Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პოლიტიკა არ არის ამ წერილის შინაარსი. მისი შინაარსი ადამიანობის შენარჩუნებაა. ამიტომ წერილის პირველ, პოლიტიკურ, ნაწილს იხილავთ სქოლიოში, მეორე ნაწილის ბმულში.

2. სიძულვილის კანიბალური სივრცე

ყველაზე მტკივნეული ფორმით სიკვდილის ბუხჰალტერიას გადავაწყდი საქართველოში ინგლისურის მასწავლებლად ჩამოსული ავსტრალიელი ქალის საზარელი მკვლელობის შემდეგ. უამრავმა ადამიანმა თქვა და დაწერა, რა მოხდა, სხვაგანაც კლავენ. ჩვენთან თუ ავსტრალიელი ქალი მოკლეს, მექსიკაში მოკლეს ქართველი ქალიო.

არ შეიძლება ერთი სიკვდილი შეეწონოს მეორეს. ყოველი სიცოცხლე განუმეორებელია. ერთი სიცოცხლე მეორეში არ იქვითება. იმათ ჩვენ მოგვიკლეს და ჩვენ იმათ მოვუკალით არის ძალადობის კვლავწარმოების ლოგიკა. ეს იცოდა ვაჟა-ფშაველამ და მისმა პერსონაჟმა, ალუდა ქეთელაურმა. ალუდას კანიბალური სიზმარი პირდაპირ აღწერს იმ მდგომარეობას, სადაც ერთი სიცოცხლე შეიძლება მეორე სიცოცხლეში გაიცვალოს. „ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა / კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი“, ჰყვება ალუდა. „ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა“ არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, როდესაც ერთ სიცოცხლეს, ერთ დანაშაულს მეორეში სიმბოლურად ან ნამდვილად ვცვლით, ან ვქვითავთ. მართალია, გვზარავს, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ კაცის ჭამას.

ეს მეტაფორული კანიბალიზმი არის ის მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ, როდესაც ვამართლებთ მკვლელობას თუნდაც მისი რელატივიზაციის გზით. ალუდა ქეთელაურს რომ ეცხოვრა ჩვენი ვოთებაუთისტის* ლოგიკით, მას უნდა წყნარად გაეგრძელებინა მტრების ხოცვა და მათთვის მარჯვენის ჭრა. ძალადობის გამართლება არ არის ძნელი. საკუთარი ძალმომრეობისთვის, სხვისი მოკვლის ან დაჩაგვრისათვის ყოველთვის გამოიძებნება რამე არგუმენტი. მუცალი სულაც დამნაშავე იყო, „ზიანი მისცა“ შატილელებს, სხვა შემთხვევაში მსხვერპლმა შეიძლება „დედა შეაგინა“, შეიძლება მოძალადე იმით გააღიზიანა, რომ „მოკლე კაბა ეცვა“ და ასე შემდეგ. მიზეზი ნებისმიერი შეიძლება იყოს და მაღლა მდგომი დაბლა მდგომს ეუბნებოდეს, „წყალს რატომ მიმღვრევო“. როგორც კი ძალადობას, ძალმომრეობას, სიკვდილს ვამართლებთ, კანიბალიზმის სივრცეში შევდივართ.

ისევ და ისევ, ამ სივრციდან გამოსავალი არსებობს. ამ წერილს იმიტომ არ ვწერ, რომ ჩემი ახლანდელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დავამუნათო ან გამოვიყვანო კაციჭამიებად. კანიბალიზმის სივრცეში ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ და, შესაბამისად, ერთად ვქმნით მას. ცვლილება, როდესაც გუშინდელი სამართლიანობისთვის მებრძოლი შეიძლება გადაიქცეს უსამართლობის მხარდამჭერად, ყოველ ჩვენგანს ან ჩვენს უმეტესობასაც ემუქრება.

იმ სიძულვილს და ძალადობას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა ნერგავს და ახალისებს, ფაქტობრივად, დაუსჯელს ხდის ნადირობას და ძალადობას განსხვავებული შეხედულებების ადამიანებზე, ჩვენც შეიძლება დავუპირისპიროთ და ხშირად ვუპირისპირებთ ზიზღს და სიძულვილს, ზიზღის და სიძულვილის ენას. როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენც ვხვდებით კანიბალური სივრცის მონაწილეები და სწორედ ეს უნდა მოქმედ რეჟიმს - საქართველო გადააქციოს სიძულვილისა და კაციჭამიობის სივრცედ, სადაც მტყუანი და მართალი აღარ და ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ყველა იქნება ამა თუ იმ დონეზე კაციჭამია და მოძალადე, თუნდაც სიტყვით.

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ სიძულვილის, ძალმომრეობისა და ძალადობის სივრცეს იმ ადამიანებმა, ვისთვისაც არ არის სულ ერთი, იარსებებს თუ არა ჩვენი ქვეყანა და თუ იარსებებს, რა ფორმით?

3. სიყვარულის დაბრუნება

ყოველ თქვენგანს გაუგია, წაუკითხავს, გაუმეორებია, უთქვამს, უმღერია ფრაზები:„გიყვარდეს მოყვასი შენი“, „სიყვარული არს ღმერთი“, „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად / გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად“, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“ და უამრავი სხვა.

ბევრისათვის ეს ფრაზები, ისევე, როგორც სამშობლოს სადღეგრძელო, დაცლილია ყოველგვარი კონკრეტული შინაარსისაგან და გადაქცეულა უშინაარსო ფორმულებად. სინამდვილეში, ამ ფრაზებს ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი შინაარსი აქვთ.

სიყვარული არის შემოქმედებითი, აღმაშენებელი ძალა, გზა, ხიდი, ღმერთი. ის არის საზოგადოების შემაკავშირებელი ძაფი.

რამდენიმე ხნის წინ ვნახე კარგი რუსი რეჟისორის ფილმი „არსიყვარული“. ზვიაგინცევის შესანიშნავ, მაგრამ შემზარავ ექსპერიმენტში ნაჩვენები იყო საზოგადოების მოდელი, რომელშიც არის ყველაფერი - სიმდიდრე, წარმატება, კარიერა, არ ვიცი რაღა არ, მაგრამ არ არის ერთი რამ: სიყვარული. ეს უსიყვარულობა იმ საზოგადოებას, რომელსაც ზვიაგინცევი აღწერს, ყველაზე საზარელ დისტოპიად აქცევს, იმაზე უფრო საზარლად, რომელიც ძალადობრივ საზოგადოებას აღგვიწერს.

დიდი რუსი მწერალი ვარლამ შალამოვი, რომელმაც თითქმის 30 წელი გაატარა საბჭოთა გულაგში და ეს საზარელი გამოცდილება ლიტერატურულად გარდასახა, მოთხრობაში „სენტენცია“ აღწერს ადამიანობის დაკარგვისა და ადამიანობის დაბრუნების ნელ და მტკივნეულ პროცესს. შალამოვი წერს გრძნობებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, სიკვდილიდან დაბრუნებულ ადამიანს უბრუნდება და ამბობს, რომ სიყვარული ბრუნდება ყველაზე ბოლოს, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ სიყვარული დაბრუნდება.

უსიყვარულობა, არსიყვარული არის ზუსტად ის ჯოჯოხეთური სივრცე, რომელსაც აღგვიწერენ შალამოვი და ზვიაგინცევი. სადაც სიყვარული არ არის, იქ არის მიწიერი ჯოჯოხეთი. ეს მიწიერი ჯოჯოხეთია იმ კაციჭამიობის, კანიბალიზმის სივრცე, რომელსაც აღწერს ვაჟა-ფშაველა და რომელსაც აცნობიერებს ალუდა ქეთელაური. ასეთ სივრცედ ჩამოვყალიბდით დღეს ჩვენ, დღევანდელი საქართველო და დღევანდელი ქართველები.

დღევანდელი საქართველო ბევრისათვის სწორედ იმიტომაა უიმედობის, იმედგაცრუების, სასოწარკვეთის ადგილი, რომ აქედან გაქრა რაღაც, რისი გაქრობაც ვერ მოახერხა ვერც 24-მა წელმა, ვერც 37-მა წელმა, ვერც საბჭოთა რეჟიმმა, ვერც 90-იანი წლების განუკითხაობამ და ძალადობამ, ვერც შევარდნაძის კორუფციულმა ჭაობმა და ვერც სააკაშვილის ავტორიტარიზმმა.

კი, სიძულვილის ენას ნერგავდა საქართველოს ყველა ხელისუფალი გამსახურდიადან მოყოლებული, მაგრამ ეს სიძულვილი მხოლოდ ახლა გახდა ყოვლისმომცველი. კი, ჩვენ გავიზარდეთ აგრესიისა და ძალადობის გარემოში. მიუხედავად ამისა, სიძულვილს ტოტალიზაცია, მისი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა მოახერხა გააზნაურებულმა მდაბიო კაცმა, რომელიც იმით იკმაყოფილებს ჟინს, რომ თავისივე ხელქვეითების სექსუალურ ცხოვრებას უყურებს სერიალივით საქართველოს სპეცსამსახურების დახმარებითა და ხელშეწყობით. მოახერხა ტროლების და ბოტების ფაბრიკებით, გაზეთებით და ტელევიზიებით, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ და თესენ ღვარძლს, ზიზღს, სიძულვილს და ბოროტებას. ამ ადამიანმა შეძლო საქართველოსთვის წაერთმია ემპათია, თანაგრძნობა, სიყვარული და ის გადაექცია გაბოროტებული და გაავებული სასოწარკვეთილი გათითოკაცებული ადამიანების ტერიტორიად.

ჩვენი პასუხი ვერ იქნება სიმეტრიული. ჩვენ ვერ ვუპასუხებთ ამ სიძულვილს სიძულვილითვე. ჩვენ ეს ქვეყანა არ გვიყვარს დამპყრობლის თვალით, მისი ადამიანების გარეშე. ჩვენ არ ვუყურებთ ამ ქვეყანას მუშტრის თვალით, არ ვითვლით, რამდენი ლარი ან დოლარი შეიძლება გამოვწუროთ მისგან და მისი „მოსახლეობად“ მოხსენიებული მოქალაქეებისგან.

ჩვენთვის ძვირფასია საქართველოს ყველა მოქალაქე და ყველა ჩამოსული სტუმარი, ძვირფასია საქართველოს ბუნება და ძვირფასია მისი კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს დამყარებული მხოლოდ ერთმანეთის, ქვეყნისა და სამართლიანობის სიყვარულზე.

ახლა ჩვენი ამოცანა არ არის მარტო პოლიტიკური. ეს არ არის მარტო მოძალადე რეჟიმის დამარცხება. ეს ამოცანა გაცილებით უფრო რთული და დიდია, მაგრამ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. ეს ამოცანა ადამიანობის შენარჩუნებაა კანიბალიზმის გარემოში. ჩვენ უნდა შევძლოთ და ამ გარემოში დავაბრუნოთ ის შემაკავშირებელი ძაფები, რომლებიც ამჟამად გაწყვეტილია. ამის გაკეთება შეგვიძლია როგორც მინიმუმ სიძულვილის არდაბრუნებით და უარის თქმით იმ ჯოჯოხეთურ ენაზე, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ. ეს თუ შევძელით, შევძლებთ იმ ქვაკუთხედის შენარჩუნებას ან თავიდან დადებას, რომელზეც დგას და უნდა იდგეს ჩვენი სახელმწიფო.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ კრიტიკაზე ან აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წინააღმდეგობაზე, უარი ვთქვათ ჩვენს მრწამსზე და ფასეულობებზე. პირიქით. ეს ნიშნავს, რომ, მიუხედავად ყველა - მათ შორის რადიკალური - განსხვავებების ან შეხედულებებისა, ჩვენ უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება ყველა კონკრეტულ განსხვავებაზე, ერთიანი სივრცე, რომელიც ემყარება ჩვენს ენას, საერთო ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას: სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის ღირსებისა და ადამიანობის აღიარება და ხელშეუხებლობა. თუ ჩვენ ვერ შევძელით გამაერთიანებელი ძაფების პოვნა, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ყველა ცალკეული განსხვავება, მაშინ აღარც ერი ვიქნებით და აღარც ქვეყანა გვექნება.

თუ გნებავთ, ეს არის ჩვენი ვალი ჩვენი წინაპრების წინაშე, რომლებმაც უზარმაზარი მსხვერპლის, დიდი სისხლისა და ოფლის ფასად მოახერხეს დღემდე კბილებით მოეთრიათ ეს ქვეყანა.

ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ეს წერილი პათეტიკურად მოეჩვენება, მაგრამ მისი მიზანი სწორედაც რომ გრძნობის გაღვიძებაა, რომელიც გონების დახუჭულ თვალს გაახელს. აქვე მადლობას გადავუხდი ჩემს მეგობარს, მწერალ არჩილ ქიქოძეს, რომელიც გახდა ამ წერილის უნებლიე შთამაგონებელი.

* 1. მავნე შედარებები

საკუთარი დანაშაულის, დანაშაულში თანამონაწილეობის, დანაშაულის გრძნობის გადასაფარი ერთი რიტორიკული ხრიკი არსებობს, ვოთებაუთიზმი. ინგლისური სიტყვათშეთანხმებიდან „what about“ ქართულად შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ „აბა, ის როგორ იყო.“

როდესაც აკრიტიკებ ამ მთავრობას, ვოთებაუთისტი დაიწყებს იმით, რომ მოგკითხავს, აბა, რას აკეთებდი „სისხლიანი ცხრა წლის“ დროს? ამ შეკითხვას ჩვენი ვოთებაუთისტი არაფრით დაუსვამს გია ვოლსკის, არჩილ თალაკვაძეს, ვასიკო მაღლაფერიძეს, ნათია თურნავას ან „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მრავალრიცხოვან წევრებს, რომელებიც დღეს ამშვენებენ „ქართული ოცნების“ რიგებს და რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ იმაში, რასაც ჩვენი ვოთებაუთისტი თქვენ დაგაბრალებთ.

ამ შეკითხვას ის დაგისვამთ თქვენ, ვინც, ასაკის მიხედვით, ბოლო 10, 20 ან 30 წლის მანძილზე ყველა მთავრობის უკუღმართობას, უსაქციელობას და დანაშაულს ედგა კრიჭაში. ვოთებაუთისტს ფაქტები არ აინტერესებს: რომც წარუდგინოთ მას წერილობითი, ფოტო, ვიდეომტკიცებულებები თქვენი აქტიური წინააღმდეგობისა, ვოთებაუთისტი მაინც ჯიუტად გააგრძელებს თავისი შეკითხვის დასმას, მიუხედავად იმისა, რომ „სისხლიან 9 წლის რეჟიმის“ მოწინააღმდეგეთა რიგებში 2013 წლის მერე ჩაეწერა, იქამდე კი არაფერი ანაღვლებდა ან, თუ ანაღვლებდა, საკუთარ სამზარეულოშიც კი ვერ გაბედავდა ამის ხმამაღლა თქმას.

ვოთებაუთისტთან ლაპარაკში თუ ამ, პირველ ეტაპს გასცდით, მეორე ეტაპი იქნება „ბუხჰალტერია“. თქვენ თუ ეტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანი მიიყვანა თვითმკვლელობამდე, პირდაპირ მოკლა, ააფეთქა საყდრისი, ანგრევს საქართველოს მუზეუმს და მწერალთა სახლს, ის აუცილებლად იტყვის, აბა, წინა მთავრობა რომ ამას და ამას აკეთებდა? ვოთებაუთისტი წარსულით ცხოვრობს, ის განდევნის აწმყოს, რადგანაც წარსული უმოქმედობის დაგვიანებულ კომპენსაციას იკეთებს დამარცხებული მოწინააღმდეგის გმობით. ის იაფად მოიხმარს მორალურობას. არსებულ რეჟიმთან ბრძოლა ასე თუ ისე რაღაც რისკს მაინც მოითხოვს, ყოფილთან ბრძოლა კი სუფთა და ორმაგი დივიდენდია. მას, ერთი მხრივ, ყალბი და იაფი მორალისტობა მოსდევს, მეორე მხრივ კი, მოქმედი რეჟიმის მაამებლობამ მატერიალური სიკეთეც შეიძლება მოიტანოს.

დავუშვათ, ჩვენი ვოთებაუთისტი მართლაც იყო „სისხლიანი ცხრა წლის“ გულწრფელი მოწინააღმდეგე, იდგა მიტინგებზე, სიტყვით და საქმით ეწინააღმდეგებოდა უსამართლობას (საქმეს გავიმარტივებ და არ დავიწყებ კამათს წარსულის შეფასების შესახებ). ეს ადამიანი, ბევრისაგან განსხვავებით, არ იღებს არანაირ მატერიალურ სარგებელს მოქმედი რეჟიმისაგან. მისი დაცვის ან მხარდაჭერის არანაირი მატერიალური საფუძველი მას არ აქვს. რას აკეთებს ეს ადამიანი დღეს? რატომ ხედავს ის მხოლოდ გუშინდელ უსამართლობას და ვერ ხედავს დღევანდელს? რა უბრმავებს მას თვალს? ასეთი ადამიანი გეტყვით, რომ ის არასოდეს დაივიწყებს წარსულ დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ დავიწყებას და მეხსიერების გამორთვას მას არავინ სთხოვს, მისთვის წარსული მაინც უფრო ცოცხალი იქნება, ვიდრე აწმყო. მეხსიერების ჰიპერტროფია აქვეითებს აწმყოს აღქმის უნარს.

ინვესტიცია, რომელიც ასეთმა ადამიანმა უკეთესი მომავლის იმედში ჩადო, არ გამართლდა. დღევანდელობის არდანახვით ეს ადამიანი იკეტავს საკუთარი წარსული „მე-ს“ კრიტიკული რევიზიის საშუალებას. მართალია, ეს კავშირი სინამდვილეში არ არსებობს, მცდარია. ადამიანი შეიძლებოდა შემცდარიყო მომავლის შეფასებაში, არასწორი არჩევანი გაეკეთებინა და ეს არჩევანი უჩენს მას დანაშაულის გრძნობას. დანაშაულის გრძნობა წინააღმდეგობაში მოდის ტირანიასთან მებრძოლის შექმნილ იმიჯთან და რადგანაც უსამართლობასთან მებრძოლი სჯობს უსამართლობის თანაშემოქმედს, ამიტომ წარსულის გახსენება სჯობია აწმყოს მტკივნეულ ყურებას.

განდევნილი თანამონაწილეობის გრძნობა სახიფათო რამაა. ის გაიძულებს არა მარტო, უბრალოდ, თვალი დახუჭო აწმყოზე, არამედ არსებული დანაშაულის აქტიური თანამონაწილეც გახდე - თუნდაც იმით, რომ დღევანდელი დანაშაულის რელატივიზაციას აკეთებს მისი წარსულთან შედარებით. თუ წარსულშიც ასე ხდებოდა, ე.ი. დღესაც რომ მოხდეს, არაფერი დაშავდება. დღეს არაფერი ხდება ისეთი, რაც გუშინ არ მომხდარა, ამიტომ ნუ შევშფოთდებით, ნუ ავღელდებით, ნუ გავაპროტესტებთ.

და აქ ხდება უცნაური ტრანსფორმაცია. ადამიანი, რომელიც თითქოს მორალის სადარაჯოზე დგას, თავის მორალურ სახეს კარგავს და იქცევა უსამართლობის თანამონაწილედ; გადაიქცევა იმად, რასაც გმობდა და ეწინააღმდეგებოდა. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების უბედურება და ამას იმისთვის არ ვწერ, რომ ეს ადამიანები დავადანაშაულო და მათი დამუნათების ხარჯზე ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩე. პირიქით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

კულტურის მინისტრი, როგორც პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი, ცხადია, შეიძლება პოლიტიზებული იყოს, შეიძლება პარტიულ დავალებასაც ასრულებდეს, შეიძლება სრულ მორჩილებაშიც კი იყოს პარტიულ ლიდერთან ან ბელადთან, მაგრამ რაღაც კვალიფიკაციას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს; მისი პოლიტიზება, მისი პარტიულობა თუ მორჩილება, გინდა თუ არ გინდა, რაღაც კულტურულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს და ეს უნდა ჩანდეს მაშინაც, როცა კულტურის მინისტრი პარტიის მტრებს ებრძვის და მაშინაც, როცა პარტიას ან მის არაფორმალურ ლიდერს ასხამს ხოტბას.

შორს რომ არ წავიდეთ, სამაგალითოდ გამოდგება თეა წულუკიანის წინამორბედი, მათემატიკის დოქტორი, მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც, ალბათ, გახსოვთ, არც მეტი და არც ნაკლები, ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა ბიძინა ივანიშვილი.

„ყოველი ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია... ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას“, - აი, ასეთი კულტურული პირმოთნეობის მაღალი სტანდარტი „დადო“ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანს კი კლასი არ ეყო, როცა ჟურნალისტისათვის წართმეული მიკროფონით, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე მდგომმა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ „ბიძინას გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!“ ეყვირა. ამას შეძლებდა სუფრასთან მჯდომი მმართველი პარტიის ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური აქტივისტი, კულტურის მინისტრს კი, ცხადია, მეტი მოეთხოვება.

კულტურის კულტურულ მინისტრს შეეძლო ბატონი ბიძინა აკაკი ხორავას რეპერტუარის ანდა აკაკი ხორავას სტალინისადმი დამოკიდებულების კონტექსტის გათვალისწინებით ექო და ედიდებინა, თუნდაც როგორც თამადას, ოღონდ არა გაფოლკლორებულ თამადას („ჯოს! ჯოს!“ მთქმელს), არამედ აკადემიურს, როგორი თამადაც აკაკი ხორავა იყო და როგორადაც იგი გამოხატავდა ბელადისადმი მოწიწებას თუნდაც სადღეგრძელოებში, თუნდაც ლექსების თქმისას:

შენგან, შენ მიერ, ვით შევარდენი,
შენს გმირულ მკერდზე დავიზარდენით
და რაც დამაგრდა შენი მარჯვენით,
გახდა სიმაგრე გაუტეხელი!

მაგრამ თეა წულუკიანი არ არის "კულტურული მინისტრი". თეა წულუკიანს, ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე, არც ოტელო გაახსენდა და არც - ყარაჩოღელი გიჟუა. თეა წულუკიანი მოიქცა როგორც თავზეხელაღებული კინტო, როცა ჟურნალისტს ხელიდან მიკროფონი გამოსტაცა და, როცა მოითხოვა, „ბიძინას გაუმარჯოს“ გაიმეორეთ, ამყევითო.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი განზრახულების გარეშე გააკეთა, თავისი შინაგანი კულტურის შესაბამისად, მაგრამ ისიც ნიშანდობლივია, რომ არც თანაპარტიელებმა და არც სახელმწიფო ინსტიტუტებმა არაფერი გააკეთეს დროში განგრძობილი დანაშაულის აღსაკვეთად.

ცხადია, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში წულუკიანი გამონაკლისი არ არის. თუკი რამე აერთიანებთ მმართველი პარტიის დღევანდელ ლიდერებს, სწორედ ამგვარი შინაგანი კულტურაა - მორჩილების, ძველბიჭობის, ფსევდორელიგიურობისა და ფსევდოეროვნულობის ერთგვარი მიქსი, რომელიც მიზანშეწონილებას კანონის უზენაესობაზე მაღლა აყენებს, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას ამართლებს.

...მაგრამ დავუბრუნდეთ კულტურის მინისტრს. ცხადია, კულტურის მინისტრობა გულისხმობს კავშირს კულტურასთან, კულტურის ერთ ან რამდენიმე დარგთან. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ამგვარი კავშირის სწორხაზოვანი დემონსტრირება იყო და ის ძალიან ჰგავდა საქართველოში ბოლო დროს ფეხმოკიდებულ ეთნოგრაფიულ სანახაობას მაისურებზე დახატული ჩოხებითა და ტალავარებით, რომელთა მაგივრობას საქართველოს მთავრობას სამუზეუმო ექსპონატები - ოდა-სახლები და ხის დაწნული ღობეები უწევდა, თუმცა, ღობეებს, როგორც აღმოჩნდა, კულტურის სამინისტრომ, სხვა, მეტად პრაქტიკული დანიშნულებაც მოუძებნა: სწორედ ამ ტყრუშულით გამიჯნა ერთმანეთისგან ხელისუფლება და მედია.

ტყრუშულით ანუ მსხვილი წნელის ღობით მედიისგან იზოლირება ზუსტად ასახავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დღევანდელ მდგომარეობას, მის შეუსაბამობას დროსთან და სივრცესთან, მომავალზე კი სამინისტროში დაწერილი ათწლიანი გეგმის მიხედვით შეიძლებოდა გვემსჯელა, მაგრამ თეა წულუკიანის ნაქები ლაბორატორიის დანიშნულებამ, უფრო ზუსტად, მინისტრის ხედვამ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, მინისტრის სპორტთან კავშირის შემთხვევითობაც წარმოაჩინა.

„ასეთ ლაბორატორიაში შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი წარმატებული კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელსაც შეიძლება დავუფასოთ თვითირონიის იშვიათი მცდელობა, მაგრამ ვერაფრით მოუწონებთ ვერც კალათბურთის ისტორიის არ ცოდნას და ვერც დისკრიმინაციულ მიდგომის გამართლებას.

სიმაღლე რომ განაჩენი არ არის, ეს დიდი ხანია, დაამტკიცეს NBA-ის ვარსკვლავებმა: 170 სმ-ის სპად ვებმა, 175-175 სმ-ის აიზეა ტომასმა და ნეით რობინსონმა, რომ არაფერი ვთქვათ ტაირონ კერტისზე («Muggsy» Bogues), რომელიც სულ რაღაც 160 სმ სიმაღლისაა, მაგრამ 14 სეზონი ითამაშა კალათბურთის ეროვნულ ასოციაციაში, თუმცა ასე რომც არ იყოს, განა მინისტრს უნდა ესწავლებოდეს, რომ სპორტი პირველ რიგში ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის არის კარგი და მთავრობისთვისაც ეს უნდა იყოს პრიორიტეტი? ლაბორატორიის იმგვარად გამოყენება, როგორც მინისტრმა აღწერა, განა არ დააზიანებს ბავშვებს? არ შელახავს მათ საუკუთესო ინტერესებს?

ალბათ, მინისტრი ისეთი ლაბორატორიების შექმნასაც მიესალმება, რომლებიც ე.წ. გენეტიკური ანალიზის, ტვინის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევებით, ბავშვების არა მარტო სპორტულ კარიერას, არამედ მთელ ცხოვრებას დაგეგმავენ. განა, ღირს გავიხაროთ მხოლოდ იმ პერსპექტივით, რომ კულტურის სამინისტროს შორეულ მომავალში მაინც შესაბამისი ღირებულებებისა და კომპეტენციის ადამიანი გაუძღვება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG