Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 14 თებერვალი 2023

„როდესაც ლენინმა ჩაიფიქრა და დააარსა, ხოლო სტალინმა განავითარა და განამტკიცა ტოტალიტარული სახელმწიფოს ბრწყინვალე სქემა, ყველაფერი მათ მიერ ისე იყო დაგეგმილი და განხორციელებული, რომ ამ სისტემას მარადიულად ეარსება, ... ყველაფერი ისე განხორციელდა, რომ არც თავისუფალი ხმა აჟღერებულიყო და არც საპირწონე ძალა აღმოცენებულიყო ამ სახელმწიფოში. მათ ყველაფერი განჭვრეტილი ჰქონდათ, გარდა ერთისა - სასწაულისა, ირაციონალური ფენომენისა, რომლის წინასწარ გათვლა, პროგნოზირება და, შესაბამისად, დასაბამშივე ჩახშობა შეუძლებელი იყო. სწორედ ასეთი სასწაული იყო საბჭოთა სახელმწიფოში ანდრეი დმიტრის ძე სახაროვის გამოჩენა.“

ეს სიტყვები (წიგნიდან „ხბო და მუხა“) ეკუთვნის ალექსანდრ სოლჟენიცინს, ადამიანს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა ანდრეი სახაროვთან და, რბილად რომ ვთქვათ, არანაირი - ელენა ბონერთან (ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში სოლჟენიცინი მოახერხებს ელენა ბონერის სახელის არცერთხელ ხსენებას, გარდა რამდენიმე მკვეთრად უარყოფითი მინიშნებისა). თუმცა, თუ სოლჟენიცინი მართალია და სახაროვმა მართლაც ამოაცალა რამდენიმე აგური საბჭოთა კავშირის საძირკველს, მან ეს უდავოდ ელენა ბონერთან ერთად გააკეთა.

ელენა ბონერი დაიბადა 1923 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა კავშირის დაარსებიდან ზუსტად 47 დღის შემდეგ. მისი მამა კომინტერნის მაღალჩინოსანი, ხოლო დედა პარტიის მგზნებარე აქტივისტი იყო. დიდი ტერორის დროს ელენა ბონერის მამას დახვრეტენ, დედას კი რვაწლიან გულაგს მიუსჯიან. ელენა ბონერი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა როგორც ექთანი. რამდენჯერმე დაჭრილი ძლივს გადაურჩება მხედველობის დაკარგვას და მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩება ინვალიდად. ომის შემდეგ იგი პედიატრი გახდება. ამ დროს დაიწყება მისი პირადი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ღია და საჯარო გახდება 1971 წლის 24 აგვისტოს, როდესაც ელენა ბონერი დაიწყებს თანაცხოვრებას მსოფლიოში განთქმულ ფიზიკოს ანდრეი სახაროვთან. ისინი დაქორწინდებიან 1972 წლის იანვრის დასაწყისში და ერთად წავლენ თაფლობის თვეში... ვლადიმირ ბუკოვსკის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ელენა ბონერის მთელი შემდგომი საბჭოთა ცხოვრება ჩაივლის სასამართლო პროცესებსა, შიმშილობებსა თუ ბანაკებში პოლიტპატიმრების მონახულებას შორის.

ამგვარად, ბონერ-სახაროვის ბინა ჩკალოვკის ქუჩაზე (ახლანდელი ზემლიანოი ვალი), იქცევა დაჩაგრულთა და დამცირებულთა დაცვის ცენტრად. ეს ბინა ასევე იქნება ინფორმაციის წყარო საბჭოთა კავშირში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტებისათვის.

საბჭოთა რეჟიმი თუ ანდრეი სახაროვის მიმართ სასტიკი მეთოდების გამოყენებას ერიდებოდა, ელენა ბონერის წინააღმდეგ ის არაფერს თაკილობდა. გაუთავებელი დაკითხვები, ფიზიკური მუქარა მისი ორი შვილისა და შვილიშვილის მიმართ ბონერისათვის ყოველდღიურობად იქცა. იყო შემთხვევაც, როდესაც პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ ყალბი წევრები (თუმცა საიდან უნდა სცოდნოდა ბონერს, რომ ეს კგბ-ს ინსცენირებული იყო) ახალშობილი შვილიშვილის მოკვლის მუქარით ბონერის სახლში შეიჭრებიან.

ბონერს - რომელიც თავგამოდებით იცავდა ყირიმელ თათრებს, ვოლგისპირეთის გერმანელებს, ებრაელებს, „ჰეტეროდოქს“ რელიგიურ ჯგუფებს - კრემლის პროპაგანდა მუდმივად ლაფში სვრიდა. რად არ ნათლავდნენ მას - ხან სიონისტების, ხან კიდევ სომხების აგენტად. „პასპორტის მიხედვით სომეხი, ხოლო წითელარმიელის წიგნაკის მიხედვით ებრაელი ვიყავი. სინამდვილეში თავს ინტერნაციონალისტად ვგრძნობდი. მე ებრაელი გავხდი წითელ არმიაში გავრცელებული ანტისემიტური ანეკდოტების მოსმენით,“ - მიყვებოდა იგი. „მანამდე არც კი ვიცოდი, რა იყო ებრაელი“.

ელენა ბონერი ზოგჯერ ცდებოდა კიდეც, თუმცა, რაც მთავარია, ყოველთვის გულწრფელი რჩებოდა. და როგორ შეიძლებოდა, რომ ის არ შემცდარიყო, როდესაც იძულებული იყო, ცალსახად გამოეთქვა აზრი ათწლეულების განმავლობაში დაგროვებულ ისეთ პრობლემებზე, რომლებიც არა შავ-თეთრი, არამედ რუხი ფერისა იყო.

1974 წელს ელენა ბონერი შექმნის ფონდს პოლიტპატიმრების შვილების დასახმარებლად. 1976 წელს იური ორლოვთან და რამდენიმე სხვა დისიდენტთან ერთად დააარსებს ჰელსინკის ჯგუფს, რომელიც წამყვან როლს შეასრულებს კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ელენა ბონერი იყო ასევე ორგანიზაცია „მემორიალის“ თანადამფუძნებელი, ორგანიზაციისა, რომელსაც პუტინი გაანადგურებს და რომელიც დღეს ჟანგბადივით სჭირდება რუსეთს. სწორედ მემორიალს შეეძლო გამხდარიყო სტრუქტურა, რომელიც ანტისაომარი პროტესტის ორგანიზებას შეძლებდა დღეს (მკითხველს გავახსენებ, რომ კრემლს ყველაზე ძალიან აღიზიანებდა ე.წ. „სახელების დაბრუნება“, რომლის დროსაც რუსეთის მოქალაქეები იკრიბებოდნენ და ხმამაღლა იხსენებდნენ არა მარტო დიდი ტერორის მსხვერპლს, არამედ რუსეთის ციხეებში გამომწყვდეულ რუს თუ უკრაინელ პოლიტპატიმრებს.

კგბ-ს რამდენ აგენტს გააწნა სილა და უწოდა ფაშისტი! ელენა ბონერი ნამდვილი ამორძალი გახლდათ. თან მებრძოლი და თან ძალიან მყიფე და ნაზი. ეს სინაზე განსაკუთრებით ლექსების კითხვის დროს მჟღავნდებოდა. პოეზიით გატაცება მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ზეპირად იცოდა ცვეტაევას, ახმატოვას, პასტერნაკის, მანდელშტამის და... თავისი პირველი სიყვარულის, 1942 წელს ომში დაღუპულ სევა ბაგრიცკის ლექსები და 87 წლის ასაკში, ეს ხანდაზმული ქალი, დიდი სიამოვნებით ციტირებდა მათ ჩემთან საუბრისას.

ელენა ბონერს ძალიან გულს სტკენდა, როცა ხალხი სოლჟენიცინის მსგავსად იმეორებდა, რომ მას ძალიან მავნე გავლენა ჰქონდა „საბჭოთა წყალბადის ბომბის მამაზე“. სინამდვილეში, ამ ბრალდების ფონი ალბათ საბჭოთა საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი ანტისემიტიზმისა და მაჩოიზმის ერთგვარი ნარევი იყო. 1975 წელს ელენა ბონერი გაემგზავრა სტოკჰოლმში, რათა მიეღო ნობელის მშვიდობის პრემია კრემლის მიერ გამოკეტილი ანდრეი სახაროვის ნაცვლად. „მე უბრალოდ სტატისტის როლი ვითამაშე“, მეტყვის 35 წლის შემდეგ. თუმცა 2009 წელს ამ „სტატისტს“ არ მოერიდება, რომ გააკრიტიკოს ნობელის კომიტეტი ბარაკ ობამასთვის მშვიდობის პრემიის მინიჭების გამო. ელენა ბონერი მაშინ კომიტეტს შეახსენებს, რომ კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადა წლის 1 თებერვალი იყო და აინტერესებდა, ასეთი რისი გაკეთება შეძლო ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავების მხოლოდ 10 დღის განმავლობაში... (ბარაკ ობამას პირველი ინაუგურაცია ჩატარდა 2009 წლის 20 იანვარს). ელენა ბონერის მიერ ნობელის კომიტეტის კრიტიკას დასავლეთის პრესა მაშინ დიდ ყურადღებას არ მიაქცევს, თუმცა ღმერთმა უწყის, ნობელის ამ პრემიამ, რომელიც მაშინ ობამას ავანსად მისცეს, როგორ განსაზღვრა ვაშინგტონის ადმინისტრაციის პოლიტიკა მომდევნო რვა წლის განმავლობაში. პირველ რიგში, ეს ეხება ობამას ადმინისტრაციის ისეთ უხერხემლო გადაწყვეტილებებს, როგორიცაა საკუთარი „წითელი ხაზების“ დესაკრალიზაცია და ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიის შემდეგ კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე უარი. ასევე წინასწარმეტყველური აღმოჩნდება 90-იან წლებში ელენა ბონერის მიერ სოლჟენიცინის გაფრთხილება ყირიმის თაობაზე: „გაჩუმდით, სოლჟენიცინ! გაჩუმდით, რადგან ამან შეიძლება იუგოსლავიის ომებამდე მიგვიყვანოს.“

2000-იან წლებში ის გამუდმებით მოუწოდებდა შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტს და სხვა დასავლელ ლიდერებს, გაერიცხათ რუსეთი დიდი რვიანიდან: „სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის ციხეშია, ვლადიმირ პუტინი კი, რომელიც პასუხისმგებელია ბევრად უფრო მეტი ადამიანის სიკვდილისთვის, რჩება დასავლელი ლიდერების მეგობრად“.

2010 წელს, ჩემთან საუბრისას, მას არ უნდოდა თავისი მეორე მსოფლიო ომის გახსენება: „ის ომი ვისღა აინტერესებს? ამ ომზე ვისაუბროთ! რაღა დროს სტალინი ან ჰიტლერია -პუტინია დღეს ნამდვილი ფაშისტი!“. დღეს, როცა ევროპაში ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, 13 წლის წინანდელი ეს საყვედური სულ სხვანაირად ჟღერს...

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გასულ კვირას გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - არა მხოლოდ ნება დაერთოთ სხვა ქვეყნებისთვის, რომ გერმანიაში დამზადებული Leopard 2-ები გაეგზავნათ უკრაინისათვის, არამედ თავადაც გაეგზავნათ ეს ტანკები კიევისთვის - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო წარმატებისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს პრესტიჟისთვისაც.

ევროკავშირის ოფიციალური პირები, ვისაც მე ვესაუბრე, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გერმანიის განცხადების შემდეგ მალევე აშშ-მაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ M1 Abrams-ის ტანკები გაეგზავნა უკრაინაში.

ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება უმტკიცებს უკრაინასაც და მსოფლიოსაც, რომ დასავლეთი ერთიანია. ალიანსში გაჩენილი ბზარები - დროებით მაინც - ამოქოლილია.

„ლეოპარდების“ გაგზავნის შესახებ განხილვა სერიოზულად დაიწყო 11 იანვარს, როდესაც ლვოვში ერთმანეთს ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინას პოლონეთის „ლეოპარდების“ გადაცემა აღუთქვა. ამას მოჰყვა ვარშავისა და ბერლინის დისკუსია. გერმანია ყოყმანებდა - აცხადებდა, რომ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ და პოლონეთსაც არ შეუკრავს ალიანსი ამ ტანკების მქონე სხვა ქვეყნებთან - ფინეთთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან. ამას კი პოლონეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა - ხშირად საჯაროც.

ევროკავშირის ყველა ოფიციალური პირი, ვისაც კი ანონიმურობის დაცვის პირობით ველაპარაკე ამბობს - ვარშავამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანია ყოყმანს დაიწყებდაო. პოლონელებმა ასევე იცოდნენ, რომ ზეწოლის შემდეგ ისინი პოზიციას შეიცვლიდნენ. გერმანიის მმართველი კოალიცია ამ საკითხზე გაყოფილია - „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ტანკების გადაცემას ემხრობოდნენ. სკეპტიკურად კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო განწყობილი.

ჩემი წყაროები იმასაც იხსენებენ, რომ გერმანია ფეხს შარშანაც ითრევდა - რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვისა და რუსული მედია კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ამის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პოლონელებს კი, უკრაინის დახმარებასთან ერთად შიდა-პოლიტიკური მოტივებიც ამოძრავებთ - არჩევნები მოდის და ვარშავაში ბერლინის ლანძღვა პოპულარულია.

თუმცა, გერმანიის დასარწმუნებლად საკმარისი არ იყო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ზეწოლა და ბრიტანეთის გადაწყვეტილება, თავიანთი Challenger 2 ტანკები გაეგზავნათ უკრაინაში. საბოლოო არგუმენტი აშშ-ის პირობა გახდა, რომ კიევს ისინი თავიანთ ტანკებსაც გაუგზავნიდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირები მანამდე აცხადებდნენ, რომ „აბრამსების“ უკრაინისათვის გადაცემას აზრი არ ჰქონდა - ამას დიდი ხანი დასჭირდებოდა და თან ეს ტანკები ბევრ საწვავს მოიხმარენ. დიპლომატები, რომლებსაც მე ვესაუბრე აღნიშნავდნენ შოლცის წვლილს ვაშინგტონის დარწმუნებაში.

საბოლოოდ, ტანკებთან დაკავშირებული დისკუსია აჩვენებს, რომ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა - ფრანგულ პოლიტიკაში პოპულარული ტერმინი - მკვდარია. ახლა აღარავინ ამტკიცებს, რომ ევროპამ სამხედრო საკითხებში გადაწყვეტილებები მარტომ, აშშ-ის დახმარების გარეშე უნდა მიიღოს.

ახლა უკრაინის დასავლეთი მეკავშირეების წინაშე ახალი სადისკუსიო საკითხი დადგება. ამჯერად საქმე ტანკებს კი არა, თვითმფრინავებს შეეხება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG