Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრალური ვაგზალი 49 წლიანი იჯარით გაიცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2-3 წელიწადში თბილისს თანამედროვე და კეთილმოწყობილი ცენტრალური რკინიგზის სადგური ექნება. ასეთი გახლდათ იმ ტენდერის ძირითადი პირობა, რომელიც ”საქართველოს

რკინიგზამ” დაასრულა. ტენდერში კომპანია ”თბილისი ცენტრალმა” გაიმარჯვა, რომელსაც დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის სადგური და ბორჯომის ვაგზალი 49 წლიანი იჯარით გადაეცა. მინდა თბილისის ცენტრალური სადგურის მომავლისა და მოიჯარის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ გესაუბროთ.

”საქართველოს რკინიგზამ” ერთი თვის წინ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა: თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურისა და ბორჯომის ვაგზლის რეკონსტრუქციას და მართვას ქართული კომპანია "თბილისი ცენტრალი" განახორციელებს. ვაგზლის მართვაზე საიჯარო ხელშეკრულება 49 წლის განმავლობაში იმოქმედებს, გამარჯვებული კომპანია ყოველწლიურად გადაიხდის საიჯარო ქირას - 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. "ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის "თბილისი ცენტრალი" ერთადერთი იყო, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სატენდერო პირობები," – აცხადებს ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. თუმცა ქვეყნის მთავარი რკინიგზელი არ ასახელებს, ”თბილისი ცენტრალის” გარდა, ვინ აცხადებდა პრეტენზიას სადგურის იჯარაზე. ამან იმთავითვე გააჩინა ეჭვი, რომ ტენდერში გამარჯვებულს კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყოლია.
„თბილისი ცენტრალი“ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, სპეციალურად ამ ტენდერისათვის შეიქმნა და იგი „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) და GMC Holding-ის მიერ არის დაარსებული. თავის მხრივ, GRDC შედის TBC Group-ში და 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ეს კომპანია ახორციელებს ე.წ. თბილისის კინოქალაქის, თბილისი-სითისა და ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს.

კომპანია "თბილისი ცენტრალი", ტენდერის პირობების შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ვაგზლის რეკონსტრუქციისათვის 10 მლნ. დოლარის ინვესტირებას გეგმავს. „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ირაკლი კილაურიძის თქმით, ვაგზლის შენობა გარემონტდება და სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებზე ქვეიჯარით გაიცემა:

[ირაკლი კილაურიძის ხმა] „იდეაში ეს იქნება ამ შენობის განახლება, მისი ფასადის სრულყოფა და გალამაზება და შემდგომ მისი გაქირავება სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით.“(სტილი დაცულია)

მოიჯარე ვალდებულია შექმნას ყველა საჭირო პირობა სამგზავრო სადგურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ”თბილისი ცენტრალს” უფლება არ ექნება, სხვა დანიშნულებით გამოიყენოს ვაგზლების ბაქნები და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა და ამით ხელი შეუშალოს მგზავრთა მომსახურებას.
მოიჯარის გადასაწყვეტი იქნება ცენტრალურ სადგურში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემის უზრუნველყოფა.
”საქართველოს რკინიგზის” მიერ ცენტრალური ვაგზლის გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა ტენდერმა, ლტოლვილების გარდა, ის მრავალრიცხოვანი მოვაჭრეები შეაფიქრიანა, რომლებიც თბილისის ცანტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწევიან კომერციულ საქმიანობას. ზოგიერთ მათგანს ვაგზლის ადმინისტრაციასთან გრძელვადიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი კილაურიძე მათ შიშს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ”თბილისი ცენტრალი” მოვაჭრეებთან თანამშრომლობით თავად არის დაინტერესებული:

[ირაკლი კილაურიძის ხმა] „ჩვენ ვაპირებთ, რომ მათთან გავაგრძელოთ კონტრაქტები, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება იქვე სხვა ადგილას გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვაგზალს ნაწილ-ნაწილ გავარემონტებთ. ჩვენ არ ვაპირებთ კლიენტები დავკარგოთ, პირიქით, კლიენტებს ეძებენ კომპანიები. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას.“ (სტილი დაცულია)

რკინიგზის სადგურების შენობათა სარეკონსტრუქციო სამუშაოები სექტემბერში უნდა დაიწყოს და 2-3 წელში დასრულდეს. ”საქართველოს რკინიგზაში” გვპირდებიან, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქის ცენტრალური სარკინიგზო ”ჭიშკარი” თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
XS
SM
MD
LG