ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება, აცრის ტემპი არ უმჯობესდება
საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6%-ზე მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. ოქტომბრის პირველ ერთ კვირაში კორონავირუსს 216 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვლავ ნელია ვაქცინაციის ტემპი, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი ჯერ 30%-იც კი არ არის. ყოველდღიურად საშუალოდ 7-8 ათასი ადამიანი იცრება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სასურველ რიცხვს, დღიურად აცრის მაჩვენებელი იყოს 30 ათასი.
საქართველოში ასაცრელ პირთა წრე იზრდება, დაიწყო 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა. პირველ ეტაპზე აიცრებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო ასევე გადაწყვეტილება, დაიწყოს ე.წ. ბუსტერის, ანუ მესამე დოზის გაკეთება, მათთვის, ვისი პირველი აცრიდანაც გასულია 6 თვე. პირველ ეტაპზე აქაც 50 წელს ზემოთ პირები და ისინი აიცრებიან, ვისაც მოგზაურობა უწევს.
„ჩვენ ნელ-ნელა ისევ გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია.
თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენის ქვეყანაში, - სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში იმუნური ფენა, - თუ ეს არ იქნა დაახლოებით 80%, ანუ გადატანილი პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი, ძალიან“, - თქვა ამირან გამყრელიძემ 7 ოქტომბერს და განმარტა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 300-ით მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირის ამავე დღეებთან შედარებით.
კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი კლინიკას უჩივის
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი, პროკურატურას მიმართავს განცხადებით და ითხოვს, დაიწყოს გამოძიება მისი შვილის გარდაცვალების ფაქტზე - ათასობით გარდაცვლილის შემდეგ ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ოჯახის წევრის სიკვდილის შემდეგ ოჯახი გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. კორონავირუსით გარდაცვალების საეჭვო ფაქტებს ამ დრომდე ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობდა. მათი ინფორმაციით, 2021 წელს, კოვიდით გარდაცვალების საქმეზე უწყებაში 16 განცხადებაა შესული. მათგან დაწყებულია 14 საქმის მოკვლევა.
ვახტანგ ჩარკვიანი COVID-19-ით 8 აგვისტოს დაინფიცირდა. 11 აგვისტოს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 20 წლის ფეხბურთელი 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მამა გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ითხოვს. მათ შორის, 116-ე მუხლით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. მისივე თქმით, შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს ასევე 130-ე მუხლით, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გაიოზ ჩარკვიანი თვლის, რომ არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა 342-ე მუხლის დარღვევასაც, ანუ სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. კიდევ ერთი მუხლი, რომლის ჩართვასაც გაიოზ ჩარკვიანი გამოძიებაში მოითხოვს, ეს არის 370-ე მუხლი, ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ ის ფლობს და ინახავს მტკიცებულებებს, მათ შორის, შვილთან სატელეფონო მიმოწერისა და აუდიოგზავნილების ჩანაწერებს, რაც ამყარებს ოჯახის ეჭვებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან სავარაუდო გადაცდომების შესახებ.
მეტი ამ ამბავზე წაიკითხეთ აქ, ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას ოჯახის წევრებს: დედას და შვილს
ერთი კვირა გავიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან. 1 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს. 7 ოქტომბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ მომდევნო დღეებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართება.
7 ოქტომბერსვე მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიქაელ ბოტკოველმა - შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა, რაზეც უარი მიიღი. პენიტენციურმა დაწესებულებამ დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება და დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ციხეში სააკაშვილს არასათანადო პირობები აქვს და სხვადასხვა ნივთის ყიდვაზე ხელოვნურ ბარიერს უქმნიან.
„სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.
ტყუილია ასევე ის ინფორმაცია რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს“, - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა დაწესებულებამ.
მიხეილ სააკაშვილის ციხეში ნახვა სურთ მისი ოჯახის წევრებს, დედას და 15 წლის შვილს. ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, შესაბამისი მოთხოვნა ციხის ადმინისტრაციის მისამართით უკვე გაკეთებულია, მაგრამ პასუხი ოჯახს ჯერ არ მიუღია.
ცესკომ საჩივრების განხილვა დაიწყო - შეცვლის თუ არა უბნების გადათვლა საარჩევნო სურათს
2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილია 1702 საჩივარი, მათი დიდი ნაწილი უბნების ხელახლა გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს. ცესკომ საჩივრების განხილვა დაიწყო, თუმცა რამდენად მოხდება ყველა მოთხოვნილი უბნის გადათვლა, ანუ ყველა საჩივრის დაკმაყოფილება, მომდევნო სამ დღეში გაირკვევა. შემდეგ უკვე მოსარჩელე მხარეებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს და თავად პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოს სარჩელით საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.
7 ოქტომბერს მცხეთის საოლქო კომისიაში სარჩელების განსახილველი სხდომა აი, ასე წარიმართა:
მანამდე კი ხმები ამავე ოლქში აი, ასე დაითვალეს:
მთელი თბილისის ხელახლა გადათვლას ითხოვს "დროა", ზუგდიდში ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოლოდინი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ბათილი ბიულეტენების გადათვლას ზუგდიდში "ქართული ოცნება" ითხოვს, რომელსაც პირველ ტურში ოპოზიციაზე დაბალი შედეგი ჰქონდა ამ ქალაქში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი ყველა უბნის გადათვლას ითხოვს. თუკი ცესკო მმართველი პარტიის სარჩელს დააკმაყოფილებს, ექნება უფლება, უარი თქვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე, - ამბობს პარტიის წევრი ანა წითლიძე და ხელისუფლებას ახსენებს, რომ დროა, "ისწავლონ ღირსეული წაგება".
ვრცლად საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ გაურკვევლობებსა და დარღვევებზე წაიკითხეთ აქ, ნასტასია არაბულის სტატიაში.
უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა სპიკერი, დმიტრო რაზუმკოვი
5 ოქტომბერს უკრაინის საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. უკრაინის უმაღლესმა რადამ თავის თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს ორი დღით აუკრძალა პლენარული სხდომების გაძღოლა. ხუთშაბათს კი სპიკერის გადაყენებას მხარი 450 დეპუტატიდან 284-მა დაუჭირა.
„დმიტრო რაზუმკოვის გადაყენების უშუალო მიზეზი არის უკმაყოფილება, რომ იგი თავს უფლებას აძლევდა, ეკამათა და არ დათანხმდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც თავს მიიჩნევს უკრაინის ერთპიროვნულ მმართველად და არ სურს სხვა თვალსაზრისის მიღება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
დმიტრო რაზუმკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 2019 წელს და რადის თავმჯდომარე გახდა, როგორც ზელენსკისთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული პოლიტიკოსი. მაგრამ მოგვიანებით მასა და პრეზიდენტის ოფისს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ზელენსკის მომხრეები რაზუმკოვს ბრალს სდებენ, რომ ის საბოტაჟს უკეთებდა პრეზიდენტის ზოგიერთ ინიციატივას, კერძოდ, კანონს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ.
უკვე ცნობილია, რომ უმაღლესი რადის ახალ თავმჯდომარედ, მმართველი პარტია სპიკერის მოადგილის, რუსლან სტეფანჩუკის კანდიდატურას განიხილავს.
37 წლის დმიტრო რაზუმკოვი კი „საკუთარი გუნდის“ ჩამოყალიბებით დაკავდება: „იმედია ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან. პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. არის ფასეულობები, რომლებიც დღესდღეობით არ არის რეალიზებული“, - თქვა დმიტრო რაზუმკოვმა.
უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
დაწერეთ კომენტარი