Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქ, სადაც ძაღლს ჩაგრავენ


თეა თოფურია
თეა თოფურია

მოკვდა ბაღდათიდან ჩამოყვანილი ძაღლი. ორი დღე იწვალა და მაინც მოკვდა. რაღაც მძიმე ჩაარტყეს თავშიო. მერე კი გაერთიანდა ერი და ბერი, თბილისშიც ჩამოიყვანეს, ფულიც შეაგროვეს, ოპერაციაც გაუკეთეს. კლინიკაში იმდენი კაცი რეკავდა მოსაკითხად, ვეტერინარებმა, პასუხის გაცემას ვეღარ ავუდივართ, საქმე განზე გვრჩებაო, მაგრამ... ასეთი ბოროტებაც არსებობს, მერე ათასი სიკეთეც რომ გააკეთო, ვეღარ გამოასწორებ.

საქართველოში მაწანწალა ძაღლი და კატა ყოველთვის იყო, ბოლო წლებში კიდევ უფრო გამრავლდა. მონიტორინგის სააგენტომ ცხოველები ბოლოს 2015 წელს აღრიცხა, მხოლოდ ძაღლები, კატები გვემალებიანო. მაშინ მხოლოდ თბილისში 42 ათასი მიუსაფარი ძაღლი იყო. ახლა რამდენია, არავინ იცის.

მიზეზი უვარგისი კანონია, რომელიც არც ხელისუფლებას მოსწონს, არც - მის ოპონენტებს, მაგრამ შეცვლით მაინც არავინ ცვლის. ძაღლები არჩევნებზე ხმას რომ აძლევდნენ, მთავრობა ალბათ უფრო მოიწადინებდა, მაგრამ რადგან ბათურა და ფისო არც ერთი პარტიის ელექტორატი არ არის, დიდად თავს არავინ იწუხებს.

მეორე პრობლემა ჩვენ ვართ, ადამიანები, ვისთვისაც ძაღლის ქუჩაში გაგდება ლამის კულტურის ნაწილია. რომ ვთქვა მიკვირს-მეთქი, არ მიკვირს! ბოლო 30 წლის განმავლობაში იმდენი უბედურება გვაქვს გადატანილი, ლოგიკურია, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქე აგრესიული და ეგოისტი იყოს. ლოგიკური არის, უბრალოდ, მომგებიანი არაა.

ლენინგრადის ბლოკადის დროს, შიმშილისგან სიკვდილის პირას მისულმა ხალხმა კატები რომ შეჭამა, ქალაქში ვირთხები გამრავლდნენ, ხორბლის საწყობებს შეესივნენ და კატიჭამიებს ის დარჩენილი ორი ლუკმა პურიც შეუჭამეს. ბლოკადა რომ გაირღვა, ვირთხებთან საბრძოლველად სხვა ქალაქებში აგროვებდნენ კატებს და ლენინგრადში ვაგონებით ჩაჰყავდათ.

არ შეიძლება, სადღაც რაღაც გააფუჭო და წინ არ დაგხვდეს, თან იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ელოდები.

ამასწინათ ჩემი ძაღლი დამესიზმრა, ქრისტოფერი - ლამაზი, შავი ტაქსა, შვიდი წლის წინ სიბერით მკვდარი... ქრისტოფერზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. თან შემჩნეული მაქვს, ვისაც ველაპარაკები, არავის ბეზრდება.

სახლში სამი წლის მოვიყვანე. მანამდე სხვა პატრონი ჰყავდა და ძლივს შემეგუა. ხან ფეხსაცმელს მპარავდა, რომ დაეღრღნა, ხან ტანსაცმელს - ზედ რომ დაეძინა. ერთხელ კრილოვის ყვავივით მთელი თავი ყველიც კი მომპარა.

შოკოლადსაც ამწაპნიდა ხოლმე.

ერთხელ, ნამცხვარი შეუვარდა მაცივრის ქვეშ. კარგა ხანი ეწვალა გამოღებას და რომ ვერაფრით მოახერხა, იქვე წამოწვა, იქნებ, თავისი ფეხით გამოვიდესო.

ერთხელ ახალი საყელური ვუყიდე. ძველის გადაგდება რომ დავაპირე, პირი სტაცა და სადღაც შეჩურთა. თავშენახული ძაღლი იყო.

ერთხელ გზაზე, მანქანიდან გაგვეპარა და კახეთში, ატმის გამყიდველთან მივაგენით.

რომ დამესიზმრა, თითქოს ისევ ჩემს საწოლთან იჯდა და მდარაჯობდა...

წელს კოდორის ხეობის დევნილებზე ვწერდი და ერთმა მომიყვა, რომ დავრწმუნდით, აღარ შეიძლებოდა გაჩერება, ტრაქტორით წამოვედით. ცხრა კილომეტრი გვსდია ჩვენმა ძაღლმა. ვერ დავსვით ვერსად, ადგილი არ იყო. კაცებიც ტიროდნენ, ჩვენ ხომ საერთოდ. გვსდია, გვსდია, მერე ჩამორჩა და დარჩაო.

ასეთები არიან ძაღლები, იქ რჩებიან, საიდანაც ჩვენ წამოვედით: უკაცრიელ სოფლებში, უკაცრიელ გზებზე. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, ვინც რაიონში მიდის, მათთვის საჭმელიც გაიყოლოს, პური მაინც. გზაზე უამრავი დამშეული ძაღლი შეხვდება და ლუკმას მიაწვდის.

შეიძლება არ უნდა გვიკვირდეს მშიერი ძაღლი იმ ქვეყანაში, სადაც სანტა კლაუსიც კი გამხდარი და გალეულია, მაგრამ...

სადაც ძაღლს ჩაგრავენ, იქ ბავშვსაც ჩაგრავენ, იქ ქალსაც ჩაგრავენ და თქვენ წარმოიდგინეთ, იქ კაცსაც სხვა კაცი ჩაგრავს.

ბოლოს კი იცით, ყველაფერი ვირთხების შემოსევით მთავრდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG