Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 18 იანვარი 2023

ბუბა კიკაბიძე, 2006 წელი

საქართველოში ცნობილი ადამიანის გარდაცვალებაზე ქრონიკულად ორადგახლეჩილ ქართულ საზოგადოებას პავლოვის ძაღლივით იოლად პროგნოზირებადი რეაქცია აქვს. ერთი ნაწილი გაიძახის - მკვდრებზე ან კარგი, ან არაფერიო (De mortuis seu bene, seu nihil), მეორე კი მკვდრებზე სიმართლეს (De mortuis - veritas!) მოითხოვს. რა გასაკვირია, რომ ბუბა კაკაბიძეზეც ასე მოხდა.

გაიხსენეს ყველაფერი, რაც კი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში გადახდენია 84 წლის მსახიობსა და მომღერალს: სად და როდის იმღერა, რა როლები შეასრულა, ვის უჭერდა მხარს 1991-1992 წწ.-ის სახელმწიფო გადატრიალების დროს, იყო თუ არა „წითელი ინტილიგენციის“ წარმომადგენელი, ვისთან მეგობრობდა, რა როლი ითამაშა „მოქალაქეთა კავშირის“ დაარსებაში, რა პოზიცია დაიკავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ა.შ.

ბუბა კიკაბიძის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. ცხადია, ბუბა იყო კიდეც საბჭოთა ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი და ამ სტატუსის შესაბამისი პატივითაც სარგებლობდა: 1978 წელს გადაეცა სსრკ სახელმწიფო პრემია, ორი წლის შემდეგ კი მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება და ა.შ., თუმცა ბუბა კიკაბიძე არასოდეს ყოფილა საბჭოთა სისტემის მეხოტბე ან საბჭოთა კულტურის ფუნქციონერი, რაც მატერიალური სარგებლისა თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონცერტებიდან და კინოსტუდიებიდან მიღებული ჰონორარები.

არც ბუბა კიკაბიძე და არც მის მიერ შესრულებული კინოროლები თუ სიმღერები არანაირად არ ჯდებოდა საბჭოთა პროპაგანდის მიერ წახალისებულ და დამკვიდრებულ საბჭოთა მოქალაქის კლიშეში. როგორც გია დანელია იხსენებს თავის მოგონებების წიგნში, ბუბა კიკაბიძის ეს თვალშისაცემი არასაბჭოურობა სსრკ-ს მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილ ადამიანებზეც კი ახდენდა კეთილისმყოფელ გავლენას, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ბუბა სულ სხვა იყო.

მხატვრული ფილმების, „მიმინოსა“ და „არ იდარდოს“ რეჟისორის თქმით, 1968 წელს, როცა საბჭოთა ტანკები სულ ახალი შესული იყვნენ ჩეხოსლოვაკიაში, მას (გია დანელიას), სოფიკო ჭიაურელსა და ბუბა კიკაბიძეს მოუწიათ ბრატისლავის ფესტივალში მონაწილეობა. ვიცოდით, რა ვითარებაც იყო, არ გვინდოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, გვაიძულესო.

გია დანელია, რეჟისორი
გია დანელია, რეჟისორი

„სასტუმროს ბარში ჩავედით, - იხსენებს გია დანელია, - ყველა მაგიდა დაკავებული იყო. მხოლოდ სცენასთან ახლოს იდგა ცარიელი მაგიდა საბჭოთა დროშით. რომ შევედით, მუსიკოსებმა დაკვრა შეწყვიტეს, ყველა გაჩუმდა და ჩვენ შემოგვხედა. მაგიდასთან მივედით და დავსხედით. ორკესტრმა ისევ დაუკრა, ყველა შეტრიალდა და ჩვენკენ აღარ გამოუხედავთ, თითქოს იქ არც ვიყავით. კანით ვგრძნობდით ჩვენკენ მომდინარე სიძულვილს“.

ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბუბა კიკაბიძემ სთხოვა მასპინძელს, ეშუამდგომლა მუსიკოსებთან, მე ვიმღერებ, მათ კი დაუკრანო.

გია დანელია წერს, დარწმუნებული ვიყავი ბოთლებს დაუშენდნენო, მაგრამ... „ბუბამ სწრაფად გადაკრა მთელი ჭიქა არაყი და სცენაზე ავიდა. აჩვენა მუსიკოსებს, რა უნდა დაეკრათ და დაიწყო: "One, Two, Three!" - და იმღერა ინგლისურად "When the Saints Go Marching In". უნდა ითქვას, რომ ბუბა ბრწყინვალედ მღეროდა დიქსილენდს. ბარში მყოფები თანდათან შემობრუნდნენ სცენისკენ. მეორე სიმღერაზე ტაშის დაკვრა დაიწყეს, მესამე სიმღერის შემდეგ კი სცენიდან აღარ ჩამოუშვეს. ასე იმღერა საათ-ნახევარი. მისი გამოსვლის შემდეგ ჩვენს მაგიდასთან რიგი დადგა: ყველას უნდოდა ბუბასთან ჭიქის მიჭახუნება“.

ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე
ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე

ბუბასთან ჭიქის მიჭახუნება, ფოტოს გადაღება და გამოლაპარაკება უნდოდა ყველას, მას უდავოდ ჰქონდა შინაგანი მაგნეტიზმი, მიზიდულობა: სცენაზე, ეკრანზე, დარბაზსა თუ ქუჩაში გამოჩენისას ბუბასა და აუდიტორიას შორის მყისიერად იბმებოდა კავშირი. ის არასოდეს იყო ყალბი, უფრო ზუსტად, მას არ შეეძლო ყოფილიყო ყალბი, რაც კარგად შენიშნა ერთმა რეჟისორმა, რომელმაც თქვა, როცა ბუბას მონაწილეობით რაღაც სცენის გადაღება ვერ ხერხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სცენარს აქვს პრობლემაო.

ბუბა კიკაბიძეს ჰქონდა კარგი მსახიობის ყველა თვისება და ამაში მხოლოდ ეფექტური გარეგნობა, ცეკვისა და სიმღერის ნიჭი არ იგულისხმება, მას ჰქონდა როგორც საკუთარ თავში ჩაღრმავების, ასევე გადასაღებ მოედანზე საკუთარი თავიდან გამოსვლის უნარი, ის გრძნობდა რეჟისორის მხატვრულ სამყაროს, მონტაჟურ რიტმს და, რაც მთავარია, მას ჰქონდა ფილმის სტილისტიკის აღქმის უნარი.

როგორი უნდა იყოს კარგი კინომსახიობი?

ამ კითხვის პასუხად ჯერ კიდევ 1990 წელს კინომცოდნე გოგი გვახარია წერდა წერილში „კინომსახიობი და მისი პიროვნება“:

„მსახიობი დრამატურგისა და რეჟისორის სრულყოფილი თანაავტორი უნდა იყოს, მსახიობმა უნდა გააფართოოს, გახსნას დრამატურგიის ჩარჩოები, გააღრმაოს რეჟისორის სათქმელი უპირველეს ყოვლისა თავისი პიროვნებით - პიროვნებით და არა იმდენად თამაშის ოსტატობით. ეს პრობლემა ყოველთვის იდგა კინომსახიობის წინაშე - საზღვრებიდან, უპირველეს ყოვლისა საზღვრებიდან გამოსვლა, საკუთარ თავზე შექმნილი სტაბილური აზრის გარღვევა, სტერეოტიპისგან განთავისუფლების უნარი, ალბათ პირველი და ძირითადი მოთხოვნილებაა მსახიობისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახორციელებს. როგორც წესი, ყველაზე პოპულარული მსახიობიც კი მონა ხდება ხოლმე იმ ხატისა, რომელიც თავდაპირველად შექმნა და რომელმაც პოპულარობა მოუტანა“.

ბუბა კიკაბიძემ ყოველ ჯერზე შეძლო „საკუთარ თავზე შექმნილი სტაბილური აზრის გარღვევა და სტერეოტიპისგან განთავისუფლება“. ბევრი სხვა მსახიობისგან განსხვავებით, ბუბა არცერთ როლში არ ჩარჩა, მათ შორის არ ჩარჩა საბჭოთა არტისტისა თუ საბჭოთა მოქალაქის როლში, როგორც ამას ბევრი ელოდა მისგან.

ბუბა კიკაბიძე
ბუბა კიკაბიძე

2009 წლის 2 თებერვალს, როცა რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც ხუთიოდე თვე იყო გასული, მოსკოვმა უმასპინძლა ე.წ. ქართველთა კონგრესს, რომლის დელეგატთა შორის იყვნენ როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველები, ასევე საქართველოდან ჩასული სტუმრებიც. „კონგრესის“ მოწვევის ინიციატორმა და „რუსეთში ქართველთა კავშირის” ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ „რატომღაც“ საჭიროდ ჩათვალა განცხადება გაეკეთებინა ბუბა კიკაბიძეზე, რომელმაც ცოტა ხნით ადრე პროტესტის ნიშნად რუსეთის პრეზიდენტს უარი უთხრა „ხალხთა მეგობრობის ორდენის“ მიღებაზე.

„მე, რასაკვირველია, ყველა ქართველის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ პირადად ჩემთვის და რუსეთის 160 მილიონი მოქალაქისათვის საქართველოს სახალხო არტისტი კიკაბიძე მოკვდა!“ - თქვა მაშინ მიხეილ ხუბუტიამ.

ცხადია, კიკაბიძე მაშინ არ მომკვდარა, უფრო პირიქით, ხელახლა დაიბადა როგორც საქართველოს მოქალაქე და პატრიოტი, რომელმაც ამჯერადაც „დიდ ავიაციაში“ განცხრომით ყოფნას, სამშობლოს სიყვარული და „მცირე ავიაციაში“ დაბრუნება ამჯობინა.

„მიმინოს“ სიუჟეტი ალბათ ყველას ახსოვს. სოფლელი მფრინავი ვალიკო მიზანდარი პატარა შვეულმფრენს მართავს, გადაჰყავს გლეხები სოფლიდან სოფელში, თან სოფელ-სოფელ კინოსაც აჩვენებს. მერე შეუყვარდება დიდი, თეთრი ლაინერის სტიუარდესა ლარისა ივანოვნა და მისი გულის მოსაგებად მოსკოვში მიდის. ვალიკოს, ბევრი თავგადასავლის შემდეგ, მიიღებენ დიდ ავიაციაში, რის წყალობითაც დაფრინავს უზარმაზარი ლაინერით დედამიწის გარშემო, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ეს მისთვის არ არის. ფილმის ფინალში ვალიკო დაბრუნდება თავის სოფელში, სადაც მამას, დას, დისშვილს, ძაღლს ზარბაზანას და ყველას, მთელ ქვეყანას სჭირდება.

ბუბა კიკაბიძე ვალიკო მიზანდარის როლში, ფილმი "მიმინო"
ბუბა კიკაბიძე ვალიკო მიზანდარის როლში, ფილმი "მიმინო"

ცხადია, არც ვალიკო მიზანდარი შემცდარა, როცა დიდი ავიაციიდან დაბრუნება გადაწყვიტა და არც - ბუბა კიკაბიძე, როცა თავის სამშობლოს მტერთან ყოველგვარ ურთიერთობაზე თქვა უარი და ხმაურით გამოიჯახუნა რუსეთის კარი.

უცნაურია, მაგრამ მისმა ამ საქციელმაც კი გახლიჩა ქართული საზოგადოება, თუმცა, რა თქმა უნდა, არა თანაბარ ნაწილებად.

მკვდრებზე ან კარგი, ან არაფერიო, ამბობენ ერთნი, მკვდრებზე სიმართლეო, ამბობენ მეორენი, თვითონ ბუბა კი, ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილი მის კეთილ სახელს ვერაფერს დააკლებდა, ჰორაციუსივით ფიქრობდა, Non omnis moririar - მთლად არ მოვკვდებიო. ალბათ, ამიტომაც ღიღინებდა სახუმარო სიმღერას სიკვდილის სარეცელზე და მოახლოებული განშორებით გამოწვეულ ტკივილებს უმსუბუქებდა მისთვის ძვირფას ადამიანებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ზაზა ბურჭულაძე

ლევან ბერძენიშვილზე უკვე მესამედ ვწერ. იმედი კი არა მაქვს, რომ გასამდება და მეტი აღარ მომიწევს დაწერა. განა მეზარება, უბრალოდ, ჩემი აზრი ამ კაცზე ცნობილია და დანარჩენი გამეორება იქნება. ჩემი მოკრძალებული აზრი კი ლევანზე მუდამ იყო, არის და იქნება უმაღლესი. ასე რომ, ამაზე არ ღირს დახურდავება.

დახურდავება არც იმ ხალხზე ღირს, ამას წინათ სრულიად ყვარლის ღირსებას რომ იცავდა. მაგრამ იმსახურებს ორიოდ სიტყვას ამ სეირის მაყურებელი, რომელიც ყლაპავს ამ ბოღმას, და შესაბამისად, თვითონვე იქცევა ბოღმად. დღეს, როცა ასე სანახაობრივი გახდა სამყარო, შეიძლება ითქვას, ის ხარ, რასაც უყურებ. მეგობარი კი არა, ნებისმიერი რამ მანახე შენი და გეტყვი, ვინ ხარ. რასაც კითხულობ, ისა ხარ. რასაც უყურებ, ისა ხარ. ძლიერ კი მეეჭვება, ამ სეირის მაყურებელი კითხულობდეს წიგნს. წიგნის მკითხველს რა დაბოღმავს. ან რა დაადუმებს.

რატომღაც მგონია, რომ იგივე მაყურებელი ჰყავს იუთუბ-არხს “Георгий Кавказ”. ეს კავკაზი კამერის წინ ამზადებს კერძებს მეგობრებთან ერთად. ამ დროს მისი ბავშვები ეზოში თამაშობენ ხოლმე რამე ცხოველის შიგნეულობით. ზოგჯერ ამ ბავშვებთან ერთადაც მიირთმევს კავკაზი, სტუმარი თუ არა ჰყავს. სერიოზული ნამუშევარია კამერებით, ხმით, მონტაჟით, განათებით.

ამ კავკაზს დიდი ფან-კლუბიც ჰყავს. ზოგადად, უამრავი ვიდეო არსებობს კერძების დამზადებასა და მათ დეგუსტაციაზე. მაგრამ ეს კაცი დიდი გამონაკლისია. თან კერძიც არის და კერძიც. ამ კავკაზმა ლამის მთელი ფაუნა გადაჭამა. ეგზოტიკური ცხოველი არ დატოვა - ხან პითონის ბულიონს ხარშავს ვეება ქვაბში, ხან ნიანგის მწვადებს აშიშხინებს მაყალზე, ხან კი დაჭრილ სირაქლემას აწყობს ნიორწყალში. იუთუბზე მისი არხის დევიზია: ”Кавказские блюда для душевных застолий”. მართლაც, სად გაგონილა კავკასიური კერძი ნიანგის ან იაკის გარეშე? სამზარეულოს ადგილი უცვლელია - მისი სახლის ეზო. რა აღარ დაუჭრიათ, დაუჩეხავთ, დაუხერხავთ კავკაზის ეზოში. აქ გაუჩერებლად რაღაც თუხთუხებს, შიშხინებს, იბოლება. ბავშვებიც დაარბენინებენ აქეთ-იქით ცხოველების ფილტვებს, ჩლიქებს, რქებს... ღიპიანი კაცები მონდომებით ჭრიან ანტილოპებსა და გაზელებს, ზებრებსა და კოზაკებს.

მთავარი მაინც ისაა, კერძი რომ დამზადდება და კავკაზი ულუფებს ჩამოარიგებს ხოლმე. რაღაც გრანდიოზული ულუფებია. პირდაპირ საპანტაგრუელე. სულერთია, სტუმარს უდებს რამეს თუ ბავშვს. ლანგარზე ხან ბიზონის ბეჭი დევს, ხან - აქლემის კუზი, ხან - სპილოს ხორთუმი. სტუმარიც ჭამს. ბავშვიც. თვითონ კავკაზიც. ამ ვიდეოებს ნახვებიც მილიონობით აქვთ და კომენტარებიც - ერთიმეორეზე საოცარი. ხალხი აღტაცებულია ამ კაცით. მისი მეგობრებითაც.

ვიღაც წერს, ამათმა მთელი ადგილობრივი ზოოპარკი შეჭამესო. ვიღაც ამატებს, ველი, როდის შეჭამენ ამ ზოოპარკის დარაჯსო. მე მგონია, დარაჯი დიდი ხანია შეიჭამა უკვე. ჯერი ბავშვებზეა. ნუთუ ასე ფაქიზნი არიან კავკაზის ფანები, რომ არ უბრუნდებათ ენა ამის სათქმელად? ნუთუ შესაძლებელია, გართობდეს ვიდეო, სადაც ეგზოტიკურ ცხოველებს უსასრულოდ ჭამენ კაცები, ის კი ვერ დაუშვა, რომ იმ კაცებმა შეიძლება ერთხელაც ეზოში მოთამაშე ბავშვებიც წამოაგონ შამფურზე? მით უფრო, რომ ერთმა სტუმარმა კამერის წინ როგორღაც უკვე ჩაილაპარაკა: ღმერთმანი, ცოტა ყელში კი ამოვიდა ეს ნიანგები და სირაქლემებიო. დღეს უკვე შინაური ცხოველისგან საჭმლის დამზადება ჩანს მხეცობად და ეგზოტიკურისგან ხომ საერთოდ.

ვინ იცის, ამ ვიდეოების მილიონობით მაყურებლიდან რამდენია ყვარლის მცველი? არა მარტო ის არ მესმის, თუ როგორ უნდა გართობდეს მსგავსი ვიდეო, საერთოდ რატომ უნდა უყურებდე, რამე ადამიანური თუ არის შენში? და თუ უყურებ, როგორ უნდა დუმდე? როგორ უნდა დუმდე, როცა ხედავ, როგორ უკრძალავენ ვინმეს ცოდნის მიღებას? ან ცოდნის გაცემას? თან ვის? კაცს, რომელსაც არა მარტო მთაწმინდაზე უნდა ვუნახავდეთ ადგილს, არამედ ორი ქალაქი უკვე უნდა იბრძოდეს მისი ნეშტისთვის - თბილისი და ბათუმი. თუნდაც ჩემდა თავად სულ არ მიმაჩნდეს მთაწმინდა უმაღლეს წერტილად და პანთეონის ნახევარ ბინადრებს, ცოტა მეტსაც, იოლად დავუბრუნებდი მათ ოჯახებს.

ჩვენში რომ არ იჯდეს მხეცი, გიორგი კავკაზი და ძმანი მისნი კი არ იარსებებდნენ. ჩვენში მოთუხთუხე ზიზღით სულდგმულობენ ისინი. შესაბამისად, არავინ აუკრძალავდა ლევან ბერძენიშვილსაც ლექციის ჩატარებას, თან ილია ჭავჭავაძეზე, საქართველოს ეგებ მთავარ რეანიმატოლოგზე. ილიას რომ არ მოესულიერებინა, საერთოდ იარსებებდა დღეს საქართველო? თბილისი? ბათუმი? ყვარელი?

ვუყურებ ყვარლის მცველებს და მგონია, რომ ისინი არა მარტო კიდევ ერთხელ მოკლავდნენ, არამედ ილიას ტაბაკადაც შეწვავდნენ, თავ-ფეხს კი დაამუჟუჟებდნენ. თან კამერის წინ, მონეტიზაციისთვის. ეს ხალხი მონეტის გამო ჩეხავს აქლემსაც, კლავს ილიასაც, იცავს ყვარელსაც ბერძენიშვილისგან. რაც მთავარია, იცავს საკუთარ შვილებს ცოდნისგან. გაუთიშე მონეტიზაცია და მაშინვე გაქრებიან.

როგორ მოხდა, რომ ამასობაში კავკასიური ცარცის წრიდან პირდაპირ კავკაზიურ სისხლის წრეში ვისკუპეთ? და ეგებ არც ვისკუპეთ? ეგებ სულ იქ ვიყავით? ჩვენს ცნობილ კაცთმოყვარეობასაც კავკასიურად ვასაღებდით, კავკაზიური კი იყო? გიორგი კავკაზის მადლი გფარავდეთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG