Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპეკი მკვეთრად ამცირებს ნავთობის პროდუქციას


ოპეკმა, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, გამოაცხადა, რომ ნავთობის მოპოვების სერიოზულ შემცირებას აპირებს ნავთობის ფასების ვარდნის შესაჩერებლად.

კარტელის მინისტრები დღეს შეთანხმდნენ, პროდუქცია დღეში 2 მილონი ბარელით შეამცირონ. რუსეთმა და აზერბაიჯანმა გამოაცხადეს, რომ თითოეული 300 ათასი ბარელით შეამცირებს ნავთობის წარმოებას.

ოპეკისა და ნავთობის ექსპორტიორმა სხვა ქვეყნებმა ზომები მიიღეს ბაზრიდან დღეში დაახლოებით 2,6 მილიონი ბარელი ნავთობის ამოსაღებად, რათა გაიზარდოს ფასები და, შესაბამისად, ნავთობის მომპოვებელთა შემოსავლები.

საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრის, ალი ალ-ნაიმის თქმით, ოპეკის 13-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, პროდუქცია დღეში 2 მილიონ ბარელამდე შეამციროს. ეს ნავთობის პროდუქციის ყველაზე დიდი მოცულობით შემცირებაა ოპეკის არსებობის თითქმის ორმოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე. ეს ამჟამინდელი კვოტის, დღეში 27,3 მილიონი ბარელის 7 პროცენტს უდრის.

[ალ-ნაიმის ხმა] "ფინანსური ვითარების გამო მიწოდება ჯერაც აღემატება მოთხოვნას. მარაგიც გარკვეულად მეტია ნორმაზე. ვითარების გასაწონასწორებლად ამ პროდუქცია დაახლოებით 2 მილიონი ბარელით შემცირებდება."

ოპეკის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ნავთობზე ფასების განუხრელი ვარდნის შესაჩერებლად. ზაფხულში ბარელი ნავთობი 147 დოლარი ღირდა. მას მერე, ფასები ას დოლარზე უფრო მეტით შემცირდა.

ფასების ვარდნა დაკავშირებულია მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებზეც გადავიდა. განვითარებულ ქვეყნებში ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა.

სანამ დღევანდელი შეხვედრა დაიწყებოდა ალჟირის ქალაქ ორანში, რუსეთმა და აზერბაიჯანმა, რომლებიც არ არიან ოპეკის წევრები, გამოაცხადეს, რომ დღეში 300 ათასი ბარელით ამცირებენ ნავთობის პროდუქციას.

ოპეკის წევრებმა ნავთობის სხვა მომპოვებელ ქვეყნებსაც მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციაში. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აბდალა სალემ ელ-ბადრიმ ახლახან განაცხადა, რომ ოპეკის არაწევრებისგან მოელის ნავთობის წარმოების შემცირებას დღეში 500-600 ბარელით.

სპეციალისტების აზრით, ოპეკის უნარი, გავლენა მოახდინოს ნავთობის ფასებზე, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ირწმუნებენ ბაზრები, რომ ოპეკის წევრები მართლაც ამცირებენ პროდუქციას.

ოპეკის მიერ ნავთობის წარმოება კვოტებით განისაზღვრება და გარკვეულ შიდა წესებს ექვემდებარება. დისციპლინა განსაკუთრებით საჭიროა ხოლმე ფასების და პროდუქციის ვარდნის დროს. მაგრამ ზოგიერთი წევრი იტყუება ხოლმე დანარჩენი წევრების ხარჯზე და რეალურად არ ამცირებს პროდუქციას.

მაგრამ ანალიტიკოსთა აზრით, ნავთობის წარმოების შესამცირებლად და ფასების დასაწევად ზომების შესახებ ოპეკის გადაწყვეტილებას შესაძლოა ნავთობზე მოთხოვნილების კიდევ უფრო შემცირება მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში ოპეკის მცდელობა არათუ შედეგს ვერ გამოიღებს, არამედ მას პირუკუ ეფექტიც კი შეიძლება ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG