Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის არჩევნები - შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკა


21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მმართველი ძალის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45,7%-მა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და არჩევნების შედეგებზე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ვისაუბრე. ამიტომ აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მმართველმა პარტიამ ამ არჩევნებზე ახალი და განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზა და, ძირითადად, ძველი და უსამართლო მეთოდების გამოყენებით მიაღწია წარმატებას.

ამ ბლოგში იმაზე მსურს საუბარი, თუ რამდენად დაცლილია მთლიანად ქართული პოლიტიკა შინაარსისგან და ეს ყველაზე უკეთ ახლა გამოჩნდა, როდესაც მთავარი თემა აღარ არის ადამიანის უფლებათა დარღვევები ან საგარეოპოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა. პარტიები და მათი კანდიდატები, რომლებიც, ძირითადად, ამ ორ თემაზე საუბარს არიან მიჩვეული (ისიც, როგორც წესი, ისტერიული ტონითა და „ურაპატრიოტული“ ლოზუნგების გამოყენებით), ცდილობენ, ამომრჩეველს რაიმე ახალზე ელაპარაკონ, მაგრამ ან ერთმანეთის იდეებს იმეორებენ ან ზომაზე მეტად ექსტრავაგანტული იდეებით სურთ თავის გამოჩენა (რის კარგი მაგალითიც გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაა). საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკაში პარტიები და კანდიდატები, ძირითადად, სამი გზით ცდილობენ თავის დამკვიდრებას: პიროვნულ მახასიათებლებზე აქცენტის გაკეთებით, „მენეჯერული თვისებების“ ხაზგასმით და პატრონ-კლიენტელისტური კავშირების გამოყენებით.

თბილისის მერის არჩევნებზე გამოჩნდა, რომ კახა კალაძის მთავარი კოზირი მისი საფეხბურთო „ვარსკვლავობაა“. ამის დასამტკიცებლად მან ვარსკვლავთა საფეხბურთო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. მართალია, კალაძის ვარსკვლავობას წყალი არ გაუვა, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რა კავშირი აქვს ან რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას პოლიტიკასთან... პოლიტიკოსს, წესით, იმის მიხედვით ირჩევენ, ემთხვევა თუ არა მისი და ამომრჩევლის მოსაზრებები ერთმანეთს (იგულისხმება, რომ პოლიტიკოსის ფუნქციაა, ამომრჩეველი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოადგინოს). ის, რომ პოლიტიკოსი თავის პროფესიაში (იმ პროფესიაში, რომელსაც, ტრადიციული აზრით, პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს) წარმატებულია, ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები ამომრჩევლისას ემთხვევა. არჩევნები არც სპორტული შეჯიბრებაა და არც სატელევიზიო კონკურსი. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ უკვე ერთიცაა და მეორეც.

რაც შეეხება „მენეჯერულ თვისებებს“, ეს სიტყვები თავიდანვე იმიტომ ჩავსვი ბრჭყალებში, რომ საერთოდ გაუგებარია, რა ტიპის ობიექტურ კრიტერიუმთან გვაქვს საქმე. „ვარსკვლავობის“ ან „ცნობადობის“ გაზომვა ასე თუ ისე შესაძლებელია, მაგრამ როგორ გინდა შეამოწმოს ჩვეულებრივმა ამომრჩეველმა, ვინ როგორი „მენეჯერული თვისებებით“ გამოირჩევა მაშინ, როდესაც ყველა კანდიდატი თანაბრად დებს თავს „კარგ მენეჯერობაზე“? ან თუ კანდიდატი გარკვეულ სფეროში „კარგი მენეჯერი“ იყო (ვთქვათ, როგორადაც ვაშაძე მიიჩნევს თავს), ეს ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა სფეროშიც იმასვე შეძლებს? ქალაქის მერობა და, ვთქვათ, იუსტიციის სახლის მენეჯერობა ერთსა და იმავე სფეროში ან ერთსა და იმავე მასშტაბის მოღვაწეობად ხომ არ უნდა ჩაითვალოს? ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე კიდეც რომ შეიძლებოდეს დამაჯერებელი პასუხების გაცემა, ერთი მთავარი პრობლემა მაინც რჩება: თუ კანდიდატს არასწორი მიზნები აქვს დასახული, შეძლებს კი დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევას მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ კარგი მენეჯერია? მაგალითად, თბილისის მერობის თითქმის ყველა კანდიდატი, ალეკო ელისაშვილის გარდა, იმ აზრზე იყო, რომ ქალაქში არსებული ტრანსპორტის პრობლემა „ნაკადების რეგულირებით“ არის შესაძლებელი და არა კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებით. როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, ეს ღირებულითი თვალსაზრისით,მცდარი და, ასევე, არამეცნიერული შეხედულებაა.

თავისთავად იბადება კითხვა: რაში მჭირდება მე, როგორც ამომრჩეველს, ე.წ. „კარგი მენეჯერი“ მერად ან დეპუტატად, თუკი მისგან უზარმაზარი ღირებულებითი უფსკრული მყოფს? პოსტსკრიპტუმის სახით ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ „კარგ მენეჯერობაზე“ საუბარი განსაკუთრებით სასაცილოა ქვეყანაში, რომელშიც თითქმის ვერც ერთი სახელმწიფო სერვისი გამართულად ვერ მუშაობს და რომლის დედაქალაქიც ურბანულ ჯუნგლებადაა ქცეული.

მესამე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ქართული არჩევნების ბედს წყვეტს, პატრონ-კლიენტელისტური კავშირების სიხშირეა. რაკი საქართველოში სახელმწიფო ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია და საშუალო რგოლის ბიუროკრატია ჯერაც არ არის დეპოლიტიზებული, უამრავი ამომრჩეველი ხმის მისაცემად იმ იმედით მიდის, რომ ის თუ მისი ახლობელი სამსახურს შეინარჩუნებს (ან მიიღებს). ამას გარდა, მსხვილი ბიზნესებიც ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლებასთან და მის სატელიტ პარტიებთან დაახლოებას, რათა მთავრობას სახელმწიფო კონტრაქტები გამოგლიჯონ ან პრივილეგირებული მოპყრობა დაიმსახურონ. მდგომაროებას ისიც ართულებს, რომ, როგორც წესი, ის ხალხი, ვისაც მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს, ამომრჩეველთა ყველაზე მოტივირებულ ნაწილს შეადგენს და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს, სხვა ამომრჩეველზეც მოახდინოს ზეწოლა. საჯარო სივრცეში ისინი იშვიათად თუ მონაწილეობენ დისკუსიებში და, როცა მონაწილეობენ, ძირითადად, მხოლოდ თავიანთი პოზიციის უარგუმენტო დაფიქსირებით არიან დაკავებული. ამგვარი პატრონ-კლიენტელისტური კავშირების როლი რომ შემცირდეს, პირველ რიგში, საჭიროა პოლიტიკისგან ქვედა და საშუალო რგოლების ბიუროკრატიის სრული გამიჯვნა. საარჩევნო კამპანიების უთანაბრო დაფინანსების პირობებში, გარკვეული დონის პატრონ-კლიენტელიზმი მუდამ იარსებებს, მაგრამ საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ასეთი არადემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით პარტიები და, განსაკუთრებით, მმართველი პარტია არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენენ არჩევნების ბედზე.

ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ არც ერთი ღირებულებითი კრიტერიუმის მიხედვით არჩევნებზე პარტიებსა და კანდიდატებს ხმას არ ვაძლევთ და ქართული პოლიტიკა მხოლოდ ფორმით თუ არის პოლიტიკა; შინაარსით ის დიდად არ განსხვავდება, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებისგან ან სილამაზის კონკურსისგან. ამის გათვალისწინებით, აღარც უნდა გვიკვირდეს, რომ აქცენტები მუდმივად კანდიდატების პიროვნულ მახასიათებლებზე ან ღირებულებითი თვალსაზრისით ნეიტრალურ თვისებებზე კეთდება (როგორიც არის, მაგალითად, „კარგი მენეჯერობა“). ასეთ შინაარსდაცლილ პოლიტიკას დემოკრატიულობის პრეტენზია ვერ ექნება. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ შინაარსიანი პოლიტიკის − პოლიტიკური სააზროვნო ველის შექმნაა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG