაჩენინებს. აღმოაჩენინებს ახალ, მშვენიერ სამყაროს, რომელშიც იგი, მავანი, თურმე დიდი ხანია ცხოვრობს.

დღემდე რამდენიმე ადამიანის სიკვდილს შევესწარი. მათ შორის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისაც. კაცი რომ აღარ არის, მერეღა ნანობ, რომ ვერ მოასწარი მასთან უფრო მეტი საუბარი, მისთვის ცოტა მეტი დროის დათმობა, და, ვალის დაბრუნება თუ არა, უბრალოდ მადლობის თქმა მაინც. რა ვიცი, მე რამდენჯერმე მწარედ მინანია. მგონი, ახლა იდეალური დროა მადლობების სათქმელად. ყველას გვყავს ისეთი ადამიანი ან ადამიანები, ვისი ვალიდანაც ვერასდროს ამოვალთ. ჰოდა, როცა ასე მოახლოვდა სიკვდილი, და არ იცი, ვინ დაასწრებს, შენ თუ შენი ძვირფასი ადამიანი, ეგებ ვუთხრათ, როგორ ვემადლიერებით მათ.

ოდესღაც ერთმა ამაო კაცმა ზურგსუკან თქვა, ზაზა ბურჭულაძე ლევან ბერძენიშვილისთვის წერსო. ეგონა, ამით შეურაცხყოფას მაყენებდა. თავისი ჭკუით, ცოტა ალბათ ლევანსაც აკნინებდა. ამაო კაცებს წარმოდგენებიც ამაო აქვთ. დიახ, მე ვწერ ბერძენიშვილისთვის. ეგებ არა მარტო მისთვის, მაგრამ იგი ნამდვილად არის ჩემი მთავარი, უზენაესი მკითხველი. და არა მარტო მკითხველი.

მე მინდა სიცოცხლეშივე დიდი მადლობა ვუთხრა ადამიანს, რომელმაც უფრო მეტი გამიკეთა, ვიდრე მამაჩემმა. მე თუ რამეს წარმოვადგენ, პირველ ყოვლისა, ლევან ბერძენიშვილის დამსახურებაა. ის და გოგი გვახარია რომ არა, არც ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი. გოგი იყო პირველი, ვინც საერთოდ ფასი დამადო (მე მისი ვალიდანაც ასევე ვერასდროს ამოვალ). ლევან ბერძენიშვილმა კი ეს ესტაფეტა აიტაცა და დღემდე ისეთებს იტყვის ხოლმე პირადად ჩემზე თუ ჩემს ნაწერებზე, ტრადიციულად, მარტო მკვდრებზე რომ ამბობენ. მისი თქმით, მე არაფერი დამიწერია, რაც არ არის შედევრი. რაც, რასაკვირველია, გადაჭარბებაა, ისიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ განა მარტო გადაჭარბებაშია აქ საქმე?

გურამ დოჩანაშვილმა ერთხელ ძალიან შემიქო რაღაც მოთხრობა. ისე რომ, დამწყებ ავტორს ცოტა მეუხერხულა კიდეც, როგორც უნდა ჟღერდეს ეს ჩემი პირიდან. ვთხოვე, ამდენ მადლს ბარემ მარილიც მოაყარეთ და ისიც მითხარით, რა არ მოგეწონათ, რომ სამომავლოდ გავითვალისწინო-მეთქი. არაო, მომიჭრა, კარგის თქმით თამასას გიწევო, რომ უკეთესი დაწერო, თორემ ნაკლებზე და წუნებზე რომ გელაპარაკო, მაგათ კი გამოასწორებ და შემდეგი ტექსტიც შეიძლება უკეთესი გამოგივიდეს, მაგრამ ასე კუს ნაბიჯებით ივლიო. კარგს იმიტომ გეუბნები, რომ კიდევ უფრო მაგარი დაწეროო. არ ვიცი, ოდესმე გავამართლე თუ არა დოჩანაშვილის იმედი (თუ ჰქონდა მას ეს იმედი საერთოდ ჩემთან დაკავშირებით), მაგრის დაწერის ჟინმა კი გაიღვიძა ჩემში. ლევანის ქებაც ამავე კატეგორიიდანაა. ისე შეგინთებს და აგაფორიაქებს, უთუოდ უკეთესის დაწერას მოგანდომებს, სულ რომ არ გქონდეს ამის ნიჭი. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი. ნიჭი არასდროს გადმომდიოდა ყურებიდან, მაგრის დაწერა კი დღემდე მინდა. თუმცა, თუ ვინმე მაჩვენებს ერთს მაინც, ვისაც ყურებიდან გადმოსვლია თუნდაც წვეთი ნიჭი, გამოჟონვია მაინც, როგორც ფისი ნაძვს, პირველმა იმან მესროლოს ქვა და ღორღი.

და მარტო ეს არაა მთავარი. მთავარია ისიც, თუ როდის აკეთებდა იგი ამას. სწორედ მაშინ, როცა მწარე დაცინვისა და ღვარძლიანი ლანძღვა-გინების მეტს თითქმის არაფერს ვიღებდი ყოველი მხრიდან. მიდი აბა და შეაქე ვინმე, როცა იგი საყოველთაო ზიზღის ეპიცენტრშია. ამ დროს შენ თვითონაც ხომ დაცინვისა და გინების ობიექტი ხდები. ჰოდა, ალბათ, უნდა გიღირდეს, ამაზე რომ წახვიდე, რაღაც უნდა დაინახო იმაში, ვისაც აქებ, რომ შემდეგ გაუძლო იმ შემოტევებს, ამ ქებას რომ მოჰყვება. ზოგჯერ ეს ქებაც აღარ ყოფილა, არამედ გამოცხადებული სიყვარულის ქრონიკა. მოდი და ნუ იქნები მადლიერი ასეთი ადამიანისა. მეტიც, ლევანს მაშინაც კი სჯეროდა ჩემი მწერლობისა, როცა არავის სჯეროდა, როცა მე თვითონ მეპარებოდა ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში. დღემდე მეპარება, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

შეიძლება ყველაფერში არ დავეთანმო ხოლმე ლევანს, მაგრამ, თუ ნაჩუქარ ცხენს არ უსინჯავენ კბილებს, მე რატომ უნდა გავუსინჯო ნაჩუქარ მამას? ლევანი კი, ვიმეორებ, მაშინ იდგა ხოლმე ჩემს გვერდით, როცა მამაჩემი არ მდგარა. ის კი არა, არავინ მდგარა. ხშირად დავრჩენილვარ მარტო, სულ მარტო. მეტიც, მამაჩემი ისე მოკვდა, ჩემი სიტყვაც არ წაუკითხავს. არც აინტერესებდა. რა უნდა დამეწერა მე? მე კი ხშირად მოვღუნულვარ, წავქცეულვარ და გავფუჭებულვარ... ლევანი კი ამ დროს ისეთს იტყოდა პირადად ჩემზე ან ჩემს ნაწერზე, რომ მაშინვე იმედს გამიჩენდა სრული უიმედობისას, ახალ სუნთქვას გამიხსნიდა. თანაც სრულიად უანგაროდ. იგი ნამდვილად იყო ერთგვარი Deus ex machina, რამდენჯერმე რომ განსაზღვრა ჩემი ბედი. ჩემს ნაცოდვილარში დღემდე ისეთებს დაინახავს ხოლმე, მე თვითონ აზრადაც რომ არ გამივლია. ასეა, ზოგი სიტყვა კლავს, ზოგიც აცოცხლებს. ეგებ მსჯელობაში არც სოკრატეს დაეთანხმო ყველაფერში, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს სოკრატეს.

საერთოდ ცალკე წერილს იმსახურებს მისი თარგმანები, სხვა ლექციები, და ა.შ. განსაკუთრებით მისი “წმინდა წყვდიადი”. აქ იმასღა ვიტყოდი, რომ იშვიათად ამდენს ამბობდეს სათაური წიგნის შინაარსზე და კიდევ უფრო განავრცობდეს მის მნიშვნელობას. ვერასდროს გავბედე, ამ წიგნზე დამეწერა. უბრალოდ, მეგონა და მგონია, რომ, რაც უნდა დავწერო, არ იქნება იმის საკადრისი, რასაც იმსახურებს პირადად ჩემგან მისი ავტორი. ეს უმაგრესი წიგნია ბევრი თვალსაზრისით. იმიტომ არა, რომ აქ საუბარია მარადიულ თემაზე _ ადამიანზე. ესეც არის და კიდევ ისიც, რომ მსგავსი გამოცდილების წიგნი ჩვენთან არც დაწერილა და აღარც დაიწერება. ეს უნიკალური შემთხვევაა. ეს არის გულაგის უკანასკნელი დღეები სავსე სევდით, პარადოქსებით, ანეკდოტებით, იუმორით, სითბოთი, სიყვარულით, იმედით... ეს ის შემთხვევაა, როცა სათაური არა მარტო წიგნს ახასიათებს, არამედ მის ავტორსაც. ეს ორი სიტყვა მთელი ავტოპორტრეტია.

თავის დროზე ჩემი “მინერალური ჯაზის” ყდაზე ლევან ბერძენიშვილის სიტყვები ეწერა: “წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ”. რაც დრო გადის, მით უფრო ნათლად ვხედავ ამ ადამიანის მნიშვნელობას. იმასაც, რომ ესაა ბოლომდე ვერდანახული და საკადრისად დაუფასებელი კაცი. კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. კაცი მარადცნობისმოყვარე გონებით. არის მასში რაღაც ანტიკური, ძველი, მარადიული. კაცი, რომელსაც არცერთი ბიბლიოთეკა არ ეყოფოდა. ჩემი აზრით, იგი მეტ, გაცილებით მეტ პატივს იმსახურებს, ვიდრე აქვს. და რაც მთავარია, ეს არის ბედნიერი კაცი სევდიანი თვალებით, რომელიც, სულ რომ საოპერაციო მაგიდაზე იწვეს, შეკითხვაზე “როგორ ბრძანდებით?”, გიპასუხებს, ტანკივითო.

როცა ყველას თავისი საუბარი აქვს სიკვდილთან, როცა ასე გაცივდა ადამიანი ადამიანის მიმართ, როცა homo himini lupus est, როგორც არასდროს, თითოეულ თბილ სიტყვას პირდაპირ წამლის ფასი აქვს. უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც სუფთა ჰაერი ამ მოწამლულ რეალობაში. მეც არ მინდა, ისე მოვკვდე, ეს მადლობა უთქმელი დამრჩეს.

ბოლოს ასე ვიტყოდი, “კარცერ-ლუქსში” მოხვედრა არ არის აუცილებელი, მოუსმინეთ ლევან ბერძენიშვილის საუბრებს ლიტერატურაზე და თქვენ აღმოჩნდებით ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ.​

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG